სახელმწიფოს ჩარევა ბანკების საქმიანობაში შეიზღუდა

2008 წელს დაწყებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, მთავრობები რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაში დაარწმუნა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზედამხედველობის ნორმები გამკაცრდა და ქვეყნების უმეტესობაში ახალი მარეგულირებელი ორგანოები შეიქმნა. გამონაკლისი არც ევროკავშირია.
ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა ევროპაში მიმდინარე საბანკო სექტორის რეფორმირებას. 2014 წლის ზაფხულიდან ევროზონაში დაიწყებს მუშაობას საბანკო კავშირი და ბანკების საზედამხედველო ორგანო. საბანკო კავშირში იმოქმედებს ორი მექანიზმი: ჩამოყალიბდება ბანკების კონტროლის ერთიანი სისტემა და პრობლემურ ბანკებთან მუშაობის განყოფილება. ეს ორგანოები იმუშავებენ როგორც ევროზონის ქვეყნებისთვის, ისევე ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის მათი თანხმობის შემთხვევაში.

ექსპერტების შეფასებით, ამ სისტემის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯია და ამით მომავალში თავიდან იქნება აცილებული სერიოზული კრიზისული სიტუაციები. რეფორმის მთავარი არსი ის არის, რომ სახელმწიფოს ჩარევა ბანკების საქმიანობაში შეიზღუდა და პრობლემის შექმნისთვის სრული პასუხისმგელობა დაეკისრება კონკრეტულ ბანკს და მათ კლიენტებს. აგრეთვე, იგეგმება ბანკების შემოსავლებიდან სპეციალური ფონდების შექმნაც, რომელიც კრიზისული მდგომარეობის დროს მათ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ევროს ზონაში არსებული პრობლემების დასაძლევად საბანკო კავშირი უნდა შეიქმნას. ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგები კარგად შეინიშნება ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობაში. დაზარალებული ქვეყნები ერთდროულად ცდილობენ როგორც ეკონომიკის სტაბილიზირებას, ასევე მისთვის განვითარების სტიმულის მიცემას. რეფორმები და სიტუაციის გასაუმჯობესებელი ზომები მთელს ევროკავშირში მიმდინარეობს. შემოღებულ იქნა ერთობლივი ფინანსური უზრუნველყოფა.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბარუზო 2012 წელს ინიციატივის დაანონსებისას აცხადებდა: „ევროკავშირისათვის აუცილებელი დამატებითი ზომები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ინტეგრაციის გაღრმავებასთან. დიდმა სუვერენულმა ვალებმა და ფინანსურ სექტორში არსებულმა პრობლემებმა, ევროს ზონაში კრიზისი გააღრმავა და ნდობის საკითხები წამოჭრა, რომლებსაც პასუხი სისტემურად უნდა გაეცეს. აქედან გამომდინარე უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმე – შევქმნათ სავალუტო-ეკონომიკური კავშირი. ამიტომაც კარგა ხანია ვაცხადებთ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია საბანკო კავშირის შექმნა. ეს ეკონომიკური, საგადასახადო-საბიუჯეტო და პოლიტიკური კავშირის ზოგადი სტრატეგიის ნაწილი გახლავთ. კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ ბანკების მოღვაწეობის კონტროლში სერიოზული ხარვეზები არსებობს. ჩვენ მხოლოდ თანამშრომლობით არ უნდა შემოვიფარგლოთ, აუცილებლად უნდა შეიქმნას საერთოევროპული ზედამხედველობის ორგანო, განსაკუთრებით ევროს ზონაში.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაწყდეს კავშირი საბანკო და სუვერენულ ვალებს შორის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გადასახადების გადამხდელთა თანხების ბანკების გადასარჩენად გამოყენება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტების დასუსტება მოჰყვება. ამ დროს კი ბანკები ცდილობენ რისკებს გაექცნენ და ბიზნესის კრედიტირებას წყვეტენ, რაც ეკონომიკას უფრო ცუდ დღეში აგდებს“.

José-Manuel-Durão-Barroso

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 20 მარტს ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო კავშირის შმქნის შესახებ. ამას მოყვება ევროზონის რამდენიმე ბანკის დახურვა, მაგრამ, როგორც ირკვევა, მთავრობა დახურვასთან დაკავშირებული ხარჯების თავის თავზე აღებას არ აპირებს. ევროპის ბანკების ერთიანი ზედამხედველობის შესახებ ინიციატივა ევროპარლამეტს ეკუთვნის, რომელიც მკაცრი სქემის შემოღებას ბანკებისათვის დაჟინებით მოითხოვდა.

რეფორმირება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, როცა ევროპის ცენტრალური ბანკი საბოლოოდ მოგვევლინება, როგორც ევროპის ბანკების მაკონტროლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკების კონტროლის საქმეში დიდი უფლებები ენიჭება ევროპის ცენტრალურ ბანკს. მას ევროზონის ბანკებზე ზედამხედველობისთვის გაფართოებელი უფლებები მიეცემა. ამას ერთიანი საბანკო ზედამხედველობის მექანიზმი ითვალისწინებს, რომლის ამოქმედება მიმდინარე წელს იგეგმება.

მარეგულირებელს შეეძლება გამოსცეს რეგულაციები, რეკომენდაციები და საერთო წესები, ასევე პირდაპირი კონტროლი დაამყაროს რომელიმე ქვეყნის ერთ ან მეტ ფინანსურ ორგანიზაციაზე. ამასთან, მომავალი საბანკო ზედამხედველი 5 კრიტერიუმს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სისტემა-წარმომქმნელი, ანუ წამყვანი ბანკების განსაზღვრება მოხდება. ესენია: ბანკის აქტივების მოცულობა; მისი მნიშვნელობა კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკის ან მთლიანად ევროზონისთვის; ბანკის საერთაშორისო მოღვაწეობის მნიშვნელობა; სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღების ფაქტი; ადგილი კონკრეტული ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში. ამგვარი ბანკების ჩამონათვალი ყოველწლიურად განახლდება.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მათი მიზანი იყო უკეთესი საბანკო კავშირის შექმნა, რომელიც უფრო მოქნილი და გამჭვირვალე იქნებოდა და ასეც მოხდა „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას უკეთესი საბანკო კავშირის შექმნის შესახებ“, განაცხადა მარიო დრაგიმ. რეგულაციების სფეროში ევროკომისარმა მაიკლ ბარნიმ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით სრულდება ევროპაში „მასიური ბეილაუტების“ ერა. „ამის მერე საბანკო სექტორის უფრო ეფექტიანი მართვა იქნება შესაძლებელი“ – განაცხადა მან.

პროცესების თავდაპირველი წარმართვისთვის იქმნება 55 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის განკარგულებაში იქნება 8-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ფონდში აკუმულირებული თანხის 40% საწყოს ეტაპზევე იქნება ათვისებული, 60% კი – მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ბევრი სპეციალისტი, მათ შორის, მაიკლ ბერნი მიიჩნევს, რომ ფონდის ეს მოცულობა საკმარისი არ იქნება და ცნტრალურ ბანკს ნასესხები თანხებით მოუწევს მისი შევსება. მაგრამ ამისათვის ევროზონის ქვეყნების პერმანენტული შეხვედრები და გადაწყვეტილებების ამის შემდეგ მიღება აღარ იქნება საჭირო. დაახლოებით 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანული წვრილი ბიზნესის დამკრედიტებელი IKB გახდა ევროპაში გლობალური ფინანსური კრიზისის პირველი მსხვერპლი. ევროპა დღემდე ცდილობს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას, ამის პარალელურად გართულებულია ბანკების მხრიდან ბიზნესის დაკრედიტება. საბანკო კავშირის შექმნა და ბანკების „გასუფთავება“ ცუდი აქტივებისგან ნდობის აღდგენის წინაპირობა უნდა გახდეს. საბანკო კავშირი ასევე გაამკაცრებს ზომებს, იმ მთავრობებს უმფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელთა ბონდებიც ბანკებს შეძენილი აქვთ როგორც „რისკისგან თავისუფალი“ და ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ბანკებისთვის ხელის დაფარებას.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ბანკების დახურვისას მთავარი სიტყვა ცენტრალურ ბანკზეა და არა ქვეყნების სამინისტროების გადაწყვეტილებაზე, როგორც ეს აქამდე იყო. ერთიანი ევროპული საბანკო ზედამხედველის შესაქმნელად, ევროპის ცენტრალურ ბანკს კიდევ 2 ათასი თანამშრომლის დაქირავება მოუწევს, რაც მის შტატს გააორმაგებს. მოსალოდნელია, რომ ახალი პერსონალის სამსახურში აყვანა 2017 წლამდე მოხდება, თუმცა ერთიანი მარეგულირებლის ბევრი ფუნქცია, ცენტრალურ ბანკში 3 წლით ადრე გადავა. ჯერჯერობით უცნობია ვის დაექვემდებარებიან ახალი თანამშრომლები. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნას, რომელსაც ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭროს ერთ-ერთი წევრი უხელმძღვანელებს. როდესაც საუბრები მიმდინარეობდა ერთიანი საბანკო მარეგულირებლის შექმნაზე, მხოლოდ 500 ახალი თანამშრომლის აყვანა განიხილებოდა. შედარებისთვის, გერმანიის საფინანსო ზედამხედველს 1500-კაციანი შტატი ჰყავს. ახალი სტრუქტურა ევროზონის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ბანკის საქმიანობაში ჩარევის უფლებით აღიჭურვება. ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული 130 ბანკის პირდაპირ ზედამხედველობას ახორციელებს, ხოლო დანარჩენი ბანკების რეგულირებას ის მხოლოდ საბანკო კავშირის შექმნის შემდეგ შეძლებს.