ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

ქრისტინე კუპატაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
III კურსი
Kupatadze.q@mail.ru

ანოტაცია
სტატიაში განხილულია ეკონომიკური თავისუფლების არსი, მნიშვნელობა და თუ რამდენად აქტუალურია ის დღევანდელ მსოფლიოში. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური თავისუფლების პრობლემებზე საქართველოში, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ამ სფეროში. ასევე განხილულია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მნიშვნელობა, მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, პოზიცია ამ მაჩვენებლის მიხედვით.

Annotation
The article discusses the essence of economic freedom, its importance and how relevant it is in today’s world. The focus is on the problems of economic freedom in Georgia, achievements and future plans in this area. The importance of the Economic Freedom Index and the position of various countries in the world, including Georgia, according to this indicator are also discussed.

კაცობრიობის განვითარება თავისუფლებას და შესაბამისად ეკონომიკური თავისუფლებას უკავშირდება, რომელსაც უნდა უმადლოდეს სამყარო საქონელთა გაცვლისა და ვაჭრობის განვითარებას, რამაც განაპირობა საერთაშორისო ურთიერთობები, შესაბამისად, სამყარო უფრო ერთიანი და სრულფასოვანი გახადა. ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წარმოების, ვაჭრობის, დაგროვების, ინვესტიციების, გამომუშავების და შექმნილის გამოყენების, თანამემამულეებთან ან უცხოელებთან ეკონომიკურ კონტაქტში შესვლის, ფასების დაწესების, კონტრაქტში მონაწილე პირთა ურთიერთთანხმობის შედეგად ნებისმიერი ფულადი ერთეულის გამოყენების თავისუფლებას. თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკამ წამოწია წინა პლანზე და ის სადღეისოდ წარმოადგენს ქვეყნების ეკონომიკური წარმატების მიღწევის უმთავრეს პირობას. ეკონომიკური თავისუფლება თავისი ფართო გაგებით საზოგადოების ყველა ფენისა და ცივილიზაციის მოთხოვნა გახდა. ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს არის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არის ყოველწლიური ინდექსი, რომელიც შეიქმნა 1995 წელს The Heritage Foundation- ის და Wall Street Journal- ის მიერ, მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გასაზომად. იგი სასარგებლო ინსტრუმენტია სხვადასხვა აუდიტორიისათვის, მათ შორის აკადემიკოსების, პოლიტიკის შემქმნელების, ჟურნალისტების, სტუდენტების, მასწავლებლების, ბიზნესის და ფინანსების სფეროში. ინდექსი არის შესანიშნავი ობიექტური ინსტრუმენტი მთელს მსოფლიოში 186 ქვეყნის ეკონომიკის გასაანალიზებლად. ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს Fraser Institute და The Heritage Foundation. ამ ორი ორგანიზაციის კვლევის მეთოდი ერთმანეთისგან განსხვავდება. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 10 ტიპის თავისუფლებას ცნობს: ბიზნესის, ვაჭრობის, მონეტარული, ფისკალური, საინვესტიციო, ფინანსური, შრომის თავისუფლება, კორუფციისგან თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა და მთავრობის ზომა. თითოეული ფასდება 0 – 100 შკალით, სადაც 100 ქულა მაქსიმალურ თავისუფლებას ნიშნავს. შეფასების 10 კრიტერიუმი 4 მთავარ თემატურ ჯგუფში ერთიანდება. ესენია: კანონის უზენაესობა, შეზღუდული მთავრობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზრები. Fraser Institute-ის კვლევა ეყრდნობა 42 სხვადასხვა საზომს და 5 კომპონენტს – მთავრობის ზომა; საკანონმდებლო სტრუქტურა და საკუთრების უფლების დაცულობა; ჯანსაღი ფულის მისაწვდომობა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტის, შრომის და ბიზნესის რეგულირება. კომპონენტები იზომება 1 – 10 შკალით, უფრო მაღალი ქულა მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას ნიშნავს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი არის ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობის პროდუქტი მთელს მსოფლიოში. Heritage Foundation- ის საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის ცენტრი (CITE) ხელმძღვანელობს ინდექსის წარმოებას და რეიტინგის შექმნას ქვეყნების მიხედვით. უკვე 26 წლის განმავლობაში ეს ინდექსი საშუალებას გვაძლევს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება მსოფლიო მაშტაბით შევადაროთ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა ეკონომიკური ზრდა და ადამიანების კეთილდღეობა. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება გაიზარდა 1,3%-ით 2020 წელს 2019 წელთან შედარებით[1]. ინდექსის შეფასების სტანდარტების თანახმად, გლობალური ეკონომიკა „ზომიერად თავისუფალია.” 2020 წლის მონაცმების მიხედვით ეკონომიკური თავისუფლება გაიზარდა 124 ქვეყანაში, 50 ქვეყანაში შემცირდა, ხოლო 6 ქვეყანაში უცვლელია[1]. პირველ ათეული ქვეყნებისა ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხით ასე გამოიყურება სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ესტონეთი. ბოლო ათეულის შემადგენლობა კი ასეთია-აღმოსავლეთ ტიმორი, კირიბატი, სუდანი, ზიმბაბვე, ბოლივია, კონგოს რესპუბლიკა, ერიტრეა, კუბა, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა.[2]

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების ინდექში 2020 წელს, მიღწეული წარმატებები და პრობლემები

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 ადგილი დაიკავა [3]. აღსანიშნავია,რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება- 68.6 ქულა, მთავრობის სამართლიანობა- 64.8 ქულა, სასამართლოს ეფექტიანობა- 57.9 ქულა, მონეტარული თავისუფლება- 78,3 ქულა, ფისკალური თავისუფლება- 94,4 [3]. წინა წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა – ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით [3]. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა) [3]. 2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს აღნიშნულ ინდიკატორი მხოლოდ 40.0 ქულის ტოლი იყო [3]. მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა [3]. კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს. მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია, ყატარი, ლატვია, სომხეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP). მიღწეული წარმატებების მიუხედავად პრობლემები მაინც არსებობს. როგორც უკვე ავღნიშნე შეფასების ოთხი მთავარი კრიტერიუმია- კანონის უზენაესობა, შეზღუდული მთავრობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზრები. ახლა კი ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.

კანონის უზენაესობა
საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები და, შესაბამისად, ყველაზე ცუდი პოზიცია კანონის უზენაესობის კრიტერიუმებში აქვს. კანონის უზენაესობა მოიცავს კერძო საკუთრების დაცვისა და კორუფციისგან თავისუფლების კრიტერიუმებს. საკუთრების უფლების დაცვაში საქართველოს 68.6 ქულა აქვს[4], მართალია 2010 წელთან(40 ქულა) შედარებით ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, თუმცა მაინც დაბალ მაჩვენებლად ითვლება. თვითონ The Heritage Foundation ამ შედეგს ასე განმარტავს: საკუთრების დაცვის მხრივ სასამართლო სისტემა ძალიან არაეფექტიანია. საქმის განხილვა იმდენად გვიანდება, რომ სასამართლოსთვის მიმართვისგან თავის შეკავება ხდება. არსებობს კორუფცია და მოსამართლეები მთავრობის სხვადასხვა შტოს გავლენის ქვეშ არიან. დაშვებულია ქონების ექსპროპრიაცია. კორუფციისგან თავისუფლების შეფასებისას გამოყენებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან ჩეხეთთან და ლატვიასთან[6]. საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა [6], თუმცა აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.

შეზღუდული მთავრობა
რამდენად შეზღუდულია მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში, ეს ფასდება მთავრობის (ბიუჯეტის) ხარჯების მოცულობით და ფისკალური თავისუფლების დონით. ბიუჯეტის ხარჯების სიდიდე განისაზღვრება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით. რადგან საქართველოში კანონით არის აკრძალული, რომ ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის 30%-ს აჭარბებდეს, საქართველო იცავს აღნიშნულ ზღვარს. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა მოახერხებს ხარჯების მშპ-ს მიმართ 30%-ზე ქვემოთ დაწევას, ეს ეკონომიკური თავისუფლების დონეს აამაღლებს. ფისკალური თავისუფლება გულისხმობს საგადასახადო განაკვეთების სიდიდეს და ბიუჯეტის მიერ გადასახადებისგან მიღებული შემოსავლის მშპ-თან ფარდობას. განაკვეთების სიდიდის შეფასებისას მხოლოდ საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის მაქსიმალური დონეების გათვალისწინება ხდება, რაც საქართველოში 20% და 15%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს სწორედ ფისკალური თავისუფლების კრიტერიუმში აქვს- 94,4 [3].

რეგულაციების ეფექტიანობა
რეგულაციების ეფექტიანობა მოიცავს ბიზნესის თავისუფლებას, შრომის ბაზრის თავისუფლებას და მონეტარულ თავისუფლებას. ბიზნესის თავისუფლების მხრივ საქართველოს მაღალი – 85.3 ქულა აქვს[3]. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) ინდექსის შეფასებებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა 83.7 ქულით[7]. გასულ წელთან შედარებით საქართველოს ქულა 0.2-ით გაიზარდა, მაგრამ ერთი ადგილით ჩამოქვეითება აშშ-ს ქულის 0.4-ით ზრდამ განაპირობა. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (99.6) და ადგილი (მე-2 ადგილი მსოფლიოში) ბიზნესის დაწყების კომპონენტში აქვს[7]. ყველაზე დაბალ პოზიციაზე საქართველო ბიზნესის დახურვის პროცედურებითაა, 190 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა[9]. შრომის ბაზრის თავისუფლების კრიტერიუმი, სადაც საქართველოს 76.3 აქვს[4], ქვეყნის შრომის ბაზარზე დაწესებულ საკანონმდებლო რეგულაციების შეფასებას მოიცავს. ესენია: სავალდებულო მინიმალური ხელფასი (საქართველოში არ არის), სამუშაო ძალის დაქირავების შემაფერხებელი რეგულაციები (მაგალითად, სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები), სამუშაო საათების მაქსიმუმის მკაცრად განსაზღვრა, ზედმეტი მუშახელის გათავისუფლების სირთულე, სავალდებულო კომპენსაციის ზომა და სამსახურიდან გათავისუფლების წინასწარ შეტყობინების პერიოდი. გამოდის, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებში რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო სავალდებულო რეგულაციებით, შრომის ბაზრის თავისუფლება მით უფრო მაღალია. მონეტარულ თავისუფლებაში საქართველოს 78.3 ქულა აქვს[4]. აღნიშნულ კრიტერიუმში იგულისხმება ინფლაციის დონე და სახელმწიფოს მიერ ფასების დადგენაში ჩარევის დონე. იდეალურია სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ისე მიიღწევა ინფლაციის დაბალი დონე, რომ სახელმწიფო მიკროეკონომიკურ ინტერვენციებს (მაგალითად, ფასის სუბსიდირება, ფასის ჭერის დადგენა) არ ახორციელებს.

ღია ბაზრები
ღია ბაზრების თემატური ჯგუფი მოიცავს საგარეო ვაჭრობის თავისუფლებას, ინვესტირების თავისუფლებასა და ფინანსურ თავისუფლებას.საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (88.6) და ყველაზე კარგი პოზიცია საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს[4]. აღნიშნული კრიტერიუმი ფასდება იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის ტარიფები და არასატარიფო ბარიერები აქვს დაწესებული ქვეყანას იმპორტსა და ექსპორტზე. საქართველოს მაღალ ქულას განაპირობებს დაბალი საიმპორტო ტარიფები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ინვესტირების თავისუფლებაში 80.0 ქულა გვაქვს[4]. ეს კრიტერიუმი მაშინ იმსახურებს 100 ქულას, თუ ინვესტიციის გატანა ან ქვეყანაში შემოტანა სრულიად თავისუფალია. არ არსებობს რაიმე დისკრიმინაციული წესები უცხოელი ინვესტორების მიმართ (საქართველოში არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის დროს). ასევე, ქულაზე მოქმედებს ბიუროკრატიის დონე, უსაფრთხოება და პოლიტიკური გავლენების არსებობა. საქართველოს ფინანსურ თავისუფლებაში 70.0 ქულა აქვს[4]. ფინანსური თავისუფლება გულისხმობს როგორც საბანკო სექტორის ეფექტიანობას, ასევე ფინანსური სექტორის სახელმწიფო კონტროლისა და ჩარევისგან თავისუფლებას. სახელმწიფო ბანკები ან სხვა სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტების არსებობა ამცირებს კონკურენციას და ფინანსური თავისუფლების დამაზიანებლად არის მიჩნეული. აქვე ფასდება ეროვნული ბანკისა და მარეგულირებლების მთავრობისგან დამოუკიდებლობის დონე. საქართველოს მთავარ მინუსად ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაა მიჩნეული.

საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ოფიციალური გვერდის მონაცემების მიხედვით საქართველო მეტწილად ეკონომიკურად თავისუფლად ითვლება. თუ გვინდა, ინდექსში დავწინაურდეთ, რაც პირდაპირ თუ ირიბად იმის მაჩვენებელი იქნება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო გაუმჯობესდა, მაშინ ისეთ საკითხებში არსებული ჩავარდნა უნდა დავძლიოთ, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ბიუჯეტის ხარჯები და მაღალი ინფლაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ერთ ადგილზე არ დგას, მათ შორის – არც ეკონომიკური თავისუფლების საკითხში, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ დღეს არსებული მდგომარეობსი გაუმჯობესებას.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეკონომიკური თავისუფლების ზრდის მაჩვენებელი, გვ.1 URL : www.heritage.org
2. მონაცემები პირველი და ბოლო ათეულსი შესახებ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით URL: https://en.wikipedia.org/wiki/Index_of_Economic_Freedom
3. საქართველოს პოზიცია ეკონომიკური განვითარების ინდექსში 2020 წელს URL: www.economy.ge
4. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ოფიციალური გვერდი
URL: www.heritage.org
5. საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების პრობლემები URL: forbes.ge
6. კორუფციის აღქმის ინექსი
URL: transparency.ge
7. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი
URL: forbes.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial