საერთაშორისოვაჭრობა და მისი მთავარი გამოწვევები

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ ყანჩაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
mariam. kanchashvili748@eab. tsu. edu. ge

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საერთაშორისო ვაჭრობის არსი,  მისი ძირითადი მიზნები და ინსტრუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვაჭრობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოსთვის აუცილებელი რამაა.  მოცემულ ნაშრომში სიღრმისეულად გამოვიკვლევ – საერთაშორისო ვაჭრობა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენაა  და განვიხილავ იმ სადავო საკითხებს,  რომელიც ხშირად ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ვაჭრობის სარგებელს. აუცილებელია აღვნიშნო ისიც, რომ საერთაშორისო ვაჭრობას დიდი წვლილი მიუძღვის გლობალიზაციის მასშტაბების ზრდაში,  ამიტომ ნაშრომის მესამე ნაწილში სწორედ ამაზე ვისაუბრებ.  ბოლოს,  განვიხილავ საქართველოს მაგალითს და დეტალურად ვისაუბრებ უახლოეს წარსულში მომხდარ ცვლილებებზე,  რომლებიც მთელ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის სახით მოევლინა.

Annotation

The article discusses the essence of international trade,  its main goals and tools.  While international trade has many opponents it is a nesessary for the world.  In this article,  I will examine in depth – is an international trade a positive or negative event and discuss the contentious issues that often question the benefits of international trade.  It is important to note that international trade plays a major role in increasing the scale of globalization,  so I will discuss this in the third part of this paper.  Finally,  I will discuss the example of Georgia and talk in detail about the changes that have taken place in the recent past,  which have appeared in the form of a coronavirus pandemic all over the world.

საერთაშორისო ვაჭრობის არსი და ინსტრუმენტები

საერთაშორისო ვაჭრობა მსოფლიო მნიშვნელობისაა და ნიშნავს ქვეყნებს შორის საქონლისა და  მომსახურების გაცვლას საერთაშორისო ბაზარზე.  საერთაშორისო ვაჭრობა ორიენტირებულია საერთაშორისო ეკონომიკაში მომხდარ რეალურ ტრანზაქციებზე, რაც გულიხმობს ტრანზაქციებს, რომლებიც  ეკონომიკური რესურსების რეალურ ვალდებულებებს ან საქონლის ფიზიკურ მოძრაობას მოიცავს.  როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო ვაჭრობაზე, უნდა გავითვალისწინოთ რიგი თავისებურებებისა, რომლებსაც იგი ითვალისწინებს. აღსანიშნავია, საერთაშორისო ვაჭრობის ინსტრუმენტები,  რომლებიც ხელს უწყობენ საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკის ღონისძიებების ჩატარებას.

ტარიფი არის იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული გადასახადი. იგი არის სავაჭრო პოლიტიკის უმთავრესი ინსტრუმენტი. ტარიფი არის ორი სახის :

  • სპეციფიკური ტარიფი
  • ადვალორული ტარიფი

სპეციფიკური ტარიფი არის იმპორტირებული საქონლის თითოეულ ერთეულზე ფიქსირებული გადასახადი,  ხოლო ადვალორული – გადასახადი, რომელიც გადაიხდება, როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის წილი. მათი საერთო  თავისებურება ისაა, რომ ორივე ტარიფის ეფექტი  არის ქვეყანაში საქონლის გადაზიდვის ღირებულების ზრდა. ტრადიციულად, ტარიფი გამოიყენება სახელმწიფო შემოსავლის წყაროდ. დღეს,  ტარიფების მნიშვნელობა შემცირდა. ამის მიზეზი კი, არის ის, რომ  მთავრობებისთვის სამამულო დარგების დაცვა  პრიორიტეტულია არასატარიფო ბარიერით. მათში შედის:

იმპორტის კვოტები – იმპორტის რაოდენობის შეზღუდვა.

ექსპორტის შეზღუდვები – იმპორტიორი ქვეყნის მიერ მოთხოვნილი და  ექსპორტიორი ქვეყნის დაწესებული ექსპორტის რაოდენობის შეზღუდვა. [1]

ამის მიუხედავად,  ტარიფების დაწესების შედეგების გააზრება კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ვაჭრობის სხვა პოლიტიკის გასაგებად.  ტარიფი–ტრანსპორტირების ღირებულებაა საქონლის გადამზიდისათვის.  საქონლის ერთ ერთეულზე დაწესებული t სპეციფიკური ტარიფის ეფექტი წარმოდგენილია ნახაზზე :

ნახაზი 1: ტარიფის ეფექტი სამამულო,  უცხოურ და მსოფლიო ბაზრებზე

წყარო: „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)

ტარიფის  არარსებობისას სამამულო და უცხო ქვეყნებში საქონლის ფასი გაუტოლდება მსოფლიო (Pw) ბაზრის ფასს.  ტარიფების შემოღების გამო,  გადამზიდავებს უცხო ქვეყნიდან ხორბლის გადატანა სამამულო ქვეყანაში არ სურთ მანამ,  სანამ სამამულო ქვეყნის ფასი უცხო ქვეყნის ფასს,  სულ მცირე,  t-თი არ გადააჭარბებს.  ამგვარად,  სამამულო ქვეყანაში ფასი გაიზრდება და უცხო ქვეყანაში კი შემცირდება იქამდე,  სანამ ფასთა სხვაობა t არ იქნება.  საბოლოოდ კი,  ვაჭრობის მოცულობა მცირდება. [1]

ტარიფი იმპორტირებულ საქონელზე ზრდის ამ საქონლის სამამულო მწარმოებლების ფასს. ტარიფის მნიშვნელოვანი მიზანი ხშირად ემსახურება სამამულო მწარმოებლების დაცვას დაბალი ფასებისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმპორტის კონკურენციით.

საბოლოოდ,  ტარიფი:

  • ზრდის საქონლის ფასს იმპორტიორ ქვეყანაში
  • ამცირებს საქონლის ფასს ექსპორტიორ ქვეყანაში

ფასთა ასეთი ცვლილების შედეგად მომხმარებლები ზარალდებიან იმპორტიორ ქვეყანაში და იგებენ ექსპორტიორ ქვეყანაში,  მწარმოებლები კი იგებენ იმპორტიორ ქვეყანაში  და ზარალდებიან ექსპორტიორ ქვეყანაში.

ტარიფების დაწესება ვაჭრობის პოლიტიკის ღონისძიებებს შორის უმარტივესია,  მაგრამ თანამედროვე მსოფლოში საერთაშორისო ვაჭრობაში მთავრობის ჩარევა სხვა ფორმითაც ხორციელდება. ესენია:

  • ექსპორტის სუბსიდიები
  • იმპორტის კვოტები
  • ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვები
  • ადგილობრივი მნიშვნელობის შემცველობის მოთხოვნები

ექსპორტის სუბსიდია არის ფირმის ან ინდივიდის გადასახდელი, რომელსაც გააქვს საქონელი საზღვარგარეთ. ტარიფის  მსგავსად, ექსპორტის სუბსიდია შეიძლება იყოს

  • სპეციფიკური – საქონლის ერთ ერთეულზე ფიქსირებული თანხა
  • ადვალორული–ექსპორტირებული საქონლის ფასის ნაწილი

როდესაც მთავრობა ექსპორტის სუბსიდიას გასცემს, გადამზიდავები საქონლის ექსპორტირებას  განახორციელებენ იმ წერტილამდე, რომელშიც სამამულო ფასი უცხოურ ფასს სუბსიდიის ოდენობით აჭარბებს. ფასებზე ექსპორტის სუბსიდიების ეფექტი ზუსტად ტარიფის საპირისპიროა.

იმპორტის კვოტა არის იმპორტირებული საქონლის რაოდენობის პირდაპირი შეზღუდვა, რომელიც, როგორც წესი,  ხორციელდება ინდივიდების ან ფირმების გარკვეული ჯგუფისათვის ლიცენზიის მიცემით. იმპორტის კვოტა ყოველთვის ზრდის იმპორტირებული საქონლის სამამულო ფასს.  კვოტასა და ტარიფს შორის განსხვავება ისაა, რომ კვოტით მთავრობა შემოსავალს ვერ იღებს.

ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვა  (VER)  ან ნებაყოფლობითი შეზღუდვის შეთანხმება (VRA)– იმპორტის კვოტის ერთ–ერთი ვარიანტია.  VER იმპორტიორების ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ ვაჭრობაზე დაწესებული კვოტაა.  ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად ითვლება აშშ–ს ზეწოლით იაპონიის მიერ 1981 წლიდან ავტომანქანების ექსპორტის შეზღუდვა.  ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვები საერთოდ წესდება იმპორტიორის მოთხოვნით და ექსპორტიორთან შეთანხმებით ვაჭრობის სხვა შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად. გარკვეულმა პოლიტიკურმა და საკანონმდებლო უპირატესობებმა ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვები ზოგიერთ შემთხვევაში ვაჭრობის პოლიტიკის ხელსაყრელ ინსტრუმენტებად აქცია.  ეკონომიკური თვალსაზრისით,  ექსპორტის  ნებაყოფლობითი შეზღუდვა ზუსტად იმპორტის კვოტის მსგავსია, როცა ლიცენზია უცხოეთის მთავრობებს ეძლევა და ამიტომ იგი იმპორტიორი ქვეყნისათვის ძალიან ძვირად ითვლება.

იგი ყოველთვის უფრო ძვირია იმპორტიორი ქვეყნისთვის, ვიდრე იმპორტის იმავე ოდენობის შემზღუდავი ტარიფი.  განსხვავება ისაა,  რომ,  რაც ტარიფის შემთხვევაში შემოსავალი იქნებოდა,  ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვების დროს, უცხოელების რენტად გადაიქცევა.  ასე რომ,  VER აშკარად აზარალებს იმპორტიორ ქვეყანას. [1]

1980–იან წლებში აშშ–ში 3 ძირითადი VER–ის – ტანსაცმლის და საფეიქრო,  ავტომანქანებისა და ფოლადის–შედეგების შესწავლით აღმოჩნდა,  რომ ამ შეზღუდვებით გამოწვეული მომხმარებლების დანახარჯის დაახლოებით 2/3 ნაწილი უცხოელთა რენტაზე მოდიოდა. რაც ნიშნავს იმას,  რომ დანახარჯის დიდი ნაწილი შემოსავლის ტრანსფერი უფრო არის, ვიდრე ეფექტიანობის დანაკარგი.  ამასთან, ქვეყნის თვალსაზრისით,  ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვა ტარიფზე ძვირია მთავრობისათვის. ამის გათვალისწინებით,  მთავრობების მიერ VER–ისთვის ეპირატესობის მინიჭება ფრთხილ ანალიზს მოითხოვს სხვა სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებთან შედარებით.  

ახლა განვიხილოთ ექსპორტის ნებაყოფლობითი შეზღუდვები პრაქტიკაში იაპონუი ავტოომანქანების მაგალითზე. აშშ–ის ავტომანქანების მრეწველობა უფრო მეტად იყო დაცული 1960–70–იან წლებში იმპორტის კონკურენციისგან.  იგი გამოწვეული იყო ამერიკელი და უცხოელი მომხმარებლების მიერ შეძენილი ავტომანქანების სახეობებში განსხვავებებით.  ამერიკელები უპირატესობას ანიჭებდნენ დიდ ავტომანქანებს, შედარებით იაფი საწვავის გამო.  ევროპელები ან იაპონელები კი ცდილობდნენ რომ აშშ–სთვის დიდი ავტომანქანების ბაზარზე კონკურენცია არ გაეწიათ და, ამიტომ შედარებით პატარა მანქანებს ანიჭებდნენ უპირატესობას. თუმცა 1979 წელს ფასების მკვეთრი ზრდით გამოწვეულმა ბენზინის დროებითმა დეფიციტმა განაპირობა აშშ–ის ბაზრის მკვეთრი გადასვლა პატარა მანქანებზე.  ამავდროულად იაპონელი მწარმოებლების დანახარჯები მცირდებოდა ამერიკელ კონკურენტებთან შედარებით და მათ მალევე მოუწიათ ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სწრაფი გადართვა.  ვინაიდან აშშ–ის გამოშვება შემცირდა და იაპონური ბაზრის წილი სწრაფად გაიზარდა,  აშშ–ის პოლიტიკურმა ძალებმა  მრეწველობის დაცვა მოითხოვეს.  ვაჭრობის ომის თავიდან აცილების მიზნით აშშ–ის მთავრობამ იაპონიის მთავრობას ავტომანქანების ექსპორტის  შეზღუდვის თხოვნით მიმართა.  აშშ–ის ცალმხრივი პროტექციონისტული ღონისძიებებით დამფრთხალი იაპონია წავიდა კომპრომისზე და დათანხმდა. 1981 წელს დაიდო პირველი შეთანხმება, რომლითაც იაპონიის ავტომანქანების ექსპორტი აშშ–ში 1, 68 მილიონით შეიზღუდა. 1984 წლისთვის შეზღუდული ავტომანქანების ექსპორტის რიცხვი გაიზარდა 1, 85 მილიონამდე. საბოლოოდ,  1985 წელს შეთანხმებას ვადა გაუვიდა.  ნებაყოლობითი შეზღუდვის შედეგებს რამდენიმე ფაქტორი ამძიმებდა:

  1. იაპონური და ამერიკული მანქანები აშკარად არ იყო ერთმანეთის სრული შემცვლელები.
  2. იაპონურმა მრეწველობამ შეზღუდვებს გარკვეულწილად პროდუქციის ხარისხის ამაღლებითა და მეტი მახასიათებლების მქონე ზომაში უფრო დიდი მანქანების გაყიდვით უპასუხა.
  3.  მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანების მრეწველობა სრულყოფილად კონკურენტული აშკარად არ იყო,  შედეგები მაინც ადრე განსაზღვრული ნებაყოფლობითი შეზღუდვების პროგნოზების შესაბამისი იყო: იაპონური მანქანების ფასები აშშ–ში გაიზარდა იაპონური ფირმების მიღებულ რენტასთან ერთად. აშშ–ის მთავრობის შეფასებით,  1984 წელს იაპონიაში ტრანსფერებისა და არაეფექტიანობის დანაკარგების გამო  მთლიანი დანაკარგები $3, 2 მლრდ იყო.

ზემოთგანხილული ინსტრუმენტების გარდა გამოიყოფა:

ექსპორტის საკრედიტო სუბსიდიები – ექსპორტის სუბსიდიის მსგავსია, თუმცა ის მყიდველისთვის იღებს სუბსიდირებული სესხის სახეს.

ეროვნული შესყიდვები – სამთავრობო ან მკაცრად რეგულირებული ფირმების შესყიდვები შესაძლოა, მიმართული იყოს ქვეყნის შიგნით წარმოებული საქონლისკენ მაშინაც კი, როცა ეს საქონელი უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტული. მაგალითად, ევროპული ტელეკომუნიკაციების დარგი, რომელშიც ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების ვაჭრობა სუსტდაა განვითარებული.

ბიუროკრატიული ბარიერები – არსებობს მომენტები, როდესაც მთავრობას სურს იმპორტის შეზღუდვა ფორმალობების გარეშე.  ამ მიზნის მისაღწევად იგი იმდენად ართულებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საბაჟო პროცედურებს, რომ იქმნება მნიშვნელოვანი სავაჭრო დაბრკოლებები. ამის კლასიკური მაგალითია საფრანგეთის მთავრობის 1982 წლის დადგენილება, რომლის მიხედვითაც იაპონიის ვიდეოკასეტების ყველა ჩამწერ მოწყობილობას უნდა გაევლო პატარა საბაჟო საკონტროლო პუნქტი პატიერსში, რომლის ახლომახლო არც ერთი მთავარი ნავსადგური არ არის, რაც ფაქტობრივად ზღუდავდა რეალურ იმპორტს. [1]

შეჯამების სახით განვიხილოთ ცხრილი 1:

ცხრილი 1: საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკის შედეგები

წყარო: „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)

ოთხივე ტიპის ვაჭრობის პოლიტიკას სარგებელი მოაქვს მწარმოებლისათვის და აზარალებს მომხმარებელს. პოლიტიკის ეფექტების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე,  უკეთეს შემთხვევაში, გაურკეველია. ორი პოლიტიკა ნამდვილად აზარალებს მთელ ქვეყანას, ხოლო ტარიფები და იმპორტის კვოტები პოტენციურად სარგებლიანია მხოლოდ დიდი ქვეყნებისთვის, რომელსაც მსოფლიო ფასების შემცირება შეუძლია.

საერთაშორისო ვაჭრობა და  სადავო საკითხები

საერთაშორისო ვაჭრობის მსგავსად, საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკის თეორიას ინტელექტუალური და ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.  ვაჭრობისადმი მიდგომების მიმართ ეკონომისტების აზრი  იყოფა. ნაწილს აქვს   „ახალი“ მიდგომები,  სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომები  „ძველი ნივთებია ახალი შეფუთვით“. თუმცა,  უნდა ითქვას, რომ ახალი საკითხები მაინც წამოიჭრება გარკვეული პერიოდულობით. გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში იჩინა თავი საერთაშორისო ვაჭრობის სამმა სადავო საკითხმა, რომლებიც მანამდე არ ყოფილა განხილული საერთაშორისო ეკონომისტების მიერ საფუძვლიანად.

პირველი საკითხი მოიცავდა მთელ რიგ ახალ არგუმენტებს, რომლებიც წარმოიშვა 1980–იან წლებში და ემსახურებოდა  ვაჭრობაში მთავრობის ჩარევის  გამართლებას. ეს არგუმენტები ეხებოდა „მაღალტექნოლოგიურ“ დარგებს, რომელთა აქტუალობა განაპირობა სილიკონის ჩიპის მნიშვნლობის ზრდამ.

მეორე საკითხი, ეხებოდა სამუშაო ძალით საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც მწვავედ წამოიჭრა 1990–იან წლებში. დავის საგანი გახდა ვაჭრობის შეთანხმებებში ხელფასის განაკვეთებისა და შრომითი სტანდარტების გათვალისწინება. ეს საკითხი ხშირად გლობალიზაციის ეფექტებსაც მოიცავდა.

ბოლო პერიოდში კი მზარდი ყურადღების ცენტრში მოექცა გარემოს დაცვითი და ვაჭრობის პოლიტიკის საკითხების ურთიერთკავშირი, რასაც მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური და სამართლებრივი დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი და ლეგალურია  „ნახშირორჟანგის ტარიფების“ მსგავსი პოლიტიკის გატარება.

მთავრობის აქტიური პოლიტიკა გარკვეული სახის დასაბუთებას საჭიროებს. იგი დაკავშირებული უნდა იყოს ამა თუ იმ საბაზრო რეგულირების დეფექტთან სამამულო ბაზარზე. აქტიური ვაჭრობის პოლიტიკის ბევრი არგუმენტის პრობლემატურობას განაპირობებს ის, რომ ეს არგუმენტები ამა თუ იმ სახის დეფექტს არ უკავშირებენ მთავრობის ინტერვენციის შემთხვევას.  ინტერვენციის გამართლებისთვის საბაზრო რეგულირების დეფექტების არგუმენტების გამოყენების პრობლემა ამ დეფექტების ამოცნობაში მდგომარეობს.  ინდუსტრიული ქვეყნების შემსწავლელმა ეკონომისტებმა გამოყვეს საბაზრო რეგულირების დეფექტის 2 სახე, რომლებიც დაკავშირებულია განვითარებული ქვეყნების ვაჭრობის პოლიტიკასთან. ესენია:

  • მაღალტექნოლოგიურ დარგებში ფუნქციონირებადი ფირმები ვერ იღებენ მათ მიერ იმ ცოდნის შექმნაში შეტანილი წვლილის შესაბამის სარგებელს, რომლითაც სხვა ფირმებიც სარგებლობენ
  • მონოპოლიური მოგების არსებობა მაღალი კონცენტრაციის ოლიგოპოლიურ დარგებში

არსებობს პოტენციური საბაზრო რეგულირების დეფექტი, რომელიც ცოდნის საკუთრების უფლებასთან არის დაკავშირებული. თუ რომელიმე დარგბში ფირმა ქმნის ცოდნას, რომლითც ყოველგვარი საფასურის გარეშე სარგებლობენ სხვა ფირმებიც, იქმნება დამატებითი პროდუქტის გამოშვების გავლენა–ცოდნის ზღვრული სოციალური სარგებელი–რაც არ აისახება ფირმების მოტივაციაზე. როდესაც ასეთი საგარეო ეფექტის დონე მნიშვნელოვანია, ეს დარგის სუბსიდირებისთვის შესაძლოა კარგ არგუმენტად გამოდგეს. განვითარებული ქვეყნებისთვის ამ არგუმენტის მნიშვნელობა განსხვავებულია. მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიური დარგები, რომლებშიც საწარმოს საქმიანობის ცენტრალური ფაქტორი არის ცოდნა. მათში ფირმები მათი რესურსების დიდ ნაწილს ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე მიმართავენ.  საკმაოდ სოლიდურ თანხებს გამოყოფენ კვლევა–განვითარებაზე და გამოცდილების შესაძენად მზად არიან საწყის ეტაპზე ზარალის მისაღებად. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს არსებითი განსხვავება მაღალტექნოლოგიურ დარგებსა და სხვა ეკონომიკურ დარგებს შორის, თუმცა აშკარა განსხვავება აღინიშნება პროცესების ინტენსივობაში. [1]

1980–იან წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ინდუსტრიული თარგეტირების ახალმა არგუმენტმა. ეს არგუმენტი  ასახავს საბაზრო რეგულირების ნაკლოვანებას, რომელიც ამართლებს მთავრობის ჩარევას არასრულყოფილი კონკურენციის არსებობიდან გამომდინარე. ფირმების სიმცირის გამო, სრულყოფილი კონკურენცია არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ჭარბ უკუგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ფირმები მიიღებენ უფრო მაღალ მოგებას, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა  რისკის იგივე დონის ინვესტიციაზე ნებისმიერ სხვა დარგში. შესაბამისად,  მივიღებთ საერთაშორისო კონკურენციას ასეთი მოგების მისაღებად.

მუშაკებს, რომლებიც აწარმოებენ ექსპორტის სამრეწველო საქონელს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან ცოტას უხდიან განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან შედაფრებით – ხშირად 1 აშშ დოლარზე ნაკლებს საათში, ზოგჯერ კი 0,5 დოლარზე ნაკლებსაც. ამასთან,  ასეთ ღარიბ ქვეყნებში მუშახელისთვის უკეთესი ალტერნატივის მოძებნის ალბათობა ძალიან მცირეა და სამუშაო პირობებიც ძალიან ცუდი, ზოგჯერ ლეტალურიც კი. 1990–იან წლებში ანტიგლობალისტურ მოძრაობას ბევრი მომხრე გამოუჩნდა განვითარფებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ამ მოძრაობის მოწოდებების დიდი ნაწილი სწორედ განვითარებადი ქვეყნების ექსპორტის დარგებში არსებული დაბალი ხელფასებისა და ცუდ სამუშაო პირობებს უკავშირდებოდა. [1]

ბევრი კრიტიკოსი ამტიცებს, რომ გლობალიზაცია უარყოფითად მოქმედებს  გარემოზე. ეჭვგარეშეა, რომ განვითარებადი ქვეყნების ექსპორტის დარგებში გარემოს დაცვითი სტანდარტები ბევრად დაბალია განვითარებული ქვეყნების შესაბამის დარგებში. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ქვეყნების ბაზრებისათვის საჭირო საქონლის წარმოება გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ტყეების მასობრივი გაჩეხვა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ტყის პროდუქტების დამზადების მიზნით, იაპონიისა და დასავლეთის ბაზრებზე გასაყიდად. მეორე მხირვ, არანაკლებია გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევები ქვეყნებში, რომლებშიც ატარებენ იზოლაციურ პოლიტიკას და არ მიისწრაფვიან გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ. ამის მაგალითია ბრაზილიაში ტროპიკული ხეების გაჩეხვა მრავალ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე. ნაწილობრივ, ეს იყო იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც სუბსიდიას გასცემდა სამამულო სამომხმარებლო პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის და არანაირადდ არ იყო მიმართული ექსპორტის განვითარებაზე.

შრომითი სტანდარტების მსგავსად, სადავო საკითხია, უნდა იყოს თუ არა გარემოს დაცვითი სტანდარტები გათვალისწინებული ვაჭრობის ხელშეკრულებებში. ერთი მხრივ, ამ იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ოდნავ მაინც გააუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას, რითაც ყველა დაინტერესებული მხარე სარგებელს მიიღებს. მეორე მხრივ, ოპონენტების მტკიცებით, გარემოს დაცვითი სტანდარტების დაკავშირება ვაჭრობის ხელშეკრულებასთან გამოიწვევს პოტენციური ექსპორტის დარგების დახურვას ღარიბ ქვეყნებში, რომელთაც არ შეუძლიათ დაიცვან დასავლურის მსგავსი სტანდარტები. [1]

საერთაშორისო ვაჭრობის როლი გლობალიზაციაში

საერთაშორისო სპეციალიზაციის პროცესი უწყობს ხელს წარმოების  სფეროში საწარმოო ძალების განვითარების დაჩქარებას.  ხდება სამეცნიერ-ტექნიკური და ორგანიზაციული პოტენციალის დაგროვების პროცესის ინტენსიფიკაცია,  მისი გამოყენება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში.  მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია გამოიხატება კაპიტალის,  საქონლის და სამუშაო ძალის ნაკადების მოძრაობის ინტენსიფიკაციაში.  

ბოლო ათწლეულში სავაჭრო ბრუნვა მსოფლიო წარმოებასთან შედარებით ორჯერ მეტად გაიზარდა(8% 4%-ის წინააღმდეგ). შედეგად ათობით მილიონმა ადამიანმა იპოვა სამსახური,  ასობით მილიონი კი სიღარიბის  წრიდან გამოვიდა.  მრავალი ქვეყანა აქტიურად ავითარებს ნაციონალური პროდუქციის ექსპორტს გლობალიზაციის სიკეთის მაქსიმალუად გამოსაყენებლად, მოითხოვს უცხოური ბაზრების გახსნას და ლიბერალიზაციას.  

გლობალიზაციის პროცესის პროგრესული მხარე,  ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე მათი დადებით გავლენა,   ურთიერთდაკავშირებულია კონკურენციის გამძაფრებასთან და არაეფექტური წარმოების გაქრობასთან. თუმცა ეს პროცესი  შემოსავლის დაკარგვასთან ასოცირდება  ქვეყნებისთვის,  რომლებმაც  ვერ შეძლეს ფეხის შეწყობა  მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებისთვის.  

გლობალიზაციის შედეგად ზოგჯერ შეიმჩნევა შემოსავლების განაწილების უთანაბრობის გაუმართლებელი გაძლიერება.  თუმცა,  ამავე დროს მიზანშეწონილი არ იქნება  საბაზრო ეკონომიკაში შემოსავლების გათანაბრებისაკენ მოწოდება.  მრავალი ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკაში შეიმჩნევა დუალიზმი უცხოურ ბაზრებზე უკეთესი პირობებით შესვლისათვის ბრძოლაში: მოუწოდებენ რა სხვა ქვეყნებს ბაზრების გახნისაკენ, ამავე დროს განვითარებული ქვეყნების ნაწილი უცხოელი კონკურენტებისაგან საკუთარი ბაზრის დაცვის ღონისძიებებს ატარებენ.  რადგან იმპორტზე ტარიფების გამოყენებით საშინაო ბაზრის დაცვას ზღუდავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია(მსო),  მის ნაცვლად  არის სიტყვიერი ეკვილიბრისტიკა.  ზოგჯერ ბაზრის უმსხვილესი მონაწილეები კონკურენციის უსამართლო მეთოდებს და პროტექციონისტულ პოლიტიკასაც მიმართავენ.  ამის მაგალითია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრები,  როცა სამამულო მწარმოებელს უცხოური კონკურენციისაგან იცავენ აშშ-ში,  ევროკავშირსა და იაპონიაში.  ამიტომ საჭიროა ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია. [2]

საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა.  საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკისა,  ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა,  რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა,  რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს,  დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.

სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტული სავაჭრო რეჟიმი აქვს.  საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად,  2006 წლის 1 სექტემბრიდან საიმპორტო ტარიფების 16 სატარიფო განაკვეთი შემცირდა 3 განაკვეთამდე (0,  5 და 12%).  საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 85%-ზე.  აღარ არსებობს სეზონური ტარიფები.  იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXVIII-ე თავის შესაბამისად. [4] [5]

სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან.  გამომდინარე იქიდან,  რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს საქონლის დამატებული ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით,  ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.

ირიბი გადასახადები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,  დამატებული ღირებულების გადასახადის და სააქციზო გადასახადის განაკვეთები ადგილობრივ და იმპორტირებულ პროდუქციაზე თანაბარია.  

ლიცენზიები და ნებართვები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კანონმდებლობით საგარეო ვაჭრობაში არ არის გათვალისწინებული რაიმე არასატარიფო შეზღუდვები (ლიცენზირება,  კვოტირება,  აკრძალვები და სხვა) გარდა იმ შემთხვევებისა,  როდესაც ეს აუცილებელია ჯანმრთელობის,  უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის.  ამ შემთხვევაში  გაიცემა შესაბამისი სახის ლიცენზიები და ნებართვები.

წარმოშობის სერთიფიკატები

საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა 2010 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №420 დადგენილებით,  დამტკიცებული წესის შესაბამისად.  [4] [6]

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR. 1,  ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ.  სხვა დანარჩენ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ,  ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ,  სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 315. 4 მლნ.  აშშ დოლარი შეადგინა,  რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.  

  • ექსპორტი გაიზარდა 12%-ით და 3 798. 4 მლნ.  აშშ დოლარს შეადგინა;
  • იმპორტი გაიზარდა 2%-ით და 9 516. 9 მლნ.  აშშ დოლარი შეადგინა. [4]

პანდემიის გავლენა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე

COVID 19 დიდი გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა მსოფლიო ეკონომიკისათვის. 2019 წლის მიწურულს ქალაქ ვუჰანში წარმოიშვა ვირუსი და იმდენად ფართო მასშტაბის სახე მიეცა, რომ ვირუსი პანდემიად აქცია. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID 19-ის ნეგატიური ეფექტი შეუქცევადი მოცემულობაა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარადგინეს კვლევები და ანგარიშები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაზე  პანდემიის გავლენას არაერთგვაროვნად აფასებენ.

COVID-19-ის ეკონომიური ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე.  მიუხედავად იმისა,  რომ სასაქონლო საერთაშორისო ვაჭრობაზე,  ძირითადად,  შეზღუდვები არ დაწესებულა,  დიდი ალბათობით,  მაღალი რისკის ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ იქონიებს ზეგავლენას მათ პარტნიორებზეც.  საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან,  რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. განვიხილოთ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის 2020 წლის  მდგომარეობა. [3]

დიაგრამა 1: უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 2020 წელს

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti

მნიშვნელოვანია ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, რომელთანაც გადაადგილება შეიზღუდა,  თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა (2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის 13,2%). საქართველოსთვის აზერბაიჯანი და რუსეთი ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორები არიან და მათი ეკონომიკის დიდ ნაწილის სწორედ ეს ინდუსტრია იკავებს.  ამდენად,  მიმდინარე წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური აქტივობის გარდა,  საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე ნავთობის ფასების შემცირებამაც უარყოფითი გავლენა იქონია.    ჩინეთის წილი ექსპორტში,  იმის მიუხედავად,  რომ იანვარ-თებერვალში ამ ქვეყანაში უკვე დაწყებული იყო კორონავირუსის აფეთქება,  ასევე დიდია და 14,3%-ს შეადგენ. 2020 წლის  საქართველოს ექსპორტი იმავე პერიოდის წინა წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა და 3342,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა [7] [8]

დიაგრამა 2: უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 2020 წელს

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi

იმპორტის შემთხვევაშიც  წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებითი კლება შეინიშნება. 2020 წელს იმპორტმა, 8005,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირდა ჩინეთის იმპორტი, ასევე აზერბაიჯანის, რადგან, როგორც აღვნიშნე, აზერბაიჯანში საზღვრები მალევე ჩაიკეტა. სავარაუდოდ,  უარყოფითი ტენდენცია გაგრძლედება,  როგორც ექსპორტის ისე იმპორტის მხრივ.  ორივე მიმართულებით კლება არის მოსალოდნელი. [9]

დასკვნა

ამრიგად,  საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია. დადებითია  თუ უარყოფითი საერთაშორისო ვაჭრობა – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რიგი ასპექტებია გასათვალისწინებელი. იგი მუდმივი განხილვის საგანია ეკონომისტებს შორის, ზოგი რადიკალურად უყურებს,  ზოგიც კი სულ სხვა ჭრილში განიხილავს მას. საერთაშორისო ვაჭრობა იყო, არის და იქნება სადავო და მას მუდამ თან ეხლდება არგუმენტები, რომლებიც დადებითი ან უარყოფითი კუთხით წარმოაჩენს მას.

არ უნდა დავივიწყთ გლობალიზაციის როლი საერთაშორისო ვაჭრობაში, ის თუ რამხელა ზეგავლენას ახდენს იგი. გლობალიზაციის პროცესს  აქვს  პროგრესული მხარე და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე  დადებითად მოქმედებს, თუმცა გლობალური სტანდარტები გარკვეულწილად ჩარჩოებში აქცევს საერთაშორისო ვაჭრობას და აიძულებს მას მოერგოს თანამედროვე კრიტერიუმებს.

რაც შეეხება საქართველოს,  მას საკმაოდ ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა გააჩნია,  აქვს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმი და საბაჟო პროცედურები,  ასევე დაბალი საიმპორტო ტარიფები და მინიმალურ არასატარიფო რეგულირება. თუმცა,  ვერ უგულებელვყოფ იმ ფაქტს, რომ არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და კოვიდ 19–მა დიდი დარტყმა მიაყენა მის საგარეო-სავაჭრო პოლიტიკასაც,  დღევანდელი რეალობა ცხადყოფს,  რომ პანდემიის ეფექტი გარდაუვალი და შეუქცევადია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. „საერთაშორისო ეკონომიკა – თეორია და პოლიტიკა“ (პ. კრუგმანი; თსუ; 2017)
  2. https://www. tsu. ge/data/file_db/economist_faculty/global. pdf
  3. https://eprc. ge/uploads/brosh/COVID__fin-geo. pdf
  4. http://www. economy. ge/?page=ecopolitic&s=12
  5. http://www.economy.ge/uploads/files/sagareo_vachroba/tavi-XXVIII.pdf
  6. http://www.economy.ge/uploads/files/sagareo_vachroba/dadgenileba-420.pdf
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/637/eksporti
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/35/sagareo-vachroba
  9. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/638/importi