სოფლის მეურნეობა და ქვეყნის განვითარება

ავტორის სტილი დაცულია
გიორგი აკობია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
III კურსის სტუდენტი
Giorgi.akobia473@eab.tsu.ge

ანოტაცია

საქართველოში საუკუნეების მანძილზე სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში. ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული, ვფიქრობ წინ დიდი გზაა. საქართველო ხომ მიწათმოქმედების ქვეყანაა, ღვინის სამშობლოა, რომელსაც ამ სფეროში ძალიან დიდი მომავალი გააჩნია.  სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე კი ქვეყნის წინსვლა თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია. აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავ სოფლის მეურნეობის რამდენიმე ძირითადი დარგს, ვისაუბრებ მათ ეკონომიკურ ფასეულობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

Annotation

For centuries, agriculture in Georgia has played an important role in maintaining the country’s identity and development. Agriculture in our country is not yet fully developed, I think there is a long way to go. Georgia is a country of agriculture, the homeland of wine, which has a great future in this field. Without the development of agriculture, I find it almost impossible for the country to move forward. In this article I will review some of the major sectors of agriculture, talk about their economic value and future prospects.

შესავალი

სოფლის მეურნეობა მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ეს არის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოველების მოშენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით. სოფლის მეურნეობის მთავარ დარგებს შორის აღსანიშნავია: მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, მეტყევეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეთევზეობა და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში რეალური ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში. 2019-2020 წლებში მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდა.

აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებს და ყურადღებას გავამახვილებთ მათ ზოგად სტატისტიკაზე (წარმოება, საგარეო ვაჭრობა;ექსპორტი და იმპორტი).

საქართველოში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სოფლის მეურნეობა ქვეყნის თვითმყოფადობის, თვითუზრუნველყოფისა და თავისთავადობის შენარჩუნების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი — 85%-მდე მოდის თვითდასაქმებულ მოსახლეობაზე. მოქმედი სტატისტიკა სოფლის ეკონომიკურად  აქტიურ  ზრდასრულ მოსახლეობას, რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს, სრულად დასაქმებულად მიიჩნევს. ამიტომ უმუშევრობის მაჩვენებელი ქალაქში 4-5-ჯერ აღემატება უმუშევრობის მაჩვენებელს სოფლად, თუმცა იმ თითქმის 900 ათასი სოფლად, მცხოვრები ადამიანიდან, რომელთაც სტატისტიკა დასაქმებულად მიიჩნევს, მხოლოდ  ცოტას თუ შეუძლია ოჯახის რჩენა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მიღებული შემოსავლით. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლად არსებული ფარული უმუშევრობა წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის ქალაქებში მასობრივი მიგრაციის, აგრეთვე საზღვარგარეთ ემიგრაციის ძირითად მიზეზს.

საქართველოში, ტრადიციულად, სულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 მილიონი ჰექტარი არსებობდა. აქედან 900000 ჰა სახნავ-სათესად გამოიყენება, მრავალწლოვანი ნარგავები 260000 ჰა-ს ითვლიდა, ხოლო 400000 ჰა საძოვრებისთვის გამოიყენებოდა. დიდი წილი ეჭირა ალპურ სათიბებსაც. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 13% უკავია ბარს, მთისწინებზე მოდის 34%, ხოლო მთებზე – დანარჩენი 53%. აშკარად გამოხატულმა ვერტიკალურმა ზონალობამ განაპირობა მსოფლიოში აღწერილი თითქმის ყველა ტიპის კლიმატისა და ნიადაგის არსებობა ქვეყანაში.  {4}

გრაფიკი #1: სასოფლო მეურნეობების განაწილება მეურნეობის სასოფლოსამეურნეო ორიენტირის მიხედვით 2021 წელს

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba

მიწათმოქმედება მიწის დამუშავებაა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოყვანის მიზნით. საქართველოს ძალიან ბევრი რაიონისთვის, მიწათმოქმედება ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა და მასში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ჩართული.

აქვე აღსანიშნავია მემცენარეობაც,რომელიც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დარგია, მისი მიზანია უმთავრესად კულტურული მცენარეების მოყვანა მცენარეული პროდუქციის წარმოების მიზნით. მემცენარეობა იძლევა სასურსათო პროდუქტებს, პირუტყვისათვის — საკვებს, კვების, საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობისათვის — მცენარეულ ნედლეულს. მემცენარეობა მოიცავს მებოსტნეობას, მეხილეობას, მევენახეობას, მემდელოეობას, მეტყევევეობას, მეყვავილეობას. მემცენარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეცხოველეობასთან. [1]

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.0 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 64.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 147.8 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 79.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 50.6 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 28.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 11.9 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 11.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.2 ათას ჰექტარს შეადგენდა. {3}

გრაფიკი #2: ერთწლიანი კულტურების წარმოება  2014-2021წწ

წყარო: https://www.geostat.ge

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მემცენარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეცხოველეობასთან, მეცხოველეობა კი თავის მხრივ ცხოველთა მოშენებასა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას ითვალისწინებს. ის უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით.

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.2 პროცენტით შემცირდა და 933.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 457.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.3 პროცენტით აღემატება. ღორის რაოდენობა 202.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 15.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა. {3}

ცხრილი #1: პირუტყვისა და ფრინველის სულადობა 2021-2022 წლებში კვარტლის ბოლოსათვის

წყარო: https://www.geostat.ge/ka/single-news/2240/sakartvelos-soflis-meurneoba-2021-tslis-i-kvartali-tsinastsari-monatsemebi-metskhoveleobis-shesakheb

წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 165.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 16.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.0 პროცენტით აღემატება.

რაც შეეხება ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტს, 2022 წლის მესამე კვარტალში 48.7 ათასი მსხვილფეხა ცოცხალი პირუტყვი ექსპორტირდა. 0.2 ათასი სული კი შემოვიდა იმპორტის შედეგად ქვეყანაში. ფრინველთა  3441.3 ათასი ფრთა ექსპორტის სახით გავიდა ქვეყნიდან ხოლო 2111.2 კი შემოვიდა (იმპორტირდა) ქვეყანაში.

ცხრილი #2: ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი 2021-2022 წლებში

წყარო: https://www.geostat.ge

ცხრილი #3: ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის იმპორტი 2021-2022 წლებში

წყარო: https://www.geostat.ge/

სამომავლო პერსპექტივა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სოფლად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, თუმცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ რომ მათ მიერ შექმნილი დოვლათი სულაც არ არის ამ მაჩვენებლის პროპორციული.

აუცილებელია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე რაც დღეს არსებობს ამ დარგში, საჭიროა ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, რადგანაც მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ასევე, საზოგადოებაში ძალიან ბევრი აზრი არსებობს გენმოდიფიცირებულ საკვებზე, ჯერ კიდევ სრულად არ არის ცნობილი, თუ რამდენად უვნებელია იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ალბათ კარგი იქნება უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოქალაქეებს ამ საკითხის შესახებ.

უნდა აღინიშნოს ისიც რომ, აუცილებელია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც ალბათ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს ერთგვარი ხერხიც კია მოსახლეობაში მოტივაციის გასაზრდელად, რადგანაც იგი ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმისთვის რომ რეგიონში განვითარდეს სოფლის მეურნეობის დარგი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისაკენ. რაც რა თქმა უნდა სასარგებლოა საქართველოსთვის.  

მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ პროექტს:  ,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრატეგია“-რომლის მიზნებია:

მიზანი 1 -კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები.

მიზანი 2 – ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია.

მიზანი 3 – სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები; [4]

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ამ მხრივ. ვფიქრობ აუცილებელია სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და მათი მიზნობრივად გამოყენება, რადგან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

დასკვნა

ამრიგად, სოფლის მეურნეობა ქვეყნის მამოძრავებელი ღერძია, რომლის განვითარებასაც მისი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პერსპექტივა დიდია თუმცა გასათვალისწინებელია შესრულების ხარისხიც. სახელმწიფოს თანადგომა დიდ როლს ასრულებს მის განვითარებაში, კერძოდ, აუცილებელია პროდუქციის ხარისხის კონტროლი, რაც თავის მხრივ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ნაყოფიერი მიწის რესურსებით, რისი სრული გამოყენებაც მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია ჩვენთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/მემცენარეობა
  2. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395
  3. https://www.geostat.ge/
  4. https://agronews.ge/sophlis-meurneoba-da-qveqhnis-ganvithareba/