ხადური რომან გოცირიძის განცხადებას პასუხობს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებას “აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს” უწოდებს.
„რომან გოცირიძე ისეთივე უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს მართავდა“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ხადურის თქმით, გოცირიძის განცხადებები უპასუხისმგებლოა და ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.
“ბატონი რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ამას ვამბობ ძალიან გულწრფელად, ის აკეთებს ისეთივე განცხადებებს, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს. მისი განცხადებები, რომელიც დღეს იყო, არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, საუბრობს ვითომ სავარაუდო შემოსავლებზე ლიცენზიებიდან, მას შეუძლია უბრალოდ გადაამოწმოს და ნახოს, რომ აღნიშნული ლიცენზიებიდან ფული უკვე შემოდის საქართველოს ბიუჯეტში.
რა თქმა უნდა, დღევანდელ კურსზეა დათვლილი საქართველოს ბიუჯეტი. ერთი რა მინდა ასევე ვთქვა, ჩვენ ნამდვილად შევამცირეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებსა და უწყებებში და, ამავე დროს, ნამდვილად იმის გამო, რომ სტიქია მოხდა საქართველოში, ჩვენ გვიწვეს თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებებზე. ძალიან მაინტერესებს, გოცირიძე სხვანაირად თუ მოიქცეოდა, როგორ იქცეოდა ის, როცა ვიცეპრემიერი ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც, გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა, გინდა ერთ დროს, გინდა მეორე დროს”, – განაცხადა ხადურმა.