ლუკოილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
ეკა ლომიძე
“ლუკოილი” ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი ჭაბურღილი და საბადო აქვს. ნავთობი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნაწილდება, მუშავდება და ამის შემდეგ იგი კომპანიას თავისივე ტრანსპორტის საშუალებით რეალიზაციის ქსელის პუნქტებამდე მიაქვს. მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 25000-26000 პუნქტს აღემატება.
მართალია, “ლუკოილის” პრიორიტეტი ნავთობპროდუქტებია, მაგრამ არანაკლები სიდიდისაა ქიმიური წარმოების პროფილითაც.
“ლუკოილში” ბოლო მონაცემებით, 150 ათასზე მეტი კაცი მუშაობს. ეს არის დიდი მონსტრი, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად და მსოფლიო ბაზარზე რუსულ კაპიტალს წარმოადგენს. ამ დიდი სახელის ქვეშ გაერთიანებულია “ლუკოილის” საფინანსო ჯგუფი, უზარმაზარი სადაზღვევო კომპანია “მედვედ”-ი, რომელიც, ძირითადად, რუსეთის ჩრდილოეთში მუშაობს და მკაცრ კლიმატურ პირობებში მომუშავე საკუთარ თანამშრომლებს აზღვევს. მათი რაოდენობა 130 ათას კაცს აღწევს. მართალია, “ლუკოილის” სადაზღვევო კომპანიათა ჯგუფი ჯერ არ არის გაერთიანებული ერთი ბრენდის ქვეშ, მაგრამ, პრაქტიკულად, ისინი უტოლდებიან ისეთ დიდ სადაზღვევო კომპანიას, როგორიცაა “ლოიდი”.
საყურადღებოა რუსეთში მიმდინარე პროცესებიც. საფინანსო კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა დროს “ლუკოილის” წიაღიდან წამოვიდნენ, დღეს რუსულ ბაზარზე ახალი ბრენდით გამოჩნდნენ – “კაპიტალი”, რომელიც არ შეერწყმევა “ლუკოილს”. თუმცა რუსეთის საფინანსო სივრცეში ამ დაჯგუფებების გამოსვლა საპენსიო ბაზრის კუთხით, რომლის მოცულობა ყოველდღიურად დაახლოებით რამდენიმე მილიარდ დოლარს მოიცავს, უკავშირდება ამ ბაზარზე ნავთობკომპანიების ინტერესის დაფიქსირებას. “კაპიტალის” ოფიციოზი უარყოფს “ლუკოილთან” კავშირს და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა “განთავისუფლდეს” ისეთი კაპიტალისაგან, რომელიც მის პროფილში არ შედის. თუმცა “კაპიტალში” შემავალი კომპანიებისა და “ლუკოილს” შორის მჭიდრო თანამშრომლობა საკმაოდ თვალსაჩინოა. ეს ფაქტორი საინტერესოა იმ კლიმატის ფონზე, რაც ერაყის ომმა შექმნა. მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად შესუსტდა რუსეთის პოზიციები, რაც პირდაპირ აისახება “ლუკოილზეც”. რა თქმა უნდა, ჯერ რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ რა დაკარგა ამ კომპანიამ ერაყში, მაგრამ ფაქტია, რომ აქ დასავლეთის კაპიტალი აქტიურდება და, ბუნებრივია, მათ მეტი პრეტენზია გაუჩნდებათ. თუმცა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რუსულმა კაპიტალმა ერაყში გავლენა დაკარგა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება “ლუკოილის” მდგომარეობაზე. რაც შეეხება კომპანიის მდგომარეობას მსოფლიო ბაზარზე, მას ამერიკის კონტინენტზე საკუთარი ბენზინგასამართი სადგურები აქვს. კერძოდ, აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონაში 1500-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური აქვს შესყიდული, საიდანაც ბევრი უკვე მწყობრშია და მუშაობს. თუ ამ კუთხით ვიმსჯელებთ, “ლუკოილის” განხილვა შეგვიძლია ისეთი დიდი ნავთობკომპანიის გვერდით, როგორიცაა “ბიფი”. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ნავთობკომპანიები გაერთიანდნენ და მონასტრებად იქცნენ. ამ პირობებით “ლუკოილი” ბაზარზე სიდიდით მეოთხე ადგილზეა. დღეს მსოფლიოში ეს კომპანიები ეკონომიკასა და პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. საერთაშორისო ფონდებში “ლუკოილის” აქციების კოტირებამ ხელი შეუწყო რუსულ კაპიტალის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას. “ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე, ვაჟა დვალიშვილი ამ ფაქტს “თეთრ ბიზნესს” უწოდებს:
“ლუკოილი” არ არის კრიმინალური კომპანია, რომელსაც აქვს ბევრი ფული და არავინ იცის, როგორ შოულობს, ან სად აბანდებს ამ ფულს. მისი ბიზნესი გამჭვირვალეა, სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო ბირჟებზე კოტირება ვერ მოხერხდებოდა. რუსული წიაღიდან წამოსულმა კომპანიამ 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტებს მიაღწია და შეიქმნა იმიჯი, რომლითაც გვერდით დაუდგა ისეთ მონსტრებს, როგორიცაა “ბიფი”, “ელფი” და “შევრონი”.
“ლუკოილს” ძირითადი “მოედნები” აღმოსავლეთ ევროპაში, ანუ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში აქვს. იგი არის მფლობელი ბულგარეთის, რუმინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა, სადაც ევროპული სტანდარტის ბენზინს აწარმოებს და ამარაგებს ევროპას, მათ შორის საფრანგეთს. “ლუკოილს” ამ ბაზრის საკმაოდ დიდი სეგმენტი უკავია პოლონეთსა და ჩეხეთში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში აქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მოიცავს ნახევარი უკრაინის საწვავის სარეალიზაციო ქსელს. ასევე მყარი პოზიციები აქვს ბელორუსიაში. რაც შეეხება საქართველოს, “ლუკოილი” აქ 1997 წლიდან შემოვიდა, როგორც იმპორტიორი და დააფიქსირა თავისი არსებობა ქართულ ბაზარზე, თუმცა აქტიური მოღვაწეობა 2001 წლიდან ხუთი ბენზინგასამართი სადგურით დაიწყო.
ვაჟა დვალიშვილი – “ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე.
“ლუკოილის” მასშტაბებისთვის საქართველო არ არის დიდი სარეალიზაციო ბაზარი. თუმცა, ეს არის ერთადერთი უცხოური ნავთობკომპანია, რომელმაც გაბედა და შემოვიდა ქართულ ბაზარზე მიუხედავად მისი სიმცირისა. სარეალიზაციო ქსელში შემოსვლა ვერ გაბედა ვერც “ბრითიშ პეტროლიუმმა” და ვერც “შევრონმა”. შეიძლება ჩვენმა მოწინააღმდეგემ მკითხოს, რაში აინტერესებთ ამ კომპანიებს ქართული ბაზარი? ქართულ ბაზარზე უცხოური კაპიტალის ინვესტირება საკმაოდ რისკიანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ყაჩაღები და საქართველოში შესაძლებელია კაპიტალდაბანდებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი აქტიურად გვეხმარება, კერძო კაპიტალი საქართველოში არ შემოსულა, ინვესტიციის ჩადებასაც გაბედვა უნდა. “ლუკოილი” ამის მაგალითია და ჩვენ, მისი თანამშრომლები ვცდილობთ, რომ ეს პლატფორმა უცხოელი ინვესტორებისთვის შენარჩუნდეს. ჩემმა მოწინააღმდეგემ შეიძლება თქვას, რომ ეს არის რუსული ინვესტიცია, მაგრამ უცხოური კაპიტალის შემოსვლა, იქნება ეს რუსული, ამერიკული თუ სომხური, ყოველთვის სარისკო იყო. რაც შეეხება ქართულ “ლუკოილ ჯორჯიას”, ვაპირებთ რამდენიმე ევრო და მსოფლიო სტანდარტის ბენზინგასამართი სადგურის გახსნას, თუმცა არა მონუმენტურის, როგორიც უკვე ორი გვაქვს (ჩვენი ქალაქის მასშტაბებისთვის ეს სრულიად საკმარისია), არამედ მცირე ტიპისას. საქართველოში ჩვენმა კლიენტმა უკვე იცის, როგორი მაღალი დონის მომსაახურებაა “ლუკოილში”. ჩვენი ბენზინგასამართი სადგური დიდუბეში თავშეყრის ადგილადაც კი იქცა, სადაც ძალიან ბევრ ცნობილ პიროვნებას შეხვდებით იქვე კაფეში ჩამომჯდარს. გარდა ამისა ჩაფიქრებული გვაქვს ძალიან სერიოზული პროექტები ეკოლოგიის კუთხითაც. “ლუკოილს” მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი არ აქვს, მისი ტერიტორიებიც კი დაცული და გალამაზებულია, ამისთვის სპეციალურად მებაღეები გვყავს აყვანილი. გვინდა შემოვიტანოთ ის კულტურა, რაც დამახასიათებელია მსოფლიოსთვის და რაც აგრერიგად გვაკლია ქართველებს. სუფთა და ლამაზები სახლის შიგნით ვართ, როგორც კი, გარეთ გახვალ, ქუჩა მოუვლელია. ჩვენი კორპორატიული კლიენტის მოთხოვნაა გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს მომავლის გეგმაა, ჯერჯერობით თბილისზე ვართ ორიენტირებული. თანაც თანამედროვე ავტომანქანები იძლევა იმის საშუალებას, რომ სავსე ავზით ჩახვიდე და ჩამოხვიდე დასავლეთ საქართველოში, მოთხოვნა ტრასაზე უფრო ნაკლებია. წელს ვაპირებთ შემოვიღოთ ანგარიშსწორების ცივილური მეთოდი – ელექტრონული ბარათები. თავიდანვე ამ კულტურის დანერგვა ძალიან ძნელი იქნება, რადგან საქართველოში საბანკო პლასტიკური ბარათებიც ძალიან სუსტად მუშაობს. მიუხედავად ამ სისტემების სიძვირისა, მის დანერგვას მაინც ვაპირებთ. ორგანიზაციებზე გავცემთ არა ტალონებს, არამედ პლასტიკურ ბარათებს, სადაც დაფიქსირებული იქნება საწვავის ლიტრი, რაც ორგანიზაციის მენეჯერს საშუალებას მისცემს დანახარჯი მძღოლის ხელიდან აკონტროლოს. ამ ბარათს თავიდან ექნება სიმბოლური ერთჯერადი ღირებულება, შემდეგ მხოლოდ ლიტრის მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ “ლუკოილი” “თეთრად” მუშაობს. პარადოქსია და ბევრ უცხოელსაც უკვირს, რომ ხშირად ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე კლიენტები უკუღმა შემოდიან, რაც მუდმივ ქაოსს ქმნის. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაპირებთ მუშაობას. ვერანაირად ვიგებ ვერც იმ ფაქტს, რატომ უნდა შემოდიოდე ბენზინგასამართ სადგურზე 120 კმ. სთ-ში სიჩქარით.
“ლუკოილი” აქტიურად თანამშრომლობს კლიენტურასთან. ვუტარებთ მათ მონიტორინგს, ანუ მუდმივი სწავლებისა და ურთიერთობის ფონზე ვაუმჯობესებთ ჩვენი მომსახურების დონეს. ხშირად მივმართავთ პრომოუშენს, ვჩუქნით “ლუკოილის” “ხელსახოცებს”, “სუნებს”, რომელსაც სპეციალურად არ ყიდულობენ, არადა სასიამოვნოა, როცა სალონში არომატული სუნი დგას. არ შეიძლება სალონში და ბენზინგასამართ სადგურებზე სიგარეტის მოწევა. ევროპაში უკვე სპეციალური მანქანები გამოდის არამწეველთათვის. თუ მწეველი ხარ, მანქანა საფერფლით უნდა დაუკვეთო. “მანქანები მწეველთათვის”, ალბათ, ყველა საქართველოსა და რუსეთში გაიყიდება. ამ ყველა ზემოაღნიშნულით მინდა ვთქვა, რომ “ლუკოილი” მარტო ხარისხიანი საწვავი კი არ არის, ევროპული სტანდარტების დონის მომსახურებაცაა.
“ლუკოილი” – ეს დიდი ჰოლდინგი საქართველოში, წარმოდგენილია მხოლოდ როგორც საწვავის სარეალიზაციო ქსელი, თუმცა არის რუსეთის მხრიდან ქართველ სადაზღვევო კომპანიებთან (როგორც გადამზღვეველ კომპანიებთან) თანამშრომლობის მცდელობებიც, რომლებიც ჯერ მხოლოდ სურვილისა და იდეის დონეზეა. რა სისწრაფით და რა პროფილით მოიკიდებს “ლუკოილი” საქართველოში ფეხს, ჯერ არ ვიცით, თუმცა რუსეთში ბაზრის რაც შეიძლება მეტი სეგმენტის მოცვის გააქტიურებულმა სწრაფვამ და ერაყში ევროპული ინტერესების ხარჯზე რუსული კაპიტალის გავლენის შემცირებამ, შეიძლება ქართულ ბაზარზე “ლუკოილის” გააქტიურება გამოიწვიოს.