ლიმონათი თუ საწამლავი, ანუ უალკოჰოლო სასმელების ბიზნესის პრობლემები
ეკა ლომიძე
საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოება ყოველთვის იყო განვითარებული. ამ დარგს დღესაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, როგორც ექსპორტის, თუ შიდა მოხმარების საგანს. უალკოჰოლო სასმელების ბაზარი ყურადღებას მხოლოდ განვითარების თვალსაზრისით როდი იქცევს. ეს ის სფეროა, სადაც ფალსიფიცირებული პროდუქცია აქტიური მოხმარების საგანია, რასაც, ძირითადად, ხელს უწყობს, როგორც დაბალი ფასი და მოსახლეობის დაბალმსყიდველობითი უნარიანობა, ისე “ლმობიერი” საკანონმდებლო ბაზა.
კონცენტრატები და კომპოზიციები, რითაც დღეს უალკოჰოლო სასმელები მზადდება, საქართველოში სანკტ-პეტერბურგიდან შემოდის. მას ყველა ის მწარმოებელი მოიხმარს, რომელიც ფალსიფიცირებულ პროდუქციას უშვებს. საგანგაშო ის არის, რომ აღნიშნული კონცენტრატები და კომპოზიციები ძალიან დაბალი ხარისხისაა. ბევრმა არ იცის, რომ განთქმული ე.წ. ტარხუნა, სანკტ-პრტერბურგიდან შემოტანილი ეთერზეთების კომპოზიციაა, რომელიც სერიოზული ქიმიური პროცესებიდან მიღებული მწვანე საღებავია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უალკოჰოლო სასმელების მომხმარებელთა ძირითადი წილი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მოდის, ფალსიფიცირება ჯანმრთელობის შენარჩუნების პრობლემადაც გვევლინება.
თორნიკე ლაღიძე – სს “ლაღიძის” დირექტორი:
ჩვენი ქარხანა, ფაქტიურად, გაჩერებულია. თვის განმავლობაში რომ ერთი-ორჯერ იმუშავებ, განა შეიძლება ამას მუშაობა დაარქვა? 90 კაცი უმუშევარი გვყავს. ბაზარი გაჯერებულია უხარისხო პროდუქციით. როგორ შეიძლება 0.5-ლიტრიანი ლიმონათი 10-15 თეთრი ღირდეს? როდესაც მარტო ბოთლის გარეცხვა 5-6 თეთრი გვიჯდება, მაგრამ ის პატარ-პატარა კუსტარული საწარმოები ჭურჭელს მხოლოდ ცივ წყალს ავლებენ, ფაქტიურად, არ რეცხავენ. ბოთლშიც რამე ხომ უნდა ჩაასხა. წარმოიდგინეთ, მათი ფასიდან გამომდინარე, რა ასხია ბოთლში. ხალხს უჭირს და ლიმონათს 10 თეთრად ყიდულობს, რომელიც, ძირითადად, ქიმიურ ნაერთებზეა დამზადებული. შაქრის ნაცვლად შაქრის შემცვლელი აქვს. ეს ხომ საწამლავია. სულ რომ არ დაალევინო ბავშვს ლიმონათი, ის ჯობია. Mმათი ლიმონათი ექვსი თვე ინახება (ქიმიაა), ჩვენი – 1 თვე, ან თვე ნახევარი, რადგან ნატურალურ კომპონენტებზეა დამზადებული. ლიმონათის დამზადებას ტექნოლოგიურად არც დიდი დრო და არც კოლოსალური სახსრები სჭირდება, ამიტომაც ვისაც არ ეზარება, ყველა ლიმონათს ასხამს. ჩვენც შეგვიძლია “ქიმია” ჩამოვასხათ, მაგრამ არ გვინდა, ეს ლაღიძეა. ჩვენც ვაკეთებდით ადრე შაქრის შემცვლელით ლიმონათს, მაგრამ დიაბეტით დაავადებულთათვის, ეტიკეტზე ზედ ეწერა კიდეც, თუ ვისთვის იყო იგი განკუთვნილი. შეიძლება ჯანმრთელსაც ვასვათ ასეთი პროდუქტი? “ლაღიძე” ნატურალურ პროდუქციას ამუშავებს და ისე იღებს ლიმონათს. ხილს თვითონ ვარჩევთ. მაგალითად, ვაშლი და ატამი ჩამოგვაქვს გორიდან, ციტრუსები აჭარიდან, ადრე აფხაზეთიდან ჩამოგვქონდა. ხილსაც კი, სათითაოდ ვარჩევთ. ყურძენს კახეთიდან ვიღებთ, მაგრამ დღეს ეს რაოდენობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. მაგალითად, ტარხუნა სომხეთიდან ჩამოჰქონდათ, რადგან ჩვენი მოსახლეობა მოწოდებით ბოლომდე ვერ გვაკმაყოფილებდა. “ლაღიძის” სიროფი ვაგონებით გაედინებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, რომელზეც იქ ლიმონათს ამზადებდნენ. “ლაღიძის” კომპოზიციები 80-იან წლებში ამერიკაშიც გაიტანეს, სადაც ამ ნაყენებზე აკეთებდნენ სიროფს და შემდეგ “ლაღიძის” ლომონათს ასხამდნენ. მერე აღარ შეგვხმიანებიან. 2000 წელს მოსკოვშიც წაიღეს “ლაღიძის” სიროფი, რომელზეც დამზადებულმა ლიმონათმა ექვსი მედალი მიიღო. აქ კი, ჩვენ რეალიზაცია გვიჭირს და სწორედ ეს არის ძირითადი პრობლემა. ბაზარი კონტროლს არ ემორჩილება – ლიმონათს ამზადებენ ყველგან, სადაც მოუხდებათ, საშინელ ანტისანიტარულ ვითარებაში. ეს ყველამ იცის, მაგრამ აკრძალვით ჯერ არავის აუკრძალავს. შეიქმნა კომისია, რომელმაც შეისწავლა მოქმედი ლიმონათის საწარმოები. უმრავლესი მათგანი “შავ სიაში” მოხვდა, რა თქმა უნდა, ეს საწარმოები დროებით დაიხურა და სულ რაღაც ერთ თვეში ისევ ამოქმედდა. Bბაზრობებთან თუ გაივლით, ყველგან ნახავთ “ლაღიძის” წყლებს, მაგრამ საქმე შემდგომშია: იყიდიან ჩვენგან სამ ლიტრ სიროპს, საბუთი რომ ჰქონდეთ, შემდეგ კი, რას ყიდიან, ღმერთმა უწყის. იყიდება კოწახური, რომელიც ჩვენ არასოდეს გვიწარმოებია. “ნაღები” მოყავისფრო-მოშავო აქვთ, როდესაც ჩვენი “ნაღები” თეთრია. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. ხშირად მეუბნებიან, რომ ასეთი მცირე საწარმოები ხალხს ასაქმებს და დახურვის შემთხვევაში უმუშევართა რიცხვი გაიზრდება. კარგი, ბატონო, მაგრამ ბავშვებს რომ ვწამლავთ უხარისხო ლიმონათით, ამაზე რას ვიტყვით? 0,5 ლიტრის ბოთლი 10 თეთრად რომ გაყიდონ, იძენენ იაფფასიან ესენციებს, უმატებენ შაქრის შემცვლელს და ასაღებენ. ძალიან ძნელია, შეხვიდეAდა დამკვიდრდე ასეთ ბაზარზე შენი ფასით (35 თეთრი). ჩვენ დამზადება 32-33 თეთრი გვიჯდება, ბუნებრივია, ფასს ვერ დავუწევთ. ანტიმონოპოლიური სამსახური არ გვეხმარება. არსებობს სხვა ხელისშემშლელი პირობებიც. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენი სახელით სპეკულირებენ. რესტორანში მენიუში აქვთ “ლაღიძე”, მოაქვთ ფირმა “ლაღის” ლიმონათი. “ლაღის” დამაარსებლები ჩვენი დისრტიბუტორები იყვნენ და ბუნებრივია, მათ ყველა იცნობდა, როგორც ჩვენს წარმომადგენლებს. ისინიც ბაზარზე ჩვენი სახელით შევიდნენ და საკუთარი პროდუქტი შეიტანეს.
ჩვენ ქვეყნის გარეთაც გვებრძვიან. Aორი წლის უკან აზერბაიჯანში იყო შემთხვევა, თითქოს ჩვენი პატენტი ჰქონდათ და ჩვენთან შეუთანხმებლად “ლაღიძის” ლომონათს ასხამდნენ. მაშინ ჩვენ მივმართეთ აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და მათაც ზომები მიიღეს. ამის მერე მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა.
ამჟამად სომხეთთან გვაქვს საქმიანი პარტნიორობა, სადაც ბოთლებს ვამზადებთ, რადგან თავის დროზე სს “მინამ” უარი გვითხრა პარტნიორობაზე. სომხეთში საცდელი ლიმონათის ჩამოსასხმელად სიროფი წაიღეს, ვნახოთ, რა გამოვა. ამ რამდენიმე ხნის წინ სოჭიდანაც იყო ჩვენთან ჩამოსული საქმოსანი, რომელმაც ასევე წაიღო სიროფი ლიმონათის ჩამოსასხმელად, მაგრამ საბაჟოზე ისე “გაფცქვნეს”, რომ პირს აქეთ აღარ იზამს, 400 ლარი მარტო სიროფის ყიდვა დაუჯდა და ორჯერ მეტი საბაჟოზე გატანა.
ამ ბოლო დროს ცოტა იმედი მოგვეცა. ყოფილა ასეთი დაწესებულება “სეგმა”, საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი, რომლებიც უფასოდ შეისწავლიან ჩვენს პრობლემებს. ვნახოთ, რა იქნება, ამ გზასაც ვსინჯავთ, იქნებ, რამე გვეშველოს.
თემურ ჭყონია – “კოკა-კოლას” გენერალური მენეჯერი
უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია მსოფლიოში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. “კოკა-კოლა” მსოფლიოში ნომერ პირველი უალკოჰოლო სასმელია, აშშ-ის სიმბოლოა, რადგან უალკოჰოლო სასმელების ბიზნესს ამ ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი როლი უჭირავს. უალკოჰოლო სასმელების ბიზნესის განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, რომელიც “კოკა-კოლას” გააჩნდა 10 წლის განმავლობაში, ვთვლი, რომ ბაზარზე დავმკვიდრდით. საქართველოს ეკონომიკაში ამ ხნის განმავლობაში ბიუჯეტში დაახლოებით 42 მილიონი ლარი გვაქვს შეტანილი. ეს უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიაში ძალიან დიდი თანხაა. თუ გადავხედავთ ბიუჯეტში სხვა დარგების შენატანს, ვნახავთ, რომ “კოკა-კოლას” მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. უალკოჰოლო სასმელები არ არის მარტო წყალი და კონცენტრატები, მის გარშემო არის ისეთი წარმოებები როგორიცაა: შუშის წარმოება, რომელიც ქსნის ქარხანამ დაიწყო (“კოკა-კოლა” ს/ს “მინას” სერიოზულ კლიენტადDითვლება), საცობის ქარხანა, რომელიც ჩვენი ხელშეწყობით ფონიჭალაში აშენდა და უკვე უშვებს საცობებს, თუმცა “კოკა-კოლას” საცობების დამზადების ტექნოლოგია უფრო რთულია და ალბათ, ამასაც მალე დავნერგავთ. ერთ-ერთი ძალიან სერიოზული თემაა ამ მხრივ, ნახშირორჟანგი, რომელიც სერიოზული პროდუქტია. ვარძიაში და ახალციხეში დავამკვიდრეთ თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზები, რისი მეშვეობითაც ნივთიერება გაზობრივი მდგომარეობიდან გადადის თხევადში და შემდეგ ისევ გაზობრივ მდგომარეობას უბრუნდება. საქართველოს ბაზარზე “კოკა-კოლას” შემოსვლის შედეგად პლასტმასის ბოთლის წარმოების აუცილებლობა გაჩნდა, ვინაიდან მანამდე ამ ბოთლების იმპორტირება ხდებოდა, ამიტომ რუსთავში ჩამოყალიბდა პლასტმასის ბოთლების მწარმოებელი – “კავკასიანპეტკომპანი”. ბოთლი, ბოთლის საცობი, ნახშირორჟანგი – ეს არის აუცილებელი ინდუსტრია, რომელიც უნდა განვითარდეს, რომ იარსებოს უალკოჰოლო სასმელების წარმოებამ. უკვე ნათლად ჩანს რამდენი სამუშაო ადგილი იქმნება. უალკოჰოლო სასმელების ბიზნესთან ერთად განიხილება “მაკდონალდსის” რესტორნების სისტემაც, რომელიც ყალიბდება და თავის ქსელს აფართოებს იქ, სადაც “კოკა-კოლას” ინდუსტრიაა. ეს კომპანიები ერთად მუშაობენ მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, უალკოჰოლო სასმელების როლი ძალიან სერიოზულია. ახლა სხვადასახვა შეფუთვით 24 დასახელების პროდუქციას ვუშვებთ. რა თქმა უნდა, ამან ქართულ ბაზარზე დომინირებული წილი დაიკავა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან “კოკა-კოლას” მსოფლიო მასშტაბით ძლიერი სარეკლამო ბაზარი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროდუქტი სერიოზულ კონკურენციას უწევს ქართულ ლიმონათს, რომლის განვითარება ტექნოლოგიურადაც და შემადგენლობითაც გაცილებით ჩამორჩება იმ მაღალ ხარისხებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება “ლაღიძის წყლების” განვითარების პერსპექტივას, მე მისი ძალიან სერიოზული პროპაგანდისტი და ხელისშემწყობიც კი ვიყავი. ქართულ ბაზარზე ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტი (ვინც შეიძლება ყოფილიყო) “ლაღიძის წყლებია”. დანარჩენი ახლადშექმნილი სასმელები (როგორიცაა, მაგალითად, “ცივი ჩაი”) – სხვადასხვა ლიმონათები ბაზარზე მხოლოდ იმიტომ გაჩნდნენ, რომ “ლაღიძის წყლების” მენეჯმენტი არ იყო სწორი. თუ მკითხავთ, ეს კომპანია ბაზარზე აუცილებლად უნდა არსებობდეს. ხელისშემშლელ პირობას შემდეგი გარემოება წარმოადგენს: პირველ რიგში, უალკოჰოლო სასმელებს აქვთ ძალიან რთული ჩამოსხმის, წყლის მომზადების, კონცენტრატების მიღების და მათი შენახვის ტექნოლოგია. სახელმწიფოს ხელი უნდა შეეწყო “ლაღიძის წყლების” განვითარებისათვის. ეს კომპანია უსახსრობის გამო დაშლის პირასაა მისული. მომავალში, თუ რა თქმა უნდა, მათთან შეხების წერტილი გვექნა, შეიძლება კოოპერაცია გავაკეთოთ. ეს ჩემი ოცნებაა. “კოკა-კოლას” კომპანიას ადგილობრივი სასმელების განვითარების ძალიან სერიოზული პოლიტიკა აქვს, ოღონდ იმ წესებითა და სტრუქტურებით, რომელიც მსოფლიოში არის მიღებული, ამიტომაც ეროვნული ეკონომიკა და ეროვნული მიდგომა, მსოფლიოს გამოცდილების თანხვედრი უნდა იყოს, რადგან კონკურენცია ბაზარზე დიდია. მსოფლიოს ვერ გამოვეყოფით. ჩემი ოცნებაა, “ლაღიძის წყლები” მოვაქციოთ იმ ტექნოლოგიებისა და პოლიტიკის ქვეშ, რომელიც ხელს შეუწყობს ამ წყლის დამკვიდრებას როგორც ქართულ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე. ამას სერიოზული თანხები, ცოდნა და კვლევა სჭირდება, როგორ შეიძლება ამ სასმელმა მდგრადობა მიიღოს, რომ შეინახოს ყველა ის თვისება, რაც მას გააჩნია. “ლაღიძე” ბაზარზე ჯერ კიდევ სერიოზული სახელია. პროდუქტი მაშინ არის კონკურენტუნარიანი, როდესაც სახელს ხარისხიც შეესაბამება. საქართველოში არსებობს ასეთი თემა, სხვათაშორის, მცდარი, რომელზეც ძირითადად პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ჩვენთან არ არის “თეთრი ბიზნესი”, არ ვაკეთებ ამ საკითხთან მიმართებაში კომენტარს, რადგან ვერიდები ფუჭ პოლემიკას. საქართველოში არსებობს “თეთრი ბიზნესი”, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. თუ გადავხედავთ ყველა იმ საწარმოს მუშაობას, რომელიც ჩვენს ქსელშია ჩართული, ყველა საუკეთესო გადამხდელად ითვლება. პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს. ყველაზე დიდი პრობლემა ფალსიფიკაციაა, რომელსაც ქვეყანამ ვერ მოუარა და ჩემი აზრით, არც უცდია, რადგან სახელმწიფო რასაც მოინდომებს, აკეთებს კიდეც. არსებობს წვრილ-წვრილი წარმოებები, რომლებიც ფალსიფიცირებულ პროდუქტს უშვებენ, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებული დამსჯელი მექანიზმი იმდენად მარტივი და სუსტია, რომ ამ გზით ფალსიფიცირება ქართულ ბაზარზე ვერ მოისპობა, რაც, რასაკვირველია, ხელს შეუშლის ეროვნული ეკონომიკის განვითარებას.
უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიაში სერიოზულ პრობლემას ლიცენზიით გაცემის წესიც წარმოადგენს. საქართველოში ლიცენზიას აძლევენ რეცეპტს და არა წარმოებას. რეცეპტი შეიძლება ძალიან მომხიბვლავად გამოიყურებოდეს, მაგრამ პროდუქტი სულ სხვა წესით მზადდება. მზა პროდუქტს აღარ აკონტროლებენ. ისმის კითხვა, რატომ არ ხურავენ კუსტარულ საწარმოებს, რომლებიც ბაზარს ანაგვიანებენ. პასუხი მარტივია – სახელმწიფო ცდილობს უმუშევრობა ფალსიფიკაციით მოსპოს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის დამანგრეველია. სახელმწიფო მონდომებული უნდა იყოს ისეთ კომპანიებთან ურთიერთობით, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ და გადასახადსაც იხდიან, მაგრამ საქართველოში კერძო ბიზნესი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ვითარდება და თუ ეს ასეც უნდა იყოს, მაშინ ქვეყანა ხელისშემშლელ პირობებს არ უნდა ქმნიდეს.
გოგი თოფაძე-პარლამენტარი
სახელმწიფოს უკუღმართმა პოლიტიკამ, უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია, პრაქტიკულად, ჩაკლა. დღეს ქვეყნიდან თუ 2 კონტეინერი გავიდა, გვეამაყება, როდესაც კარგი მოსავლის პირობებში 450 ათასი ტონა ყურძენი მოგვყავდა, რითაც სხვადასხვა სასმელს ვამზადებდით. ამჟამად კი, ამ ბაზრის მხოლოდ 7-8%-ა ათვისებული. დახურულია საკონსერვო ქარხნები, რომლებიც საშუალებას აძლევდა გლეხს ეარსება. ადრე მოსახლეობა ტყეში მაჟალოს, პიტნას, ასკილს არ ტოვებდა, რადგან მას ჩამბარებელი ჰყავდა. ახლა ეს სისტემა მთლიანად დანგრეულია. გაუბედურებულ გლეხს ვერ გაუგია, რა მოიყვანოს. აჩეხა ვაზი, დათესა საზამთრო, გორში ვაშლის პლანტაციები განადგურდა, არადა ჩვენი მრავალსახეობის ვაშლის წვენი წარმატებულად იმპორტირდებოდა, როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში. ქართული ბაზარი უცხოური პროდუქციით არის გაჯერებული, რაც, პრაქტიკულად, კარგად შეფუთული ქიმიაა. ეს სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც გაგვაჩნია. ხილი ბევრი მოდის აფრიკაშიც, მაგრამ ჩვენ ხილს ისეთი მჟავიანობა აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი დონის პროდუქციის შესაქმნელად. უნდა არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამოარჩევს პრიორიტეტს. არსებობს რამდენიმე დარგი, რასაც ძალიან პატარა ბიძგი და ფინანსები ჭირდება. ყველას ახსოვს, ალბათ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქართულ ბაზარზე ლუდი უცხოელების ხელში ყოფილიყო, რადგან ეს ბიზნესი ყველა განვითარებულ ნორმალურ ქვეყანაში მომგებიანია. 2 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ 1000%-ით გაზრდილი გადასახადები შეგვემცირებინა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბაზრის 94% ქართულ ლუდს უკავია: “ლომისი”, ქუთაისის “აია”, ბათუმის, ფოთის ლუდი. მართალია, მომხმარებელი დაბალმსყიდველობითუნარიანი გვყავს და ქართულ ბაზარზე “ყაზბეგის” ლუდი 24 ცენტად იყიდება, რაც ძალიან დაბალი ფასია, რადგან მსგავსი ხარისხის ლუდი 60 ცენტზე ნაკლები არსად ღირს, მაგრამ პრობლემებს მაინც ვართმევთ თავს. სამაგიეროდ, “ყაზბეგი” 100%-იანი ქართული კომპანიაა, რაც ასე იშვიათია ქართულ ბაზარზე. რატომღაც გაბატონებულია აზრი, რომ ქართველები უნიათო ხალხი ვართ და თუ უცხოელებმა ყურში ხელი არ მოგვკიდეს, ისე ვერაფერს ვაკეთებთ. შეგვიქმნან პირობები და საქმეც გაკეთდება.
რაც შეეხება ლიმონათს, სამწუხაროა, რომ ეს ბაზარი ძალიან ფალსიფიცირებულია. ყოველ სარდაფში ლიმონათს აკეთებენ. კამოს ქუჩის ბოლოში ერთი გუნდი, სარდაფში აკეთებდა ლუდს, აკრავდა “ყაზბეგის” ეტიკეტს და ბაზარზე გაჰქონდა. მოვიყვანეთ ეკოპოლიცია, რომ ფაქტზე დაგვეჭირა, ჩავრთეთ ლეგიონი, დავიჭირეთ ვინმე როსტომიანი. ექვსი თვე ვსდიეთ, ამდენივე ხანი ძიება მიმდინარეობდა, ოთხი თვე – სასამართლო, ბოლოს კი, დამნაშავე 300 ლარით დააჯარიმეს, ჩვენ კი, ეს ხარჯები 4 000 დოლარი დაგვიჯდა. კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ პირველ შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარს შეადგენს. ის ფალსიფიკატორი ახლაც აგრძელებს მოღვაწეობას, მაგრამ არა როგორც როსტომიანი, არამედ როგორც სხვა პირი, ანუ თუ ვიჩივლებთ, კვლავაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდება და ისევ 300 ლარს გადაიხდის. ფალსიფიცირებამ სახელი გაუტეხა ჩვენს ღვინოებს და კიდევ ბევრ ზიანს მოუტანს ქართულ პროდუქციას. საჭიროა კანონის გამკაცრება და ყველა სათანადო რგოლის ამოქმედება. “ცივი ჩაის” ფალსიფიცირებაც დაიწყეს, როგორც ჩვენში ასევე რუსეთშიც, სადაც ჩვენი ლიცენზიის საფუძველზე ისხმევა ეს სასმელი. უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე პრობლემას ქმნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც. 14-ლარიანი პენსიით და 30-ლარიანი ხელფასით ადამიანი ვერ გახდება შენი კლიენტი. პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომისტთა ჯგუფის პოზიციაც. საფრანგეთში შეიტან ღვინოს? საბაჟოზე 700% უნდა გადაიხადო, ან ინდოეთში შეიტან ჩაის? რატომ შემოდის ჩვენთან ჩაი, ღვინო, მინერალური წყლები, ქათამი. განა ჩვენ არ შგვიძლია წარმოება? თვითონ რომ ვაწარმოოთ, იმ პროდუქციის იმპორტს მაქსიმალურად უნდა გადავუკეტოთ გზა. თანაც შემოსული პროდუქტი ნაკლებად კონტროლირდება, ჩვენთან კი, რამეს თუ აწარმოებ, იმხელა გადასახადები უნდა გადაიხადო, პირდაპირ გბრდღვნიან, ასეთ პირობებში ფასთან მიმართებაში ბაზარზე კონკურენციას ვეღარ უძლებ და ჩერდები. რუსეთში და აზერბაიჯანში სამრეწველო ნედლეული არ იბეგრება, ჩვენთან კი, საბაჟოზე გადასახადი 35%-ია. ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ეროვნული პროდუქტი არ ვაწარმოოთ.
საქართველოში უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული ლუდის ბაზარს 94% უჭირავს, “კოკა-კოლას” თავისი მომხმარებელი ჰყავს, რაც შეეხება “ლაღიძის წყლებს”, სულს ღაფავს და ბაზარი სავსეა იაფი ფალსიფიცირებული ლიმონათით. მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობის, სუსტი საკანონმდებლო ბაზის, სერთიფიცირების მექანიზმისა და გამძვინვარებული ფალსიფიცირების ფონზე, უალკოჰოლო სასმელების ბიზნესი კვების მრეწველობის სხვა სეგმენტთან შედარებით, მაინც წარმატებულად გამოიყურება.