კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის ანგარიში
თბილისის მერიაში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გასული წლის საქმიანობის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, სამი დავალება შეახსენა.
მერიაში გამართულ პრეზენტაციას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, გივი კუბლაშვილი უძღვებოდა, რომელმაც გასული წლის შესარულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე წლის დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ვიცემერი ლაშა აბაშიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ნარმანიამ აღნიშნა, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით, 2015 წელი ძალიან დატვირთული იყო. მისივე თქმით, 2016 წელს გაზრდილია დაფინანსება ამ მიმართულებით. ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენის სამუშაოები დაიწო.
„2016 წელს რამდენიმე ახალი პროექტია დაგეგმილი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი უსაფრთხო და კომფორტულ გადააადგილებას. ეს არის შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლიდან ასასვლელი პანდუსი, რომელიც ვაშლიჯვრის მხარეს გადავა, ასევე რამდენიმე ძლიერ დაზიანებული ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სხვადასხვა საიჟინრო ნაგებობებზე, ხიდებზე არსებული სამუშაოები. 2016 წელს დასრულდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.“- თქვა ნარმანიამ.
ამასთან, მან კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს სამი დავალება გაუმეორა: პროექტების დროული განხორციელება, მათი ხარისხიანად შესრულება და ახალ პროექტებზე პარალელურ რეჟიმში მუშაობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015 წელს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტმა 231 785 696, 00 ლარი შეადგინა. ამ დროის განმავლობაში შეკეთდა 1 089 419,49 მ2 ფართის გზის საფარი, აქედან 802 365,48 მ2 კაპიტალურად სულ 91 მისამართზე, ხოლო 127 538,74 მ2 ორმოული შეკეთების ფარგლებში.
„გასულ წელს მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა : 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის სრული აღდგენა-მშენებლობა, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა-მეტეხის საგვიარაბო კომპლექსის გაყოლებაზე არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაცი, მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის აშენება, დაიწყო ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარების რეაბილიტაცია.
კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ლილოს დასახლებაში აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი. დაიწყო ვეტერანთა პარკში მედიათეკის მშენებლობა. განხორციელდა ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია“- ამბობენ მერიაში.
დედაქალაქის მთავრობის ცნობით, ყოველთვიურად ხორციელდება 11 646 457,00 მ2 ქუჩებისა და მოედნების დაგვა-დასუფთავების სამუშაოები. 4 870 600 მ2 შიდა კვარტალური ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების სამუშაოები და 2 001 200 მ2 ხევებისა და ფერდობების ყოველთვიური დასუფთავება.