დიმიტრი ქუმსიშვილითავის ბულგარელ კოლეგას, ივაილო მასკოვსკის შეხვდა
2016 წლის 3 თებერვალს საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა. კომისიას თანათავმჯდომარეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბულგარეთის მხრიდან კი – ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი.
კომისიის ფარგლებში კომისიის თანათავმჯდომარეებმა კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2015 წელს ბულგარეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა, ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ 381 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ექსპორტის მიხედვით ბულგარეთი ნომერი მეორე ქვეყანაა საქართველოსთვის. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთობების განვითარება.
ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის ივაილო მასკოვსკის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა მოახდინეს საქართველოსა და ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება. მათ შორის, ბულგარელმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე სარკინიგზო ტვირთბრუნვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სპორტის მეურნეობის, სტატისტიკური მონაცემების გაცვლის მიმართულებით. ივაილო მასკოვსკიმ ასევე ისაუბრასაქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მიზანშეწონილობაზე.
ტურიზმის სფეროში საქართველოსა და ბულგარეთის წარმომადგენლებმა დასახეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციასა და შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის) თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
კომისიის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ რომ გაიმართება მოლაპარაკებები ბულგარეთის საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე (collaboration agreement), რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო თანამშრომლობას ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბულგარეთის ნაციონალური სამეცნიერო ფონდს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ქართველ და ბულგარელ მეცნიერებს შორის და ასევე საერთო პროექტების განხორციელებაზე.
კომისიის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეღვინეობის, მცენარეთადაცვის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის სხვა და სხვა დარგში გამოცდილების გაზიარების თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების თანამშრომლობაზე და ექსპერტების გაცვლაზე.
ბულგარეთის მხარის მიერ აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის IV ბლოკით გათვალისწინებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულებას.
კომისიის ფარგლებში აღინიშნა მხარეებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს ტრანსკასპიურ ბლოკმატარებლის პროექტში ბულგარეთის მხარის ჩართულობის შესაძლებლობები არსებული სარკნიგზო-საბორნე გადასასვლელების გამოყენებით ვარნა-ილიჩევსკი-ფოთი/ბათუმის ნავსადგურებს შორის. ამასთან, კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ბულგარეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიას შორის სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვების განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესახებ.
ენერგეტიკის სფეროში მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ინვესტიციების მოზიდვასა დაე რთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით და ასევე, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის ტექნიკური შესაძლებლობის შესწავლის მიმართულებით. ბულგარეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დახმარება გაუწიოს საქართველოს ელექტროენერგიის სისტემის ტექნიკურ ოპერატორს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას“ მიიღოს დამკვირვებლის სტატუსი ელექტროენერგიის სფეროში „ევროპული გადამცემი სისტემების ოპერატორების კავშირში“ (ENTSO-E).
მხარეები ასევე შეთანხმდნენ ენერგეტიკის სფეროში ინფორმაციის გაცვლაზე ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის შესახებ.
მხარეები, ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განვითარებას.
სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომის ოქმს.
კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა, შეთანხმებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბულგარეთის სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.