დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირობებში, საქართველოში ირანიდან ვიზიტორების შემოსვლასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალზე ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე, რომლის უწყების ინიციატივითაც ირანელი სტუმრები საქართველოში იმყოფებიან და ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
2016 წლის 15 თებერვლიდან ირანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი უვიზოდ შეუძლიათ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული გარემოება პოზიტიურად იმოქმედებს საქართველო-ირანის თანამშრომლობის განვითარებაზე ტურიზმის მიმართულებით.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება გამოყენებული იყოს საქართველოს სასარგებლოდ. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ირანის ტურისტულ სააგენტოებთან და ირანულ მედიასთან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ტურისტული და მედიატური მიმდინარეობს, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და გაეცნონ იმ სერვისებს, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას შეუძლია ირანელი ვიზიტორებისათვის. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ირანელი ვიზიტორების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ინფორმაციისთვის:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირანული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელებისათვის პრესტური მოეწყო. 6 დღის განმავლობაში ირანული ჟურნალ-გაზეთების 16 წარმომადგენელი თბილისს, გუდაურს, უფლისციხეს, ბორჯომს, რაბათის ციხე კომპლექსს და ნაფარეულს მოინახულებენ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე დარჩნენ.