ყაზბეგში 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომისა და სასაწყობე მეურნეობის მოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით შპს „მერფი ყაზბეგს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 49 წლის ვადით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობებით გადასცა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 200 სატვირთო ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 20 საწოლზე გათვლილ სასტუმროს მშენებლობას და არანაკლებ 300 კვ.მ. ფართის მქონე სწრაფი კვების ობიექტის მოწყობას. ჯამში კომპანია 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი ხელს შეუწყობს ფასანაური-ნატახტარის მონაკვეთზე ტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდას და უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს ავტოსატრანსპორტო ნაკადის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას.
შპს „მერფი ყაზბეგი“ ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფოს სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონფიგურაციით არანაკლებ 2000 კვ.მ. ფართობზე მოაწყოს ასფალტის ან/და ბეტონის საფარი საჭირო კომუნიკაციებით (მათ შორის: ელექტრო ენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით) და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ამავე ვადაში კომპანია სახელმწიფოს სასრგებლოდ, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან სარგებლობაში გადასაცემ უძრავ ქონებამდე მისასვლელი ბეტონის ან/და ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის და ხიდის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით.