ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) საქართველოში ტექნიკური დახმარების ახალ პროექტს განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში ევროკავშირი-საქართველოს ერთობლივი კომიტეტის მესამე სხდომა ჩატარდა. კომიტეტის სხდომა ,,ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის საფუძველს და ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო დოკუმენტს სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
სხდომას საქართველოს მხრიდან საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკომისიის მობილურობის და ტრანსპორტის დირექტორატის, საქართველოში ევროდელეგაციის, ევროკავშირის დაფინანსებით სამოქალაქო ავიაციის სფეროში მიმდინარე ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელები და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან კომიტეტის სხდომაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა 2013 წელს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომიდან დღემდე ქვეყნის საავიაციო სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების, აგრეთვე სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში ევროპული რეგულაციების ასახვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ. ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენლები გაეცნენ რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით ქართული მხარის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა ვადებში გეგმავს ქვეყანა ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას. სახელმწიფოს და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოები ევროკომისიის დელეგაციის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინა ევროპულმა მხარემაც. სტუმრებმა ისაუბრეს „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის ამჟამინდელ სტატუსზე, ევროპულ საავიაციო კანონმდებლობაში დაგეგმილ ძირითად ცვლილებებსა და ავიაციის სფეროს განვითარების უახლოესი წლების სტრატეგიაზე. კომისიის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ყოველწლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელი მგზავრთაგადაყვანაზე 8%, ხოლო სატვირთო გადაზიდვებზე 14% შეადგენს, რაც როგორც აღინიშნა, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დადებითი ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებელია.