თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც საერთაშორისო მოგზაურთა შესახებ უახლოეს სტატისტიკურ ინფორმაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათ შორის გაიზარდა იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. ეს მონაცემი 19%-ით არის გაზრდილი წინა წლის თებერვალთან შედარებით.
ორი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29%), საფრანგეთი (+29%), დიდი ბრიტანეთი (+14%), პოლონეთი (+12%) და გერმანია (+7%).
საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსისვილის განცხადებით, ესაა შედეგი ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, რომელიც წარმატებით წარმართავს საქმიანობას უცხოეთის მიზნობრივ ბაზრებზე.
2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+41.9%), თურქეთიდან (+12.2%), სომხეთიდან (+7.5%), რუსეთიდან (+29.2%) და უკრაინიდან (+23.5%). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ირანიდან (+80.1%), ბელარუსიდან (+30.3%) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+20.5%).
საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის ზრდა დაფიქსირდა 2 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 683,561 შეადგინა, ზრდა კი 13.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 236,584 შეადგინა, რაც 11.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.
2016 წლის მხოლოდ თებერვლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დამატებით ესტუმრა 70,000-მდე საერთაშორისო მოგზაური. ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ გასულ თვეს 42 მლნ ლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ.
2016 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილია 141,843 მგზავრი. აღნიშნული მონაცემი 14,36 %-ით აღემატება 2015 წლის იანვრის მონაცემებს და თითქმის 15 %-ით მეტია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ისაუბრა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალ კომპონენტზე „უმასპინძლე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.