2014 წელს საქართველოს აეროპორტები 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ

2014 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 008 171 მგზავრს მოემსახურნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით 9,51%-ით (174 364 მგზავრით) არის გაზრდილი.

2 მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურება საქართველოს აეროპორტების მიერ ბოლოს 1991 წელს დაფიქსირდა.

2014 წელს, მგზავრთნაკადმა მოიმატა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2014 წელს მოემსახურა 1 575 386 მგზავრს, რაც 9,7%-ით (139 340 მგზავრით) აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 218 003 მგზავრს, რაც 16%-ით (30 064 მგზავრით) აღემატება 2013 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი მოემსახურა 213 439 მგზავრს, რაც 2,15%-ით (4 502 მგზავრი) აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს.

მგზავრთნაკადის მსგავსად, 2014 წელს მოიმატა საჰაერო ტრანსპორტით საქართველოში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამაც. 2014 წლის განმავლობაში გადაზიდულ იქნა 19 659,075 ტონა ტვირთი, რაც 2,8%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლებზე (19 122,955 ტონა).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ-გადაზიდული მგზავრებისა და ტვირთების ზრდის ტენდენცია სტაბილურად ნარჩუნდება.

all

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე:

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით

სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობა

წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო