პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებთან საუბარი ვიზიტის შედეგების გაცნობით დაიწყო. მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა 25-წლიან მიჯნასთან დგას და ამ დროის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად ჩამოყალიბდა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ დადგა დრო ორი ქვეყნის თანამშრომლობის მომავალი 25 წლის სტრატეგია განისაზღვროს.
“მნიშვნელოვანი ვიზიტია, სამი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ვაშინგტონში. შევხვდით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, სენატორებსა და კონგრესმენებს. შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი მომავალი სტრატეგიული ურთიერთობის საკითხების განხილვა. ვისაუბრეთ, როგორც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით განსაზღვრულ მიმართულებებზე, ასევე სხვა სფეროებზე, როგორიც არის ეკონომიკური ურთიერთობები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე შეხვედრა გავმართეთ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
მიუხედავად მანძილისა, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ისეთი სქემები არა მხოლოდ ინვესტიციების, არამედ ვაჭრობის სფეროში, რათა სავაჭრო კავშირები გავზარდოთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში დაგეგმილი განათლების რეფორმა იყო. გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ სტუდენტებს ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა წარუდგინა და რეფორმის დეტალები გააცნო.
“საქართველოში პროფესიული განათლება დაუფასებელია და ვფიქრობთ, რომ შემოვიღოთ გერმანული დუალური განათლების მოდელი, როდესაც კერძო სექტორთან ერთად ხდება ახალგაზრდების მომზადება პროფესიული საქმიანობისთვის. ასევე მნიშვნელოვან რეფორმას საჭიროებს დაწყებითი განათლება, მაგრამ უმთავრესი მაინც არის უმაღლესი განათლების რეფორმა. განათლება უნდა იყოს აგებული იმ პრიორიტეტებზე, საითაც ქვეყანა ვითარდება, რა მოთხოვნებიც არსებობს ქვეყანაში და ამ მოთხოვნების გათვალისწინებით უზრუნველვყოთ განათლების დაფინანსება,” – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი ბიზნესიდეების განხორციელების გზებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იწყებს ე.წ. სტარტაფების ხელშეწყობის პროგრამას,რათა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს ახალგაზრდებში არსებული ინტელექტუალური და შრომითი რესურსი და ხელი შეუწყოს მათი იდეების ხორცშესხმას.
“თქვენთვის საინტერესო იქნება სტარტაფის დაფინანსების მექანიზმები და დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდის შექმნა. განსაკუთრებული ფოკუსი იქნება ახალგაზრდებსა და ინოვაციებზე, როცა ახალგაზრდებს შეეძლებათ მცირე ბიზნესი წამოიწყონ ან რევოლუციური იდეა მოიფიქრონ. ახალგაზრდა ამ იდეის მფლობელი ხდება. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, რომელიც გაიხსნა სულ ცოტა ხნის წინ. ეს არის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი შენობა და ვფიქრობთ, სტარტაფის განვითარების ფონდი ამავე ჭერქვეშ განთავსდება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სტუდენტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიან, ღია და დიალოგზე აგებულ რეჟიმში წარმართვის მნიშვნელობას. მისი თქმით, დროა პოლიტიკურმა ძალებმა ურთიერთშეურაცხყოფის ნაცვლად, დიალოგი აწარმოონ. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე ვერ განვითარდება.
“საჭიროა დავამშვიდოთ ქვეყანა და დავნერგოთ ცივილიზებული კომუნიკაციის ფორმატი ქვეყანაში. ამის გარეშე ვერ განხორციელდება ვერც ერთი გეგმა და რეფორმა, რაც მე ჩამოვთვალე. თუკი მშვიდობიანად არ დაველაპარაკეთ ერთმანეთს, როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, პროგრესი იქნება შეუძლებელი, ქვეყანა ვერ განვითარდება. არ შეიძლება საზოგადოება ცხოვრობდეს იმით, თუ როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და ეს მოსწონდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ცივილიზებულ დიალოგზე,” – განმარტა პრემიერმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და მათი იდეები მოისმინა. დიალოგში ჩაერთვნენ საქართველოს დელეგაციის წევრები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
პრემიერ-მინისტრმა წარმატება უსურვა ქართველ ახალგაზრდებს და გამოთქვა იმედი, რომ ისინი უცხო ქვეყანაში საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებენ.
“თითოეული აქ მყოფი სტუდენტი ჩვენი ქვეყნის დიდი რესურსი ხართ და დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოთ, თქვენი წარმატებული სწავლით და საქმიანობით, დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანას,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.