მთლიანი შიდა პროდუქტი და ანგარებითი დანაშაული

დავით ნაჭყებია

შესავალი. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) ზრდა, როგორც ცნობილია, გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროზე, ესენია: განათლება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სპორტი და სხვა. რა შეიძლება ითქვას დანაშაულთან მიმართებაში, ანუ რა გავლენას ახდენს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა დანაშაულზე, კერძოდ, ანგარებით დანაშაულზე?

1.დანაშაულობათა კლასიფიკაცია.
წინამდებარე ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე დანაშაულობებს დავყოფ ორ დიდ ჯგუფად-ანგარებით და არაანგარებით დანაშაულობებად. ანგარებითი დანაშაულობების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მას სჩადის უშუალოდ ფულის ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოპოვების მიზნით. ასეთია: ა)დანაშაული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ; ბ) დანაშაული მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ; გ) სამეურნეო და დ) თანამდებობრივი დანაშაულობანი.
არაანგარებითი დანაშაულობების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ასეთი სახის დანაშაულობებს სჩადის არა მხოლოდ ფულის, არამედ სხვა მიზეზებითაც. მაგალითად, პატივმოყვარეობის, იდეოლოგიური მრწამსის, სიძულვილის, ხულიგნური ქვენაგრძნობის და სხვა მიზეზებით. ესენია: დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ,მოქალაქეთა შრომითი და პოლიტიკური უფლებების წინააღმდეგ, მმართველობის წესის, მართლმსაჯულების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, აგრეთვე სამხედრო დანაშაული. ჩემი მიზანია იმის დადგენა თუ რა გავლენას ახდენს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა სწორედ ანგარებით დანაშაულობებზე.

2.ანგარებით დანაშაულობათა ფაქტორები. როგორც ცნობილია,მასლოუ ხუთი სახის ადამიანურ საჭიროებებს განასხვავებდა. ესენია: ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური, პატივისცემის მოპოვების და თვითრეალიზაციის.
საჭიროა დაისვას კითხვა: აღნიშნულთაგან რომელი მოტივებით სჩადის ადამიანი ანგარებით დანაშაულობებს, ანუ რომელი მოტივი(საჭიროება) ამოძრავებს ადამიანს, როდესაც ის არამართლზომიერი გზით მოიპოვებს ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს?
ესენია ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი უ რ ი (კვების, წყლის მიღების, თავშესაფრის, შესამოსის, გადაადგილების,
დასვენების, სითბოს) და პ ა ტ ი ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ი ს (უპირატესობისა და პირველობის მოპოვება,
საზოგადოებრივი სტატუსი, პოპულარობისა და აღიარების მოპოვება და სხვა) მოტივები. ფული
ადამიანმა შეიძლება მოიპაროს საკვების მოპოვების, საცხოვრებლის ან სხვა მსგავსი საჭიროებების
დაკმაყოფილებისათვის.ასევე,ძვირადღირებული საქონლის (მაგ; ავტომობილის), ან მომსახურების
შესაძენად, იმისათვის, რომ მოიპოვოს საზოგადოებრივი სტატუსი, პრიორიტეტული საზოგადოებრივი მდგომარეობა, გარშემომყოფთა მხრიდან აღიარება.
რომელია უფრო ძლიერი, უფრო მაიძულებელი საჭიროება? ცხადია, უფრო მაიძულებელია ფიზიოლოგიური ფაქტორი, ვიდრე პატივმოყვარეობა. პირველის შეკავება უფრო ძნელია ვიდრე მეორის.

3.რატომ სჩადიან ღარიბი და საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანები ანგარებით დანაშაულობებს?
რატომ სჩადის ღარიბი ადამიანი ანგარებით დანაშაულს? სიღარიბის ზღვარს განმარტავენ, როგორც ადექვატური (სრულფასოვანი) კვებისთვის საჭირო ხარჯებზე დახლოებით სამჯერ მეტს (მენქიუ.ეკონომიკის პრინციპები.გამ. „დიოგენე“.თბ.2008.გვ.414). სრულფასოვანი კვებისთვის თვეში საჭიროა დაახლოებით 250 ლარი. შესაბამისად, სიღარიბის რეალური ზღვარი შეადგენს 750 ლარს. ღარიბი ადამიანი, ანუ რომელსაც თვის შემოსავალი აქვს დაახლოებით 400 ლარი, თუ ანგარებით დანაშაულს სჩადის, იოლი სავარაუდოა რომ ეს განპირობებულია ფიზიოლოგიური საჭიროებებით-საკვების, თავშესაფრის, ტანსაცმლის, გადაადგილების, ჯანმრთელობის და სხვა საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.
ხოლო რატომ სჩადის საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანი ანგარებით დანაშაულს? ჩვენ ვიცით,
რომ მისი შემოსავალი თვეში 750 ლარზე მეტია, მას არა აქვს საკვების, შესამოსის, ტრანსპორტირების
და სხვა საჭიროებათა პრობლემები. შესაბამისად, როდესაც ის სჩადის ანგარებით დანაშაულს-კორუფციას, ქურდობას თუ სხვა ამ ჯგუფის დანაშაულს, მისი მამოძრავებელი მოტივი არ არის ფიზიოლოგიური საჭიროება.
სინამდვილე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ადამიანი ანგარებით დანაშაულს სჩადის სხვისი უპირატესობის განცდის გამო. როდესაც სხვა ადამიანები, კერძოდ, მდიდრები ფლობენ ძვირადღირებულ სახლს, ავტომობილებს, ავეჯს თუ სხვა მატერიალურ ფასეულობებს, მაგალითად, 2 მილიონ დოლარად ღირებულ სახლს, 200 ათას დოლარად ღირებულ „ფერარის“ და სხვა, მათ უჩნდებათ სხვისი უპირატესობის განცდა, რაც თავის მხრივ ნიშნავს „მე სუსტი ვარ, მე არ ვარ ძლიერი“ აზრის გაბატონებას ქვეცნობიერში, რაც არასრულფასოვნების განცდას იწვევს. ადამიანი კი თავისი ბუნებით პირიქითისწრაფვის საკუთარი სრულფასოვნების განცდისკენ, რაც ვლინდება იმაში, რომ ამჯერად თვითონაც ცდილობს ზემოთაღნიშნული მატერიალური ფასეულობების მოპოვებას. ხოლო როდესაც თავისი საშუალო შემოსავლები ამის შესაძლებლობას არ იძლევა, მან შეიძლება ჩაიდინოს სწორედ ანგარებითი დანაშაული.
როგორც ვხედავთ,თუ ღარიბი ადამიანი ანგარებით დანაშაულს სჩადის ფიზიოლოგიური საჭიროებების (მასლოუს პირამიდის პირველი საფეხური) გამო, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ამას აკეთებს პატივმოყვარეობის (მასლოუს პირამიდის მეოთხე საფეხური) გამო.

4. ღარიბი და კეთილდღეობის საზოგადოებები. ამჯერად ერთმანეთს შევადაროთ ორი საზოგადოება-სადაც გარკვეული დოზით არის სიღარიბე, ანუ ერთ სულ მოსახლეზე მშპ ნაკლებია ქვეყნის სიღარიბის ზღვარზე-$ 10.060-ზე და მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელმაც გადალახა სიღარიბის აღნიშნული ზღვარი. (ასეთ ქვეყანაში სიღარიბე მინიმალურია და დაახლოებით 10%-ს შეადგენს, მაგრამ მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტით). ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს შევადაროთ ერთი ასპექტით-რა ფაქტორებით, საჭიროებებით ხდება ამ ქვეყნებში ანგარებითი დანაშაულობანი?
ღარიბ ქვეყანაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $10.060-ზე ნაკლებს, წარმოდგენილია
ყველა ფენა-ღარიბი, საშუალო და მდიდარი. ვინც ღარიბთაგან სჩადის ანგარებით დანაშაულს, ეს გამოწვეულია ფიზიოლოგიური საჭიროებებით. ამასთან, რისკი ანგარებითი დანაშაულის ჩადენისა, მაღალია. ხოლო ვინც საშუალო ფენიდან ჩადის ანგარებით დანაშაულს, ეს განპირობებულია პატივმოყვარეობის საჭიროებით. რისკი მათი მხრიდან ანგარებითი დანაშაულის ჩადენისა, პირველ შემთხვევასთან შედარებით, ანუ სიღარიბის შემთხვევასთან შედარებით, ნაკლებია. ე.ი. ღარიბ ქვეყანაში ორივე მოტივით ხდება ანგარებითი დანაშაული, როგორც ფიზიოლოგიურის, ისე ამპარტავნების გამო.მდიდრები კი თითქმის არ სჩადიან ასეთ დანაშაულს. ამის რისკი მინიმალურია.
რაც შეეხება კეთილდღეობის ქვეყანას, რომელმაც გადალახა სიღარიბის ზღვარი, ასეთ საზოგადოებაში არ არის სიღარიბე და ის ძირითადად წარმოდგენილია საშუალო ფენით და მდიდრებით. ანგარებით დანაშაულობათა რეგრესის თვალსაზრისით ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ანგარებით დანაშაულს სჩადის საშუალო ფენა, რაც განპირობებულია პატივმოყვარეობის მოტივით და რაც ნაკლები რისკია ანგარებითი დანაშაულის ჩადენის.
როგორც ვხედავთ, სიღარიბის საზოგადოებიდან კეთილდღეობის საზოგადოებაში გადასვლა ნიშნავს, რომ ანგარებით დანაშაულობათა ერთი ფაქტორი-ფიზიოლოგიური მოტივი აღმოიფხვრება: თუ სიღარიბის საზოგადოებაში ანგარებით დანაშაულობათა ჩადენა ხდება როგორც ფიზიოლოგიური, ისე პატივმოყვარეობის საჭიროებებით, კეთილდღეობის საზოგადოებაში ანგარებითი დანაშაული ხდება მხოლოდ პატივმოყვარეობის გამო. ამასთან, პატივმოყვარეობა ანგარებითი დანაშაულის ჩადენის ნაკლებად მაიძულებელი ფაქტორია. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის კვალობაზე მცირდება ანგარებით დანაშაულობათა პროცენტული რაოდენობა.

5.სოციალური თანასწორობის ეტაპი. სიღარიბისა და კეთილდღეობის შემდეგ საზოგადოების განვითარების მომდევნო ეტაპი იქნება სოციალური თანასწორობის ეტაპი,მისი მაღალი ხარისხი. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს შემდეგი სამი არგუმენტი:
• რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე,
მით უფრო მაღალია ამ ქვეყნის სოციალური თანასწორობის ხარისხი (ანუ, დაბალია ჯინის
ინდექსი). ამის საილუსტრაციოდ შევქმნათ ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მაღალი სოციალური თანასწორობის ქვეყნებში მაღალია მშპ ერთ სულზე.

1

დანარჩენი ორი არგუმენტი იმისა, რომ სიღარიბისა და კეთილდღეობის შემდეგი ეტაპი საზოგადოების განვითარებაში იქნება სოციალური თანასწორობის მაღალი ხარისხი, შემდეგში მდგომარეობს:
• საზოგადოების ეკონომიკური ზრდის კვალობაზე სულ უფრო შეიქმნება ყველა ადამიანისათვის განვითარებისა და თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები, რაც კიდევ უფრო მისცემს
ადამიანებს სოციალური დაახლოების შესაძლებლობებს.
• ადამიანი თავისი ბუნებით ისწრაფვის სხვისი უპირატესობის აღმოფხვრისა და თანასწორობის მიღწევისკენ, მათ შორის სოციალური ასპექტითაც. ხოლო საზოგადოების განვითარების
ობიექტური კანონი იმაში მდგომარეობს,რომ საზოგადოება ადამიანის ბუნების შესაბამისად
მოეწყოს.

რა მნიშვნელობა ექნება სოციალური თანასწორობის მაღალი ხარისხის მიღწევას ანგარებით დანაშა-
ულობათა შემცირების თვალსაზრისით?

6.სოციალური თანასწორობა და ანგარებითი დანაშაული. ჩვენ ბოლოს შევჩერდით კეთილდღეობის საზოგადოებაზე,რომელიც წარმოდგენილია ძირითადად საშუალო ფენითა და მდიდრებით, სადაც საშუალო ფენა ანგარებით დანაშაულს სჩადის მდიდრების სოციალური, მატერიალური უპირატესობის გამო. მაგრამ სოციალური თანასწორობის სტადია სწორედ იმას გულისხმობს, რომ ეს უპირატესობა უკვე არ არსებობს, ყველას თანაბარი სოციალური მდგომარეობა უკავია. შესაბამისად, ერთი ადამიანი არ განიცდის მეორის მატერიალურ უპირატესობას, რაც ანგარებითი დანაშაულის ჩადენის მიზეზი ხდება. ეს ნიშნავს, რომ ამჯერად პატივმოყვარეობაც, როგორც ანგარებითი დანაშაულის ფაქტორი, გაუვნებელყოფილი იქნება.
ამრიგად, თუ კეთილდღეობის ეტაპზე ანგარებითი დანაშაულის ერთი ფაქტორი-პატივმოყვარეობა იყო დარჩენილი,სოციალური თანასწორობის ეტაპზე ეს ფაქტორიც აღმოიფხვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარებითი დანაშაული საერთოდ არ მოხდება.
საინტერესოა, რომ აქ შევამჩნევთ ფილოსოფიური, კერძოდ ონტოლოგიური კანონის მოქმედებას, რომლის მიხედვითაც, რაოდენობრივი ცვლელება გადადის თვისებრივ ცვლილებაში. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის კვალობაზე ანგარებითი დანაშაულობების ჩადენა მცირდება, ხოლო სოციალური თანასწორობის მიღწევის დროისათვის ის საბოლოოდ აღმოიფხვრება.
ზემოთაღნიშნული, კერძოდ, სოციალური თანასწორობის გამო ანგარებით დანაშაულობათა აღმოფხვრის შესაძლებლობა შეიძლება ვივარაუდოთ ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობითაც: სოციალური თანასწორობის მაღალი ხარისხის ქვეყნებში ყველაზე დაბალია ანგარებითი დანაშაულის ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა კორუფცია. ქვეყნები-დანია, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი, რომლებიც სოციალური თანასწორობის ასპექტით ლიდერი ქვეყნებია, სწორედ რომ ლიდერობენ კორუფციის აღქმის ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით.

7.რა შეიძლება ითქვას საქართველოს შესახებ? 2015 წლის საქსტატის მონაცემებით საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით არის $3700. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჯერაც ღარიბი ქვეყანაა და ანგარებითი დანაშაული ორივე მიზეზით ხდება.
რა დროში გადალახავს საქართველო სიღარიბის ზღვარს-$ 10060-ს და შესაბამისად, როდის აღმოიფხვრება პირველი ფაქტორი? თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი იქნება 6-7% (რაც საკმაოდ მაღალია და დამახასიათებელი იყო სამხრეთ კორეისათვის სამი ათწლეულის განმავლობაში), სიღარიბის ზღვარის გადალახვისათვის ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 18 წელი. გამოვიყენოთ რთული პროცენტის ფორმულა:

2

ამ დროისათვის გაუვნებელყოფილი იქნება პირველი და ამავე დროს საკმაოდ ქმედითი ფაქტორი-ფიზიოლოგიური მოტივი. ანგარებითი დანაშაული 18 წლის შემდეგ მოხდება პატივმოყვარეობის გამო, რაც როგორც ვიცით, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას.
სოციალური თანასწორობის მაღალი ხარისხი გაცილებით შორეული პერსპექტივაა:
3
ეს ნიშნავს, რომ ამ დონეს საქართველო მიაღწევს დაახლოებით 50 წელიწადში, როცა ანგარებითი
დანაშაული უნდა აღმოიფხვრას.

ძირითადი რეკომენდაციები
1. ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა, რაც უზრუნველყოფს დანაშაულობათა გამოვლენას ადამიანებს უბიძგებს თავი შეიკავონ დანაშაულის ჩადენისგან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ასეთი სახის დანაშაულს.
2. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მართალია უმთავრესი დეტერმინანტია ანგარებითი დანაშაულობების აღმოფხვრის, მაგრამ არა ერთადერთი. სხვა ინსტიტუციონალური ფაქტორები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები როცა წარმატებით იქნება განხორციელებული, მომავალში პროგრესი (დანაშაულობათა შემცირება) უფრო თვალშისაცემი გახდება.
3. საჭიროა საგანმანათლებლო სფეროში აღსაზრდელთა ეთიკური, მორალური აღზრდა. დღეს ჩვენ
ვასწავლით მეცნიერებებს, მაგრამ არ ვასწავლით არა ნაკლებ მნიშვნელოვანს-კეთილშობილებას. ამისათვის საჭიროა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ეთიკის სწავლების სავალდებულო საგნად შემოღება სულაც დაწყებითი საფეხურიდანვე.
4. უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის აღმოფხვრა და მათ შორის, მე მომხრე ვარ ზომიერად პროგრესული გადასახადის შემოღებისა, რომელიც მართალია რამდენადმე ამცირებს ეკონომიკურ სტიმულებს, მაგრამ მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სიღარიბისა და უთანასწორობის მნიშვნელოვნად შემცირებას.

დასკვნა

წინამდებარე სტატიის მთელი შინაარსი შემდეგში მდგომარეობს: ანგარებითი დანაშაულის ორი ფუნდამენტური ფაქტორი არსებობს: ფიზიოლოგიური და პატივმოყვარების. მაშინ, როდესაც, საზოგადოება აღწევს სიღარიბის ზღვარის გადალახვას, ანუ ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს $ 10.060-ს, გაუვნებელყოფილი იქნება პირველი-ფიზიოლოგიური ფაქტორი ანგარებითი დანაშაულის ჩადენისა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საზოგადოებაში ასეთი სახის დანაშაულის ჩადენას.
ხოლო მეორე ეტაპზე, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა მიაღწევს სოციალური თანასწორობის მაღალ ხარისხს, როდესაც მშპ ერთ სულზე საკმაოდ მაღალია(≈ $100.000), მოხდება მეორე ფაქტორის-პატივმოყვარეობის გაუვნებელყოფაც, რაც ამჯერად ნიშნავს არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თვისებრივ პროგრესს ანგარებით დანაშაულობათა აღმოფხვრის გზაზე. ამ ეტაპზე უკვე აღარ მოხდება ანგარებითი დანაშაული.