რუსთავის მეტალურგიის მეასე სიცოცხლე
ალექსანდრა ლალიაშვილი
გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა სამშენებლო სეგმენტი განსაკუთრებით დააზარალა. ბუნებრივია, რომ სამშენებლო ინდუსტრიის კრიზისი ზარალს სამშენებლო მასალების წარმოებასა და ბაზარსაც მიაყენებდა. რა გავლენა მოახდინა გლობალურმა რეცესიამ ფოლადის ბაზარზე და როგორია ამ ბაზრის განვითარების ტენდენციები?
სოფლიოში ფოლადის მწარმოებელი გიგანტის ArcelorMittal-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში ფოლადზე მოთხოვნა 2009 წელს 15%-მდე გაიზრდება, მომავალ წელს კიდევ 5%-ით, მაშინ როდესაც პროდუქციაზე მოთხოვნა აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში 2009 წელს, თითქმის, 35%-ით დაეცა, თუმცა მომავალ წელს ექსპერტები მოთხოვნის 15%-იან ზრდას ამ ბაზრებზეც ვარაუდობენ. მსოფლიოში უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი ფრანგული კომპანია ArcelorMittal-ისა და მისი შვილობილი უკრაინული კომპანია “არსელორმიტალი კრივოი როგის” წარმომადგენლები 11 ნოემბერს საქართველოშიც შეხვდნენ მომხმარებელს.
საქართველოში ArcelorMittal-ის წარმომადგენლობის მენეჯმენტს “არსელორმიტალი კრივოი როგი”” აწარმოებს. მისი პროდუქციის იმპორტს ჩვენს ქვეყანაში უკვე 4 წელია, კომპანია “ფერუმ პლუსი”” ახორციელებს. როგორც უკრაინული “არსელორმიტალი კრივოი როგის”” გენერალურმა მენეჯერმა მარკეტინგის დარგში პასკალ მაკომ განაცხადა, კომპანია საქართველოში არმატურის ბაზრის 65%-ს ფლობს. ისინი კრიზისამდე ქართულ ბაზარზე თვეში 15 ათას ტონა არმატურას გზავნიდნენ, თუმცა მიწოდება კრიზისის გავლენით 50%-ით, 6-7 ათას ტონამდე შემცირდა. არსელორმიტალი კრივოი როგი” ფოლადის, კოქსის, თუჯის, არმატურისა და სხვა მეტალურგიული პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას ეწევა. რაც შეეხება ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებს, კომპანიის ბაზრის წილი აზერბაიჯანში 70%-ია, სომხეთში კი – 95%.
“არსელორმიტალი კრივოი როგის”” პროდუქციის ექსპორტი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხორციელდება. კომპანია პროდუქციის რეალიზებას ასევე ახდენს რუსეთში, ყაზახეთში, თურქეთში, ბელარუსში და ა.შ. “მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნა მუდმივად იზრდება. შესაბამისად, მატულობს მწარმოებლებს შორის კონკურენცია. მაგრამ ხარისხი, რასაც “არსელორმიტალი კრივოი როგი”” თავის მომხმარებელს სთავაზობს, მუდმივ ტესტირებას ეფუძნება, რაც მეტალურგიის ბაზარზე მას კონკურენტუნარიანს ხდის””, – აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი პასკალ მაკო.
კომპანია ArcelorMittal-ი 1986 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს. ArcelorMittal-ი დღეისათვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. გარდა მეტალურგიისა, მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიის საქმიანობა მოიცავს: ავტომობილების წარმოებას, მშენებლობას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას და შეფუთვას. 2008 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 124.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფოლადის წარმოებამ 103.3 მილიონი ტონა მოიცვა, რაც მსოფლიო ბაზრის 10%-ია. ArcelorMittal-ის აქციები წარმოდგენილია ნიუ-იორკის, ამსტერდამის, პარიზის, ბრიუსელისა და ესპანეთის საფონდო ბირჟებზე. საქართველოში მიტალ ჯგუფის” საკუთრებაა გლობალ ოილ ენდ ენერჯიც”, რომელიც სუფსის საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვების ორი სალიცენზიო ბლოკის მფლობელია. გლობალ ოილ ენდ ენერჯი” საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში 2007 წლის აპრილიდან შემოვიდა.
საქართველოში ფოლადის ბაზარი, ArcelorMittal-ის მიერ წარმოებული პროდუქციის გარდა, თურქული და სხვა ქვეყნების პროდუქციითაც მარაგდება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ქართულ ბაზარზე ArcelorMittal-ს ყველაზე დიდი წილი – 65% უკავია. იმპორტირებული პროდუქციის გარდა, საქართველოში ფოლადი ადგილობრივადაც იწარმოება. ჩვენს ქვეყანაში სულ სამი მეტალურგიული ქარხანაა – ორი რუსთავში, ხოლო ერთი ქუთაისში მდებარეობს.
რუსთავის ახალი ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა 9 ნოემბერს გახსნა. “ჯეოსთილის”” ახალ საამქროში არმატურა იწარმოება. კომპანია ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნდა. კომპანია “ჯეოსთილში”” 60 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
რუსთავში მდებარეობს მეორე მეტალურგიული ქარხანა, რომელსაც “ქართული ფოლადი” ეწოდება, თუმცა ქარხანაში ამ დროისთვის მხოლოდ ორი საამქრო მუშაობს.
ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა კი ძველი რკინა-ბეტონის ქარხნის ბაზაზე ინდური ინვესტიციით აშენდა. 30-მილიონიანი პროექტი “ევრაზიან სტილსმა”” განახორციელა. ინვესტორის გათვლით, ქარხანაში წარმოებული პროდუქცია უკრაინიდან და თურქეთიდან შემოტანილ ლითონს შეცვლის და ბაზრის 60%-ს დაიკავებს. პირველ ეტაპზე ქარხანა წელიწადში ასი ათასი ტონა პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.
მეტალურგიული ქარხნების მუშაობის ხელშეწყობას უკავშირდება მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე აქციზი გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროში ცვლილების მიზეზად, სწორედ, საქართველოში მოქმედი მეტალურგიული ქარხნები დაასახელეს. მათი თქმით, მეტალურგიული ქარხნები მუშაობენ და ჯართი ადგილობრივ საწარმოებსაც სჭირდება. დღეს მოქმედი ნორმით, შავი და ფერადი ლითონის ექსპორტზე აქციზის განაკვეთი ერთ ტონაზე 50 ლარით განისაზღვრება, მაგრამ განაკვეთი 80 ლარამდე იზრდება.
უკვე აღვნიშნეთ, რომ ფოლადის ქართული ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მსოფლიო გიგანტიArcelorMittal-ია, მიუხედავად ამისა, საქართველოში მოქმედი მეტალურგიული ქარხნების უმეტესობა მას კონკურენტად არ აღიქვამს. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ, რომ ისინი სამშენებლო არმატურის წარმოებაზე არიან ორიენტირებულნი,ArcelorMittal-ი კი არ აწარმოებს დიდი რაოდენობით არმატურას. აქედან გამომდინარე, ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამტკიცებენ, რომ მისი რეალურ კონკურენტად აღქმა საფუძველს მოკლებულია.
ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა სამშენებლო არმატურის წარმოებას დეკემბრიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე დღეში, დაახლოებით, 50 ტონა სამშენებლო არმატურის წარმოებაა დაგეგმილი, გაზაფხულიდან კი ქარხანაში წარმადობის გაზრდას გეგმავენ დღეში 200 ტონამდე გეგმავენ. მენეჯმენტის პროგნოზით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე უცხოეთის ბაზრებსაც აითვისებს. მათივე თქმით, კონკრეტულად რა წილს დაიკავებს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე, ეს მშენებლობის ტემპებსა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციისადმი მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მსგავსად, ArcelorMittal-ს არც რუსთავში, კომპანია ქართულ ფოლადში” აღიქვამენ კონკურენტად. ქართული ფოლადის” მენეჯმენტის განმარტებით, არსელორ მიტალი” საქართველოში მხოლოდ საკუთარი პროდუქციის იმპორტზე იქნება ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, მომხმარებელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ წარმოებულ სუფთა ქართულ პროდუქციას უფრო დიდი ნდობით მოეკიდება. ამჟამად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ელექტროღუმელების მონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც ქარხნის მუშაობა დროებით შეჩერებულია. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქართული ფოლადი, ადგილობრივთან ერთად, ამიერკავკასიისა და ევროპული ქვეყნის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.
რაც შეეხება მეტალის მსოფლიო ბაზარს, ფოლადის ფასი თურქეთში იზრდება. შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მასზე მოთხოვნა სტაბილურია. როგორც ამ სფეროს კომპანიები აცხადებენ, მოთხოვნა არის სტაბილური, ამიტომ ფასებიც შესაბამისად სტაბილური ან მზარდია. 2009 წლის სექტემბერში უკრაინაში 4,58 ტონა ფოლადი გამოადნეს. რაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 3,9%-ით მეტია. პროდუქციის 70%-ზე მეტი უკრაინაში საექსპორტოდ იწარმოება. შარშანდელი წლის შედეგები, უკრაინის მსგავსად, მხოლოდ ჩინეთმა გააუმჯობესა. ჩინეთში ფოლადის წარმოება სექტემბერში, გასულ წელთან შედარებით, 28,7%-ით გაიზარდა და ერთ თვეში 50,7 მლნ ტონა შეადგინა. ვარაუდობენ, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოდნობილი ფოლადის მოცულობა ჩინეთში 530 მილიონ ტონას მიაღწევს (www.delo.ua).
ფოლადის უმსხვილესი მწარმოებლების ნაწილი რეალიზაციის გააქტიურებას აზიაში სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას უკავშირებს. წელს აზიაში ფოლადზე მოთხოვნის 15%-იან, მომავალ წელს კი კიდევ 5%-იან ზრდას ელოდებიან. მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის ფონზე მუშაობის გააქტიურებას კომპანია ქართულ ფოლადშიც” ელოდებიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსოფლიო ტენდენციები მათ მუშაობაზეც აისახება და ექსპორტი გაიზრდება.
დღეისთვის ქართული ფოლადი” ექსპორტს აზიის უდიდეს ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთსა და თურქეთში ახორციელებს. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ ფოლადზე მოთხოვნამ, შესაბამისად, ჯართიც გააძვირა. მათი თქმით, დღეს შავი ზღვის ბაზარზე ჯართის ფასი უკვე 20%-ით არის მომატებული და ტონა, დაახლოებით, 220 დოლარი ღირს. თუმცა, მიმდინარე წელი “ქართული ფოლადისთვის”” მძიმედ დაიწყო. როგორც 2009 წლის პირველი თვეების განმავლობაში კომპანიაში აცხადებდნენ, ფინანსურმა კრიზისმა სერიოზული ზარალი მიაყენა “ქართულ ფოლადს””. ზარალი რამდენიმე მილიონს შეადგენდა. მაგალითისთვის, ე.წ. ნამზადი, რისგანაც შემდეგ არმატურას ამზადებენ, კომპანიას 1200 დოლარად ჰქონდა შეძენილი, იმ დროს, როდესაც არმატურის ფასი 1600 დოლარი იყო. 2009 წლის დასაწყისისთვის კი არმატურა უკვე 500 დოლარი ღირდა. მხოლოდ ეს ციფრებიც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ზარალი შეიძლება განეცადა კომპანიას. ფინანსური კრიზისის მიზეზით, კომპანიაში ხარჯები 5%-დან 10%-მდე შეამცირეს. 2007 წლიდან ანუ კომპანიის ჩამოყალიბებიდან დღემდე წარმოებაში, დაახლოებით, 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
გლობალური რეცესიის დაძლევისა და სამშენებლო ინდუსტრიის გამოცოცხლებას ლოგიკურად ფოლადის ბაზრის გააქტიურებაც მოჰყვება. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, უკვე შეინიშნება სასიკეთო ძვრები სამშენებლო ინდუსტრიაში, თუმცა რამდენად წაადგება ეს ეროვნული წარმოების განვითარებას, თუ მოვლენები მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის სასიკეთოდ შეიცვლება, ამას მომავალი გვიჩვენებს.