ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრნენ. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერეს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. მისი მთავარი უპირატესობები – სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოვებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები შექმნის რეალურ საფუძველს, რომ საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის კორიდორში და, ამავდროულად, იქცეს საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭედ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში.
ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არამხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო ხელშეკრულებას სახელმწიფოსა და „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმს“ შორის. ამ საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის გამტარუნარიანობაც, საბოლოო ჯამში, განვითარების ფაზების მიხედვით, 100 მილიონი ტონას მიაღწევს, თუმცა პირველივე ფაზაში განხორციელდება 580 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაწყისიდანვე 6000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე, ხოლო პორტის აშენების შემდგომ აქ უკვე დასაქმებული იქნება რამდენიმე ათასი ადამიანი“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პორტის შემდგომი განვითარება, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ის თანმდევი სერვისები, რომელიც პორტს ექნება. „ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელიც თავის თავს აყალიბებს როგორც სატრანზიტო ფუნქციის, სატრანზიტო ჰაბის მქონე ქვეყანა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტის ქონა იმიტომ, რომ ეკონომიკის მასშტაბი სწორედაც რომ ღრმაწყლოვან პორტშია და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი“ – განაცხადა ქუმსიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ პროექტისთვის სახელმწიფოც 100 მილიონ დოლარამდე თანხებს გამოყოფს იმისათვის, რომ მოხდეს მიწების გამოსყიდვა და ძირითადი ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა, რათა ნავსადგურმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს.
საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ეძლევა ექსკლუზიური უფლება ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს შავი ზღვის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. საინვესტიციო ტერიტორია კონსორციუმს 52 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა.
ხელშეკრულება, რომელის შედგენაშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები, დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და პორტის მშენებლობისა და ოპერირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას შემოუერთდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო-საინჟინრო კომპანია Van Oord-ი, რომელთანაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დღეს ასევე ხელშეკრულებას გააფორმებს. Van Oord-ი ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიაზე წინასამშენებლო კვლევებს და გეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებს.
ჰოლანდიური კომპანია Van Oord მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა დუბაის პალმის კუნძულებისა და სუეცის არხის მშენებლობის გრანდიოზული პროექტები, როტერდამის პორტის გაფართოება და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტი.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC ), და მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. კონსორციუმის პარტნიორთა შორის არიან წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord და პორტის წამყვანი დიზაინერი კომპანია Moffatt & Nichol.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.
პორტის გახსნისას და პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს ექნება 2-მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც შეძლებს მიიღოს და გაატაროს 700 000-დან 800 000 ტეუმდე კონტეინერი. პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 580 მილიონ აშშ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
პორტის სიღრმე და ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის 10,000 კონტეინერიანი (TEUs) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრეინინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. ხელშეკრულებით დადგენილია იმ ტრეინინგების ნუსხაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო.
ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა საჭირო ობიექტები, მათ შორის ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები.
საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი საკმაოდ ვრცლად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე პორტის მშენებლობისა და ოპერირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს, მათ შორისაა: გენერალური გეგმისა და დიზაინის შემუშავება, გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, მოქალაქეთა დასაქმებისა და ტრეინინგის ვალდებულება, დაზღვევა, პორტის მოვლა-პატრონობის ვალდებულება, მარეგულირებელი სამართალი და ა.შ.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულების შესაბამისად, მოწონებულ იქნა ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები და შექმნილ იქნა განაცხადთა განმხილველი სამთავრობო კომისია.
აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, 2014 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოცხადებულ იქნა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე და შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, 2016 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე.