ეკონომიკის 2 მარწუხი ანუ გადასახადები და რეგულაციები
გიორგი ელიზბარაშვილი
ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები შემდეგია:
მე მთავრობიდან ვარ და ნება მომეცით დაგეხმაროთ
რონალდ რეიგანი
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, კვლავ გააქტიურდა საკითხი, თავისუფლების აქტისა და 94-ე მუხლის თაობაზე, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ კრძალავს გადასახადების გაზრდას, აქციზის გამოკლებით ან ახლის შემოღებას რეფერენდუმის გარეშე. თავისუფლების აქტი ასევე აწესებს ბიუჯეტის დეფიციტის მშპს წლიურ 3%-ს და მთლიანი სახელმწიფო ვალის 60%-ს მშპ-სთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ მედიაში ეს საკითხი მეორე, მესამე ხარისხოვან თემადაა ქცეული და მთავარ პრობლემად ფუნქციაშეზღუდული პრეზიდენტის არჩევის წესია მიჩნეული. საქმე კი ეხება არც მეტი, არც ნაკლები იმას, თუ რა ოდენობის თანხას წაიღებს იძულების წესით სახელმწიფო ჩვენი ნაშრომიდან.
სახელმწიფოს ზომაზე, გადასახადების ფორმასა და ოდენობაზე, რეგულაციებზე სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანს სხვადასხვა შეხედულება გააჩნია. მემარცხენეები მუდმივად ცდილობენ მათ გაბერვას, მემარჯვენეები კი მათ შეკუმშვას. ერთნი ფიქრობენ, რომ დიდი სახელმწიფო უკეთ გაუმკლავდება კრიზისებს, უკეთ დაიცავს უმწეოებს, მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი ბაზარი გაცილებით ეფექტიანად მოაგვარებს.
არსებობს ერთი ადამიანი, რომლის პორტრეტის ხილვაც დედამიწის ორივე ნახევარსფეროზე მცხოვრებთ ერთიანად უხარებს გულს, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, კანის ფერსა და სქესს. ეს ადამიანი ბენ ფრანკლინია. სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად მეცნიერებასა და პოლიტიკაში, მას ეკუთვნის 1 ძალიან ცნობილი ფრაზაც „ორ რამეს ვერ გაექცევი, სიკვდილსა და გადასახადებს.“ ბევრი ფიქრობს, რომ თუ არ მუშაობს, არ აქვს ბიზნესი გადასახადებსაც არ იხდის. ეს კი ისეთივე სიმართლეა, როგორც სამყაროს მოწყობის გეოცენტრული მოდელი. გადასახადი, რომელიც დაწესებული აქვს ბიზნესს, აისახება პროდუქციის ფასზე, რასაც იხდის მომხმარებელი. არ სჭირდება დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში იმის მიხვედრას, რომ თუ გაიზარდა გადასახადი, პროდუქცია გაძვირდება, შემცირებისას კი პირიქით. გადასახადების გაზრდით უმთავრესი პრობლემა მწარმოებელ მულტიმილიონერს კი არა, ღარიბ მომხმარებელს ადგება.
ობიექტურობისთვის, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი დაბალია. სულ 6 სახის გადასახადია. საშემოსავლო 20%, დღგ-18%, იმპორტის 0, 5 და 12%, განაწილებული მოგების 15%, ქონების მაქსიმუმ 1% და აქციზი სხვადასხვა განაკვეთი სიგარეტზე, სპირტიან სასმელებზე, ნავთობზე, ავტომობილებზე. მას გარდა არსებობს კიდევ ლიცენზიები, მოსაკრებელი რომელიც მართალია არაა აღრიცხული როგორც გადასახადი, მაგრამ შინაარსობრივად იგივეა.
შესაძლებელია გადასახადების კიდევ უფრო შემცირება ისე, რომ არ შემცირდეს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსება? განათლებისა და თავდაცვის ხარჯები? გადასახადების შემცირება აუცილებლად წაახალისებს ბიზნესს, მაგრამ რა მოხდება მოკლევადიან პერიოდში, როდესაც ბიუჯეტში იკლებს შემოსავლები? შემოსავლების კლებისას, დასაბალანსებლად აუცილებელია ხარჯების კლებაც. რომელი ხარჯების და რა თქმა უნდა ბიუროკრატიული ხარჯების.
ძნელია იმ ადამიანის პოვნა, რომელსაც ექნება პასუხი კითხვაზე რა ფუნქცია აკისრია გუბერნატორს. ინსტიტუტი მთლიანად უნდა გაუქმდეს. ასევე უნდა მოხდეს გამოთავისუფლებული შენობების პრივატიზაცია. პირდაპირი დანაზოგი გამოდის 6.127 მილიონი ლარი. შეიძლება არც თუ ისე დიდი თანხაა, მაგრამ ამ თანხით შესაძლებელია რამდენიმე სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
საქართველოში ფუნქციონირებს 18 სამინისტრო, მათგან 2 მინისტრის აპარატია. მათი დაყვანა 10 ერთეულამდე სავსებით შესაძლებელია.
წყარო: www.mof.ge
რომ მივყვეთ სათითაოდ. შესაძლებელია სასჯელაღსრულების სამინისტროს ინტეგრაცია იუსტიციის სამინისტროსთან. კულტურის სამინისტრო განათლებასთან, ძეგლთა დაცვა იარსებებს ან ცალკე დეპარტამენტის სახით, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება ან სამინისტროსთან გაერთიანებული. ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ინტეგრაცია უნდა მოხდეს ეკონომიკის სამინისტროსთან. თუ დავუშვებთ ამ სამინისტროების არსებობას მაშინ რატომ არ გვაქვს ცალკე, წარმოების ან მომსახურების სამინისტრო? თითქმის ყველა სპორტულ დისციპლინას გააჩნია თავის ფედერაცია, ამიტომ სპორტის სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია. დაფინანსება კი უნდა მოხდეს იმ სპორტის სახეობების რომელშიც გვაქვს წარმატებები: რაგბი, ძიუდო, ძალოსნობა… ასევე ნებისმიერი სხვა სახეობის თუ გაჩნდა რაიმე სახის პერსპექტივა თუნდაც ეს იყოს ჰოკეი. რაც შეეხება მინისტრის აპარატებს პირველი შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს. სამინისტროს გაუქმებით ან სხვასთან შერწყმით, ხარჯები არ ნულდება საქმე ისევ გასაკეთებელია, ოღონდ შემცირებული ბიუროკრატიის პირობებში. მცირდება შრომის ანაზღაურება, საწვავის ხარჯი. ხარჯის შემცირება უფრო მეტად იმ სამინისტროებშია შესაძლებელი სადაც დიდია დასაქმებულთა ოდენობა. პენიტენციალური სისტემაში ხარჯების შემცირება სხვა გზითაც შეიძლება, პირს, რომელსაც არ ჩაუდენია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული და არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის არ უნდა მიესაჯოს საპატიმრო სასჯელი. ეს ჰუმანურიცაა და რაციონალურიც. თუ ეს რეფორმა განხორციელდა, რისი ალბათობაც სამწუხაროდ ძალიან მცირეა 4000-ზე მეტი ადამიანი შეემატება უმუშევართა რიცხვს. ბუნებრივია ეს ცუდია, მაგრამ ვინ თქვა, რომ სახელმწიფო დასაქმების სააგენტოა? როდესაც მილტონ ფრიდმანი ჩინეთს ესტუმრა, შენიშნა, რომ უამრავი ადამიანი რაღაცას თხრიდა ნიჩბებით. დაინტერესდა და მოახსენეს რომ გაჰყავდათ არხი. ფრიდმანს გაკვირვება არ დაუმალავს, რატომ არ იყენებდნენ თანამედროვე ტექნიკას, ტრაქტორებს. რაზეც უპასუხეს, რომ ასეთ შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 2000-დან 150-მდე შემცირდებოდა. ცნობილ ეკონომისტს გაეცინა და ირონიულად მიუგო, მე მეგონა არხი გაგყავდათ, თურმე დასაქმების სააგენტო გაგიხსნიათ, თუ დასაქმებაა უმთავრესი მიზანი, გამოდის არაეფექტური გადაწყვეტილება მიგიღიათ, გამოიყენეთ ნიჩბის მაგივრად კოვზები და დასაქმებულთა რიცხვი 10 ათასს გადააჭარბებსო. როცა ერთი რაიმე კონკრეტული საქმის გაკეთება შეუძლია 10 ადამიანს და მას შეჭიდებულია 17, ასეთ დროს ეფექტიანობა არათუ იზრდება, პირიქით მცირდება. ჭირს გაგება ვინ ვისი უფროსია, ვინ ვისი დავალება უნდა შეასრულოს, ვინ ვის წინაშეა ანგრიშვალდებული. ამას გარდა იზრდება სამუშაოს შესრულების დრო და ხარჯი.
ხარჯების დაზოგვა მხოლოდ ამ მიმართულებით არაა შესაძლებელი. თუ ჩავხედავთ ბიუჯეტს კიდევ აღმოვაჩენთ ბევრ ისეთ პუნქტს რომელიც ღიმილს მოგვგვრის, მაგრამ არაფერია გასაღიმებელი მაშინ, როცა ჩვენი ფული უაზროდ იხარჯება, ანუ როცა იფლანგება. გაბერილი ბიუროკრატია ესაა გაფუჭებული ონკანი, რომლიდანაც წყალი უაზროდ იღვრება, მისი ხმა გვაწუხებს და თვის ბოლოს გადასახადიც გაორმაგებული მოდის.
წყარო: www.mof.ge
თუ ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს, მაშინ ასე პირდაპირ ეკლესია ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ადამიანებს დავუტოვოთ არჩევანი, რომ გადასახდელი საშემოსავლოდან 1% განსაზღვროს ავისი სურვილით. 2017 წელს საშემოსავლო განსაზღვრულია 2.57 მილიარდი ლარით. ამ თანხის 1% უდრის 25.7 მილიონს ანუ იმდენივეს რამდენითაც დღეს იღებს დაფინანსებას. ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში დაფინანსება შემცირდება, მაგრამ ნახევარს არ ჩამოსცდება. დამატებით ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს უფლება გადარიცხოს რა თანხაც სურს, თუნდაც რამდენიმე ათეული მილიონი საშუალების ქონის შემთხვევაში. გალარების პროგრამაზე გამოყოფილია 65 000 000 ლარი. ეს მაშინ როცა საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მხოლოდ 0.895 მილიონი, სოლიდარობის ფონდისთვის კი 0.26 მილიონი. გალარების პროგრამის ბენეფიციარები არ არიან მდიდრები, მაგრამ არც უკიდურესად გაჭირვებულები. ამ თანხის ნახევრით დაფინანსდებოდა 150 ბავშვის მკურნალობა საზღვარგარეთ. მეორე ნახევრით კი აბასთუმნის ობსერვატორიაში თანამედროვე ტელესკოპისთვის თანხის ნაწილის გაღება, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაიოლდებოდა დამატებითი გრანტის მოპოვება. ძალიან მარტივად, ბიუჯეტის შესახებ კანონის ერთი გადახედვის შემდეგ გამოჩნდა 465 მილიონი ლარის ხარჯის დაზოგვის შესაძლებლობა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მყისიერად 2018 წლის იანვრიდან საშემოსავლო განაკვეთი 16%-მდე შევამციროთ. ადამიანს ვისაც აქვს დარიცხული 500 ლარი და იღებს 400 ლარს ხელფასი გაეზრდება 20 ლარით. თუ აქვს 1500 მაშინ 60 ლარით.
მემარცხენეები ასე ადვილად არ დანებდებიან და გვეტყვიან, ბატონებო ეგ ისევ მდიდრებისთვის იქნება სახეირო. აი ვისაც 10 000 ლარი აქვს ხელფასი და 8 000 ლარს იღებს ხელზე, მას კიდევ 400 ლარით გაეზრდება შემოსავლები და ვისაც 300 ლარი აქვს მხოლოდ 12 ლარით 240-დან 252 ლარამდეო. ამიტომ უნდა იყოს პროგრესული გადასახადი, ღარიბსაც მეტი დარჩება და ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევაო. ჯერ ერთი თუ მდიდარი იხდის 2000 ლარს და ღარიბი 60 ლარს ეს უკვე აღარაა თანაბარი გადასახადი. გასაგებია, რომ ვიღაცისთვის დამატებით 50 ლარს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მეორისთვის 500 ლარს. ეს ფაქტი გვაძლევს პროგრესული დაბეგვრის უფლებას? თავი გავანებოთ სამართლებრივ დეტალებს. მაღალი ხელფასი იმას აქვს ვინც ან სხვაზე მეტს შრომობს რაოდენობრივად, ან აკეთებს ისეთ საქმეს რასაც სჭირდება განსაკუთრებული უნარები, კვალიფიკაცია. ამის გამო ის ადამიანი დამატებით არ უნდა დავბეგროთ, მაგრამ დავივიწყოთ დროებით ეს გარემოება. რამდენია მაღალი ხელფასი და რამდენ ადამიანს აქვს ის? შეიძლება გამოკითხვაში ამ კითხვაზე ბევრმა უპასუხოს რომ ესაა 1000 ან 1500 ლარიანი ზღვარი, თუმცა ასე არაა. საქართველოს კანონმდებლობით, მაღალშემოსავლიანად ითვლება პირი, რომლის წლიური დარიცხული შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს. ეს თვეში 3333.33 ლარია, ხელზე ასაღები კი 2666.67 ლარი. თუ მას ჰყავს 5-6 სულიანი ოჯახი თვეში 1 ადამიანს რჩება უკვე მხოლოდ 444-533 ლარი. ასეთი ადამიანების რიცხვიც კი მხოლოდ 3%-ს შეადგენს. ამ ადამიანებს რომ გავუზარდოთ საგადასახადო ტვირთი ექნება რამე ეფექტი? ცხადია არა. სხვა თემაა, რომ შემცირდება მოტივაციაც. როდესაც ევროპულ მაგალითს ვიშველიებთ არგუმენტად არ უნდა დაგვავიწყდეს 3 გარემოება: 1) ევროპა არაა შეუმცდარი 2) ევროპაში ეკონომიკური ზრდა 2%-ზეა დასული, ეს წყევლაა საქართველოსთვის ასეთი ზრდის პირობებში ჩვენი შვილიშვილები დაბერდებიან ღარიბ ქვეყანაში 3) ევროპაში არსებობს საშუალო და მაღალშემოსავლიანი ფენა, საქართველოში კი პრაქტიკულად არა.
არის კიდევ ერთი მოთხოვნა სოციალისტური ბანაკიდან. მინიმალური ხელფასი. ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვპირდებოდა კიდეც მინიმალურ ხელფასს 500 ლარს, ოღონდ რეკლამაში არ იყო მითითებული ეს თანხა დარიცხული იქნებოდა თუ ხელზე ასაღები. რეალურად მინიმალური ხელფასი თვიურად კი არა საათობრივად ანგარიშდება. რამდენი შეიძლება იყოს მინიმალური ხელფასი? სიმარტივისთვის მოყვანილი ციფრები ჩავთვალოთ ხელზე ასაღებ თანხად და არა დარიცხულად, რადგან ეს გაცილებით იოლი აღსაქმელია. საქართველოს კანონმდებლობით კვირაში 40 სამუშაო საათია. თვეში საშუალოდ გამოდის 173 საათი (40*52/12). თუ ვიტყვით, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საათში 1 ლარი. ექნება მას რაიმე აზრი? სტაჟირების პროგრამების გარდა ყველას 173 ლარზე მაღალი ხელფასი ისედაც აქვს. მაშ რა აზრი აქვს კანონს თუ ის არაფერს ცვლის? არაფერი. ახლა ვთქვათ, რომ 3 ლარია მინიმალური ხელფასი. ეს უკვე 519 ლარია თვეში. რა მაგარია ადამიანები ვისაც ჰქონდათ აქამდე 350-400 ლარი ხელფასი მოემატებათ. მაგრამ ასე რეალურად? ხომ არ მოხდება ხელფასის ზრდა თანამშრომელთა შემცირების ხარჯზე? პირობითად მაღაზიაში თუ 5 კონსულტანტი მუშაობს და თითოს აქვს ხელფასი 300 ლარი, 2 დაკარგავს ამ მცირედსაც, დარჩენილ სამს მართალია ხელფასი გაეზრდება, მაგრამ გაეზრდებათ დატვირთვაც, მოთხოვნაც. ზოგიერთი მცირე საწარმო საერთოდ დაიხურება. მინიმალური ხელფასი გაზრდის უმუშევრობას. ბუნებრივია დიდი კომპანიები ამ ცვლილებას ადვილად გაუმკლავდებიან, მაგრამ დაიჩაგრებიან პატარები. 4 წლის წინ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და გაიზარდა დასაქმებულის უფლებები, რეალურად კი არაფერი შეცვლილა. რატომ? რა აიძულებთ ადამიანებს ფეხზე დგომას კვირაში 60 საათი 350 ლარის სანაცვლოდ? ეკონომიკური სიდუხჭირე. მას კანონი ვერ მოაგვარებს. კანონი უკვე არსებობს. როცა იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, შემცირდება უმუშევრობა. გაიზრდება მოთხოვნა ადამიანის შრომაზე, მოთხოვნის გაზრდა ავტომატურად გამოიწვევს ფასის, ამ შემთხვევაში ხელფასის ზრდას. დღეს როცა დამსაქმებელმა იცის, რომ დასაქმებული მასზეა დამოკიდებული და აქვს 2 ალტერნატივა მუშაობა მძიმე პირობებში ან შიმშილი, შეულამაზებლად თუ ვიტყვით დიდ გულზეა. თუ ეცოდინება, რომ მას, დასაქმებულს აქვს სხვაგან წასასვლელი მოუფრთხილდება, რადგან ახალი თანამშრომლის მიღება, სწავლება ხარჯებთანაა დაკავშირებული. თავის მხრივ დასაქმებულიც აღარ გაჩერდება 300 ლარზე თუ სხვა 500 ლარს შესთავაზებს. შრომა ისეთივე პროდუქტია, როგორც ვაშლი, ნავთობი ან ვალუტა. მასზე მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების კანონი. მთავრობას შეიძლება გულწრფელად სურდეს ღარიბთა დახმარება, მაგრამ ხშირად მათთვისვე საზიანოს აკეთებს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მაღალი ეკონომიკური ზრდა. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო სისტემა, რათა თუ დაირღვა კონტრაქტი, დაზარალებულმა მიიღოს საზღაური. საინტერესოა ვინც ლობირებს მინიმალურ ხელფასს, ნუთუ ერთხელ მაინც არ ჰყოლია სახლში მუშა მიყვანილი, ერთხელ მაინც არ უსარგებლია სტომატოლოგის ან სტილისტის მომსახურებით? ამ დროს რომ გამოჩენილიყო მესამე პირი და ეთქვა რატომ უხდი სტილისტს თმის შეჭრაში 5 ლარს 7 ლარი უნდა მისცეო, რა პასუხი ექნებოდა მაშინ?
როცა ვსაუბრობთ დასაქმებულის უფლებებზე, ან რაიმე ფორმით დისკრიმინაციაზე, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ საჯარო და კერძო სექტორი. საჯარო სამსახურში 1 პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე არის 1 განსაზღვრული ხელფასი. კერძოში არა. არის თუ არა ეს დისკრიმინაცია და მართლა ნაკლებს უხდიან ქალებს? ქალი და კაცი უფლებრივად თანასწორია, თუმცა სიტყვა „თანასწორი“ და სიტყვა „ერთნაირი“ შინაარსობრივად სულაც არაა იდენტური. სამუშაოთა ნაწილი სპეციფიკურია როგორც წესი, მუშებად, მტვირთავებად, ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორებად, დაცვის სამსახურში მომუშავეებად არჩევენ მამაკაცებს. სამაგიეროდ კონსულტანტებად, მოლარეებად, პრომო აგენტებად, ძიძებად, დამლაგებლებად ქალებს. ეს უბრალოდ ტენდენციაა, თორემ კალატოზიც შეიძლება იყოს ქალი და ძიძა კაცი. დამქირავებელს სურს, რომ საქმე გაკეთდეს მაქსიმალურად სრულყოფილად და ამისათვის ზოგჯერ სჭირდება ქალი ზოგჯერ კაცი, ზოგჯერ საჭიროა სასიამოვნო გარეგნობა, სიმაღლე, გარკვეული ფიზიკური შესაძლებლობები. თუ სამართლიანი მოთხოვნების ჩამონათვალში ინგლისური ენის ფლობა, რატომაა უსამართლო სასიამოვნო გარეგნობის მოთხოვნა? როცა ადამიანების ჯგუფს მოჰყავს სტატისტიკა, რომ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობს ნაკლები ქალი, ქალების ოდენობა პარლამენტში და მინისტრთა კაბინეტში მცირეა. რას ასახავს ეს სტატისტიკა? ქალად ყოფნა ნაკლი და სასჯელი არ არის, მაგრამ არც უპირატესობაა. შესაბამისად კონკრეტულ თანამდებობაზე ადამიანი უნდა შეირჩეს თავისი უნარების, შესაძლებლობების, გამოცდილების, კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების და არა სქესის გათვალისწინებით. დამქირავებელს, რომელსაც სურს მოგების მაქსიმიზაცია, არ იქნება არც რასისტი, არც ქსენოფობი, არც ჰომოფობი. თუ დაქირავებული ყველაზე უკეთ ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს და მაინც გაუშვებს ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით, სექსუალური ორიენტაციის ან პოლიტიკური შეხედულების მიზეზით გაეზრდება ხარჯი, მაგრამ არავის აქვს უფლება მოედაოს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს ბაზარში შესულმა ადამიანმა რომ დაინახოს გვერდიგვერდ 2 ერთნაირი კარტოფილი რომელიც ერთი 80 თეთრი ღირს, მეორე 90. 90-იანი რომ იყიდოს და ვიღაცამ უჩივლოს. ზუსტად ასე შრომას ყიდულობს დამქირავებელიც და რა უფლება აქვს მესამე პირს დაავალდებულოს და უკარნახოს არჩევანი.
დღესავით ნათელია ისიც, რომ ნებისმიერი სამინისტროს ან სააგენტოს გაუქმების შემთხვევაში გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც დაიწყებენ მტკიცებას, თუ როგორი საჭიროა დარგი ქვეყნისთვის, რომ მის გარეშე აზრი ეკარგება ყველაფერს. ეს სავსებით ბუნებრივი და მეტიც ჯანსაღი პროცესია. როდესაც ადამიანს ართმევ სამსახურს, რაიმე პრივილეგიას, ეს იწვევს მის გაღიზიანებას. პრობლემა უფრო ის იქნება თუ მსგავს გადაწყვეტილებას ოვაციებით ან დუმილით შეხვდებიან. მერე რა, რომ ახმეტის საკრებულომ რაღაც რომ ეკეთებინა მეტროს სადგურების სახელდების წესი დაამტკიცა, მათ ასეთივე გულმოდგინებით შეუძლიათ დაამტკიცონ ამ გადაწყვეტილების სისწორე და აუცილებლობა. თუ სათითაოდ მივყვებით ყველა თვითმმართველ ერთეულს აღმოვაჩენთ მინიმუმ 50 მილიონი ლარის ეკონომიის შესაძლებლობას.
ზემოთ ვნახეთ, რომ ზოგიერთი უაზრო ხარჯის შემცირებით, შესაძლებელია საშემოსავლო განაკვეთის შემცირება, რაც ავტომატურად გაზრდის დასაქმებულების ხელფასს. მაგრამ ეს სრულიად არასაკმარისია, საჭიროა გაცილებით მეტი, საჭიროა უფრო თამამი ნაბიჯები. ბიუჯეტში ყველაზე დიდი წილი უკავია დღგ-ს. შესაბამისად სწორედ ეს გადასახადი ზრდის პროდუქციის ფასს ყველაზე მეტად. 2017 წელს ამ გადასახადის მობილიზებით განსაზღვრულია 3.779 მილიარდი ლარი. თუ 18%-იან განაკვეთს შევამცირებთ 14%-მდე, შემოსავალი მცირდება 2.939 მილიარდამდე. ჩნდება კითხვა რით ავანაზღაუროთ „დაკარგული“ 840 მილიონი ლარი. ამ კითხვაზე მთავარი პასუხი ისაა, რომ ეს თანხა სულაც არაა დაკარგული. კომპანიებს მიეცემათ გაფართოების საშუალება, აწარმოებენ ბევრს რადგან დაბალ ფასად გაიზრდება გაყიდვები, უფრო მეტის წარმოებისას, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებისას ბიუჯეტში შევა უფრო მეტი დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადი. მაგრამ სანამ ეს მოხდება ამ შემთხვევისთვისაც არსებობს გამოსავალი და ამ გამოსავალს პრივატიზაცია ჰქვია. გასაგებია, რომ არსებობს შიშები ისეთ კომპანიებთან დაკავშირებით როგორებიცაა საქართველოს რკინიგზა და ენგურჰესი. ხელშეკრულების პირობაში შეიძლება ჩაიდოს, რომ არასდროს, არც ერთი გადაყიდვის შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი არ უნდა აღმოჩნდეს რუსული კომპანიის/კომპანიების, მოქალაქის/მოქალაქეთა ჯგუფის, სახელმწიფოს ხელში. ეს შეამცირებს გასაყიდ ფასს, მაგრამ არა ბევრად. პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას ენგურჰესის შემთხვევაში, რადგან ის მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია ფაქტობრივად უფასოდ მიეწოდება, მოხმარება უკონტროლოა, დანაკარგი უზარმაზარი. არაფორმალური შეთანხმებით განაწილება უნდა მომხდარიყო 60/40-ზე პრინციპით, მაგრამ წლებია აფხაზეთი იღებს 50%-ზე მეტს. ამასთან ყველა სახის სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული მხარე. უნდა მოვახერხოთ და აფხაზური მხარე დავითანხმოთ თუნდაც სპეციალური, დაბალი ტარიფის გადახდაზე, ჩვენვე გავიღოთ გამრიცხველიანების ხარჯები. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია 25%-იანი წილის გაყიდვა.
1) საქართველოს რკინიგზა
2) საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია
3) ენგურჰესი
4) ვარდნილჰესი
5) კახეთის ენერგოდისტრიბუცია
6) გარდაბნის თბოელექტროსადგური
7) გორის ქარის ელექტროსადგური
8) საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
9) კურორტი ახტალა
10) საქართველოს ფოსტა
11) საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი
12) თბილავიამშენი
13) საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%
14) თელასის 25%
ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია რომელსაც სახელმწიფო ფლობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წამგებიანია. მათ გარდა სიაში შეგვიძლია ვიხილოთ ისეთი ეგზოტიკური კომპანიები როგორებიცაა „ოზურგეთის ნავთობპროდუქტები“-71%, „საყალიბე ქვიშები“ 49%, „საქართველოს ტენგო და ეთერზეთი“ 10%. 3 წელიწადზე გაწერილი პრივატიზაციის გეგმით ბიუჯეტი წელიწადში მიიღებს მინიმუმ 1 მილიარდ ლარ შემოსავალს. სინამდვილეში უფრო მეტს თუ ამ ჩამონათვალს დავუმატებთ სამთავრობო შენობების პრივატიზაციას. პარლამენტი ან მთლიანად თბილისში უნდა იყოს, ან მთლიანად ქუთაისში, ხოლო თუ შევჯერდებით ქუთაისზე, მაშინ მთავრობაც ქუთაისში უნდა განთავსდეს და ქუთაისი დედაქალაქად გამოცხადდეს. ბევრი იტყვის როგორ შეიძლება აღმაშენებელმა 33 წელი იბრძოლა, რომ ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოეტანაო, მაგრამ არაუშავს. შეერთებული შტატების დედაქალაქი ვაშინგტონია, მაგრამ ეს არ უშლის ნიუ-იორკს ხელს იყოს პლანეტის ფინანსური ცენტრი. თბილისის მასშტაბები ბევრად მცირეა, მაგრამ ჩვენს მეზობელ თურქეთშიც დედაქალაქი ანკარაა, უდიდესი ქალაქი სტამბოლი.
დავის საგნადაა ქცეული მიწის პრივატიზაციის საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. შიში იმისა, რომ მოვა ვიღაც შეიხი და ერთიანად იყიდის მთელ მიწას უსაფუძვლოა. როცა ეს დაშვებული იყო, არ მომხდარა რაიმე მსგავსი, რაც მოხდა იყო ის, რომ კომპანია FERERO-მ შეიძინა 3000 ჰექტარი მიწა განავითარა თხილის ბიზნესი და დღეს ექსპორტით თხილი ღვინოს აჭარბებს. გარდა ამისა ურბანულ მიწებზე არ მოქმედებს შეზღუდვა, მაგრამ მას ერთი რომელიმე შეიხი ან ოლიგარქი არ ყიდულობს. იმ შემთხვევაში თუ მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის კვლავ გახდება შესაძლებელი, გაჩნდება შანსი მიტოვებული მიწების დამუშავების. ერთის მხრივ ვწუწუნებთ, რომ საქართველოში ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი და მეორეს მხრივ დარგს არასწორად ვავითარებთ. სუბსიდია მახინჯი ფორმაა, როცა ერთ ადამიანს ვართმევთ და ვაძლევთ მეორეს. სახელმწიფომ უნდა იფიქროს ბიზნესის განვითარებაზე, ტექნოლოგიების დანერგვაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ქონების გადასახადის საერთოდ გაუქმება რეალურია. ეს გადასახადი თვითმმართველობებს რჩებათ, მაგრამ ხომ შეიძლება არსებული გადასახადებიდან დავტოვოთ ადგილობრივ ბიუჯეტში უფრო დიდი წილი. 6-ის ნაცვლად 5 გადასახადი კიდევ უფრო მიმზიდველად წარმოგვაჩენს. ადმინისტრირების დროც დაიზოგება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ გარდა ამ გადასახადებისა არსებობს ლიცენზიები, მოსაკრებლები. მსოფლიოში 4G ინტერნეტი 2009 წელს გაეშვა. საქართველოში 2015 წელს. ლიცენზიის საფასურმა 50 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ამის გამო დაიკარგა რამდენიმე წელი. ახლა აქტიურად მიმდინარეობს 5G ინტერნეტის დახვეწა, რომელიც სავარაუდოდ მასიურად 2020 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ლიცენზიის საფასური უნდა გახდეს 1 ლარი, იმ პირობით თუ ოპერატორი განავითარებს შესაბამის ინფრასტრუქტურას, რაც თავის მხრივ რამდენიმე მილიონი ჯდება. თუ საქართველო აღმოჩნდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ექნება 5G ინტერნეტი, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი ინვესტორებისთვის, არათუ ეკონომიკაში ბიუჯეტშიც კი 2-3 წელიწადში გაცილებით მეტი თანხა შევა. ესაა შესაძლებლობა რომლის გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასი იქნება. პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობა მხოლოდ ქმედებებზე კი არა უმოქმედობაზეც უნდა დავაკისროთ.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს 1 მნიშვნელოვანი გარემოება. გადასახადების არარსებობის შემთხვევაში მწარმოებლისა და მომხმარებლის სარგებლიანობის ჯამი, ყოველთვის აღემატება გადასახადების არსებობისას მწარმოებლის, მომხმარებლის და სახელმწიფოს სარგებლიანობის ჯამს. გადასახადების ზრდასთან ერთად, ეს სხვაობა იზრდება.
გადასახადი რაც მეტია დანაკარგი მით უფრო მეტად იზრდება. გარკვეული ზღვრის გადალახვის შემთხვევაში კი მცირდება საგადასახადო შემოსავლებიც, რადგან ადამიანებს უკვე აღარ უღირთ ასეთ პირობებში რაიმეს წარმოება ან მუშაობა.
სურათზე გამოსახულია ლაფერის მრუდი, რომელიც ასახავს კორელაციას საგადასახადო განაკვეთსა და საბიუჯეტო შემოსავლებს შორის. თუ გადასახადი ნულია მაშინ ნულია შემოსავლებიც, მაგრამ ასევე ნულია 100%-ის შემთხვევაშიც, ვინაიდან არავინ იმუშავებს უფასოდ. მაქსიმუმის წერტილი სად იქნება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ქვეყანაში მცხოვრებთა კულტურაზე, მსოფლმხედველობაზე. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები უფრო მაღალ გადასახადს აიტანს, სამხრეთში კორუფცია მოიმატებს. მაღალშემოსავლიან ქვეყანაში მაღალი გადასახადების დროს კიდევ ექნება აზრი ბიზნესის კეთებას დაბალშემოსავლიანში არა. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით B წერტილია, სადაც ვიმყოფებით ამჟამად. თუ მარჯვნივ გადავუხვევთ გადასახადების ჯამური ოდენობა შემცირდება. შემცირდება მარცხნივ წამოსვლის შემთხვევაშიც, მაგრამ A წერტილში ეკონომიკა ყველაზე სწრაფად გაიზრდება. კარგია, რომ არ ვართ C ან D წერტილში, მაგრამ ოპტიმალური ვარიანტია A წერტილი.
გადასახადების გარდა ეკონომიკას ჰყავს მეორე მახრჩობელაც და ეს მახრჩობელა რეგულაციებია. ისევე როგორც საგადასახადო განაკვეთი ვერ გაუტოლდება 0-ს, რეგულაციების გარკვეული ნაწილიც ვერ გაუქმდება. საჭიროა მიღწეულ იქნას კონსესუსი, რომ არსებობდეს მხოლოდ ის რეგულაციები, რომელიც ამცირებს მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს. სრულწლოვან ადამიანს კი უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ რასაც მოიხმარს. თუ იცის რომ ვნებს, მაგრამ აგრძელებს მოხმარებას ეს უკვე მისი არჩევანია. რეგულაციის ლობისტებს ხშირად ავიწყდებათ ალტერნატიულ დანახარჯებზე საუბარი. იგივე მილტონ ფრიდმანი FDA-ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტოზე აღნიშნავდა, რომ მან მართლაც ბევრი ისეთი წამალი აკრძალა გაყიდვაში ჩაშვებამდე, რომლის მიღებასაც შესაძლოა სიკვდილი გამოეწვია, მაგრამ ასევე წლობით შეანელა იმ წამლების გამოტანა ბაზარზე, რომელთაც შეეძლოთ სიკვდილის დამარცხება, ასევე გაზარდა მათი ფასი, რამაც შეამცირა ხელმისაწვდომობა.
1920 წელს, შეერთებული შტატების კანონმდებლობაში შევიდა მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო სულელური ცვლილება, თუ საერთოდ ყველაზე არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ალკოჰოლის წარმოება-მოხმარება. კანონი გაუქმდა 13 წლის შემდეგ. სახელმწიფომ ნახა რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი. გაიზარდა კონტრაბანდა, კრიმინალი. დღეს ძნელია იმის დადგენა რამდენი ადამიანი შეეწირა ჩხუბს იატაკქვეშა ბარებში, კონტრაბანდის განაწილებას, პოლიციასა და კონტრაბანდისტების შეტაკებას. სასმელი კი მაინც იყიდებოდა, ოღონდ უფრო ძვირად და მისი მოხმარება არაერთ ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სწორედ მაშინ გაშალა ფრთები ალ კაპონემ და ადამიანი რომელიც 200-ზე მეტ მკვლელობაში მონაწილეობდა გადასახადების დამალვისთვის დააპატიმრეს ბოლოს. 1985 წელს საბჭოთა კავშირშიც აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება, განგსტერები არ აღმოცენებულან, მაგრამ არც მოხმარება შემცირებულა. სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ზარალი ნახა. დღეს უკვე საქართველოში მნიშვნელოვნად იზღუდება თამბაქოს მოხმარება. საჯარო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არავინ დაობს, შეიძლება ვიკამათოთ ბარებზე და რესტორნებზე, მაგრამ რადგან აკრძალვა საყოველთაოა, მათი დანაკარგი იქნება მინიმალური. დაზარალდებიან ბეჭდური მედიის წარმომადგენლები და გარე რეკლამის კომპანიები. თუ კოლოფზე არ იქნება განთავსებული ბრენდის სახელწოდება და ლოგო, ეს ჩაითვლება ინტელექტუალური საკუთრების დარღვევად. კანონი მისაღები იყო, მაგრამ ზომიერების დაცვა ყველგან საჭიროა.
დაგეგმილია ცვლილებები საბანკო სექტორშიც. იზრდება საწესდებო კაპიტალი 12-დან 50 მილიონ ლარამდე და სავალდებულო ხდება დეპოზიტების დაზღვევა. მათგან პირველს ფაქტიურად არ ექნება რაიმე სახის გავლენა, მეორე კი ტვირთად დააწვება მომხმარებელს. დაზღვევა უნდა არსებობდეს, მაგრამ ნებაყოფლობითი. ნებაყოფლობითად უნდა დარჩეს ავტო, აგრო და საპენსიო დაზღვევაც. დავუტოვოთ ადამიანებს რისკის შეფასების და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების შესაძლებლობა. დაზღვევა კარგი პროდუქტია, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს მისი შეძენა არ უნდა დავავალდებულოთ და არც სახელმწიფომ უნდა უყიდოს ვინმეს ჩვენი ფულით. არ არსებობს სახელმწიფო ფული. ის ფული ჩვენი შრომის ნაყოფის ნაწილია. გასაგებია, რომ მოგვიწევს რეგულაციების ნაწილის მიღება ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, უბრალოდ უნდა ვცადოთ, რომ მათი რიცხვი შევამციროთ ან გადაავადოთ მაინც.
რეგულაციების მხარდამჭერნი იტყვიან, რომ 2008 წლის კრიზისი დიდწილად განპირობებული იყო 1999 წელს კლინტონის მიერ გლას სტიგალის აქტის გაუქმებით, რომელიც 1933 წელს მიიღო რუზველტმა და რომელიც ბანკებს უკრძალავდა თანხების დაბანდებას რისკიან აქტივებში. მათ არ ენდომებათ უმცროსი ბუშის გამოსვლის გახსენება „ყველას უნდა ჰქონდეს სახლი“. როდესაც წახალისდა იპოთეკური სესხები და მიიღეს ისეთმა პირებმაც კი რომლებსაც, არათუ არ ჰქონდათ კვალიფიკაცია რომელიმე სფეროში, ინგლისურიც კი არ იცოდნენ კარგად. რყევების დაწყებისას პირველებმა მათ დაკარგეს სამსახური და ვეღარ შეძლეს ვალდებულებების გასტუმრება.
ვიფიქროთ ცოტა მეტი, გავიხედოთ უახლოეს საარჩევნო წელზე ცოტა უფრო შორს. რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ტემპის თუნდაც 1%-ით გაზრდა? საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 4000$-ს უდრის 5%-იანი ზრდის პირობებში 40 წლის შემდეგ გვექნება 28000$, 6%-იანი ზრდის შემთხვევაში კი 41000$. ამ 2 რიცხვს შორის სხვაობა კი 3.25-ჯერ აღემატება ჩვენს ამჟამინდელ შემოსავლებს არადა სხვაობა ზრდის ტემპში ხომ სულ რაღაც 1% იყო? დროის მატებასთან ერთად ეს სხვაობა იზრდება. 2016 წელს გვქონდა სამარცხვინო 2.7%-იანი ზრდა, წელს პირველი 4 თვის მონაცემებით 4.2%-იანი ზრდა გვაქვს, რაც მთლიანად არა, მაგრამ დიდწილად გამოწვეულია მოგების გადასახადის რეფორმით, ამიტომ უნდა შევამციროთ სხვა გადასახადებიც ზრდის დასაჩქარებლად.
რატომღაც ზოგჯერ საკითხი ასე ისმება ეკონომიკური ზრდა VS ადამიანის უფლებები. არ ვგულისხმობ სტალინურ რეპრესიებს, სხვა შემთხვევაში სწორედ ეკონომიკური ზრდის დროსაა დაცული ადამიანის უფლებები
1) სიცოცხლის უფლება: მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც იხოცებიან:
ა) შიმშილით
ბ) არასრულფასოვანი კვებისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით
გ) უწამლობით, უოპერაციობით, უექიმობით
დ) დაგვიანებული მკურნალობით
ე) დაბინძურებული წყლით
ვ) დაბინძურებული ჰაერით
ზ) სიცივით
თ) ნერვიულობით როგორ გამოკვებოს ოჯახი
ი) სუიციდით ვალების მიზეზით
კ) ყაჩაღობით და სხვა დანაშაულით
2) ჯანმრთელობის უფლება. ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისავდომობის შედეგად მცირდება
ა) ეტლით მოსარგებლეთა
ბ) მხედველობა დაქვეითებულთა
გ) სმენადაქვეითებულთა
დ) სხვა მრავალი დაავადების მქონე პირთა რიცხვი
მეტია მათი დასაქმების შანსი, სოციალური დახმარება, ადაპტირებული ტრანსპორტი, შუქნიშანი…
3) განათლების მიღების უფლება
ა) უკეთესი სკოლა
ბ) უკეთესი უნივერსიტეტი
გ) საზღვარგარეთ განათლებამიღებულთა რაოდენობის ზრდა
დ) თვითგანვითარების მეტი შესაძლებლობა
4) გამოხატვის თავისუფლება. სამსახურის დაკარგვის შიშით იმაზე აღარ დაუკრავს ტაშს რასაც არ ეთანხმება
5) გადაადგილების თავისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ
6) ბავშვების, მოხუცებულების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლება. უკეთესი სოციალური პირობები
ხშირად ისმის არგუმენტები XIII საუკუნეში მონღოლები რომ არ შემოგვსეოდნენ, რენესანსი საქართველოში დაიწყო და დღეს ევროპაში პირველები ვიქნებოდითო. (იტალია ნამდვილად არაა ევროპაში პირველი). თემურ-ლენგს რომ არ ელაშქრაო, კრწანისი რომ არ წაგვეგოო, რომ არა 1801, 1921, 1924, 1937 1991-92 წლები ამ დღეში ხომ არ ვიქნებოდითო. ეს ყოველივე დიდწილად მართალია, მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოვიქცეთ ჩვენმა შთამომავლობამ რომ არ თქვას რომ არა ის შეცდომები XXI საუკუნის დასაწყისში ახლა უკეთ ვიქნებოდითო. მიზეზები კი არ შესაძლებლობები უნდა ვეძებოთ. აშშ ბრიტანეთის კოლონია იყო და დღეს სუპერსახელმწიფოა. ბრიტანეთის სხვა ყოფილი კოლონიები: კანადა, ირლანდია, ავსტრალია უსწრებენ მას შემოსავლებით. შემოსავლებით რუსეთს უსწრებს ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანაც. თუ შეძლეს მათ, შევძლებთ ჩვენც. გადასახადებისა და რეგულაციების შემცირებით, უაზრო ხარჯების შემცირებით მივიღებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც უმთავრესი წინაპირობაა როგორც სიღარიბის დაძლევის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.
ბიბლიოგრაფია
www.geostat.ge
www.mof.ge
www.fund.ge
www.nasp.gov.ge