ტრამპის საგადასახადო პოლიტიკა

თამარ შუკვანი
თბილისის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

ტრამპი თავისი პოლიტიკით სრულიად განსხვავდება მისი წინამორბედი პრეზიდენტებისაგან, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ ის რონალდ რეიგანის პოლიტიკის გზას ადგას. იგი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხალხს დაჰპირდა, გადასახადების შემცირებას. ამერიკელი მოქალაქეები დაარწმუნა იმაში, რომ ამერიკული ბიზნესი არ გადაიხდიდა 15%-იან მოგებაზე მეტს.

ტრამპმა ამომრჩევლები ასევე დაარწმუნა, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდებოდა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩის განცხადებით, საგადასახადო რეფორმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება. ტრამპის გეგმის მიხედვით, ბიზნესისათვის გადასახადები 35%-დან 15%-მდე უნდა შემცირდეს. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი თვლის რომ ეს ნაბიჯი დაეხმარება ამერიკას გაუწიოს კონკურენცია ირლანდიას და ბრიტანეთს, სადაც გაედინება დიდი ამერიკული კომპანიების მოგების ნაწილი.

დონალდ ტრამპის ეკონომიკური რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი და მოლოდინი არ ცხრება მსოფლიოში. ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე პროგნოზები არაერთგზის გაკეთდა, რომლის თანახმადაც სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც საგადასახადო პოლიტიკაში, ასევე ვაჭრობაში, საგარეო პოლიტიკაში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში რიგითი ამერიკელების ცხოვრების დონე ვერ გაუმჯობესდა და ვერ დაუბრუნდა 2008 წლის კრიზისამდე არსებულ პერიოდს. ამიტომ გასაკვირია არ არის უცხოური მედიის შეფასებები ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, რომელთა მიხედვითაც ყველაზე მეტად ამერიკელებს ეკონომიკური პრობლემები აწუხებდათ.

გარდა ბიზნესისათვის დაწესებული გადასახადების შემცირებისა, ტრამპი აპირებს მემკვიდრეობაზე გადასახადების გაუქმებას, საგადასახადო შეღავათების დაწესებას ბავშვების აღზრდაზე და ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ტვირთის შემცირებას 39,6%-დან 33%-მდე.

ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიმართულება ასევე არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ის აცხადებს, რომ ობამას პერიოდში უმუშევარი ამერიკელების რაოდენობა 14 მილიონით გაიზარდა. უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ის მიიჩნევს ბრძოლას არარეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. მან განაცხადა კიდეც, რომ გააძევებს ქვეყნიდან 11 მილიონ არალეგალურ მიგრანტს და გააუქმებს სხვადახვა სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებას პირველ რიგში, მექსიკასა და ჩინეთთან. მსოფლიოს მასშტაბით ამ გადაწყვეტილებებს არაერთგვაროვანი რეაქცია და ხშირ შემთხვევაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა ტრამპი დარწმუნებულია, რომ ამ ზომების გატარებას მოჰყვება სხვადასხვა ქვეყანაში გატანილი ქარხნების უკან, შტატებში დაბრუნება.

ექსპერტთა ნაწილი ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკისაგან მოელის მეტ ეკონომიკურ წინსვლას და ნაკლებ „ამერიკულ-დემოკრატიულ“ პროცესებს მსოფლიოში. ისინი აშშ-ს ახალი პრეზიდენტის პოლიტიკას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ტრამპი არის დამატებითი დიდი და კარგი ეფექტი საფონდო ბირჟისთვის.

პარალელის გავლება, როგორც მივხვდით, შესაძლებელია რეიგანთან და მის პოლიტიკასთან. ექსპერტების შეფასებით, რეიგანსაც მაშინ მოუხდა პრეზიდენტის პოსტის დაკავება, როდესაც აშშ-ის ეკონომიკა ძლივს სუნთქავდა. მისი პირველი საგადასახადო კანონპროექტი 1981 წლის აგვისტოში შევიდა ძალაში. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელი 70%-დან 50%-მდე შემცირდა, მინიმალური კი 14%-დან 11%-მდე. ექსპერტების შეფასებით, რეიგანის რევოლუციამ შეძლო და გააუმჯობესა ამერიკელების ეკონომიკური მდგომარეობა. მისი ეკონომიკური გასაღები იყო ადამიანების ქცევის შეცვლა – მათ მეტი პატივისცემა გაუჩნდათ სამუშაოს, ინვესტიციებისა და წარმოების მიმართ.

რის ხარჯზე აპირებს დონალდ ტრამპი გადასახადების შემცირებას? გადასახადების შემცირებას აუცილებლად მოჰყვება ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზრდა.

ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში კრიტიკული განცხადებები გააკეთა „ნატოს“-ს ევროპული წევრების თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს თავისი წვლილი უსაფრთხოების ხარჯებში. „ნატო“-ს ევროპელი წევრების უმეტესობას ხარჯების განაკვეთი დასახულ 2%-ზე ქვემოთ აქვს. ამ განაკვეთის მიღწევის შემთხვევაში, „ნატო“-ს 27 წევრის მხრიდან საერთო ბიუჯეტი წლიური 97 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება. კამპანიის დროს ტრამპის პოზიცია და მისი შეფასებები „ნატო“-სა და აშშ-ის წვლილზე მის დაფინანსებაში კრიტიკული იყო.

Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა კლიმატის ცვლილებაში ჩართულ ფედერალურ სააგენტოებს ხარჯები 17%-ით შეუმციროს. გარდა ამისა, ატმოსფერული კვლევების ადმინისტრაციამ შესაძლოა მისი შემოსავლების $ 126 მილიონი (26%) დაკარგოს და სატელიტური კვლევების დეპარტამენტმა – $ 513 მლნ (22%).

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, გაიზარდოს ბიუჯეტი თავდაცვის სფეროში და შეამციროს საერთაშორისო დახმარების პროგრამების დაფინანსება. პენტაგონისათვის გამოყოფილმა თანხამ, შესაძლოა, 54 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს. ზუსტად იგივე თანხით მცირდება არასამხედრო ხარჯი, რომელიც უცხოურ დახმარებას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ტრამპი საშუალებას აძლევს თავდაცვის სამინისტროს, თავად გადაწყვიტოს, როგორ განკარგავს დამატებით ხარჯებს.

დონალდ ტრამპი, ასევე აპირებს სამთავრობო ხარჯების შემცირებას – იგი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავების დასამზადებლად „ბოინგთან“ დადებული 4-მილიარდიანი კონტრაქტი უნდა გაუქმდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრამპის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავდება წინამორბედი პრეზიდენტების პოლიტიკისაგან. ის მკაცრად არის განწყობილი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი და ლოიალურია, რაღა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი.

შეძლებს აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აშშ-ის მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას? არის თუ არა სწორი გზა, რა გზასაც დაადგა იგი? შესაძლებელია თუ არა აშშ-მა იმაზე მეტი დაკარგოს, რის დაზოგვასაც ცდილობს? ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი ორად იყოფა.

წყაროები:
www.1Tv.ge
www.guardian.ge
www.bpn.ge
www.ipress.ge
www.sachsinvestment.com