გაზრდილი და მაინც მცირე ექსპორტი

გიორგი ელიზბარაშვილი

2017 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტი 30.1%-ით გაიზარდა. ამ რამდენიმე სიტყვიანი წინადადებით გადმოცემული მშრალი ინფორმაცია უდაოდ სასიხარულოა. 30% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არის რამდენიმე გარემოება რომელიც ვერ აქრობს, მაგრამ აფერმკრთალებს ამ წარმატებას. 1) ეს მხოლოდ 87%-ა 2014 წლის პირველის 6 თვის ექსპორტის 2) საგრძნობლად 14.9%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი, რომლის სანდოობაც 2006 წელს გამოვცადეთ. 3) ზრდის უდიდესი წილი მოდის ნედლეულსა და რეექსპორტზე. ეს უკანასკნელი კი ყველაზე ძირეული და სერიოზული პრობლემაა. მთლიან ექსპორტში წმინდა ექსპორტი მხოლოდ 982 მილიონია ანუ 79.5%.

საქსტატი ექსპორტს 1995 წლიდან აღრიცხავს. 2017 წლის იანვრამდე სულ 25$ მილიარდზე მეტი პროდუქციის ექსპორტი მოგვიხდენია. 155 მილიონით დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს 2.9 მილიარდს 2013 წელს მიაღწია. საერთო დინამიკა მზარდია გამონაკლისებით. 1998 წელს აზიის კრიზისისა და უფრო მეტად რუსეთის დეფოლტის ფონზე ექსპორტი პირველად შემცირდა 53 მილიონით, მაგრამ მაშინ 53 მილიონი 22%-ს შეადგენდა. დოლარმა 2 ლარს პირველად სწორედ მაშინ გადააჭარბა. მცირედი 2%-იანი კლება აღინიშნა 2001 წელსაც. ბევრად უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით 2009 წელს 362$ მილიონიანი კლება, ეს კი თითქმის ¼-ს უდრიდა. ყველაფერი ერთმანეთს მიება ომი, ეკონომიკური კრიზისი, საკნების ქალაქი… ამ სამივე შემთხვევას 1 რამ აერთიანებთ კლება იყო ერთწლიანი და მომდევნო წლის ექსპორტი აჭარბებდა კლებამდელს, რასაც ვერ ვიტყვით 2014 წლიდან დაწყებულ პროცესებზე. ამ წელს კლებამ სულ რაღაც 2% შეადგინა, მაგრამ ნოემბერში -35%, დეკემბერში-20%. მომდევნო წელს კი თანხობრივად ყველაზე მასშტაბური 657 მილიონიანი კლების მომსწრე გავხდით 23%, კლება გაგრძელდა 2016 წელსაც. წელს პირველ 6 თვეში 30%-იანი ზრდა გვაქვს, იმისთვის, რომ 4 წლის წინანდელ მაჩვენებელს გადავუსწროთ საჭიროა წლიური 38%-იანი ზრდა. დარჩენილ 6 თვეში კი 45%-იანი ზრდა რაც უკვე ნაკლებად დამაჯერებელია. ყველაზე დიდ ექსპორტს და 3 მილიარდიანი ზღვრის გადალახვას მხოლოდ გაისად უნდა ველოდოთ.

2

რამ გამოიწვია ამ მასშტაბი კლება ზუსტად მაშინ როცა რუსეთის ბაზარიც გაიხსნა და ასოცირების ხელშეკრულებასაც მოვაწერეთ ხელი? მთელს მსოფლიოში გამყარდა დოლარი რამაც გააძვირა იმპორტი, აზერბაიჯანმა აკრძალა 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი, რასაც თან დაერთო ნავთობზე ფასების ვარდნა და მანათის კურსის გაუფასურება. სომხეთი გაწევრიანდა ევრაზიულ კავშირში და მისთვის გაძვირდა ქართული პროდუქციის იმპორტი, თავის პრობლემები ჰქონდა თურქეთს, უკრაინაში ომი მიმდინარეობდა. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის სახელმწიფოც და ბიზნესიც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

იყო დრო, როცა რუსეთის წილი ექსპორტში 30%-საც კი აჭარბებდა, ეტაპობრივად სხვა ბაზრებზე გასვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მცირედით შემცირდა. მას შემდეგ რაც მეზობელმა ემბარგო გამოგვიცხადა ღვინოსა და მინერალურ წყლებზე რუსეთის წილი 2%-ს ჩამოსცდა, ამჟამად კი ისევ მატულობს. პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრობა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ის რასაც დიპლომატები ეძახიან მეგობრობას სინამდვილეში პარტნიორობა და მოკავშირეობაა, რომელიც ნამდვილ მეგობრობასთან შედარებით მყიფეა. ამიტომ ეკონომიკური დამოკიდებულება ერთ რომელიმე ქვეყანაზე ყოვლად დაუშვებელია. შეიძლება დღეს მოკავშირე ხვალ აღარ იყოს მოკავშირე და მეტიც, მტრულად განწყობილ ბანაკში აღმოჩნდეს. შეიძლება უბრალოდ თავის პრობლემები შეექმნას, რამაც დააზარალოს პარტნიორებიც. ეს ყველაფერი გაცილებით კი უფრო მეტადაა გასათვალისწინებელი იმ სახელმწიფოსთან რომლის საოკუპაციო ჯარი ავტობანიდან ფეხით 10 წუთის სავალზე დგას. არსებული 14.83% არაა საგანგაშო ზღვარი, 17.83% იყო 2005 წელს ემბარგომდე, თუმცა ნამდვილადაა ყურადსაღები. 2006 წლის ემბარგოს ეკონომიკის შემცირება არ გამოუწვევია მაგრამ 2007 წლის პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ყურძნის ფასიც გახდა 20 თეთრი კილოგრამზე.

3

რატომ გაიზარდა ასე რუსეთის წილი? ვერ ავცდებით იმ ფაქტს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია. მას არ გააჩნია აშშ-ს შესაძლებლობები, მაგრამ 4 მეზობლიდან პირველია როგორც მოსახლეობის რაოდენობით ასევე ეკონომიკით, როგორც ჯამური ასევე ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ნომინალურითაც და მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტითაც, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით ახლოსაც ვერ მივა გერმანიასთან და ირლანდიასთან, მაგრამ დანარჩენ 3 მეზობელს სჯობნის. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ეს წილი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, გაიზრდებოდა პოლიტიკური დამოკიდებულებაც, ამიტომ ჩემთვის აღნიშნული შესაძლებლობა არაა მიმზიდველი. გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ხარჯი რუსეთთან გვაკავშირებს პირდაპირი საავტომობილო გზა, რუსულ ავიაკომპანიებს ხშირად ადანაშაულებენ დემპინგში. რუსეთში პროდუქციის ხარისხის შემოწმების ერთადერთი ლაბორატორია კრემლში მდებარეობს, დანარჩენი ბლეფია. ქუთაისის აეროპორტმა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ ევროპის მიმართულებითაც უნდა შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები. განსაკუთრებით ამ უკანასკნელმა, რადგან ქუთაისის აეროპორტის ძირითად მიმართულებად მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული პოტენციალის გაზრდა რჩება.

4

ეს ორი გრაფიკი ზემოთ ძალიან კი ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მაინც სხვადასხვაა, პირველი ექსპორტს ასახავს აზერბაიჯანში 2009-2016 წლებში მეორე კი ავტომობილების რეექსპორტს იმავე პერიოდში. დასტური იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს როცა 1 ქვეყანასა და 1 პროდუქტზე დამოკიდებულება მაღალია. თუნდაც ის 1 ქვეყანა მოკავშირე იყოს.

ალბათ ბევრს გვსმენია სასიხარულო ინფორმაცია ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდაო. ზრდა კარგია, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს ზრდა მხოლოდ 24 მილიონი დოლარია, ამას გარდა თუ გაყიდული ბოთლების რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მთლიანი ჯამური ექსპორტი დოლარებში გამოხატული, გამოდის შემცირებულა 1 ბოთლის სარეალიზაციო ფასი. ამ შემთხვევაში კლებამ საშუალოდ ბოთლზე 2.36$-დან 2.24$-მდე შეადგინა. მართალია მეღვინეებს გაუჩნდათ შემოსავალი, შეუმცირდათ შენახვის ხარჯები, მაგრამ შემცირებული ფასის გამო შემოდგომაზე არ ასწევენ, ყოველ შემთხვევაში საგრძნობლად, ჩასაბარებელ ფასს, ეს კი გამოიწვევს ისევ უკმაყოფილებას და ისევ სუბსიდირებას. რუსეთში ექსპორტირებულია მთლიანი ოდენობის 61%, თუმცა ჩინეთი ყველაზე მზარდ ბაზრად რჩება 104%-იანი ზრდა და 12.2%-იანი წილი. საფრანგეთში 457%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჯერ ძალიან უტოპიურია მსოფლიოს რომელიმე წამყვანი ეკონომიკური გამოცემის შემდეგი სათაური „ქართულმა ღვინომ ფრანგული ბაზარი დაიპყრო.“

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ვსარგებლობთ ევროკავშირთან, დსთ-სთან გარკვეული შეზღუდვებით, თურქეთთან, მალე ძალაში შევა იგივე ჩინეთთანაც. ამასთან ამ ეტაპზე არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს აკრძალული და არც მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს დაწესებული ქართული პროდუქციის იმპორტზე, მაგრამ რა გავყიდოთ რაც არ გვაქვს? მწარმოებლურობის სიმცირე ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემაა.

5

ცხრილში მოცემულია იმ პროდუქტთა სია, რომელთა ექსპორტმაც 20$ მილიონს გადააჭარბა პირველ 6 თვეში. სპილენძის მადნები-რეექსპორტი, თუ ექსპორტში პირველია იმპორტში მე-5 ადგილს იკავებს 166 მილიონი დოლარით. ფეროშენადნობი-ნედლეული, მსუბიქი ავტომობილები-რეექსპორტი, ღვინო წარმოება, სამკურნალო საშუალებები-ძირითადად რეექსპორტი, სპირტიანი სასმელები წარმოება, სასუქი-წარმოება, ოქრო-ნედლეული, თხილი ნედლეული, ტრიკოტაჟი-წარმოება, ნედლი ნავთობი რეექსპორტი და ნედლეული. 837$ მილიონიდან 72%-ზე მეტი 608$ მილიონი რეექსპორტი ან ნედლეულია. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 120$ მილიონი დოლარია, ყურძენი რისგანაც ის მიიღეს ყველაზე ბევრი 30$ მილიონი, ისიც სახელმწიფო სუბსიდიის გათვალისწინებით. ფასნამატი ყველაზე ცოტა 300%. ახლა წარმოვიდგონოთ რა მოხდება თუ ფეროშენადნობს როგორც ნედლეულს ისე კი არ გავყიდით, მისგან ვაწარმოებთ ლითონის სხვადასხვა კონსტრუქციებს და მივცემთ მზა პროდუქტის სახეს. ოქროს მაგივრად გავყიდით საიუვილერო ნივთებს ბეჭედი, საყურე, სამაჯური, ჯაჭვი… თხილის მაგივრად შოკოლადს რომ ვყიდდეთ. რა მოხდებოდა ყველაფერი რომ მართლაც ასე იყოს? ამ 837-ს წინ ციფრი „1“ მიეწერებოდა და 1837$ მილიონი გახდებოდა, წარმოების პროცესში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდებოდა, ბიზნესები ჯამში უფრო დიდ შენატანს განახორციელებდნენ ბიუჯეტში… თუ ეს ყველაფერი ბიზნესისთვისაც კარგია, დასაქმებულისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც მაშ რაღა გვიშლის ხელს? წარმოების დაწყება ასე მარტივი არ არის, მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა ინვესტორი, რომელიც უნდა დაარწმუნო დარგის მომგებიანობაში, მან თავის მხრივ უნდა ჩაატაროს კვლევა, მოიძიოს გასაღების ბაზარი, შექმნას კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რამდენიმე წელი იცადოს სანამ მოგებაზე გავა… ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაშინ როცა ნედლეულის კლიენტის მოძიება და მოგებაზე მცირე დროში გასვლა გაცილებით იოლია. ნედლეულზე დამოკიდებულება კი არავისთვის დასრულებულა სასიკეთოდ. რამდენიმე სახელმწიფო შეძლო მისი გამოყენება ჭკვიანურად (ყატარი, ემირატი, ქუვეითი) ნავთობისგან მიღებული შემოსავლები სხვა დარგებში გადაამისამართა და თავი დაიზღვია. ქვეყნების უმეტესობას კი შესამჩნევი და ზოგჯერ ძალიან მძიმე დარტყმა მიადგათ ნავთობის ფასების კლებისას. საბოლოო პროდუქტზე იქნება ეს სმარტფონი, ავტომობილი, ტანსაცმელი თუ ავეჯი ფასები რა თქმა უნდა ასევე იცვლება, მაგრამ უფრო მცირედით, სტაბილურობა ამ შემთხვევაში უფრო მეტია. რეექსპორტი კი არა ადამიანებს იმპორტიც ასაქმებს, მაგრამ შევადაროთ რაოდენობაც.

რაღაც ტიპის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს ისეთ ქვეყნებთანაც კი აქვს როგორებიცაა გვატემალა და უგანდა. მაგრამ ის ქვეყნები, რომელთანაც პირველ 6 თვეში 10$ მილიონზე მეტი ექსპორტი განხორციელდა შემდეგია:

6

გრაფიკზე 2 ნათელი წერტილია ჩინეთი და აშშ.

7

მსოფლიოს #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან რაღაც უცნაური ტეხილის ფორმა გვაქვს არასტაბილური, #2-თან კი თითქმის მუდმივად მზარდი. შესაძლოა გრაფიკზე ყოფილიყო მესამეც ევროკავშირი, მაგრამ 2004 და 2007 წლებში ის 2-ჯერ გაფართოვდა და შესადარებლად რელევანტური აღარ იქნებოდა.

მთლიანი ექსპორტი საერთო ჯამში გაიზარდა, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბით. ქვეყნის ჯგუფების მიხედვით ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნა დსთ-ში-61.2% ძირითადად რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ხარჯზე, ზრდა იყო ევროკავშირშიც-30.4% და სხვა ქვეყნებშიც.

8

ბაზრის უდიდესი ნაწილი კი კვლავ აუთვისებელი რჩება, ისეთ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში როგორებიც არიან ირლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ახალი ზელანდია, ყატარი, ექსპორტი იმდენად მცირეა სულ რამდენიმე ასეულ ათასი, რომ გრაფიკზე არც კი იკითხება. თითქმის 0-ს უტოლდება ექსპორტი ბრაზილიასა და ინდონეზიაში სადაც ძალიან მაღალია სიღარიბე, მაგრამ მოსახლეობა ჯამში 470 მილიონს აღემატება. 5 მილიონზე ნაკლები 1.34 მილიარდიან ინდოეთში, დაახლოებით იმდენივე დიდ ბრიტანეთში, კორეასა და იაპონიაში. კანადაში ოქროს მაინც ვყიდდით ადრე, წელს იმასაც აღარ. მთლიანობაში კი იმ ქვეყნებში სადაც 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი 40000$-ს ან მოსახლეობა 100 მილიონს აღემატება გაგვაქვს 60-65 მილიონი დოლარის პროდუქცია. რომ გავაწლიუროთ 120-130 მილიონი დოლარი რაც ძალიან მცირეა. ძალიან მცირეა იმ ბაზრისთვის რომლის მოსახლეობა 2 მილიარდს, მშპ კი 10 ტრილიონს აღემატება.

9

1995 წლიდან მოყოლებული 2017 წლის ივლისამდე სულ 26 მილიარდის საქონელი გავყიდეთ და 86 მილიარდის ვიყიდეთ. არ ითვლება 2004 წლამდე არსებული ან თუნდაც შემდგომი პერიოდის კონტრაბანდული პროდუქცია, არც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები, პრინციპში ეს არც უნდა ითვლებოდეს. თავის მხრივ რადგან ექსპორტი არ იბეგრება, ქვეყნიდან პროდუქციის გატანაზე არ არის იმ სახის კონტროლი, რაც შემოტანაზე ამიტომ რეალური ექსპორტი აღემატება ოფიციალურ მაჩვენებელს. ოფიციალური სტატისტიკა კი მაინც ასეთია:

10

იმპორტი ყოველთვის აღემატებოდა ექსპორტს, თუმცა აბსოლუტური მონაცემი ბევრს არაფერს გვეტყვის, ასე ყველაზე დიდი უარყოფითი სავაჭრო სალდო აშშ-ს აქვს 600 მილიარდზე მეტი. ვნახოთ ჩვენი სავაჭრო სალდო პროცენტულად

11

პატარა ქვეყანა რომ ვართ ტერიტორიითა და მოსახლეობით გავიგეთ. ვიცით. 27 წელია ამით ვიმართლებთ თავს, ოღონდ ჩვენზე პატარებს, მაგრამ ბევრად მდიდრებს არ ვახსენებთ. ლიტვა მოსახლეობა 2.8 მილიონი ექსპორტი 25.4 მილიარდი, ესტონეთი 1.3 მილიონი, ექსპორტი 12.8 მილიარდი, ნიდერლანდების მოსახლეობა 17 მილიონია, 4.5-ჯერ მეტი, მაგრამ ექსპორტი 569 მილიარდი 250-ჯერ მეტი. იმით ხომ არ გვენუგეშებინა თავი, რომ 21 მილიონიან ნიგერიას 2-ჯერ ვჯობივართ, 34 მილიონიან ავღანეთს კი 4-ჯერ? არა და არა! თუ ფეხბურთელი ხარ მესის უნდა ეჯიბრებოდე, თუ ფეხბურთის გუნდი ბარსელონას, იყოს რეალი, მანჩესტერი, მაგრამ არა თბილისის დინამო, ფიზიკოსის მიზანი აინშტაინთან გათანაბრება უნდა იყოს, კომპოზიტორის ბეთჰოვენთან. ჯობნაც შეიძლება. ეკონომიკაშიც ჩვენზე მაგრებს უნდა შევედაროთ და არა სუსტებს. 200-ზე მეტი ქვეყანა გახდება 1 დღეში დემოკრატიული თუ ყველა ჩრდილო კორეას შეედარა.
რომი ერთ დღეში არ აშენებულა, ვერც საქართველოს შემოსავალი გახდება 3 წელიწადში 50 ათასი დოლარი 1 სულ მოსახლეზე ან ჯამური 100 მილიარდის ექსპორტი, მაგრამ ყოველი დაკარგული წუთი ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ექსპორტის გასაზრდელად წარმოების ზრდაა საჭირო, წარმოების გასაზრდელად კი ინვესტიციების ზრდა, როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები, პატარა რაკეტებდამიზნებულ ქვეყანაში რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის? უნდა შევამციროთ ბიუროკრატია და გადასახადები მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი ისედაც მცირეა. მართალია არაა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა, მაგრამ კადრების გადამზადებამ წესით რაღაც შედეგი უნდა მოგვიტანოს. თავად ჩავატაროთ კვლევები რომელ დარგში რა პოტენციალი გაგვაჩნია, ოღონდ რეალური, გაუზვიადებელი უკუშედეგი რომ არ მოგვცეს.

ბიბლიოგრაფია
www.geostat.ge
www.nbg.gov.ge
www.georgianewine.gov.ge
www.worldbank.org