რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

Don’t worry, be happy!
არ დაიდარდო-თ, ანუ ბედნი-ერი.
უხვი და ოქროსფერი, მადლიანი გამოდგა შემოდგომა.
დაშაქრდა და ათუხთუხდა ვაზი, ბუნება გახდა ნაზი, გლეხს არ ერევა ბრაზი, სავსე აქვს ღვინის თასი, შრომას დაედო ფასი.

უაზროდ მოვალაჯებდი ყვითელ-წითელ-მწვანით მოფენილ ქუჩაში… ხარბად ვისუნქავდი შემოდგომის სიცივეშეპარულ, ხვავით და ბარაქით გაჯერებულ ჰაერს და ეჭვიანად ვათვალიერებდი ჩემს ქალაქს. ვიღაც ყურძნის ყიდვას მთავაზობდა, იქვე, ათასგვარი ხილის გამოფენა იყო და ადამიანთა ფუსფუსი სიმფონიასავით მესმოდა. ვიღაც გაზის მილებს აკეთებდა, “მონტიორი” შუქის ხაზების სიმტკიცეს ამოწმებდა, ჯმუხი ტილოსანი (ვისაც შავი ტილო ეცვა) ფისს ადუღებდა და ასფალტის დასაგებად ემზადებოდა, ღუღუნებდა ქვეყანა, ოხშივარი ასდიოდა ქალაქს.

უცებ, ამ იდილიაში წითელქუდას სოკოებივით ბიჭი და გოგო აღმოცენდა. ღიმილს ისე აფრქვევდნენ, გეგონებოდა ამ ბედკრულ ქვეყანაში კი არ ცხოვრობენ, ზღაპრული სამეფოს პრინცი და პრინცესა არიანო. მათაც წითელქუდას კალათივით ჩანთა ეჭირათ და ქადების მაგივრად, რაღაც ბროშურებს მთავაზობდნენ და რადგანაც, რაღაც მაინც უნდა წამეკითხა, ამ პრესის წაკითხვას, სადაც დიუმას რომანებივით გრძელი და მთავრობის მოხსენებასავით მოსაწყენი ამბები წერია, ვამჯობინე, ეს ბროშურა გამომერთმია და გულდაგულ წამეკითხა.

ჰო, ჰო, საარჩევნო პარტიის პროგრამა ყოფილა. სულ წვრილ-წვრილად გავეცანი, ისეთი ტკბილი იყო, წითელქუდას ქადები მასთან რა მოსატანია?! მერე სხვა ვარსკვლავბიჭუნამ და მტრედისფეხება გოგონამ სხვა ბროშურა მომაწოდეს და ქუჩის ბოლოს უკვე შვიდი მქონდა ასეთი. რადგან შვიდი საკრალური, ღვთიური ციფრია, მეტი აღარ გამოვართვი და ყველა სტუდენტს გულმოდგინედ წავუკუთხე: სამუშაოს მოგცემთო, – უფ, კაია! დაგასაქმებთო, გიმკურნალებთო, – მომეწონა, ეს ბევრს გვჭირდება, აფხაზეთს დაგიბრუნებთო, დემოკრატიას და თავისუფლებას მოგიტანთო, ეკონომიკას ავაყვავებთო (არადა, აყვავების სეზონი მაისი მეგონა), ჯარს შევქმნითო და შუქს, გაზს უფასოდ მოგცემთო (არ იყო დაკონკრეტებული, რომელ გაზზე იყო საუბარი).

მეამა ფრიად, მერე ყველა ერთად გავაერთიანე, ცას ავხედე, ციური სამოთხე მიწაზე ხომ არ ჩამოვიდა-მეთქი? არა, ცა თავის ადგილას იყო, სამოთხისას ვერაფერს გეტყვით. გულში გავიფიქრე: არ დაიდარდო, იდიდე მუშავ წამებულო, ერო ტანჯულო, დადგა დრო სანატრელი!

ყველა პარტიის დანაპირები ერთად გავაერთიანე – გაჭრილი ვაშლივით გვანდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთიანობაში ზღაპარს ჰგავდა, ჰო, წითელქუდას ზღაპარს…

მიხაროდა და მინდოდა მეყვირა: ხალხო, გაიღვიძეთ, ნუ ხართ მოწყენილები, იყავით ბედნიერები! მაგრამ, რაღაც მაკლდა, ზღაპარს პერსონაჟი აკლდა. ჰო, მგელი! მგელი ჯერ არ ჩანდა. შემეშინდა, ავიძურწე და ქუჩიდან ქურდივით გავიპარე, ვიღაც ბოლოში ყვიროდა “კმარას”, ვიღაც მათხოვრობდა, მშიერი ბავშვი ბღაოდა სადღაც და ეძებდა დედას, ვიღაც გოდებდა ომში დაღუპულ შვილს, ვიღაც მისტიროდა დაკარგულ ძილს, ვიღაც აგროვებდა ბუნკერში ზეციურ ცვილს, ვიღაცას უმტვრევდნენ ხრტილს.

მშვიდობით გავეცალე ქუჩას და სიხარულმა ისევ ამავსო. თავს ვუსაყვედურე, არ უნდა გამოხვიდე მეთქი ზღაპრების ასაკიდან? მაგრამ, ტკბილი რომაა ეს შეჩვენებული ტყუილი, უკაცრავად, ზღაპარი? თუნდაც, ბოლო ათი წელი მეხუთედ გიკითხავდნენ.

ისევ ხილის გამყიდველთა რიგში მოვხვდი – ვირტუალური სიუხვიდან რეალურში და შემოდგომით დავტკბი. ანაზდად გავიფიქრე, რომ აყვავებულმა ეკონომიკამ არა, მაგრამ მოწეულმა მოსავალმა გამახარა. ისიც გამიხარდა, რომ ისინი მარტო ხილს და არა ხმას და სინდისს ყიდდნენ და არც მე ვყიდულობდი ხმას და არ ვიხდიდი მასში არც ტყუილ ზღაპარს და არც ფულს. არ იდარდო, – ვუთხარი ჩემს თავს.

წითელქუდას ვირტუალური ზღაპარი კარგია, მგელის პერსონაჟი რომ არა. ოქროსფერი შემოდგომაა და ელეგიური ძილქუში მოერია ხალხს, ფერი დაჰკარგვია მსხალს, ძალს ჩვენა ვართ, ისინიც არიან ძალს, დაბნეულები ვდგავართ და ვერ ვავლებთ ზღვარს, ვერ ვარჩევთ სიცრუეს მტკნარს, სიმართლეს მშრალს, შხამიან თასს და უმანკო გრაალს. თუ არ ვიფხიზლებთ და მივცემთ ხმას, ნაყოფს მოვიმკით მწარს!
ნუ იდარდებთ, იყავით აბედნი-ერი.