ეკონომისტი-ყველაზე რთული პროფესია საქართველოში

გიორგი ელიზბარაშვილი

სექტემბრის თვის მეორე პარასკევს საქართველოში ეკონომისტის დღე აღინიშნა. უღიმღამოდ. ბევრს არავის გახსენებია, რა ვუყოთ, არ ვართ პოპულარულები, ჩვენ არც ვმღერით, არც მიტინგზე გამოვდივართ მგზნებარე სიტყვით და არც ჩაგრულ უმცირესობად ვასაღებთ თავს. არ ვუყვარვართ ჟურნალისტებს, ხშირად ვერ გაუგიათ რას ვამბობთ, მართალია მათ იციან ჯასტინ ბიბერი რომელ წვერის საპარსს მოიხმარს, მაგრამ „უარყოფითი სავაჭრო ბალანსის“ განმარტებას ინტერნეტში ეძებენ. არ ვუყვარვართ მთავრობის წევრებს როცა ვამბობთ რომ 3%-იანი ეკონომიკური ზრდა კატასტროფაა საქართველოსთვის. არ ვუყვარვართ ოპოზიციას რადგან არ ვეთანხმებით იმაში, რომ ქვეყანაში რეცესიაა. რა საჭიროა გამოგონება ისე აკლია ხელისუფალს საკრიტიკო? რაც მთავარია არ ვუყვარვართ მოსახლეობას, უცნაური იდეებით გამოვდივართ. პოპულარობა კი შეგვიძლია, მაგრამ მასე ჩვენი ეკონომისტობიდან დიპლომიღა დარჩება. სამწუხაროდ ასეთი უფრო მეტია.

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო ქართული ანდაზაა და ნებისმიერ დროში გამოსადეგი. კარგია რომ განვვითარდით ცოტათი მაინც და სიმართლის მთქმელს აღარც წვავენ, აღარც ენას აჭრიან, აღარც ხვრეტენ, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, (ვაღიაროთ ამ მხრივ რიგ სახელმწიფოებზე წინ ვართ) მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დიდადაც არ სწყალობენ. როდესაც ფროიდის წიგნები დაწვეს მან ირონიული სიხარულით აღნიშნა, 3 საუკუნით ადრე რომ დავბადებულიყავი მე დამწვავდნენ ახლა წიგნებს დასჯერდნენო. ჩვენც აღარ გვხვრეტენ თორემ მოსყიდულებს და უვიცებს კი გვეძახიან. არაუშავს. ესეც გაივლის.

მიზეზი მთავრობის, ოპოზიციის თუ რომელიმე სხვა ჯგუფის მარტივი და გასაგებია არ აამებ? ცუდი ხარ? აი მოსახლეობის განწყობა კი უფრო ღრმადაა შესასწავლი. მიზეზები ბევრია, მაგრამ შეიძლება რამდენიმეს გამორჩევა 1) საბჭოთა წარსული 2) დაბალი ეკონომიკური განათლება 3) ფსიქოლოგიური ფაქტორი-სურვილი გახდეს რეალობა.

ბევრი დღემდე თვლის, რომ სსრკ ბოროტება მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საქართველოს წართმეული ჰქონდა დამოუკიდებლობა, მხოლოდ ეს იმხელა დანაშაულია, რომ სხვა დანარჩენს თავისუფლად გადაწონის, მაგრამ არც გაუგონარი ეკონომიკური ექსპერიმენტი ყოფილა ნაკლები. ადამიანს წაართვა საკუთრება, ეს იგივეა წაართვა თავისუფლება. რამდენს შეუძლია გადაიქცეს მშიერ იდეალისტად? ძალიან ცოტას. 20-იან 30-იან წლებში მოქნეული მათრახი 60-იან 70-იან წლებში თაფლაკვერად გადაიქცა. მართალია პროლეტარიატის დიქტატურაც გამოაცხადეს (თან თანასწორობას იფიცებოდნენ) პოეტებს ამუნათებდნენ დედოფალზე კი არა კოლექტივში მომუშავე ქალზე დაწერეთ ლექსებიო, შაბათობებსაც აწყობდნენ, მაგრამ რეალურად კი გააზარმაცეს ხალხი. როგორ? ყველაფერს სახელმწიფო აკეთებდა და მასე. მშობიარობა, ბა, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი ყველაფერ უფასოს სახელმწიფო გაძლევდა, ავად გახდებოდი, სახელმწიფო გმკურნალობდა, სკოლის ან უმაღლესის დამთავრების შემდეგ სამსახურს სახელმწიფო გაძლევდა, ბინას სახელმწიფო გიშენებდა. ერთი ეგ იყო გადამეტებულად ზარმაც სიძეს ვერ ეხმარებოდა ქორწინების ღამეს. პრობლემა კი აღქმაშია. მაშინ თითქმის ყველას და ახლაც ბევრს, სჯერა, რომ ეს ყოველივე მართლა უფასო იყო. არა, ფასი იყო იმაზე მაღალი ვიდრე წარმოგვიდგენია. მისი ფასი გახლდათ თავისუფლება როგორც ქვეყნის, ასევე პიროვნული. უფასო არც ამჟამინდელი შეღავათიანი კრედიტები, გრანტები და პოლიტიკური მხარდაჭერაა. დასავლეთი სანაცვლოდ მოითხოვს ასევე საპასუხო პოლიტიკურ მხარდაჭერას. ავღანეთში ნატოს მხარდამჭერ მისიაში ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა ყველაზე მეტია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ბევრ ალიანსის წევრ ქვეყანასაც აჭარბებს. დღემდე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს იმაზეც თუ რატომ დაინგრა „სოიუზი.“ იმპერიის ნგრევაში აშშ-ს წილი მხოლოდ მიზერულია, ის სინამდვილეში მასონებმა დაანგრიეს. ამ აბსურდული წინადადების პირველი ნახევარი სიმართლეა. სსრკ სწორედ იმან დაანგრია რის გამოც მოსწონდათ ბევრს. გაზეთი „კომუნისტის“ დაბეჭვდაც 2 კაპიკზე ძვირი ჯდებოდა და სასტუმრო „იზმაილოვოში“ ღამის გათევაც 4 მანეთზე მეტი. ამ მასშტაბის სუფსიდირება ერთ დღესაც შეუძლებელი გახდა. დღესაც სიამაყითა და სიანულით იხსენებენ როგორ წამოიღეს საწყობიდან 300 ტომარა ცემენტი 50-ის ფასად, 100 კგ. ხორცი 25-ის ფასად და 200 ლიტრი ღვინო უფასოდ. ვერაფერს იტყვი მაგარია თუ დავაჯამებთ ყველაფერს ლეგალურსაც და არალეგალურსაც რასაც საშუალოსტატისტიკური ქართველი თავის 160 მანეთიანი ხელფასით ღებულობდა და დღევანდელ დროში დღევანდელი ფასებით გადმოვიტანთ იქნებ 1000 ლარზეც ავიდეთ. არაა ბევრი, მაგრამ არც სიღარიბეა. ადამიანებს ჯიუტად არ სურთ იმის დაჯერება რომ ის დრო აღარ და ვეღარ დაბრუნდება. მთლად სსრკ-ს აღდგენას აღარ ითხოვენ, მაგრამ თუ დენი ისევ 4 თეთრი გახდება, მეტრო 5 და მოპარვის საშუალებაც მიეცემათ (მასებს) კმაყოფილები დარჩებიან. ეს კი აღარ მოხდება ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ. უცნაურია, როცა ადამიანი იმას კი არ ნატრულობს საშუალება მქონდეს რაიმეს შეძენისო, იმას სთხოვს ღმერთს ვიღაცამ მაჩუქოსო.

დაბალი ეკონომიკური განათლება დიდწილად კავშირშია მძიმე წარსულთან. ადამიანები ფიქრობენ, რომ რაიმეს მიღება უფასოდ შესაძლებელია. ეს შეუძლებელია! ყოველთვის როდესაც რაღაცას ვიღებთ, რაღაცას ვთმობთ მის სანაცვლოდ. ჩვენ კი გვინდა, რომ უფასო იყოს განათლებაც, ჯანდაცვაც და სხვა საზოგადოებრივი სიკეთეებიც. კარგი იქნება თუ გვექნება ამ სერვისების შეძენის საშუალება. საშუალო განათლება მართლაც უნდა ფინანსდებოდეს, თუმცა უმჯობესი იქნება ვაუჩერის გაცემა მოსწავლეზე, შემდეგ მან და მშობელმა გადაწყვიტოს სახელმწიფო სკოლაში ივლის თუ დაამატებს ფულს და კერძოში. უმაღლესი განათლებაც ამ პრინციპით უნდა ფინანსდებოდეს ოღონდ მხოლოდ მაღალქუსლიანი აბიტურიენტებისთვის და სტიპენდიაც მაღალქუსლიანი სტუდენტებისთვის. განათლების სფერო ის გამონაკლისია სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ხარჯის გაღება. ასევე ცოტა უხეშად ჩარევა რათა ბევრ უმაღლესს აკრედიტაცია გაუუქმდეს, მანამ მშობელი არ მიხვდება რომ ფულს ყრის. მათ ისევე უნდა ჰქონდეთ მუშაობის უფლება ოღონდ გაცემულ მოწმობას „დიპლომი“ აღარ უნდა ერქვას. 9000 ლარით (2250*4) ან უფრო მეტითაც ბევრად უფრო მეტი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისთვის, ვიდრე დიპლომის ყიდვა. კერძო სექტორიც რაც მალე გაიაზრებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სამუშაოების ნახევარზე მეტში უმაღლესი განათლება არაა აუცილებელი მით უკეთესი. განათლების დაფინანსება გონივრული გზებით არაა უფასო განათლება, ესაა გრძელვადიანი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ინვესტიცია. კომუნალური გადასახადების ან კარტოფილის მოსავლის სუბსიდირება კი არის ხარჯი, რომელსაც არ ექნება ამონაგები. სარგებელს სხვის ხარჯზე ნახულობს მხოლოდ სუბსიდიის მიმღები და არა მთელი ქვეყანა. ხშირად რამდენიმე ბიზნესმენიც ღებულობს სარგებელს. გასულ წელს გლეხმა რქაწითელი 85 თეთრად ჩააბარა საიდანაც 45 თეთრი სუბსიდია იყო. სუბსიდიის გარეშე 40 თეთრი უნდა ყოფილიყო, რაც მართლა ძალიან მცირეა და არ ფარავს მოსავლის მოსაყვანად გაწეულ ხარჯებს, ანუ ასეთ პირობებში თუ სახელმწიფო უარს იტყოდა სუბსიდიაზე, გლეხისთვის ყურზნის წარმოება არამომგებიანი გახდებოდა, ქვეყანა ღვინოს ვეღარ გაყიდდა. წელს სუფსიდია აღარ გაიცემა, მაგრამ ქარხნები 75 თეთრში იბარებენ. რა გამოდის? თურმე 45 თეთრიდან გლეხს მხოლოდ 10 თეთრი ემატებოდა, ბიზნესმენს კი 35. მსგავსი სუბსიდია გამართლებულია მხოლოდ რაიმე კრიზისის ან კატაკლიზმის შემდეგ. სუბსიდიაა ესაა ფული, რომელიც გროვდება გადასახადის გადამხდელებისგან. ჩვეულებრივ პირობებში ვიღაც მოიგებს, ვიღაც იზარალებს. ბიზნესი რისკის გარეშე არ არსებობს.
საჭირო იდეები არაპოპოლარულია. პოპულარული კი ხშირად მავნებლური. ისევ სერ უინსტონ ჩერჩილს დავესესხები და ვიტყვი, პოლიტიკოსები მომავალ არჩევნებზე ზრუნავენ, მოღვაწენი მომავალ თაობაზე. „ცოცხალი ქართველი მოღვაწე“ 3 სიტყვიანი ანეგდოტი. დავუშვათ არჩევნებში 2 კანდიდატი იღებს მონაწილეობას და მოსახლეობა ორივეს თანაბრად ენდობა, ანუ არჩევანს გააკეთებს მხოლოდ იმის მიხედვით თუ რას დაპირდება ან ერთი ან მეორე. პირველი პატიოსანი ეკონომისტია მეორე პოპულისტი. პირველმა განაცხადა რომ გააორმაგებს ელექტროენერგიის წარმოებას, რითაც მოიზიდავს მილიარდობით დოლარ ინვესტიციას, დაასაქმებს ათასობით ადამიანს, გაზრდის ექსპორტს და ენერგოდამოუკიდებლობას. მეორემ ბევრი განმარტების გარეშე ტარიფების განახევრების პირობა დადო. რომელი გაიმარჯვებს? ცხადია მეორე, თანაც შესამჩნევი უპირატესობით. გადმოვიტანოთ რეალობაში 2016 წელს საქართველოში იწარმოა 11.57 მილიარდი კვტ/სთ. იმავე ოდენობის გენერაციის დამატება ნიშნავს ყველაზე ცოტა 4$ მილიარდ ინვესტიციას 10 ათას სამუშაო ადგილს და 500$ მილიონ ექსპორტს. ახლა მეორე ვარიანტი განვიხილოთ მოხმარებამ შეადგინა 11 მილიარდი კვტ/სთ. ტარიფის განახევრება, თუ დავუშვებთ რომ ყველა 100 კილოვატამდე მოიხმარს 715 მილიონი ლარის სუფსიდირებას მოითხოვს, სინამდვილეში პირველ საფეხურში ძალიან ცოტა ხვდება, შემცირებული ტარიფით მოხმარება გაიზრდება, გენერაცია არ გვეყოფა და საჭირო გახდება იმპორტი რაც კიდევ უფრო ძვირია. რეალურად სუბსიდია ყველა შემთხვევაში 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამასთან მოძველებული ხაზები დატვირთვას ვერ გაუძლებს ესეც დამატებითი ხარჯი. ეს რომ ყველას სათითაოდ აუხსნა ტარიფების განახევრება მაინც უფრო მიმზიდველად დარჩება. ის რის გამოც არ ირჩევენ ძალიან პოპულისტ პოლიტიკოსს უნდობლობაა, ფიქრი რომ ატყუებს და არც ტარიფს შეამცირებს არჩევის შემდეგ და არც პენსიას გაზრდის. ან იმიტომ, იმას მაინც არ გაიყვანენ და ჩემი ხმა დაიკარგებაო. კომუნისტური პარტიები ჯამში 0.5%-ს ვერ აგროვებენ, მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ძველ დროს 15% მაინც მისტირის.

რამდენი იდეაა, რომელიც ეკონომიკურად მომგებიანია, მაგრამ პოლიტიკურად დამაზარალებელი, ზოგჯერ თვითმკვლელობის ტოლფასიც.
1) საპენსიო ასაკის გათანაბრება 65 წლამდე. ერთ-ერთ ტელეშოუში დაისვა მსგავსი საკითხი, სინამდვილეში მამაკაცებისთვის 60 წლიანი ზღვრის იდეა წამოაყენა რომელიღაც პოლიტიკოსმა. ერთ-ერთმა ფემინისტმა შეიცხადა მამაკაცებს რომ 35%-ით მეტ ხელფასს იღებენ და რატომ აქ არ ითხოვთ თანასწორობასო? ის ფემინისტი არ ან ვერ ხვდება განსხვავებას სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის, ასეთი სხვაობა მხოლოდ კერძო კომპანიებშია სადაც გარიგებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებები ნებაყოფლობით იდება. 60-64 წლის ასაკის ადამიანებში უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი 5.3 პროცენტია, საქსტატი სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში კონსოლიდირებულ სტატისტიკას არ გვთავაზობს, მაგრამ გვეუბნება, რომ ზოგადად ქალებში უმუშევრობის დონე 8.8 პროცენტია, ხოლო მამაკაცებში 14.2 60-64 წლის 119 ათასი ქალია. 180 ლარიან პენსიაზე დაანგარიშებით 257 მილიონი ლარი წელიწადში. საპენსიო ასაკის გათანაბრების შემთხვევაში, თუ ისევ ასაკიან ადამიანებს მოვახმარდით ამ თანხას პენსიის 30 ლარით გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი. ასე უფრო სამართლიანიც იქნებოდა და უფრო ეფექტურიც, მაგრამ ამავე დროს არაპოპულარული, საწყის ეტაპზე მაინც.

2) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია. როცა ეს დაშვებული იყო 5 მილიონი ჩინელი და 7 მილიონი ინდოელი არ ჩამოსახლებულა. მიწით ინტერესდებიან სიიაფის გამო, მოთხოვნის ზრდა, გამოიწვევს ფასის ზრდას, რაც შემდგომ შეამცირებს ინტერესს. გლეხი დარჩება მოგებაში ძვირად გაყიდის აქტივს, ამავე დროს ნაწილზე მაინც დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც გაზრდის მოსავლიანობას, ქართველ ფერმერს გაუჩენს მიბაძვის სურვილს, ეს კი საერთო ჯამში შეამცირებს იმპორტს, გაზრდის ექსპორტს. მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ზოგან უკვე საშიშია ისეთი რეაქცია აქვს ბევრს.

3) ე.წ. სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია. სახელმწიფო კომპანიების უდიდესი უმრავლესობა წამგებიანია. არც რაიმე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს. არც „თელასს“ მოუვა აზრად რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალაქი ჩააბნელოს და არც „სოკარს“ რომ გაზი გადაკეტოს. რკინიგზის მომავალ მფლობელიც არ აკრძალავს მგზავრთა გადაადგილებას ან ტვირთის ტრანსპორტირებას. დღეს ხდება ამ კომპანიების ბიუჯეტიდან დოტაცია. პრივატიზაციის შემთხვევაში მომენტალურადაც შევა დიდი ოდენობის თანხა ბიუჯეტში და შემდეგაც გადასახადების სახით.

4) დიდი ჰესების მშენებლობა. დაწვრილებით აღარ მოვყვები, ზემოთაც მიწერია და ცალკეც მაქვს სტატია ამაზე, უბრალოდ დიდი ჰესები გაზრდის ენერგოდამოუკიდებლობას, ექსპორტს და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ჰესი-ეკოლოგიურია, თბოსადგური არაეკოლოგიური, მაგრამ მის მშენებლობას ყველა დუმილით ხვდება.

5) ბიუროკრატიის შემცირება. ესეც არაპოპულარულია? ამაზე ხომ ყველა თანხმდება? ასეა, მაგრამ კულტურის სამინისტროს გაუქმების საკითხი თუ დადგა დაიწყება აქციები, შიმშილობები.

6) ეკლესიის დაფინანსების შემცირება. დააფინანსოს მხოლოდ მან ვისაც ექნება ამის სურვილი. 2000 წლის წინ ქრისტეს ჯორი ჰყავდა, ის ახლა ჩვენს დროში „ოპელ ვექტრა“-ს ტოლფასია და არა „ლექსუსის“ ჯიპის.

7) მსუბუქი ნარკოტიკისა დეკრიმინალიზაცია და პროსტიტუციის ლეგალიზაცია. ნარკოტიკებზე დევნით, ანალიზებით, პატიმრის შენახვით უფრო მეტი თანხა იხარჯება ვიდრე მისი მობილიზება ხდება ჯარიმებიდან. პროსტიტუციის ლეგალიზებით ნამდვილად ვერ გაორმაგდება ბიუჯეტი, მაგრამ აღარც პოლიციას მოუწევს აღმა-დაღმა „მამაშების“ დევნა.

იციან ესენი იქ ზემოთ? ისეთებმა რომლებიც ხანძრის დროს მოსახლეობის ლიკვიდაციის გეგმებს სახავენ არა, მაგრამ დანარჩენებმა კი. უკეთაც იციან, მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. მაშ რაღატომ ხდება ის რაც ხდება? დაკვეთაა ასეთი.

ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა თბილისელებს პირდება, რომ პენსიას 50 ლარით გაზრდის. უხეში გათვლებით 3 წელიწადში ეს 420 მილიონი ლარია. ამ თანხად კი შესაძლებელია ტრამვაის ხაზის აღდგენა. იგივე ძალა რეგიონებშიც პირდება ამომრჩეველს პენსიის ზრდას 20-50 ლარის ოდენობით. როცა პრობლემები სხვაც ძალიან ბევრია. მოვიყვან მხოლოდ ერთს საკუთარ გურჯაანის მაგალითს აქ +20 ლარს დაგვპირდნენ, რაიონში არაა 24 საათიანი წყალი. ახალმოსულ წყალს მოჰყვება ჰაერი რაც მრიცხველს არანორმალური სისწრაფით ატრიალებს და მარტოხელა ადამიანსაც კი რომელიც არც მანქანას რეცხავს და არც რაიმეს რწყავს 12-15 ტონას უჩვენებს თვეში, აზიანებს ონკანებს, გამაცხელებელს… მხოლოდ ელემენტარული კომფორტისთვის კი არა, ფინანსურადაც 24 საათიანი წყალი უმჯობესი იქნება ვიდრე 20 ლარით გაზრდილი პენსია. მეორე პარტია სოციალურად დაუცველ თბილისელებს პირდება დამატებით 50 ლარს, წელიწადში 100 მილიონს გამოვყოფთო. 300 მილიონ ლარად 400-450 ელექტრო ავტობუსის შეძენა შეიძლება. რაც დაზოგავს საწვავის ხარჯსაც და ეკოლოგიურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ეკოლოგია ეკონომიკურადაც გამართლებულია, ნაკლები თანხა დაიხარჯება ჯანდაცვაზე. მესამე საერთოდ საბჭოთა კავშირია წამალი დაგჭირდებათ, წყალი მოგწყურდებათ თქვენ ერთი დაიძახეთ და ჩემი კანდიდატი მოვაო.

ჩვენ გვჩვევია ამა თუ იმ მოვლენის ყველაზე უცნაური კუთხიდან დანახვა. მაგალითად ნიდერლანდების ხსენებაზე ბევრი იტყვის „მოაშორე მაგი პიდარასტები.“ რეალურად ეს პატარა ევროპული ქვეყნა ფართობით საქართველოზე 1.67-ჯერ ნაკლებია, მაგრამ მოსახლეობით 4.5-ჯერ მეტი, შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლითაც კი 5-ჯერ მეტი HDI ინდექსით 63 პოზიციით გვისწრებს და მე-7 ადგილზეა. მართალია, ქვეყანას აქვს ბუნებრივი რესურსები მე-5 ადგილზეა ბუნებრივი აირის ექსპორტის მხრივ და 17-ეზე ნავთობის ექსპორტის მხრივ, მაგრამ იგივე რესურსები უფრო დიდი ოდენობით ვენესუელასაც გააჩნია. ქვეყნის ტერიტორიის 20% ზღვის დონის ქვემოთაა მოქცეული, ზღვა გამუდმებით რეცხავდა და იტაცებდა სანაპირო ტერიტორიას. პატარა ევროპულმა სახელმწიფომ დაამარცხა ჩრდილოეთის ზღვა. სოფლის მეურნეობა ხომ აქტუალურია ჩვენთან? მოდი ამ საქმეში მივბაძოთ ჰოლანდიელებს. ქვეყნის აგროექსპორტი საქართველოს მთლიან ექსპორტს 35-ჯერ აღემატება და 95$ მილიარდს აღწევს. ის მეორეა აშშ-ს შემდეგ, მაგრამ აქვე ერთიც, სექტორში დასაქმებულია სამუშაო ძალის მხოლოდ 4 (ოთხი) პროცენტი. აი რა სარგებლობა მოაქვს ცოდნასა და ტექნოლოგიებს. მარტო სათბურები 93 კმ2 ტერიტორიას იკავებს იმავე პროპორციით ჩვენ 155 კმ2 უნდა გვქონდეს. ტექნოლოგიების წყალობით მხოლოდ მოსავლიანობა კი არ გაზარდეს შეამცირეს წყლისა და ქიმიკატების საჭიროებაც. პომიდვრის ნათესებს სპეციალურ შუქდიოდურ განათებას ურჩევენ, დანადგარი 1 საათში 150 ძროხას წველის, ჰოლანდიური ძროხა კი 30 ლიტრამდე იწველება.
ჰოლანდიური ყვავილები მსოფლიოს 5 კონტინენტზე იყიდება. დამავიწყდა მეთქვა, რომ ტვირთგამტარობით როტერდამის პორტი ევროპაში პირველია. მიუხედავად ამ ყველაფრისა პირველი რაც გვაგონდება ჰოლანდიის ხსენებისას არ არის არც არხები, არც ჯებირები, არც პორტი, არც აგროსექტორი, უკეთეს შემთხვევაში საფეხბურთო გუნდი „აიაქსი.“ ნიდერლანდების ელჩის ერთი განცხადება არც მე მომეწონა, მაგრამ ამით არც იწყება და არც მთავრდება ყველაფერი.

მედია საერთოდ ცალკე ფენომენია. მართალია ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად პატიოსნად გააშუქეს, მაგრამ მხოლოდ აქა-იქ გაისმა MOODY’s-ს მიერ რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესებას. ეს მოხდა პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში. სიტყვები: „მსოფლიო,“ „ტურიზმი,“ „გენერალური მდივანი“ მარტივი და გასაგებია. Ba3 და Ba2 რა არის ამის მოძიებით ბევრს არ შეუწუხებია თავი. საერთოდ ტელევიზიების შემხედვარე ზოგჯერ მართლა ვეჭვდები მასონების არსებობაში. ალბათ მხოლოდ ქართულ მედიას შეუძლია გააშუქოს 30 კაციანი აქცია თეთრი სახლის წინ, პანდას დაბადება ჩინეთის ზოოპარკში, მაგრამ არაფერი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმების, ნავთობის და ოქროს ფასის ცვლილების ბირჟაზე რყევების შესახებ.

ძალიან ცოტა არასპეციალისტი თუ მოედავება და დაუწყებს სწავლებას ქიმიკოსს, ფიზიკოსს, ან მათემატიკოსს თავის სპეციალობაში. მაგრამ ვედავებით ისტორიკოსს ფაქტებისა და მოვლენების შეფასებაში, ლიტერატორს ლიტერატურული ნაწარმოების განხილვაში. გვედავებიან ჩვენც ეკონომისტებს, რადგან ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა. კეთილი და პატიოსანი ვიდაოთ. მაგრამ ერთია დავა იმაზე ბარათაშვილი უფრო დიდი იყო თუ გალაკტიონი, გამსახურდია თუ ჯავახიშვილი, მაკედონელი თუ ნაპოლეონი, მაგრამ მეორე 3%-იანი ზრდა ჯობია თუ 10%-იანი. ეს უკანასკნელი მართლა არ მესმის.

რთულია ასეთ სიტუაციაში ეკონომისტობა, საბჭოთა წარსულს კი არა ბევრს უჭირს ზოგადად ახალგაზრდობის ან სულაც ბავშვობის დავიწყება. უსიამოვნო რეალობას ლამაზი ზღაპარი უჯობს. ერთ დღესაც მთა და ბარი გასწორდება, პენსიები გაიზრდება, უმუშევრობა მოისპობა, დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი უფასო გახდება. იციან რომ ეს ტყუილია, მაგრამ იმდენად ლამაზი ტყუილი, რომ სიმართლეს სჯობს, რეალობას რომელშიც ფუფუნებისთვის კი არა არსებობისთვის, სიცოცხლის შენარჩუნებისთვისაც კი ბრძოლა გიხდება. იმ ქვეყანაში სადაც ამდენი ადამიანი უმუშევარი, როგორ იქნება პოპულარული ეკონომისტი, რომელიც იტყვის, სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციით დროებით უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ საერთო ჯამში ქვეყნისთვის უკეთესიაო. 13 თეთრიანი დენი სჯობს 7 თეთრიანსო. ქვეყნისთვის სასიკეთო რადიკალურ ცვლილებებს, რომლის ფასიც შესაძლოა მისი თანამდებობა გახდეს არავინ გეგმავს, რადგან როგორც შევთანხმდით ჩვენ პოლიტიკოსები გვყავს და არა მოღვაწენი (კარგი იქნებოდა სადმე 100:1 კურსზე რომ ხურდავდებოდეს, მაგრამ სად არის). ჩვენი, ეკონომისტების ლაპარაკი კი რჩება კვლავ ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.