შრომითი მიგრაცია თუ პროსტიტუციის ექსპორტი უცხოეთში სამუშაოდ წამსვლელთა საყურადღებოდ!
ეკა გაბადაძე
საქართველოში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა ატმოსფერომ ერთგვარ ბუნებრივ მოვლენად აქცია ინტელექტუალური ძალების და ე.წ. შავი მუშა ხელის შრომითი ემიგრაცია, აგრეთვე გამოცდილ უცხოელ სპეციალისტთა თუ, უბრალოდ, ახალ სამყაროში გამდიდრების სურვილით შეპყრობილ ავანტურისტთა მიგრაცია. ყოველივე ეს შესაბამის კანონმდებლობაში უზარმაზარ ხვრელს ტოვებს – სიბნელე, რომელიც არანაირად არ რეგულირდება.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალურად თუ არალეგალურად, არაერთი ქართველი მუშაობს. მათი რიცხვი, დაახლოებით, მილიონს აღწევს. საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა კი მხოლოდ და მხოლოდ ათასამდეა (დაუზუსტებელი ინფორმაციით).
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური წრეები თუ საინფორმაციო საშუალებები დიდ პროპაგანდას ეწევიან დასავლეთის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებაზე, აქ სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელთა რიცხვი სრულიად საპირისპიროს მეტყველებს. ამის მიზეზი საქართველოში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობა და სოციალური დაუცველობა, მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრების დაბალი დონეა.
კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მშრომელი ადამიანი გაცილებით მეტ მატერიალურ სარგებელს აძლევს ქვეყანას სადაც შრომობს, ვიდრე შრომისათვის იღებს გასამრჯელოს. ამ მარტივი ჭეშმარიტების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გამოვითვალოთ, თუ რა ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსები (იგულისხმება ემიგრაციაში მყოფი ქართველები) გაედინება ჩვენგან მინიმალური ანაზღაურებისათვის (საერთაშორისო სტანდარტებით), და სანაცვლოდ გვრჩება მხოლოდ სპეციფიური სამუშაოსათვის შემოსულ უცხოელთა ჯგუფი. თუ უფრო დავკონკრეტდებით, უცხოელები ჩვენში, ძირითადად, კერძო ბიზნესით არიან დაკავებულები (რესტორნები, კაზინოები, სასტუმროები, ტანსაცმლისა თუ პარფიუმერული ფირმები და ა.შ.). რასაკვირველია, გასათვალისწინებელია სერიოზული პროექტების განხორციელებაც (ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბორჯომ-ხარაგაულის პარკი, სუფსის ტერმინალი…), რომელთა ამოქმედებაზეც დიდ იმედებს ამყარებენ. პოლიტიკოსთა აზრით, მათ სერიოზული როლი უნდა ითამაშონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღმავლობაში. ისმის კითხვა: რამდენად საჭირო იქნება მსხვილ უცხოელ ინვესტორთათვის ადგილობრივი მუშა-ხელი, რომელთა კვალიფიკაცია, საერთაშორისო სტანდარტებით, რბილად რომ ვთქვათ, სათუოა. ამ რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, შრომითი მიგრაციისა და ემიგრაციის შესახებ არსებულ კანონს შეუძლია. პარადოქსია, მაგრამ ასეთი კანონი ჯერჯერობით არ არსებობს.
რეზო საყვარელიძე, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი: “შრომითი მიგრაცია ეს ის სიბნელეა, რომელიც არანაირად არ არის დარეგულირებული. ერთი მხრივ, იგი უნდა დაარეგულიროს კანონმა შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელიც ჩვენმა სამსახურმა მოამზადა. ჯერჯერობით ველოდებით მთავრობისა და პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უცხოელთა დასაქმების შესახებ, სადაც მათი დასაქმების მომენტი აქტუალური იქნება. დასაქმება არ იქნება პრიორიტეტული, არამედ – თავად საკითხის დასმა, რადგან უზარმაზარი პროექტების განხორციელებაა ნავარაუდევი, სადაც უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში მუდმივად მცხოვრებლებს უნდა ენიჭებოდეთ. თუ ამის სამართლებრივი რეგულირება არ მოხდა, მერე გულზე მჯიღის ბრახუნი არ გვიშველის. თამაშის წესები და პირობები უნდა შევიმუშაოთ, კანონმდებლობით უნდა გავამყაროთ… კანონი, თავისი მნიშვნელობით,Yსაკმაოდ რთულია. მას, ალბათ, ტომები მოჰყვება კანონქვემდებარე აქტების სახით. მეორე სერიოზული მიმართულება შრომითი ემიგრაციის საკითხია. აქაც სერიოზული ცვლილებების შეტანას ვაპირებთ. გვინდა, ჩავაბათ დასაქმების კერძო სააგენტოები. უნდა მოხდეს მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება, რათა მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისაგან, რომელთა საქმიანობა არცთუ ისე იშვიათად გამომძალველობა, ხალხის მოტყუება, თრეფიკინგში ჩართვაა და ა.შ”.
საქართველოში არსებობს კანონი დასაქმების შესახებ, სადაც არაერთი პარადოქსული და გაუგებარი პუნქტია. შეუსაბამობაა ამ კანონსა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ლიცენზირების კანონებთან.
რეზო საყვარელიძე: “დასაქმების შესახებ კანონში წერია, რომ კერძო და იურიდიული პირების საქმიანობას აღრიცხავს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, თუმცა, არავითარი საკანონმდებლო აქტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამის საწინააღმდეგო კანონში განხილულია სამეწარმეო საქმიანობის და ლიცენზირების შესახებ, სადაც საუბარია, რომ დასაქმების ეს სამსახურები ექვემდებარებიან სავალდებულო შეტყობინებებს. კანონში მოცემულია აღრიცხვა, რომელიც არსად არ არის გაშიფრული, აღრიცხვაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მეორეგან ნახსენები სავალდებულო შეტყობინება რას ნიშნავს, ღმერთმა იცის… ამიტომ ეს ორი გაუგებრობა თავიდან უნდა ავიცილოთ, გავარკვიოთ რა, როგორ და რანაირად ხდება. ხელისუფლებამ დიდი როლი უნდა შეასრულოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულების დადებაში, მოაწესრიგოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი შრომითი ემიგრაციის ცივილური წესით არსებობა. მოუგვარებელი არაფერია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან სერიოზული ურთიერთობები გვაქვს, სადაც მიმდინარეობს ამ კანონის ექსპერტიზა.
ყოველივე ამას ემატება უცხოეთში არალეგალურად მომუშავე ქართველთა დეპორტაციის პრობლემა. მუშავდება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააფინანსებენ. იგულისხმება უკან დაბრუნებულ მოქალაქეთა დასაქმება, რომლებიც, ფაქტიურად, უსახლკაროდ დარჩნენ. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელი, მაგრამ აუცილებელია. ილუზიებით კვება საჭირო არ არის. გარდა იმისა, რომ არსებობს სერიოზული ლტოლვა უცხოეთში დასაქმებაზე, რეალურად არსებობს შავი ბაზარი – თრეფიკინგი, ქალთა ექსპლუატაცია, სექს-ტურიზმი და ნარკობიზნესი…”
ჩვენმა პარლამენტმა რაც უნდა იდეალური კანონები მიიღოს, თუ არ იქნება სახელმწიფოებრივი ნება, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილია დასაქმების ეროვნული საბჭო, სადაც შრომითი მიგრაციის პირობებთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია მოიყრის თავს. დასაქმების ეროვნულ საბჭოსთან საინფორმაციო ბანკის შექმნას ვარაუდობენ, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია არა მარტო შრომითი მიგრაციის შესახებ, არამედ არალეგალური მიგრაციული სისტემების, ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ ყოფნისა და იმ ქვეყნების კანონმდებლობების შესახებ, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან. საინფორმაციო ბანკში იქნება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, პროკურატურის, შსს-ის, უშიშროების მონაცემები არსებული შრომითი მიგრაციის შესახებ.
ჯერჯერობით, ყველაფერი სურვილისა და გეგმების დონეზე რჩება, შრომითი მიგრაცია-ემიგრაციის პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული, კანონიც, რეალურად, არ არსებობს. ფურცელზე კანონის მიღება საქართველოში დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული, რაც ყველასთვის ცნობილია. ამაში დასარწმუნებლად ჩვენს მკითხველს შეუძლია რამდენიმე საათი პარლანმენტის სხდომის ტრანსლაციის ყურებაში დახარჯოს – უამრავი კანონი, კანონქვემდებარე აქტი, ცვლილება… მთავარია, რამდენად არის გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები და რამდენად განხორციელებადია ისინი რეალურ ყოფაში. ამას დრო გვიჩვენებს…