პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.
,,2018 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, ჩვენ წარმოვადგინეთ ციფრები, რომლის მიხედვითაც ნათლად ჩანს, რომ ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გატარდა მიმდინარე წლის განმავლობაში არის წარმატებული. ამასთან, ჩვენ გაგვეზარდა საგადასახადო ბაზა, მოხდა ძალიან მსხვილი თანხების რეინვესტირება ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე საბიუჯეტო ნაწილში მივიღეთ დამატებითი შემოსავლები. ჩვენ ეს ტრენდი ავსახეთ 2018 წლის ბიუჯეტში. ინფრასტუქტურის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი კაპიტალური ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ის მთავარი პრიორიტეტი რაც აქვს ქართულ ოცნებას ეს არის სოციალური პროექტების მხარდაჭერა, გრძელდება და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პარამეტრები, რომლებიც არის წარმოდგენილი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უკვე ფაქტიური შესრულების დროს. როგორც იცით, უკვე გაზრდილი ეკონომიკური ზრდის გამო, შევძელით ბიუჯეტის დაკორექტირება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელსაც ანალოგიური სიტუაცია გვექნება” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.