საპარტნიორო ფონდმა ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ გახსნა
საპარტნიორო ფონდმა და ყაზახურმა კომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ ერთობლივი პროექტი „რიქსოს ბორჯომი“ გახსნა. ხუთვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს. გახსნის ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე პრემიერები, მთავრობის, პარლამენტის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ქართულ ყაზახური ერთობლივი პროექტი. „ამ პროექტმა რეგიონს შეჰმატა ხუთვარსკვლავიანი სრულყოფილი სასტუმრო, რომელიც უკვე დაჯავშნილია“, – განაცხადა სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე პრემიერ მინისტრმა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტურისტულ ბაზარზე დაბრუნდა კურორტი, რომელიც პოპულარული და ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი ადგილი იყო. „სასტუმრო შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
სასტუმროში 151 ნომერია – სტანდარტული, ლუქსის და საპრეზიდენტო. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფის და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ბავშვთა გასართობ ცენტრს „რიქსი ქლაბს“ და დამხმარე ნაგებობებს. სასტუმროს ოპერირებას სასტუმროების ცნობილი ქსელი „რიქსოსი“ განახორციელებს, რომელიც ამ პროექტით პირველად შემოვიდა საქართველოში.
კომპლექსი აშენდა საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%–ია. სასტუმროს მშენებელობა 2006 წელს დაიწყო. ფინანსური სტრუქტურის არარსებობის გამო 2012 წლის მეორე ნახევრისთვის სამშენებლო პროცესი თითქმის შეჩერებული იყო. 2013 წლის გაზაფხულზე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკება განაახლა. ფონდმა მოახერხა ახალი შეთანხმების მიღწევა პროექტის კონცეფციის დახვეწის, მისი მასშტაბის სრულყოფისა და შესაბამისი დაფინანსების მოპოვების თაობაზე. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს.
საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.