საქართველოში ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების ზოგიერთი თავისებურება
პაატა მოდებაძე
პოსტსოციალისტური პერიოდის ადრეულ ეტაპზე რეფორმატორებს შორის კრიზისის დაძლევის გზებზე და ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოდგენა იყო გაბატონებული. ნავარაუდევი იყო, რომ ეკონომიკის რადიკალური ლიბერალიზაცია, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება და მასობრივი პრივატიზაცია საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ახლადწარმოქმნილი საბაზრო სუბიექტები, რომლებსაც გააჩნიათ კერძო და შერეული საკუთრება ავტომატურად შეუდგებოდნენ საბაზრო პრინციპებზე წარმოების გაფართოებას.
ეკონომიკაში სტრუქტურული პოლიტიკის საშუალებით სახელმწიფოს ჩარევა ხშირად განიხილებოდა, როგორც უსარგებლო, რადგან თვლიდნენ, რომ ის საბაზრო სიგნალებს ახშობს და ეკონომიკურ აგენტებს აიძულებს, მიიღონ არაოპტიმალური ან არასწორი გადაწვეტილება.
ჩვენს ქვეყანაში რეფორმების განვლილმა წლებმა დაგვანახა ამ პოზიციის ცალმხრივობა. ვინაიდან თანამედროვე საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ სისტემას ჯერ არ შეუძლია გამოიწვიოს ზრდა, ამიტომ კერძო ეკონომიკური აგენტების ძალისხმევა საჭიროებს სახელმწიფო მხარდაჭერას. სახელმწიფომ თავად უნდა აიღოს ხელში რეალური სექტორის განვითარებაში კოორდინაციის ზოგიერთი ფუნქცია. თანამედროვე პირობებში იგი უნდა გამოვიდეს, როგორც ფორმირებადი საბაზრო ეკონომიკის სუსტი მხარეების კომპენსირების ფაქტორი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ XXI საუკუნის დასაწყისში განვითარება უდიდესი მნიშვნელობის ტრანსფორმაციული პროცესებით ხასიათდება, ღრმავდება თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუცია, სახეზეა პოსტინდუსტრიული საზოგადოების თანდათან დამკვიდრების პროცესი, ძლიერდება საყოველთაო გლობალიზაციის და ლოკალიზაციის ტენდენციები, წინა პლანზეა წამოწეული ცხოვრების დონე, ეკოლოგიური პრობლემები და სხვა. იმისათვის, რომ ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროცესის სათანადო დონეზე აღმოჩნდეს, იგი უნდა პასუხობდეს პოსტინდუსტრიული ეკონომიკისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, ამისათვის კი, საქართველოში, პირველ რიგში, აუცილებელია მასშტაბური სტრუქტურული გარდაქმნების განხორციელება. ცნობილია, რომ ნებისმიერი თანამედროვე ეკონომიკის ცენტრალური პრობლემა არის ეკონომიკური ზრდის (განვითარების) უზრუნველყოფა. ასევე აუციებელია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სტრუქტურული გაუმჯობესება, ე.ი. მაღალხარისხოვანი პროდუქციის წილის ზრდა და თანამედროვე ფინანსური და ინფორმაციული მომსახურების დანერგვა. მშპ-ს ზრდა წინ უნდა უსწრებდეს მოსახლეობის ზრდას და ეს უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს ზრდასთან ერთად. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მრავალმხრივ პროცესს დიდად უწყობს ხელს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ფართო სპექტრი. ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელია ფართო ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება და იქ საკუთარი “ნიშის” ათვისება. ამ პროცესს მსხვილი მასშტაბის ერთიანი სამრეწველო პროექტების, მსხვილი ფინანსური ოპერაციების განხორციელება ახლავს თან. ასეთ პირობებში კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა მოითხოვს რიგი საწარმოების კონცენტრაციას, ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფას, ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრულად დაცვას და ა.შ. ეს წინააღმდეგობრივი, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, პროცესი ყველა ტექნოლოგიურ სტადიაზე, საჭიროებს სახელმწიფოს ჩარევას. სახელმწიფოს ეფექტიანობა სოციალურ-ეკონომიკური პროცესების რეგულირების ხარისხის ამაღლებაში უნდა გამოიხატოს. სტრუქტურული პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. მას საქმე აქვს დარგებს შორის ურთიერთობათა ცვლილებებთან, ძველი დარგების შეკვეცასთან და ახლის გაფართოებასთან. ის არის ბუნებრივი, ტექნიკური და სხვა მიზეზების მიზანშეწონილი დაძლევა, რომლებიც ხელს უშლიან ეკონომიკის სტრუქტურულ (დარგობრივ და რეგიონულ) ადაპტაციას საშიანაო და მსოფლიო ბაზარზე1 . აღსანიშნავია, რომ სტრუქტურული პოლიტიკა მიმართულია მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პირობების უზრუნველსაყოფად. სტრუქტურული პოლიტიკის ინსტრუმენტების დახმარებით შეიძლება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ზემოქმედება ეკონომიკაზე. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, სტრუქტურული პოლიტიკა წარმატებას აღწევს არა მაშინ, როცა სახელმწიფო ცდილობს შეცვალოს ბაზარი, არამედ მაშინ, როცა ის ეყრდნობა ბაზრის სიგნალებს. მხოლოდ ამ პირობით შეიძლება მოხდეს სტრუქტურული ცვლილებების სტიმულირება და ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მომზადება ინოვაციისათვის. გარდამავალ ეკონომიკაში სახელმწიფოს სტრუქტურული პოლიტიკა წყვეტს პრობლემათა გაცილებით ფართო წრეს. მოიცავს რა, როგორც ეკონომიკური აგენტების ფორმირების სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის სათანადო პირობების შექმნას, ასევე ზომებს, რომელიც მიმართულია წარმოების მიმდინარე მოცულობის ზრდისკენ წარმოების ფაქტორების გამოყენების ეფექტურობის ამაღლებით და მათი განაწილებით კონკურენციაში მყოფ დარგებს შორის. სტრუქტურული პოლიტიკის მთავარი ელემენტი ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით არის სახალხო მეურნეობის სტრუქტურის გარდაქმნა ისეთნაირად, რომ იგი ადექვატურად პასუხობდეს ქვეყნის განვითარების კონკრეტული ეტაპის ტენდენციებს.
იმისათვის, რომ საქართველო არ ჩამორჩეს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებს, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მწარმოებლურ ძალთა ერთიანი სისტემის შექმნაზე, რაც მაღალ ტექნოლოგიური ინდუსტრიალიზმის ეტაპის დაჩქარებულად გავლის მოთხოვნებს2 უნდა დაექვემდებაროს, რა თქმა უნდა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საფუძველზე.
საქართველოს ეკონომიკის არასახარბიელო სტრუქტურა, მეტწილად ნაკლებად ტექნოლოგიატევადი დარგების მაღალი ხვედრითი წილი საწარმოებში ინოვაციის განხორციელებისადმი დაინტერესების დაბალ დონეს განაპირობებს. სტრუქტურულმა გარდაქმნამ და ინსტიტუციურმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს არსებული სტრუქტურული დეფორმაციების აღმოფხვრა; ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის, წარმოების ტექნოლოგიური წყობის სრულყოფა; გამოშვებული პროდუქციის ხარისხის ამაღლება; საწარმოთა შორის კავშირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, სტრუქტურული გარდაქმნა უნდა ისახავდეს შემდეგ მიზნებს: არსებული დარგობრივი პროპორციების ცვლილებას, საწამოთა ძირეულ ტექნიკურ მოდერნიზაციას, კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების უზრუნველყოფას, ეკონომიკის ახალი მოცულობითი სტრუქტურის შექმნას, სამეურნეო კავშირების სისტემის რაციონალიზაციას.
ინვესტიცია სტრუქტურული გარდაქმნებისათვის, აგრეთვე შემდგომი ეკნომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. იმისთვის, რომ გატარდეს ეკონომიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, მით უმეტეს, როცა ქვეყანა რეგულირების საბაზრო მექანიზმებით დასახულ ვადაში ვერ გამოდის კრიზისიდან, მაშინ სახელმწიფო აძლიერებს პირდაპირ თუ ირიბ ზემოქმედებას ეროვნულ მეურნეობაზე. სახელმწიფოს როლი უნდა გამოვლინდეს ისეთი ფორმით, როგორიცაა: კაპიტალის მიზანმიმართული ჩადება განსაზღვრულ დარგებში, იმ ფირმების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია რისკებთან, იმპორტული მოწინავე ტექნოლოგიის შეძენის სტიმულირება, ექსპორტის წახალისება. იმისათვის, რომ გამოირიცხოს უცხოური ინვესტიციების ნეგატიური გავლენა ეროვნული ეკონომიკის არასასურველი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ანუ ვთქვათ, მან არ შეიძინოს კოლონიური ტიპის ეკონომიკის თვისებები. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს კაპიტალის განაწილება მუდმივი კონტროლის და მისდამი სერიოზული მიდგომის საფუძველზე, რომ ინვესტიციები ჩაიდოს ისეთ საწარმოებში, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებაში პროგრესულ სტრუქტურულ ძვრებს, ე.ი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს სახსრების წარმოებაში მიზანმიმართულ დაბანდებას. მთაბრობამ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტულ წარმოებათა სისტემა, რაც ხელს შეუწყობს მრეწველობის საბაზო დარგების განვითარებას3 და ინსვესტიციური საწარმოო რესურსების გამოშვებას, რომელიც უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის არჩევა, ანუ არსებობს ორი მიდგომა – ეკონომიკის ორიენტაცია იმპორტჩანაცვლებად წარმოებაზე და მისი საექსპორტო მიმართულება. იმპორტჩანაცვლებაზე კურსის აღება ერთი შეხედვით კარგად შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ საბოლოოდ, ის ყოველთვის ვერ მიგვიყვანს სხვა ქვეყნების ეკონომიკისგან დამოკიდებულების მნიშვნელვანი ზომით შესუსტებამდე, რაც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებითაც დასტურდება. ძირითადად, იმპორტჩანაცვლება ორიენტირდება შიდა ბაზარზე, ხოლო ნებისმიერი ბარიერი, რომელსაც სახელმწიფო შიდა ბაზრის დაცვისათვის აღმართავს, ქვეყნის შიგნით სასურველ ეკონომიკურ სტიმულებზე, წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და დანახარჯების შემცირებაზე, ახალი ტექნოლოგიების რეალიზაციაზე, საერთაშორისო კონკურენციის სასიკეთო ზეგავლენას ზღუდავს4 . სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, იმპორტჩანაცვლების მიმართულება უნდა განისაზღვროს მხოლოდ აუცილებელი, მკაფიოდ გამოყოფილი სფეროებისათვის, ძირითადად, ახალი მწარმოებლური ძალების შექმნის სტრატეგიის საფუძველზე.
მართალია, საექსპორტო ორიენტაციასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგრამ მის დადებით მხარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: საგარეო ბაზარზე გასვლით ქვეყანა გადალახავს შიდა ბაზრის შეზღუდვებს, ღებულობს საგადამხდელო ბალანსის გაჯანსაღებისა და თანამედროვე ტექნიკის იმპორტის განხორციელების შესაძლებლობებს და სხვა.
დღეს, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების დაჩქარების ერთ-ერთ გზად გვესახება ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მეწარმეების საგარეო ბაზარზე გასვლას.
მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნის მთავარ ეროვნულ პრიორიტეტად რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარების საფუძველზე უნდა ვაღიაროთ მრეწველობის ტექნოლოგიური გარდაქმნა, რომელსაც შეუძლია ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა. მაგალითად საქართველოში, ენერგეტიკული პრობლემა უმჯობესია გადაწყდეს არა იმდენად სანედლეულო ბაზის ექსტენსიური გაფართოების ანგარიშზე, რამდენადაც დამზოგავ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის გააქტიურების და ამ ტექნოლოგიების მასიურად დანერგვის საფუძველზე. ეს პროცესები უნდა დარეგულირდეს ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად.
ბევრი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, დღევანდელ პირობეში საქარველოში უახლესი ტექნოლოგიების შექმნა, გავრცელება და დანერგვა აუცილებლად საჭიროებს სახელმწიფოს პირდაპირი ასიგნაციებით ჩარევას, საგადასახადო, საამორტიზაციო, საკრედიტო, საბაჟო შეღავათების გამოყენებით და ა.შ.
საქართველოში პირველ ეტაპზე სასურველია ერთობლივი საწარმოების შექმნით უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; უნდა შევქმნათ საამწყობო ქარხნები, დასავლეთის კომპანიების შვილობილი ფირმები.
რეინდუსტრიალიზაციის პირობეში ერთ რომელიმე გზაზე კი არ უნდა შევჩერდეთ, არამედ ტექნოლოგიურ სიმრავლეს უნდა დავეყრდნოთ და ამით სხვადასხვა დარგის განვითარებას უნდა მივაღწიოთ.
მსოფლიო გამოცდილების განზოგადებით, საქართველოს ეკონომიკაში აღიარებული მიმართულებების, დასახული გზების და ჩვენს მიერ არსებული მდგომარეობის გაანალიზების შედეგად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ სტრუქტურული გარდაქმნების დაჩქარებისათვის, საჭიროა:
– სახლმწიფომ შეიმუშავოს და განახორციელოს სწორი სტრუქტურული პოლიტიკა, მოახდინოს ოპტიმალური რესტრუქტურიზაცია; უნდა შეიქმნას პირობები ეკონომიკური ბაზის განვითარებისა და თვისობრივი განახლებისათვის, ეს ბაზა უნდა აიგოს მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნების ეროვნული პროირიტეტების შემუშავებისა და მისი რეგულირების მეთოდების ჩამოყალიბების საფუძველზე; მოხდეს რესურსებისა და კაპიტალის კონცენტრაცია უფრო მოწინავე ან მაღალრენტაბელურ სამეურნეო საქმიანობაში.
– ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ მიზნით ისეთი ფაქტორების წინ წამოწევა, როგორიცაა: თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალკვალიფიციური და განათლებული პერსონალის მომზადება, სამეცნიერო პოტენციალის ამოქმედება, აგრეთვე შიდა ბაზრის ფორმირების დაჩქარება, შრომის საერთაშორისო დანაწილებასა და კოოპერაციაში აქტიურად ჩართვა, საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტიმულირება და მისი დივერსიფიკაცია, სამამულო წარმოების დაცვა, რაციონალური იმპორტჩანაცვლება.
– ეროვნული ეკონომიკის მაღალი ტემპებით განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა შეიქმნას საბაზრო პირობებთან ადაპტირებული მწარმოებლურ ძალთა ინტეგტრირებული და მოდერნიზებული სისტემა, რომელშიც წამყვანი იქნება ახალი ტექნოლოგიები, ინფორმაციული რესურსები და მეცნიერული ცოდნა. უნდა განისაზღვროს, რა მიმართულებით და რამდენად შეიძლება საქართველოს მწარმოებლურ ძალთა ჩართვა მსოფლიო გლობალიზაციის, სტრუქტურულ-ტექნოლოგიური გარდაქმნის მომავალ ციკლებში.
– საჭიროა ეროვნული მწარმოებლური ძალების დივერსიფიკაცია იმ მიზნით, რომ მის საფუძველზე შექმნილმა ეკონომიკის სტრუქტრურამ მნიშვნელოვნად უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოება.
– უნდა შეიქმნას მრავლდარგოვანი კომპლექსები, რასაც განსაკუთრებით უწყობს ხელს ქვეყნის მაღალი მეცნიერული პოტენციალი, არსებული რესურესები, შიდა და გარეთ არსებული ბაზრების ტევადობა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება მრავალდარგოვანი ეკონომიკის დივერსიფიკაცია ახალი დარგების წარმოქმნის გზით.
– რეალური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, აუცილებელია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საფინანსო პოლიტიკის გატარება, სტრუქტურულ-საწარმოო სტაბილურობის მიღწევა, რაც აქტიური სტრუქტურული და საინვესტიციო ღონისძიებების გატარებას, ეკონომიკური საქმიაობის წარმოებრივი ასპექტების სტიმულირებას, საბოლოო მოხმარების ზრდას და დაზოგვის სტიმულირებას გულისხმობს.
– უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნა.
ამრიგად, ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად და საბაზრო ეკონომიკური სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად ქვეყანაში ეკონომიკის ყველა სფეროში ღონისძიებათა მთელი კომპლექსი უნდა განხორციელდეს. უნდა დაჩქარდეს სტრუქტურული გარდაქმნები აქტიური სტრუქტურული პოლიტიკის განხორციელებით, სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერიოს საინვესტიციო, ფინანსურ, საგარეო ეკონომიკურ სფეროში. მაკროეკონომიკურ დონეზე სტრუქტურული პოლიტიკის რეალიზაციისას სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ერთობლივი მოთხოვნის ამაღლებას, დაგროვების ნორმის მომატებას და საერთოდ, საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღებას..