“ფულის გათეთრების” წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება

თ. ცომაია

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება საქართველოს ტერიოტორიაზე ე.წ. ოფშორული ტერიტორიების არსებობა (აფხაზეთი, სამაჩაბლო). არაოფიციალური ტერიტორიების არსებობა და არასანქცირებული საზღვრისპირა არაორგანიზებული ვაჭრობა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე. ოფშორის მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით, უდიდესი თანხა ტოვებს საქართველოს ტერიტორიას უცხოური ვალუტის სახით. თუ გადავხედავთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსს 1994-2005 წლებში ვნახავთ, რომ საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა ჯამში 7,3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საგარეო ვაჭრობიდან შემოსავლების დაკარგვა და ქვეყანაში დამატებითი ფინანსური საშუალებების მოზიდვის აუცილებლობა გარკვეულ წილად დაკავშირებულია კრიზისულ წლებში დაწყებული კაპიტალის გადინებასთან, რომელიც საქართველოში არ შეწყვეტილა და ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შეუძლებელია საქართველოდან “გაქცეული” კაპიტალის ოდენობის ზუსტი დადგენა. მიახლოებითი გათვლებით, უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, საქართველოდან გადინებულია 300-1000 მლნ. აშშ დოლარი, რის გამოც იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ეს კი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან ღრმა და სერიოზული შინაგანი კრიზისის მაჩვენებელია2.
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს იურისდიქციის გარეშე დარჩენილ, უკონტროლო ტერიტორიებზე და ასეთი ტერიტორიებიდან ჩვენი ქვეყნისადმი არსებულ საშიშროებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმოთ იარაღის ვაჭრობით, ადამიანისა და ავტომობილების გატაცებით, კონტრაბანდული ტვირთების ვაჭრობით წარმოქმნილი “შავი ფულის” ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალიზაციის შესაძლებლობას.
ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს “ჭუჭყიანი ფულის” გათეთრება. “შავმა” ბიზნესმა დაამძიმა საქართველოს ეკონომიკა. მთელი რიგი ორგანიზებული დაჯგუფებები ცდილობენ უკანონო შემოსავლის “გათეთრებას”. ისინი ამისათვის ქმნიან საკუთარ ლეგალურ სტრუქტურულ ერთეულებს. ამ მიზნის მისაღწევად არ ერიდებიან დაშინებას, შანტაჟს და ამ გზით ამყარებენ კონტროლს ბაზრის ასეულობით სუბიექტზე. თანამედროვე ჩრდილელები ღებულობენ შემოსავალს არამხოლოდ დანაშაულებრივი გზით, არამედ სამეურნეო, ფინანსური, საბაჟო დარღვევების განხორციელებით.
ეკონომიკური უსაფრთხოებაზე ნეგატიური ზემოქმედების მქონე ერთ-ერთ შემადგენელ გლობალურ პრობლემად რჩება ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, ასეთი საქმიანობა საშიშროებას უქმნის სტაბილურობას, გამჭვირვალობას და ფინანსური ინსტიტუტების ეფექტიანობას. ამიტომ ამ პრობლემებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყველა ქვეყანაში. მსოფლიო საზოგადოების დაინტერესება ამ პრობლემებისადმი კიდევ უფრო გაიზარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ.
დანაშაულებრივი ელემენტები და ტერორიზმის დაფინანსებით დაკავებული პირები იყენებენ თავის მიზნების განსახორციელებლად სუსტ და კორუმპირებულ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი სტრუქტურები დამნაშავეებს და ტერორისტებს საშუალებას აძლევს, იმოქმედონ თავისუფლად და გამოიყენონ თავისი შემოსავლები კრიმინალური მოღვაწეობის გასაფართოებლად და არაკანონიერი საქმიანობის განსახორციელებლად. კორუფცია, ნარკოტიკებით ვაჭრობა, კონტრაბანდა საშიშროებას უქმნის ეკონომიკას, სოციალურ სტრუქტურას და საბოლოოდ იმ ქვეყნების უსაფრთხოებას, რომლებიც პლატფორმის სახით გამოიყენებიან ფულის გათეთრების პროცესში. ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ტერორისტების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრამის რეალიზაციისათვის საჭიროა საერთაშორისო ორგანოების მრავალმხრივი ძალისხმევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ბანკთან ერთად ღებულობს აქტიურ მონაწილეობას ასეთი სახის საერთაშორისო პროგრამებში.
ისმის კითხვა, რას წარმოადგენს “ფულის გათეთრება” (money laundering)? ფულის გათეთრება, თავისი არსიდან გამომდინარე არის მარტივი კონცეფცია. ეს არის შემოსავლის მაქსიმიზაცია კრიმინალური მოღვაწეობიდან, მისი არაკანონიერი წარმომავლობის დაფარვის მიზნით.
არსებობს ფულის გათეთრების რამდენიმე განმარტება (ან დანაშაულებრივი მოღვაწეობით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციისა): ქვეყნების უმეტესობა გამოიყენებენ ფულის გათეთრების განმარტებას ოონ-ის კონვენციის შესაბამისად- “ნარკოტიკების და ფსიქოტროპიული საშუალებების ბრუნვის წიმააღმდეგ ბრძოლა” (1988, ვენის კონვენცია).3 საქართველოს პარლამენტის მიერ ეს კონვენცია რატიფიცირებულია 1997 წლის 28 მაისის #732 დადგენილებით. “ვენის კონვენცია”, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ითვალისწინებს მხოლოდ იმ დარღვევებს (სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლის შედეგადაც ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას), რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან. შესაბამისად, ვენის კონვენციაში არ ხვდება ისეთი სახის დანაშაულები, როგორიცაა გადასახადებისაგან დამალვა, ძარცვა, ადამიანით ვაჭრობა. დროთა განმავლობაში მსოფლიო საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულში ნარკოტიკებით ვაჭრობის გარდა უნდა გაერთიანებულიყო სხვა კანონდარღვევები. 2000 წლის “გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) კონვენციაში ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” (პალერმოს კონვენცია) ლაპარაკია იმაზე, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს კონვენციაში მოყვანილი კანონდარღვევის განსაზღვრება, რომელიც გულისხმობს პრედიკატიულ დანაშაულს და დაკავშირებულია ფულის გათეთრებასთან.4
ფულის გათეთერების წინააღმდეგ მომუშავე ფინანსური ჯგუფი (FATF) მიჩნეულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მოწინავე გამომმუშავებლად. მათ მოჰყავთ “ფულის გათეთრების” ტერმინის შემდეგი განმარტება: “ოპერაციის განხორციელება კრიმინალური შემოსავლებით, მისი არაკანონიერი წარმომავლობის წაშლის მიზნით”, და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული “ნაყოფის” “ლეგალიზაციის” მიზნით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ფულადი სახსრების მოცულობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ირეცხება ყოველწლიურად შეადგენს მსოფლიო ეროვნული პროდუქტის 2-5%-ს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 1996 წელს ამ პროცენტმა შეადგინა 590 მილიარდიდან 1.5 ტრილიონი აშშ დოლარი.5 ამდენად, ეს შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ ამ პრობლემას გრანდიზიული მასშტაბები აქვს და იგი საჭიროებს ყველა ქვეყნისაგან სათანადო ყურადღებას.
ფულის გათეთრების პროცესი წარმოადგენს საკმაოდ რთულ და ხანგრძლივვადიან პროცესს, რომელიც თავის თავში გულისხმობს სხვადასხვაგვარ ოპერაციებს. ამ პროცესის შესწავლისთვის შემუშავებულია რამდენიმე მოდელი, თუმცა პრაქტიკაში ისინი ყოველთვის არ ამართლებენ. ყველაზე გავრცელებული მათ შორის არის სამფაზიანი მოდელი (იხ. სქემა#1), რომელიც მიღებულია FATF-ის მიერ. განვიხილოთ ფულის გათეთრების და ტერორისტების დაფინანსების პროცესი:
განლაგება: ამ პროცესის პირველი ეტაპი არის უკანონოდ მოპოვებული ფულადი სახსრების განთავსება ფინანსურ სისტემაში, როგორც წესი, ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებისთვის. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას საბანკო ანგარიშზე ფულადი საშუალებების დეპონირების გზით. მსხვილი ფულადი მასა ნაწევრდება ნაკლებად საეჭვო რაოდენობის თანხად და თანდათან დეპონირდება ერთი ფინანსური დაწესებულების სხვადასხვა ფილიალებში, ან რამდენიმე ფინანსურ დაწესებულებაში. ამ ეტაპზე შეიძლება განხორციელდეს სავალუტო გაცვლაც. ამასთან, ბინძური ფული შეიძლება ბრუნავდეს ისეთ ფულად-საკრედიტო დოკუმენტებში, როგორიცაა საგადასახადო დავალება ან ჩეკი, შერეული ლეგიტიმურ საშუალებებთან, რათა ეჭვის საფუძველი არ იყოს. ჭუჭყიანი ფულის განთავსება შეიძლება განხორციელდეს ნაღდ ფულში- ფასიანი ქაღალდების ან სადაზღვეო კონტრაქტების შეძენით.
დანაწევრება: ფულის გარეცხვის მეორე ეტაპი იწყება ფულადი საშუალებების შემოდინების დამთავრების შემდეგ ფინანსურ დაწესებულებაში და მდგომარეობს ფულადი საშუალებების, ფასიანი ქაღალდების ან სადაზღვევო კონტრაქტების კონვერტაციაში, რათა მათი გადაადგილებით სხვა დაწესებულებაში კიდევ უფრო დაშორდეს კრიმინალურ საწყისებს. ასეთი საშუალებებით შესაძლებელია სხვა ფასიანი ქაღალდების, სადაზღვეო კონტრაქტების ან საინვესტიციო დოკუმენტების შეძენა, რომელთა რეალიზაცია განხორციელდება კიდევ სხვა ფინანსურ დაწესებულებაში. ეს ფულადი საშუალებები ასევე შეიძლება გადაადგილდეს საგადასახადო დავალების, ობლიგაციის, ფულადი ჩეკის სახით, ან სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული გადარიცხვის SWIWT-ის სახით. ფულის გამთეთრებელს შეუძლია, ასეთი ფულადი გადარიცხვა შენიღბოს საქონლის ან მომსახურების გადახდის პირობით, გადარიცხავს რა ამ თანხას შემცვლელ კორპორაციაში.
ინტეგრაცია: მესამე ეტაპი დაკავშირებულია ფულადი საშუალებების ინტეგრაციასთან ლეგიტიმურ ეკონომიკაში. ეს ხორციელდება ისეთი აქტივების შეძენით, როგორიცა: უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, სხვა ფინანსური აქტივები და ფუფუნების საგნები.
იგივე სამი ეტაპი განიხილება ტერორისტების დაფინანსების პროცესში იმ განსხვავებით, რომ მესამე ეტაპზე ინტეგრაცია წარმოადგენს ფულადი საშუალებების განაწილებას ტერორისტების დაფინანსებისთვის და მათი ორგანიზაციებისთვის, მაშინ, როდესაც ფულის გათეთრების მესამე ეტაპზე ხდება ფულადი საშუალებების შერწყმა ლეგიტიმურ ეკონომიკაში.
ისმის კითხვა, სად ხორციელდება ფულის გათეთრება? ფულის გათეთრება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც რთული ფინანსური სისტემაა. ამასთან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არაეფექტური, კორუმპირებული და სამართლებრივი ინფრასტრუქტურა გააჩნია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღნდეგ ბრძოლის პროცესში.
მიუხედავათ იმისა, რომ ფულის გათეთრება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, ისინი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვინაიდან მათი ბაზრები, როგორც წესი, არის უმნიშვნელო და უფრო მგრძნობიარე კრიმინალური ზემოქმედების მიმართ. ფულის გათეთრების პროცესი გარკვეულწილად ასევე ზეგავლენას ახდენს სუსტი ფინანსური სისტემის მქონე ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, ვინაიდან ისინი მგრძნობიარენი არიან ასეთი ზემოქმედების შედეგების მიმართ.
წარმატებული ფულის გათეთრების პროცესი ხდის მომგებიანს დანაშაულებრივი სამყაროს საქმიანობას. ამდენად, თუ რომელიმე ქვეყანა ითვლება ხელსაყრელად ფულის გათეთრებისათვის, მაშინ ასეთი ქვეყანა ხდება მომხიბვლელი დანაშაულებრივი სამყაროსთვის. ფულის გათეთრების პროცესების გავრცელება ზრდის ქვეყანაში დანაშაულის და კორუფციის მასშტაბებს. ასევე, იზრდება ქრთამის აღების ფაქტები, ისეთ წრეებში, როგორიცაა:
საფინანსო დაწესებულების მმართველები და თანამშრომლები;
ადვოკატები და ბუღალტრები;
სამართალდამცავი ორგანოები;
სადაზვერვო ორგანოები;
პროკურატურა;ა
სასამართლო ორგანოები.
ფულის გათეთრება ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას ეკონომიკის განვითარებაზე, წარმართავს რა რესურსებს ნაკლებად პროდუქტიული მიმართულებით. ლეგიტიმური სახსრების მოძრაობის გზა განსხვავდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მოძრაობისაგან ეკონომიკურ სისტემაში. გათეთრებული ფული, იმის მაგივრად, რომ მოხვდეს პროდუქტიულ წრეში შემდეგი ინვესტირებისათვის, ხვდება “სტერილურ” ინვესტიციაში, მათი ფასეულობის შენარჩუნებისა ან შემდგომი იოლი გადაადგილების თვალსაზრისით. ასეთ ინვესტიციებს განეკუთვნება: უძრავი ქონება, საიუველირო ნაკეთობა, ანტიკვარი და ძვირადღირებული საგნები. ასეთი ინვესტიციები არ ქმნიან დამატებით პროდუქტს ეკონომიკაში. კრიმინალურ სტრუქტურებს შეუძლიათ მწარმოებლური საწარმოები გარდაქმნან სტერილურ ინვესტიციაში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საწარმოების მუშაობა განკუთვნილი იქნება უპირველესად კრიმინალური შემოსავლის გარეცხვისთვის, და არა ნორმალური მომგებიანი საქმის წარმართვისთვის. ასეთი საწარმოები არ პასუხობენ სამომხმარებლო მოთხოვნებს მატერიალური დოვლათის შექმნის მიზნით. თუ ქვეყნის რესურსები გამოიყენება “სტერელური” ინვესტიციის და არა ინვესტიციის განსახორციელებლად, მაშინ ეკონომიკაში ადგილი ექნება სულ უფრო მეტად მატერიალური ნაყოფიერების შემცირებას.
საქართველოს ეკონომიკის ნაწილის კრიმინალური ინტერესების მიმამრთულებით ორიენტაციას თან სდევს ქვეყნიდან სულ უფრო მეტი მასშტაბით კაპიტალის გადინება. საქართველო კარგავს ინვესტიციურ რესურსებს, რომელიც ეკონომიკის განვითარებისათვის არის აუცილებელი. ეკონომიკის სტაბილიზაციის შესაძლებლობა, სავალუტო კურსის სიმყარე, საფინანსო ბაზრის აღდგენა, მოსახლეობის მატერიალური დოვლათით უზრუნველყოფა დამოკიდებული ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა სახელმწიფოებიდან საკრედიტო რესურსების მოზიდვაზე. ეს წარმოაგენს სერიოზულ საშიშროებას საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის.
საქართველოში შეგვიძლია თამამად ავღნიშოთ, რომ რეფორმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად ინსტიტუციური მოწყობისა და საკანონმდებლო უზრუნველყოფის თვალსაზრისით დასრულებულია. საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 06 ივნისს მიიღო კანონი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”.7 წარმატებით ფუნქციონირებს მჭიდრო რგოლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად შემდეგ ინსტიტუციურ ერთეულებს შორის: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური, საქართველოს შინაგან სამინისტროს სპეციალური ოპერატიული სამსახური.
პირველი ინსტიტუციური რგოლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში არის საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის #354 ბრძანებულებით შექმნილი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახური.8 ამ სამსახურის შექმნის მიზანია – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისათვის ხელშეწყობა. ის პერიოდულად ღებულობს ინფორმაციას მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, აანალიზებს მას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაუგზავნის შესაბამის ორგანოებს. აღნიშნული სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, ფულის გათეთერბის წინაამღდეგ მიმართულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის “ეგმონტის ჯგუფთან”, რაც საშუალეებას აძლევს მას საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მიიღოს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მეორე ინსტიტუციური რგოლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში არის საქართველოს გენერალური პროკურატურის ბაზაზე შექმნილი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახური.
სპეციალური სამსახურის არსებობის 2 წლის მანძილზე წარმატებით გამოძიებულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს საბანკო და სხვა ფინანსურ დაწესებულებებში ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამ ბანკში აღმოჩენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები წარმოადგენდა ფულის გათეთრების კლასიკურ მაგალითს. ამ საბანკო დაწესებულებაში მიმდინარე მრავალწახნაგოვანი ოპერაციები სცილდებოდა ადგილობრივ საზღვრებს და მოიცავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას.
შეგვიძლია გამოვყოთ ამ ბანკის მიერ “შავი” ფულის გათეთრების რამდენიმე მეთოდი:
1. ვალუტის კონვერტაცია წამგებიანი ოპერაციებით;
2. ყალბი ფასიანი ქაღალდების გამოშვება;
3. ფიქტიური საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება;
4. და ბოლოს, ბიუჯეტის ფულის მითვისება და უკანონოდ მოპოვებული ფულის გათეთრება.
ზემოაღნიშნული ს/ს კომერციული ბანკი უშვებდა ყალბ ფასიან ქაღალდებს, და აფორმებდა ფიქტიურ ხელშეკრულებებს რუსეთის სხვადასხვა საფინანსო და საწარმოო ორგანიზაციებთან, რუსულ რუბლებსა და აშშ დოლარებში, ათეულობით მილიონი ღირებულების ვექსილების შესყიდვების შესახებ.
ეს ბანკი ასევე ახორციელებდა ფიქტიური სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებას არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან. ამ იურიდიულ პირებზე გაიცემდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო თანხა 0 %-ანი სარგებლის მიღების პირობით.
ს/ს კომერციული ბანკის მიერ ვალუტის კონვერტაციის წამგებიანი ოპერაცია შემდგომში გამოიხატებოდა: აღნიშნული ბანკი რუსეთის ფედერაციაში არსებული საკუთარი საკორესპონდენტო ანგარიშიდან ახორციელებდა მისთვის წამგებიანი საკონვერსიო ოპერაციების წარმოებას რუსულ რუბლებსა და აშშ დოლარში, საკონვერსიო ოპერაციებიდან მისაღები სარგებელი მის მიერ დამტკიცებული საბანკო მომსახურების ტარიფის 0.2 %-ის ნაცვლად მცირდებოდა 0.13%-მდე. მაგრამ ამ შემთხვევაში ბანკისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო არა საკონვერსიო ოპერაციიდან მისაღები %, არამედ ფულის გათეთრების პროცესისთვის ხელშეწყობა.
ს/ს კომერციული ბანკის მიერ ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან საბანკო ანგარიშებზე ბიუჯეტში გადასახდელად შემოტანილი თანხების არადანიშნულებით განკარგავს რაც შემდეგში გამოიხატებოდა: მითვისებული თანხები ირიცხებოდა სატრანზიტო ანგარიშის გავლით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საიდანაც ეს თანხა ბრუნდებოდა ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ფიქტიურად შექმნილ სატელიტი ფირმების ანგარიშზე, და უკვე ლეგალიზებული უკანონო შემოსავალის ათვისება ხორციელდებოდა ბანკის მესვეურების მიერ სალაროს გასავლის ორდერებით.
ს/ს კომერციული ბანკის მიერ 2000-2004 წლებში “გარეცხილმა” შავი ფულის მოცულობამ ასეულობით მილიონ დოლარს გადააჭარბა. ხშირ შემთხვევაში ზემოხსენებული ბანკის მიერ წარმოებული საბანკო ოპერაციები გვერდს უვლიდა ლეგალურ ბუღალტერიას, და წარმოადგენდა ე.წ. შავი ბუღალტერიის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ბანკის მესვეურები ინტენსიურად აწარმოებდენენ ოთხი წლის განმავლობაში.
რეალური შემოსავლის სრულად აღქმადობის გარეშე ვერ განხორციელდა მათი ბრუნვაში მოქცევა და დაბეგვრა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. კერძოდ, ს/ს კომერციული ბანკის მიერ ბიუჯეტის მიმართ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა -4 999 071.2 ლარი, საურავმა – 4 158 836,9 ლარი, ჯარიმამ – 2 559 469,8 ლარი. ამდენად, ს/ს კომერციული ბანკის ასანაზღაურებელმა თანხამ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში შეადგინა -11 717 378,3 ლარი.
ისმის კითხვა, რა ზარალი ადგება კომერციული ბანკების მიერ უშუალო მონაწილეობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესში, არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკას? და რა საშიშროება ექმნება ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას? დავიწყოთ იქიდან, რომ ს/ს კომერციული ბანკის გახმაურებულმა ფაქტმა, მართალია აღნიშნულ ბანკს არ ჰყავდა მეანაბრეების დიდი არმია (და არც საჭიროებდა ამას, რადგან მისი ფუნქციონირების ძირითადი მიზანი არა მეანაბრეების მოზიდვა და მათი მომსახურეობის გაუმჯობესება, არამედ ფულის გათეთრება იყო), და მის ლიკვიდაციას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგარამ ამ ფაქტმა ზოგადად შეარყია საქართველოს კომერციული ბანკების ავტორიტეტი. მით უმეტეს, რომ 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ საბანკო სექტორი ცდილობს დაკარგული ავტორიტეტის აღდგენას.
უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი არის იმ ქვეყნის შელახული რეპუტაცია, რომლის საფინანსო და სამეწარმეო ინსტიტუტებში აქტიურად ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები და სახელმწიფო უძლურია, წინ აღუდგეს ამ პროცესებს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება შეზღუდონ ფინანსური გარიგებები იმ ქვეყნის დაწესებულებების მიმართ, სადაც იოლია ფულის გათეთრება. თუ ცნობილი გახდება იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში სუსტად გამოიყენება ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული მეთოდები, მაშინ ეს ქვეყანა ნაკლებ მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვისაც. ამასთან, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ნაკლებ სავარაუდო იქნება საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარების მიღების ალბათობა. თანაც მას შემდეგ, რაც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ შექმნილ ქვეყნების სიაში, რომელიც იწოდება, როგორც-“იმ ქვეყნების და ტერიტორიის სია, რომლებიც არ თანამშრომლობენ”, მოხვდება აღნიშნული ქვეყანა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ მსოფლიო სავალუტო ფონდისაგან 2004-2007 წლებში უნდა მიიღოს 141.2 მლნ. დოლარი. დღესდღეობით საქართველოს მიერ მიღებულმა კრედიტმა შეადგინა 81 მლნ. დოლარი ოთხი ტრანშით. მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ტრანში მიემართება საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესავსებად.9 ამდენად, საქართველოსათვის, როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარების შეუფერხებელი მიღება, მით უმეტეს ისეთი ძლიერი დამფინანსებლისაგან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
მსოფლიო ეკონომიკური საზოგადოების მიერ აღიარებულია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ეკონომიკური უსაფრთხოებისა არის საბანკო სისტემის გამოყენება მსხვილმასშტაბიან ფინანსურ დანაშაულში, როგორიცაა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. კრიმინალური წრეები ეფექტიანად გამოიყენებენ თავის ინტერესებში საბანკო სისტემის მხრიდან ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ბანკი, ტრადიციულად, ინფორმაციის დაფარვით ცდილობს მოიზიდოს სულ უფრო მეტი კლიენტი. საბანკო საიდუმლოების აბსოლუტიზაცია დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდა ბანკის კეთილდღეობას, დღესდღეობით კი იძლევა საპირისპირო შედეგს.
ცივილურ საბანკო სისტემას ესმის იმის აუცილებლობა, რომ საჭიროა მაკონტროლებელ ორგანოებთან იქონიონ მჭიდრო ურთიერთობა, როგორც საკუთარი, ისე მთელი ეკონომიკური სისტემის უსაფრთხოებისთვის. თუ ადგილობრივი ბანკები და საკრედიტო ინსტიტუტები არ შეაფასებენ სიტუაციის სერიოზულობას- ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ იზოლირებული და გარიყული საერთაშორისო ფინანსური საზოგადოებისგან.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად ბოლო ინსტიტუციურ რგოლს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ახლახან შექმნილი სისხლისსამართლებრივი დევნის ოპერატიული უზრუნველყოფის სპეციალური სამსახური. მისი ძირითადი დანიშნულებაა: კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება-დამუშავება, კონფიდენტებისა და მათგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენის, გახსნისა და გამოძიების მიზნით.
ამრიგად, ინსტიტუციური თვალსაზრისით, დღეისათვის ქვეყანაში შექმნილია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მონიტორინგის, ზედამხედველობის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათი ოპერატიული უზრუნველყოფის მკვეთრად გამოხატული სისტემა.
საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებთან ერთად, კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს “ფულის გათეთრების” წინააღმდეგ პროცესებში საბრძოლველად. შეიმუშავოს დამატებითი საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტები. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარება, კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინსვლას და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების პროცესს.