მსესხებელთა საინვესტიციო კრედიტუნარიანობა და საინვესტიციო მიმზიდველობის ფაქტორები
ლამარა ქოქიაური ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საინვესტიციო კრედიტუნარიანობის შეფასება. მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ საწარმოს მიერ გრძელვადიანი კრედიტის დაფარვის უნარის შესამოწმებლად ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეუძლებელია, რადგან საინვესტიციო დაკრედიტების დროს საჭიროა ფინანსური მდგომარეობის პროგნოზირება მნიშვნელოვანი პერიოდისათვის.
საინვესტიციო კრედიტუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელია გამოვიდეთ იმ საწარმოს მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან, რომელიც საინვესტიციო პროექტის რეალიზებას აპირებს. თუ იგი მყარია, მაშინ მიზანშეწონილია, საინვესტიციო მიმზიდველობის განსაზღვრა ინვესტორმა განაგრძოს. მიმდინარე კრედიტუნარიანობის დადგენის შემდეგ მას აუცილებლად უნდა მიეცეს რაოდენობრივი შეფასება, მაგალითად 0-დან 1-მდე დიაპაზონში. აწესებენ მიმდინარე კრედიტუნარიანობის იმ ზღვრულ მნიშვნელობას, რომლის ქვემოთაც საინვესტიციო კრედიტუნარიანობა, მაღალი რისკების გამო, შეუძლებელია საკმარისი იყოს.
კრედიტუნარიანობის შეფასების კოეფიციენტები ამუშავებენ კოეფიციენტების სისტემას, რომელთა გაანგარიშებისას ბანკის სპეციალისტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ითვალისწინებენ მსესხებლის კრედიტუნარიანობის დინამიკას, საინვესტიციო პროექტის რეალიზების გამოცდილებას, პროექტის განხორციელების ხელმძღვანელის გამოცდილებას, საინვესტიციო პროექტის სრულად რეალიზების საგეგმო პერიოდს, წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის ხარისხს, ჩატარებული კვლევის შედეგებს, რეალური საინვესტიციო გარემოს შეფასებას.
წინა რამდენიმე წლისთვის მსესხებლის მიმდინარე K1 კრედიტუნარიანობის დინამიკის გათვალისწინებისთვის ირჩევენ შემდეგ სკალას, რომლის კოეფიციენტების მნიშვნელობას ადგენენ გასული რამდენიმე წლისთვის მიმდინარე ლიკვიდობის დინამიკიდან გამომდინარე:
გამუდმებით მაღლდება და 25%-ზე მეტით მოიმატა
(K1-ის მნიშვნელობაა 1,4);
მერყეობდა, მაგრამ მთლიანად 25%-ზე მეტით მოიმატა (K1-ის მნიშვნელობაა 1,2);
პრაქტიკულად არ იცვლებოდა (K1-0,8);
მერყეობდა, მაგრამ მთლიანად 25%-ზე ნაკლებით შემცირდა (K1-0,6);
შემცირდა 25%-ზე მეტით (K1-0,4).
საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაში საწარმოს გამოცდილება საორიენტაციოდ შემდეგ სკალას მოიცავს:
წარმატებითაა რეალიზებული ანალოგიური პროექტი (K2-1,3);
წარმატებითაა რეალიზებული ნაკლებად რთული პროექტი (K2-1,2);
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არსებობს საინვესტიციო პროექტის რეალიზაციის ნეგატიური გამოცდილება (K2-0,5);
არ არსებობს საინვესტიციო პროექტის რეალიზების გამოცდილება (K2-1,0);
პროექტის რეალიზაციის საგეგმო პერიოდისთვის:
2 წლამდე K3 – 1,0;
2-დან 4 წლამდე K3 – 0,9;
4-დან 5 წლამდე K3 – 0,7;
5 წელზე ზევით K3 – 0,5.
პროექტის განხორციელების პირველი ხელმძღვანელის გამოცდილება შეგვიძლია შემდეგი სკალის მეშვეობით შევაფასოთ:
აქვს მსგავსი პროექტების წარმატებით რეალიზების გამოცდილება (K4 – 1,4);
აქვს მსგავსი პროექტის წარმატებით რეალიზებაში მონაწილეობისა და საწარმოს ხელმძღვანელობის გამოცდილება (K4 – 1,2);
აქვს საწარმოს წარმატებით ხელმძღვანელობის გამოცდილება (K4 – 1,01);
აქვს საწარმოს წარმატებით ხელმძღვანელობის ორ წელზე მეტი ხნის გამოცდილება (K4-1,0);
აქვს საწარმოს ხელმძღვანელობის 2 წელზე ნაკლები ხნის გამოცდილება (K4-0,9);
არა აქვს საწარმოს ხელმძღვანელობის გამოცდილება
(K4-0,8);
საწარმოს ხელმძღვანელობის გამოცდილება არ ფასდება დადებითად (K4-0,5);
პროექტის რეალიზაციის შესაფასებელი ბიზნეს-გეგმის ხარისხს აფასებენ 1-დან (დამუშავების იდეალური ხარისხი) 0,5-მდე (მის მიმართ არსებითი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში) ინტერვალში. ამ დიაპაზონში ფასდება ბანკში მხოლოდ თავდაპირველად წარდგენილი გეგმა.
ბანკის მუშაკების მიერ მსესხებელი საწარმოს გამოკვლევის შედეგებს (K5) სპეციალისტები აფასებენ 1-დან 0,5-მდე ინტერვალში გამოკვლევით მიღებულ შედეგებზე დამოკიდებულებით.
შემდეგ ანგარიშობენ და აფასებენ კრედიტუნარიანობის ინტეგრალურ მაჩვენებელს, როგორც K1- K6 კოეფიციენტების ნამრავლს. საინვესტიციო კრედიტუნარიანობის ინტეგრალური მაჩვენებლის მიღების შემდეგ აფასებენ მის მისაღებობას კრედიტის გაცემისთვის და მსესხებელთან ერთად ამუშავებენ მისი გაუმჯობესების შესაძლებლობის საკითხს.
მოკლედ მსესხებლის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ. პროექტის სარეალიზაციოდ კრედიტის მოსურნე საწარმოს კრედიტუნარიანობის შეფასებისას, ანალიზის მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსესხებლის საინვესტიციო მიმზიდველობის შესწავლა. საინვესტიციო მიმზიდველობის ფაქტორებად გვევლინებიან – საწარმოს მიმართ გარე ფაქტორები (სახსრების დაბანდების დარგი, ადგილმდებარეობა) და შიდა ფაქტორები (საწარმოო პოტენციალი, ფინანსური მდგომარეობა, მენეჯმენტი, საინვესტიციო პროგრამა).
იმას, თუ რომელ დარგს ეკუთვნის ახალი წარმოების ან საწარმოს შექმნა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროდუქციის კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია ბაზარზე მოცემული ქვეყნის დარგის რეპუტაციაზე. ეს იმით აიხსნება, რომ ბაზარზე კარგად მომუშავე საწარმოების უპირატესობა ქვეყნის ყველა იმ საწარმოსთვის პროექტირდება, რომელიც მოცემულ დარგში შედის.
საწარმოს ადგილმდებარეობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს საინვესტიციო მიმზიდველობაზე კონკრეტული რეგიონის განვითარების შედეგად ან იმით, რომ სწორედ იქ შეიძლება გამოშვებული პროდუქტის უმაღლესი ხარისხისა და ყველაზე ნაკლები თვითღირებულების უზრუნველყოფა. ზოგიერთ რეგიონში ისეთი ბუნებრივ-კლიმატური პირობებია, რომლებიც ხელს უშლის ან უწყობს მთელი რიგი კონკურენტუნარიანი წარმოებების შექმნას. მაგალითად, დაბალი საშუალო წლიური ტემპერატურა იწვევს დამატებით ხარჯებს და ამით აძვირებს თვითღირებულებას, რაც არ ხდება უფრო თბილ ადგილებში. ბუნებრივ-კლიმატური პირობები არ მოქმედებს ისეთი წარმოებების განვითარებაზე, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის შრომას მოითხოვენ. თუკი მაღალტექნოლოგიური წარმოებების შექმნასა და შრომის ხარისხის ამაღლებისკენაა გეზი აღებული, მაშინ შესაძლოა მაღალკონკურენტული წარმოებების ფორმირებაც პერსპექტიული აღმოჩნდეს.
საწარმოო პოტენციალის გავლენა საინვესტიციო კრედიტუნარიანობაზე. საინვესტიციო კრედიტ-უნარიანობაზე საწარმოო პოტენციალი უშუალოდ მოქმედებს. ანალიზის საგანია ძირითადი და საბრუნავი ფონდები, არამატერიალური აქტივები. ესაა კაპიტალის ის ნაწილი, რომელიც ფულადი ფორმით შეგვიძლია გამოვხატოთ, ან საწარმოს პოტენციალის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალის რაოდენობითაა გამოხატული.
საწარმოო პოტენციალს სხვა ელემენტიც აქვს, რომლის ფულადი ფორმით გამოხატვა ჯერჯერობით შეუძლებელია. მასში შედის შრომის, მართვისა და წარმოების ორგანიზაციის დონე, საწარმოს ინტელექტუალური პოტენციალი. მისი მეშვეობით მუშაობს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, არამატერიალური აქტივები, იქმნება ფირმის გუდვილი.
საწარმოო პოტენციალის ანალიზის დროს აუცილებელია გულდასმით შევისწავლოთ შრომისა და წარმოების ორგანიზაციის არსებული დონე, გამოვიკვლიოთ ის საწარმოო მექანიზმები, რომლებიც მართვის აპარატისა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრის გარეთ იმყოფებიან.
ინვესტორი და კრედიტორი ვალდებულნი არიან გაეცნონ საწარმოში დასაფინანსებელ ყოველ საინვესტიციო პროექტს და მათზე შედგენილ დოკუმენტებს. ეს აუცილებელია იმის გამო, რომ ყოველი პროექტის რეალიზაცია აისახება მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და, მაშასადამე, მის კრედიტუნარიანობაზე.
უზრუნველყოფის ტრადიციული მეთოდები. პრაქტიკაში კრედიტების დაბრუნებითობის უზრუნველყოფის ტრადიციული სახეებია: გირაო, თავდებობა, საბანკო გარანტია, რომლებსაც პირობითად უზრუნველყოფის ქონებრივ სახეებს უწოდებენ. მართლაც, მათ უკან დგას ან მატერიალური, ან ფულადი ფორმის მქონე კონკრეტული ქონება. უზრუნველყოფის ამ სახეების რეალიზაციისთვის შექმნილია კარგი სამართლებრივი ბაზა. მათი სამართლებრივად რეგულირება სამოქალაქო კოდექსის ნორმებშია მოცემული.
უზრუნველყოფის ტრადიციული მეთოდების გამოყენება უკავშირდება იმ კრედიტების უზრუნველყოფის ანალიზს, რომლებიც მსესხებლებს სჭირდებათ საინვესტიციო პროექტების რეალიზებისა და მათი ნამდვილი ხარისხის შესახებ გადაწყვეტილებათა გამოტანისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბანკების მუშაკები ვალდებულნი არიან გაიგონ, თუ რა შეიძლება მოუვიდეს მოცემულ უზრუნველყოფას მომავალში. მოთხოვნილი ანალიზის ჩასატარებლად უნდა შეფასდეს მთელი რიგი ფაქტორები: უზრუნველყოფის სახე; ვის მიერაა იგი გაცემული, საკრედიტო ხელშეკრულების შინაარსი და პირობები, უზრუნველყოფის გაცემის თანმხლები პირობები და ა.შ. უზრუნველყოფის ხარისხი გულისხმობს კრედიტორებისთვის იმ დანაკარგის კომპენსირების უნარს, რომელიც გასესხებულ თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტებს უკავშირდება. უზრუნველყოფის ძირითადი სახეების ხარისხი, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ქვეითდება. შესაძლოა ისეთი შემთხვევები, როცა უზრუნველყოფის ხარისხი ნულამდე ეშვება, ე.ი. ფაქტობრივად ხდება უზრუნველყოფის დაკარგვა. ეს მაშინ, როცა თავდები უარს ამბობს თავის ვალდებულებებზე ან იკარგება, გარანტი კი კოტრდება. რაც უფრო ხანგრძლივია კრედიტის ვადა, მით უფრო მეტია არასასიკეთო მოვლენის დადგომის ალბათობა.
თუკი უზრუნველყოფად გირაო გვევლინება, მაშინ მისი ხარისხი შესაძლოა უარესდებოდეს ან უმჯობესდებოდეს. გაუმჯობესება შესაძლებელია მაშინ, თუკი უზრუნველყოფის როლს თამაშობს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ძვირფასი ლითონები; ე.ი. გრძელვადიანი კრედიტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღებისას პრობლემურია უზრუნველყოფის მაღალი ხარისხის შენარჩუნება ტრადიციული მეთოდებით. მაშასადამე, საჭიროა განვიხილოთ ახალი სახის უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობები.
უზრუნველყოფის საინფორმაციო ჯგუფი. გრძელვადიანი კრედიტისთვის წარმოდგენილი ხარისხიანი უზრუნველყოფის შერჩევისთვის არსებობს უზრუნველყოფის სახეების საინფორმაციო ჯგუფი. უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ, ობიექტური ინფორმაციის მიღებით, ბანკების თანამშრომლები მსჯელობენ მოცემული საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელების ალბათობის თაობაზე. მეთოდების ეს ჯგუფი (ნახ.1) შეუძლებელია შევაფასოთ იმ კონკრეტული ფულადი თანხით, რომელიც კრედიტორმა კრედიტის არდაბრუნების ან კრედიტისთვის დაწესებული სასყიდლის ვერმიღების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს.
უზრუნველყოფის საინფორმაციო სახეებიდან ორ ქვეჯგუფს გამოყოფენ. პირველია მარკეტინგში ცნობილი საკონკურენციო უპირატესობები, რომლებიც ბაზარზე მუშაობის დროს საწარმომ შეიძინა. მათი გაძლიერება საწარმოს კრედიტუნარიანობის გადიდებაზეც მეტყველებს. ამ უპირატესობათა შესახებ ინფორმაცია, ფულადი ნაკადების ანალიზზე არანაკლებ გვიქმნის აზრს საწარმოს შესახებ, იმ განსხვავებით, რომ საკონკურენციო უპირატესობები უფრო სტაბილური მაჩვენებლებია დროში და ისინი მოკლე ხანში არ იცვლებიან.
მეორე ქვეჯგუფია მონაცემები საინვესტიციო პროექტის რეალიზაციის შესახებ. ამ ჯგუფში შედის ინფორმაცია საინვესტიციო პროექტზე, მის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, მსესხებლის გამოკვლევის შედეგებზე, ბიზნეს-გეგმისთვის ჩატარებულ ანალიზზე. საინვესტიციო პროექტის ბიზნეს-გეგმის ანალიზის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალი პროდუქციის მარკეტინგული კვლევების ხარისხის, თვითღირებულების, პროექტის თავისდროულად რეალიზების ალბათობის შემოწმებას. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მონაცემებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებისა და სამომხმარებლო თვისებების, როგორც მომავალი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ორი მაჩვენებლის შესახებ.
ბანკში წარდგენილი მატერიალური სახის უზრუნველყოფით დაფარვის არასაკმარისობა კრედიტის გაცემაზე უარის თქმის მიზეზად არ უნდა იქცეს იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს საინფორმაციო უზრუნველყოფის არსებული სახეების ანალიზისა და შეფასების შესაძლებლობა.