საქართველოში ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი ამოქმედდება
ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.
2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.
ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაჟო კოდექსის პროექტზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
ამ წუთებში, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აცნობს.
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:
> შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
> იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
> საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
> ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
> იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.
საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.
ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, დაიწყება საჯარო განხილვები ბიზნესსექტორის, ექსპერტების, ყველა დაინტერესებული და მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობით.