რეგიონალური კლასტერის მოდელები და საქართველო (აშშ-ს მაგალითზე)
ლელა გულედანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
Lela.guledani@yahoo.com
რეზიუმე
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური წინსვლა და მსოფლიო ბაზარზე კონკრეტული მიმართულებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. ამისთვის საჭიროა რესურსების სერიოზული ძალისხმევა და კლასტერული პოლიტიკის ამოქმედება, რომელსაც 21-ე საუკუნის დასაწყისის მოწინავე ეკონომიკის მქონე თითქმის ყველა სახელმწიფო მიმართავს.
საქართველოს კონკურენტუნარიანობის საფუძველი უნდა გახდეს რეგიონალური ეკონომიკა. უნდა შემუშვდეს რეგიონალური განვითარების სტრატეგიები, რომელშიც ასახული იქნება რეგიონში კლასტერების შექმნისა და განვითარების პროცესი.
საქართველომ ექსპერტებისა და მკვლევარების დახმარებით უნდა შექმნას კლასტერის განსაზღვის, აღწერისა და დადგენის საკუთარი მეთოდოლოგია. ამისათვის პირველ რიგში უნდა მოხდეს კლასტერული პოტენციალის კვლევა და დიაგნოსტიკა რეგიონების, დარგებისა და ფირმების მიხედვით, ხოლო შემდგომ მათი სწორი ფორმირება და საქართველოს კლასტერული რუკების პროექტის შემუშავება.
კლასტერის კონცეფცია
21-ე საუკუნის დასაწყისში მოწინავე ეკონომიკის მქონე თითქმის ყველა სახელმწიფო მიმართავს რეგიონალური კლასტერების განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობას, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს.
კლასტერი ფინანსური და ინტელექტუალური კაპიტალის ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა, რომელიც კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს როგორც ეროვნულ ასევე გლობალურ დონეზე.
მსოფლიო პრაქტიკის მაგალითები ადასტურებს, რომ წარმოების ორგანიზაციის კლასტერული ფორმა ყველაზე ხელსაყრელია ინოვაციური პროცესისთვის. კლასტერი ხელს უწყობს მასში შემავალი დაინტერესებული პირების თანამშრომლობას, რეგიონის უნიკალური კომპეტენციების ფორმირებას, საწარმოებისა და ორგანიზაციების კონცენტრირებას კონკრეტულ ტერიტორიაზე.
კლასტერინგის კონცეფციის მთავარი იდეა მდგომარეობს კოოპერაციული კავშირების შექმნაში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და პროდუქტები. კლასტერისთვის დამახასიათებელია მაქსიმალური გეოგრაფიული სიახლოვე, ტექნოლოგიების ნათესაობა, ნედლეულის საერთო წყარო და ინოვაციური კომპონენტის ხელმისაწვდომობა.
კლასტერული განვითარება მსოფლიო ყურადღების ცენტრში 1990-იან წლებში მოექცა, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ პორტერმა შექმნა ეროვნული კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის თეორია, რომელიც რეგიონალურ კლასტერებს ეფუძნება, სადაც ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორი, სამეცნიერო/კვლევითი და ფინანსური ინსტიტუტები, შესაძლებლობები, მოთხოვნა და კონკურენცია ქმნიან ისეთ სტრუქტურას, რომლის საწარმოო ერთობა მძაფრ კონკურენციას უწევს მსოფლიო ბაზარზე წამყვან ბიზნეს სუბიექტებს(1).
პორტერის თეორიის თანახმად, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა უნდა განიხილებოდეს კლასტერების კონკურენტუნარიანობით. პორტერის მტკიცებით კლასტერი კონკურენციაზე გავლენას ახდენს სამი მიმართულებით: პირველი – კლასტერში შემავალი კომპანიის მწარმოებლურობის ზრდით, მეორე – შესაბამის სფეროში ინოვაციის ამუშავებით და მესამე – ახალი ბიზნესის სტიმულირებით.
დღესდღეობით მსოფლიოში, კლასტერის განსაზღვის, აღწერისა და დადგენის პროცესი არ არის სტანდარტიზებული. სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ექსპერტები, კონსულტანტები და მკვლევარები ავითარებენ კლასტერის დადგენის საკუთარ მეთოდოლოგიას. ნებისმიერი კლასტერის ანალიზი ეყრდნობა ადგილობრივი და რეგიონალური დასაქმების ნიმუშების შეფასებას დაფუძნებულს საწარმოო კატეგორიზაციაზე(2).
რეგიონალური კლასტერები აშშ-ში
აშშ-ს კონკურენტუნარიანობა და შესაძლებლობა აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება დამოკიდებულია რეგიონალური კლასტერების შექმნასა და გაძლიერებაზე, რომელიც შემდეგ ინოვაციის ჰაბებში გარდაისახება. კლასტერის შიგნით მოქმედი კომპანიების საზიარო სამუშაო ძალა, მიწოდების ჯაჭვი, მომხმარებლები და ტექნოლოგიები, ასევე მასში წარმოდგენილი ძირითადი და დამხმარე ბიზნესები თუ საწარმოები აყალიბებს საერთო მომგებიან ბიზნეს ეკოსისტემას. სიახლოვე და თანმხლები მჭიდრო კავშირი, გამოიმუშავებს უკეთეს ანალიზს, უზურუნველყოფს უფრო დახვეწილი კვლევების ჩატარებას, სპეციალიზირებული ნიჭის უფრო დიდ გამოვლინებას და ახალი ცოდნის სწრაფად განლაგებას. კლასტერი ჩნდება ორგანულად და ასახავს მოცემული რეგიონის უნიკალურ აქტივს და ძირითად კომპეტენციებს, რაც ქმნის უნიკალურ კონკურენციულ უპირატესობას მოცემული საწარმოებისათვის თუ ბიზნესებისთვის(3).
აშშ-ში რეგიონის ეკონომიკას კლასტერის საკუთარი მკაფიო პროფილი აქვს. კლასტერების სტანდარტიზაციასა და შედარებას რეგიონების მიხედვით, აშშ-ს კლასტერული რუკების პროექტი უზრუნველყოფს, რომელიც შემუშავებულია ჰარვარდის ბიზნესის სკოლისა და სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მიერ. კლასტერული რუკა კლასტერის ერთიან განმარტებებს იძლევა შტატების, ეკონომიკური არეალების, მეტროპოლიტენის და ადმინისტრაციული უბნების მიხედვით. განმარტებები ეყრდნობა აშშ-ის ინდუსტრიულ კოდებს: „NAICS“- ჩრდილოეთ ამერიკული წარმოების კლასიფიკაციის სისტემას ან მოძველებულ SIC – საწარმოო კლასიფიკაციის სტანდარტის კოდებს(4).
აშშ-ს ეკონომიკაში არსებობს ორი ტიპის კლასტერი – სავაჭრო და ლოკალური კლასტერი(5). სავაჭრო კლასტერში შედის მონათესავე საწარმოები, რომელიც ემსახურება რეგიონის გარეთ არსებულ ბაზრებს. ის თავისუფლად ირჩევს მისი საქმიანობის ლოკაციის ადგილს, (გამონაკლის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების ადგილმდებარეობა უწყობს ხელს) და მნიშვნელოვნად კონცენტრირებულია მხოლოდ იმ რეგიონში, რომელიც სპეციფიურ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მას. სავაჭრო კლასტერი რეგიონალური ეკონომიკის ძრავაა, რომლის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია რეგიონმა მაღალი დონის ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.
ლოკალური კლასტერის საწარმოები ადგილობრივ ბაზარს ემსახურება და გავრცელებულია ქვეყნის ყველა რეგიონში. დასაქმების მაღალი პროცენტიც ლოკალური კლასტერების სამუშაო ადგილებზე მოდის. კლასტერი რეგიონზეა მიბმული და არ უწევს პირდაპირ კონკურენციას სხვა რეგიონებს. მაგალითად: ადგილობრივი გასართობი და ჯანმრთელობის ცენტრები, სილამაზის სალონები, ქიმწმენდა და ა.შ. ლოკალური კლასტერი უზრუნველყოფს აუცილებელ სერვისებს რეგიონის სავაჭრო კლასტერისათვის, ამიტომ წარმატებული რეგიონალური ეკონომიკისათვის ორივე საჭიროა.
ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად კლასტერები აშშ-ში ქმნიან რეგიონის მიზნობრივი კლასტერების ჩამოყალიბების სამუშაო ჩარჩო სტრატეგიებს. სტრატეგიების ამოქმედებით რეგიონები თავს უყრიან კლასტერის შექმნის ძალისხმევას. აშშ-ს რამდენიმე კლასტერის შიდა კვლევებისა და პრაქტიკის მაგალითზე შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხმარება რეგიონებს ჩამოაყალიბოს კლასტერის მაღალ შედეგიანი ზრდის სტრატეგია.
კლასტერის ზრდის მოდელები
კლასტერის ზრდის ხელშემწყობი სტრატეგიის კატეგორიზაცია შეიძლება მოხდეს ორ ძირითად მოდელად: კლასტერული ინიციატივის მოდელი და კლასტერის მოდელი ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე(6). კლასტერული ინიციატივა ვიწრო ფოკუსირებისაა, მაგრამ როგორც წესი უზრუნველყოფილია სრულყოფილი მხარდაჭერით. ის იქმნება იმისთვის, რომ დაჩქარდეს კონკრეტული სპეციფიკური კლასტერის ზრდა. სტრატეგია მოიცავს ქსელებისა და კავშირების განვითარებას კლასტერში შემავალი ბიზნესების დასაფინანსებლად, მიმწოდებლების, მომხმარებლების და სამუშაო ძალის განსავითარებლად. კლასტერული ინიციატივა ხელს უწყობს გასაღების ბაზრების გაფართოებას, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე. აშშ-ში კლასტერული ინიციატივის კატალიზებას ჩვეულებრივ ახდენს როგორც კერძო სექტორი, ასევე ფედერალური სახელმწიფო. 2010 წელს აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის მიერ SBA (Small Business Association) ამოქმედდა რეგიონალური ინოვაციური კლასტერის ინიციატივა – RIC (Regional Innovation Initiative). აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია დღესდღეობით მხარს უჭერს 14 რეგიონალური ინოვაციური კლასტერის ინიციატივას და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან თანამშრომლობით მხარს უჭერს 58 კლასტერულ ინიციატივას საერთო ჯამში. 2016 წელს SBA – მ 6 მლნ დოლარი გადარიცხა რეგიონალური ინოვაციური კლასტერის ინიციატივების პორტფოლიოში. კლასტერზე ორიენტრებულ პროგრამებს (საგრანტო კონკურსები) ასევე აფინანსებს აშშ-ს ეკონომიკური განვითარების ადმინისტრაციის EDA(Economic Development Administration) ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისი რეგიონალური ინოვაციური სტრატეგიების პროგრამების მეშვეობით. 2016 წელს, EDA-მ 15 მილიონი დოლარით დააფინანსა 35 ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით RIS – ის პროგრამების მეშვეობით.
კლასტერის მოდელი ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ხელს უწყობს უფრო ფართო ეკონომიკური განვითარების გეგმებს, რომელიც როგორც წესი ფარავს რამდენიმე ან ყველა კლასტერს. მაგალითად, გაუმჯობესებული ტრანსპორტირება ან სამუშაო ძალის განვითარება. დღესდღეობით აშშ-ში ჩვენ ვხვდებით კლასტერებს უფრო ორიენტირებულს ეკონომიკური განვითარების გეგმებზე და არა კლასტერულ ინიციატივებს, რომელიც უფრო გავრცელებულია ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. კლასტერი ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმებზე საერთო ჯამში დაარსებულია საჯარო ეკონომიკური განვითარების სუბიექტების და საჯარო-კერძო პარტნიორობის მიერ ეკონომიკური განვითარების მიზნით.
კლასტერის ასამუშავებლად რეგიონმა თავად უნდა აირჩიოს კლასტერის განვითარების საკუთარი მოდელი, რომელიც ყველაზე უკეთესად შეესაბამება მისი ეკონომიკური ზრდის მიზნებს და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მოცემულობას(7).
რეკომენდაციები კლასტერის ზრდის მისაღწევად
კლასტერის ზრდის მაღალი ეფექტურობის მისაღწევად მნიშნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
1. კლასტერის სწორად შერჩევა
ნებისმიერი კლასტერის სტრატეგიის წარმატება დამოკიდებულია მთავარზე: პასუხობს თუ არა კლასტერი რეალურად რეგიონის კონკურენტულ უპირატესობას. ტექნოლოგიების აფეთქების შემდეგ ტექნოლოგიური აქტივების მქონე რეგიონები ცდილობენ გაიმეორონ ცდუნება და გახდნენ მომდევნო სილიკონის ველი ან ბოსტონი, თუმცა ასეთმა კლასტერულმა სტრატეგიამ შეიძლება იგივე შედეგი ვერ გამოიღოს.
სტრატეგია „ჩავარდება“ თუ ის არ შეესაბამება კონკურენტულ აქტივებს.
2. სათანადო კლასტერული ინტერვენციის იდენტიფიცირება
ძალიან ხშირად კლასტერული სტრატეგიები მოიცავს ინტერვენციებს, რომლებიც პოპულარულია სხვა რეგიონებში (ინკუპატორები და აქსელერატორები), მაგრამ ის შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი ყველა კლასტერისთვის. კლასტერის შიგნით საწარმოს და ფირმის კომპოზიცია დამოკიდებულია თავად კლასტერზე და რეგიონზე. ეფექტური კლასტერული ინტერვენცია უნდა განვითარდეს კლასტერის შიგნით არსებული ხარვეზების საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნას ყოვლისმომცველი კლასტერული დიაგნოსტიკის მეშვეობით.
ფორმალური მიდგომა კლასტერის ზრდასთან დაკავშირებით ნაკლებად ეფექტური იქნება, ვიდრე სტრატეგია დაფუძნებული კლასტერის უნიკალური გარემოებების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების ღრმა ანალიზის საფუძველზე.
კლასტერული ხარვეზების ანალიზი
ეფექტური კლასტერის ფორმირებაში დაგვეხმარება კლასტერული დიაგნოსტიკა, რომელიც ეფუძნება შემდეგი კომპონენტების ანალიზს:
– წარმოების კომპოზიცია კლასტერის შიგნით;
– ფირმის კომპოზიცია (ზომა და ასაკი) კლასტერის შიგნით;
– სამუშაო ძალის მოთხოვნები კლასტერის შიგნით;
– რეგიონის შიგნით არსებული სამუშაო ძალა;
– კლასტერისა და რეგიონის შიგნით ინოვაციებისთვის საჭირო სტიმულები და წყაროები;
– ფულადი კაპიტალის წყაროები რეგიონის შიგნით;
– მიწის გამოყენების ნიმუშები რეგიონის შიგნით;
– ადგილობრივი, რეგიონალური, სახელმწიფო პოლიტიკა და რეგულაცია, რომელიც გავლენას ახდენს კლასტერის განვითარებაზე.
აშშ-ს ქალაქები პირველ რიგში იწყებენ რეგიონის ძლიერი და მზარდი კლასტერების ყოვლისმომცველ ანალიზს, რასაც უადვილებთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ისეთი კლასტერული მონაცემები, როგორიცაა აშშ-ის კლასტერული რუკები. პრიორიტეტიზაციის პროცესს მიზნობრივი კლასტერების იდენტიფიცირებისათვის ახდენენ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ასევე შეიცავს შესაბამის წვლილს დაინტერესებული პირების მხრიდან. გარდა ამისა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად (რომელიც ქმნის თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ყველა მაცხოვრებლისთვის), ქალაქები ახდენენ იმ ინკლუზიური კლასტერების იდენტიფიცირებას, რომელიც რეგიონში დასაქმების მაღალ შესაძლებლობას სთავაზობს მის ყველა მაცხოვრებელს.
3. გეოგრაფიული მოქნილობა
კლასტერის საზღვრები იშვიათად შეესაბამება პოლიტიკურ საზღვრებს. კლასტერი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს ქალაქში შეიძლება მოიცავდეს ქალაქის საზღვრების გარეთ არსებულ ბიზნესებსაც და ის არსებობს რეგიონალურ დონეზეც. ეფექტური კლასტერული სტრატეგია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ კონკრეტული ქალაქის საზღვრებს. ექსპერტების აზრით შეუძლებელია ქალაქის შემოხაზვა და კლასტერული განვითარება მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე. ეს უბრალოდ არ იმუშავებს. კლასტერული სტრატეგიისთვის რეგიონალური თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქების მაქსიმალური ეკონომიკური ზრდისთვის.
4. ხელმძღვანელობის შესაბამისი საწარმოო გამოცდილება
ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ კლასტერულ ინიციატივებსა და კლასტერზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების გეგმების მართვას მოიცავენ საჯარო ან საჯარო-კერძო ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ, არაკომერციული და უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ ცენტრებს. თუმცა, კორპორატიული ლიდერების პატივისცემის მოსაპოვებლად, რაც აუცილებელია კლასტერული ზრდისთვის, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს ღრმა საწარმოო გამოცდილება. ეს გამოცდილება ასევე მნიშვნელოვანია კლასტერული განვითარების მხარდასაჭერად ინტერვენციების სწორი ტიპის იდენტიფიკაციისა და განვითარებისათვის.
ეკონომიკური განვითარების პროფესიონალების სანდოობა მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხია წარმოების ლიდერებისთვის. ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ კლასტერულ პროგრამებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული საწარმოო გამოცდილება.
5. საჯარო და კერძო სექტორის ძლიერი პარტნიორობა
კლასტერულმა ინიციატივებმა და სტრატეგიებმა აუცილებელია შექმნან კონსტრუქციული და სექტორული თანამშრომლობის მექანიზმები. კონკურენციის შიშის ფაქტორი ხშირად ხელს უშლის და ართულებს საქმიანი საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვას ამ პროცესში. ისინი დარწმუნებული უნდა იყონ, რომ კლასტერული ზრდა ხელს შეუწყობს კლასტერული კავშირის ყველა ბიზნესის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ზრდას. კლასტერული სტრატეგიის წარმატება დამოკიდებულია კლასტერში შემავალი დაინტერესებულ მხარეთა ერთად მუშაობის სურვილებზე, მათ შორის კონკურენტული საწაროების ჩათვლით. კოალიციების შექმნა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ კი მასში იქნებიან კონკურენტუნარიანი საწარმოები და ხანდაზმული გამოცდილი კომპანიები.
6. მდგრადი ბიზნეს მოდელის იდენტიფიცირება
მდგრადი ბიზნეს მოდელის იდენტიფიცირება კლასტერული ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით აშშ-ს მიერ გამოყოფილი გრანტებით შექმნილი კლასტერისთვის. სახელმწიფო დაფინანსება ხშირად გამოიყენება პირველ წლებში განსახორციელებელი ოპერაციებისთვის და შეიძლება აღმოჩნდეს ნაკლებად საიმედო რადგან ის არ მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაზე. კლასტერის მდგრადი ბიზნეს მოდელი უნდა მოიცავდეს სხვადასხვა დაფინანსების ნაკადებს საჯარო და კერძო სექტორებისგან.
დასკვნა
დღეს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. მსოფლიო ბაზარზე კონკრეტული მიმართულებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვება და ლიდერობა რესურსების სერიოზულ ძალისხმევას და კლასტერული პოლიტიკის ამოქმედებას საჭიროებს. ამისათვის პირველ რიგში უნდა მოხდეს კლასტერული პოტენციალის კვლევა და დიაგნოსტიკა რეგიონების, დარგებისა და ფირმების მიხედვით, ხოლო შემდგომ მათი სწორი ფორმირება.
კლასტერული პოლიტიკა უნდა წარმოადგენდეს „კლასტერული ინიციატივების“ პორტფელს, სადაც გათვალისიწინებული იქნება კლასტერის შექმნით გამოწვეული რისკები და ეფექტები. კლასტერების განვითარებისა და ფორმირების წინაპირობები უნდა გახდეს მეცნიერული პოტენციალის, ინსტიტუციონალური (სახელმწიფო, რეგიონალური) და პოლიტიკური მხარდაჭერის არსებობა საქართველოში.
სახელმწიფომ ექსპერტებისა და მკვლევარების დახმარებით უნდა შექმნას კლასტერის განსაზღვის, აღწერის პროცესი და განავითაროს კლასტერის დადგენის საკუთარი მეთოდოლოგია. კლასტერის ანალიზი უნდა დაეყრდნოს ადგილობრივი და რეგიონალური დასაქმების ნიმუშების შეფასებას დაფუძნებულს საწარმოო კატეგორიზაციაზე. უნდა შემუშავდეს საქართველოს კლასტერული რუკების პროექტი.
რეგიონალური ეკონომიკა უნდა გახდეს საქართველოს კონკურენტუნარიანობის საფუძველი. რეგიონალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას, რომელიც ხელს შეუწყობს მიზნობრივი კლასტერების შექმნისა და განვითარების პროცესს, გათვლილი უნდა იყოს მოცემულ რეგიონში მწარმოებლურობის, ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობის, მოგების და დასაქმების დონის ამაღლება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შრომის საერთაშორისო დანაწილებას და რეგიონის სპეციალიზაციას.
კლასტერის ზრდის მაღალი ეფექტურობის მისაღწევად გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი რეკომენდაციები: კლასტერის სწორად შერჩევა, სათანადო კლასტერული ინტერვენციის იდენტიფიცირება, გეოგრაფიული მოქნილობა, ხელმძღვანელობის შესაბამისი საწარმოო გამოცდილება, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა, მდგრადი ბიზნეს მოდელის იდენტიფიცირება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Porter, Michael. 2003. “The Economic Performance of Regions.” Regional Studies, Vol. 37 pp. 549.
2. en.wikipedia.org
3. Kimberly Zeuli, Ph.D., Senior Vice President and Director of Research, ICIC. June, 2017. “Building Strong Clusters for Strong Urban Economies .” JPMorgan Chase & Co. // ICIC 1 1.
4. clustermapping.us
5. Mercedes Delgado, Richard Bryden,Samantha Zyontz. n.d. Categorization of Traded and Local Industries in the US Economy.
6. Kimberly Zeuli, Building Strong Clusters for Strong Urban Economies June, 2017
7. Mercedes Delgado, Michael E. Porter, and Scott Stern. 2014. Defining Clusters of Related Industries. National Bureau of economic Research, August.