საზოგადოებრივი კვების ფუნქციების შესახებ
ლარისა ყორღანაშვილი, მერაბ ზედგენიძე
საზოგადოებრივი კვება კვების პროდუქტების მოხმარების ერთერთი ორგანიზაციული ფორმაა. მისი პროდუქცია მზადყოფნის უმაღლესი დონით ხასიათდება და ძირითადად, წარმოების ადგილზე მოხმარებისთვის არის გამიზნული. საზოგადოებრივ კვებაში ორგანულადაა შეხამებული წარმოების, რეალიზაციის და მოხმარების ორგანიზაციის პროცესები. აღნიშნულის გამო, საბჭოთა ეკონომიკურ ლიტერატურაში საზოგადოებრივი კვების დანიშნულებისა და მისი ძირითადი ფუნქციის განსაზღვრის საკითხი სისტემატური პოლემიკის საგანს წარმოადგენდა.
ეკონომიკურ ლიტერატურაში საზოგადოებრივი კვება განმარტებულია ე.წ. კულინარული პროდუქციის საზოგადოებრივ-ორგანიზებულ წარმოებად. მაგალითად, “საზოგადოებრივი კვების ეკონომიკის” სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ კულინარული პროდუქციის საზოგადოებრივ-ორგანიზებული წარმოება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ წარმოიშვა… საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში იგი სახალხო მეურნეობის მსხვილ დარგად გარდაიქმნა, რომელშიც შერწყმულია მზა პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის და მოხმარების ორგანიზაციის ფუნქციები. ამ დარგმა სოციალისტური მშენებლობის პრაქტიკაში მიიღო სახელწოდება – საზოგადოებრივი კვება.
დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში საზოგადოებრივი კვება განმარტებულია, როგორც სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც მზა საჭმელს აწარმოებს, ახდენს მის რეალიზაციას და ემსახურება მომხმარებლებს. ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს პროფ. ა.კოჩერგაც. იგი წერს, რომ საბჭოთა ხელისუფლების წლებში კვება საზოგადოებრივი სახალხო მეურნეობის მსხვილ დარგად გარდაიქმნა, რომელშიც შერწყმული იყო საჭმლის წარმოების, რეალიზაციის და მოხმარების ორგანიზაციის ფუნქციები. საზოგადოებრივ კვებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მატერიალური დოვლათის უშუალო განაწილებაშიც (საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებათა, სკოლა-ინტერნატების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების და ა.შ. სასადილოთა მეშვეობით, სადაც საჭმელი უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით გაიცემა). მაშასადამე, ამ დარგში გაერთიანებულია სოციალისტური კვლავწარმოების ყველა ფაზა: წარმოება, განაწილება, გაცვლა და მოხმარება. სწორედ ამაშია დარგის განსაკუთრებულობა, რომლითაც იგი ყველა დანარჩენისაგან განსხვავდება. საზოგადოებრივი კვების არსის ასეთი განმარტება გაბატონებულია სპეციალურ ლიტერატურაში. მას ეთანხმებიან ყოფილ საბჭოთა კავშირში დარგის წამყვანი სპეციალისტები: ა.ი.ილინი, ვ.მ.როიზმანი, ლ.პ.ბასკოვი, ი.ა.ფეიზულაევი, ი.ს.სტოლიაროვა, ზ.ს.ხოდოროვა, ე.ა.რიუმშინი და სხვები.
საზოგადოებრივ კვებაში წარმოების, რეალიზაციისა და მომსახურების ორგანიზაციის პროცესების არსებობის გამო, ადგილი აქვს ე.წ. მწარმოებლურ და არამწარმოებლურ დანახარჯებს. ამასთან, საზოგადოებრივი კვების საწარმოებში წარმოებისა და მომსახურების პროცესში ერთობლივი დანახარჯების შეფარდებას მწარმოებლური და არამწარმოებლური შრომის შეფარდებისაგან განასხვავებენ. ეს აიხსნება აღიარებული დებულებით, რომლის შესაბამისად, სახმარი ღირებულების მოხმარებისათვის მომზადება უშუალოდ მწარმოებლურ შრომას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუ წარმოების პროცესში, სადაც იქმნება ახალი სახმარი ღირებულება (კერძები, კულინარიული და საკონდიტრო ნაწარმი), შრომა მთლიანად მწარმოებლური ხასიათისაა, მომსახურების პროცესში ადგილი აქვს შრომის როგორც მწარმოებლურ, ისე არამწარმოებლურ დანახარჯებს.
საზოგადოებრივ კვებაში სახმარი ღირებულების გარდაქმნასთან დაკავშირებულ პროცესებს მიაკუთვნებენ: კულინარიული პროდუქციის გასაცემად მომზადებას, ტრანსპორტირებას, დაფასოებას, შენახვას, სახმარად მომზადებას და მოხმარებისათვის საჭირო პირობების ორგანიზაციას. ჩამოთვლილი პროცესების განხორციელებაზე დასაქმებულნი არიან მზარეულები, ჭურჭლის მრეცხავები, სავაჭრო დარბაზების დამლაგებლები. გარდა აღნიშნულისა, საზოგადოებრივი კვების საწარმოებში მუშათა გარკვეული ნაწილი (მოლარეები, მებუფეტეები, კულინარიის მაღაზიების გამყიდველები) დაკავშირებულია მომსახურების პროცესებთან. ისინი საკუთარი წარმოების პროდუქციისა და ნაყიდი საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ. ამ ჯგუფის მუშაკთა შრომა ორადი ხასიათისაა, ვინაიდან მათ მიერ შესრულებული ოპერაციების ნაწილი მიმოქცევის სფეროში ასრულებს და ამთავრებს წარმოების პროცესებს (საქონლის შენახვა, ტრანსპორტირება, დაფასოებას და ა.შ.). ეს ოპერაციები დაკავშირებულია ე.წ. დამატებით მიმოქცევის ხარჯებთან და ამიტომ, ისინი მიეკუთვნებიან მწარმოებლურ დანახარჯებს, ასეთი მიდგომა საქონლის სახმარი ღირებულების შენარჩუნებითა და საცვლელი ღირებულების გადიდებითაა ახსნილი. შესაბამისად, განხილული კატეგორიის მუშაკთა შრომითი დანახარჯების მეორე ნაწილი დაკავშირებულია მხოლოდ ღირებულების ფორმების შეცვლასთან, ე.ი. წმინდა მიმოქცევის ხარჯებთან, რომელთა ხვედრითი წონა საზოგადოებრივ კვებაში 7-8%-ს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, გაკეთებულია დასკვნა, რომ მწარმოებლური შრომის ხვედრითი წონა შრომის საერთო დანახარჯებში 90%-ს აღემატება და ამიტომ, საზოგადოებრივი კვებისათვის წარმოების ფუნქცია ძირითადი საკითხია.
ეკონომისტთა ერთი ნაწილი (ვ.რ.მარტინოვი, პ.ს.მსტისლავსკი, ე.ი.დანილოვი და სხვები) საზოგადოებრივ კვებას მისი წარმოების ფუნქციის გამოყოფის გაბატონებული აზრის მიუხედავად, არაწარმოებით სფეროს მიაკუთვნებენ. ეს დასკვნა გამოტანილია დარგის ძირითად ფუნქციად მოხმარების ორგანიზაციის ფუნქციის გამოყოფისა და მომსახურების სფეროს არაწარმოებით სფეროსადმი მიკუთვნების შედეგად. ამ შეხედულების მქონე ეკონომისტები შრომის ხასიათს საზოგადოებრივ კვებაში საზოგადოების წევრთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობით განმარტავენ, ხოლო დარგში დახარჯულ შრომას ახასიათებენ, როგორც არამწარმოებლურს, წარმოების ფუნქციების გამორიცხვით. წარმოების ფუნქციის უგულებელყოფას ისინი ხსნიან კვების მრეწველობისა და სხვა დარგებთან კოოპერირებითა და მათთვის ამ ფუნქციის გადაცემით. მოცემული კონცეფცია შრომის ხასიათს მხოლოდ მოხმარების ორგანიზაციისა და რეალიზაციის პროცესებიდან განიხილავს. მაგალითად, ვ.რ.მარტინოვი წერს, რომ მოსახლეობის პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესის ორგანიზაციისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი შრომის სხვადასხვა სახეები “სახმარი წარმოების” ანუ მომსახურების სფეროს დარგებია. ამ სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი საზოგადოებრივი კვებაა… საზოგადოებრივი კვების, როგორც დარგის დანიშნულებაა ხალხის მომსახურება სამუშაო, სწავლის, საცხოვრებელ და სხვა არასაოჯახო პირობებში მათი კვების ორგანიზაციისათვის… საზოგადოებრივი კვების საწარმოებს თავისი ძირითადი ფუნქციის – კვების ორგანიზაციაში მოსახლეობისათვის მომსახურების გაწევის – შესრულება კვების მრეწველობიდან მიღებული საჭმლით შეუძლიათ.
საზოგადოებრივი კვება, როგორც მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საზოგადოებრივ-ორგანიზაციული ფორმა, მრავალი მეცნიერის შრომაში განიხილება, მაგრამ შედარებით დასაბუთებულად ე.ი.დანილოვის პოზიცია ითვლება. იგი სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივ კვებაში შრომის დაახლოებით 50% მწარმოებლური ხასიათისაა. ამასთან აღნიშნავს, რომ, მართალია, დარგი ასრულებს საწარმოო პროცესებს, მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულება არასაოჯახო პირობებში კვების ორგანიზაციაა. მისივე აზრით, მატერიალური წარმოების დარგებისაგან საზოგადოებრივი კვების საწარმოთა განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ მათში ნედლეულიდან მზა პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ფუნქციების რაოდენობა მცირდება.
საზოგადოებრივი კვების ძირითადი ფუნქციის განსაზღვრისას არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მომხრენი რეალიზაციის ფუნქციის საფუძველზე საზოგადოებრივ კვებას ვაჭრობას მიაკუთვნებენ და არ ცნობენ მის დამოუკიდებლობას. ასე, მაგალითად ნ.ნ.რიაუზოვი და ნ.პ.ტიტელბაუმი საზოგადოებრივ კვებას საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი სახედ თვლიან. არსებითად ამასვე ადასტურებს გ.ს.გრიგორიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სახალხო მოხმარების საგნებით ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებრივ კვებას. იგი განეკუთვნება სახალხო მოხმარების საგნებით ვაჭრობის სფეროს, ვინაიდან წარმოადგენს სასურსათო საქონლის (საჭმლის) რეალიზაციის ფორმას.
ინტერესს იმსახურებს საზოგადოებრივი კვების წარმოებით და არაწარმოებით სფეროებისადმი მიკუთვნების საკითხის შესახებ ქართველ ეკონომისტთა მიერ გამოთქმული მოსაზრება. ისინი თვლიან, რომ ვაჭრობა და საზოგადოებრივი კვება მიეკუთვნება როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის სფეროს. მაგალითად, რ.ასათიანი წერს: “მატერიალური წარმოების სფეროში, ჩვენის აზრით, უნდა შევიდეს ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების ის ფუნქციები, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების პროცესის მიმოქცევის სფეროში გაგრძელებასთან, ხოლო არაწარმოებით სფეროში – ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების ის ფუნქციები, რომლებიც დაკავშირებულია ყიდვა-გაყიდვის პროცესთან, მის ორგანიზაციასთან” . პროფ. რ.ასათიანის ამ განმარტების დასაზუსტებლად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის საზოგადოებრივი დანაწილების შედეგად, მასობრივ კვებაში წარმოიშვა საწარმოთა ორი სახე – დამამზადებელი და მზადყოფნამდე ამყვანი, ამიტომ პირველი მათგანი მთლიანად კულინარიული პროდუქციის წარმოებითაა დასაქმებული და იგი მატერიალური წარმოების სფეროს უნდა მიეკუთვნოს. შესაბამისად, მზადყოფნამდე ამყვან საწარმოებში საწარმოო პროცესები მინიმუმამდეა დაყვანილი და მათში, ძირითადად, რეალიზაციისა და მოხმარების ორგანიზაციის პროცესებია თავმოყრილი. ამიტომ, ისინი, თავისი არსით, არაწარმოებით სფეროს განეკუთვნებიან.
საზოგადოებრივი კვების დანიშნულებისა და ძირითადი ფუნქციების შესახებ წარმოდგენილი ანალიზი კ.მარქსის მიერ ჩამოყალიბებულ წარმოების ხარჯების თეორიას ემყარება, რომელშიც წარმოების ხარჯები განხილულია დაქირავებული შრომის ექსპლოატაციის თავისებურებათა გამოსავლენად.
თანამედროვე ეკონომიკური თეორია არ იზიარებს კ.მარქსის შეხედულებას პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებიდან იმ ნაწილის (წმინდა ხარჯების) გამოყოფის შესახებ, რომელიც თითქოსდა არ შედის საქონლის ღირებულებაში, რადგან მეწარმე შემოსავალს ყველა გაწეული ხარჯისაგან და წარმოებაზე დახარჯული ფულისაგან მოელის, რომელიც ბაზარზე მისი მყარი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად საკმარისი უნდა იყოს. გარდა ამისა, დასავლეთელმა ეკონომისტებმა დიდი ხანია უარი თქვეს შრომითი ღირებულების თეორიაზე, რადგან იგი ღირებულებიდან ფასის გადახრის ფაქტორების როლს უარყოფს. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება წარმოების ფაქტორების თეორიას, რომლის თანახმად, საქონლის ღირებულება წარმოების სამი ფაქტორით (შრომა, კაპიტალი, მიწა) მიღებული შემოსავლით (ხელფასი, პროცენტი, მიწის რენტა) განისაზღვრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკისათვის საზოგადოებრივი კვების ფუნქციების შრომითი ღირებულების თეორიაზე დაყრდნობით განხილვა მიუღებელია. ჩვენი აზრით, საბაზრო ურთიერთობათა პირობებში საზოგადოებრივი კვების მთავარი ფუნქციური დანიშნულება კულინარიული პროდუქციის წარმოების, მისი რეალიზაციისა და მოხმარების პროცესების განხორციელების შედეგად მზა კულინარიული პროდუქციისა და ე.წ. ნაყიდი საქონლის მოხმარებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა (ძირითადად, არასაოჯახო პირობებში კვების ორგანიზაციის გზით). საზოგადოებრივი კვების ეს განმარტება არსებითად განსხვავდება სპეციალურ ლიტერატურაში არსებულისაგან და ემყარება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. როგორც განმარტებიდან ჩანს, საზოგადოებრივი კვებისათვის მთავარია მომსახურების განხორციელება, ხოლო რაც შეეხება კულინარიული პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციასა და მოხმარებას, ესენი საზოგადოებრივი კვების მთავარი დანიშნულების (მიზნის) მიღწევის ფუნქციური საშუალებებია.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი კვების, როგორც დამოუკიდებელი დარგის, განხილვის მცდელობის მიუხედავად, იგი მუდამ ვაჭრობის შემადგენელი ნაწილი იყო; საერთაშორისო კლასიფიკაციით კი, ვაჭრობა მომსახურების სფეროში შედის. შესაბამისად, ჩვენი განმარტებაც საერთაშორისო პრაქტიკას სავსებით შეესაბამება.