ინტერნეტ-პროვაიდერების ბაზარი საქართველოში: ანალიზი და პრობლემები

რატი აბულაძე, პროფ. ნ. თოდუა

ახალმა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა მესამე ათასწლეულში დომინირებული ინდუსტრიული ეკონომიკა რადიკალურად შეცვალა და ეკონომიკის ახალმა სახემ ინფორმაციული ეკონომიკის, ანუ ქსელური ეკონომიკის სახელწოდება მიიღო.

ქსელური ეკონომიკა არის გარემო, რომელშიც ეკონომიკური სისტემის ნებისმიერ წერტილში მყოფ ნებისმიერ კომპანიას ან ინდივიდს აქვს საშუალება, დაამყაროს ვიზუალური, აუდიო თუ წერტილოვანი კონტაქტი ნებისმიერ კომპანიასთან, ინდივიდთან (მინიმალური დანახარჯებით) ერთობლივი მუშაობის, კომერციის, იდეების, ნოუ-ჰაუს გაცვლის ან უბრალოდ, ურთიერთობის მიზნით (გართობისათვის).

ქსელური ეკონომიკა “არსებობს” მხოლოდ გლობალურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო გარემოში შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურებით, ეკონომიკური აგენტებით, ინტერნეტ-ტექნოლოგიებით, კომუნიკაციებით, ინფორმაციული ქსელებით და ა.შ.

ყოველივე ზემოაღნიშნული არის ინფორმაციული ქსელი, ახალი ტექნოლოგია, რომლის განვითარების ლოგიკა იმდენად საინტერესოა, რომ ყოველგვარ ნორმებს სცილდება. მაგალითად: მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელმა 50 მლნ-ს მიაღწია 4 წელიწადში, ტელევიზორის მომხმარებელთა რაოდენობამ – 13 წელიწადში, კომპიუტერისამ – 16 წელიწადში, ხოლო რადიოსი – 38 წელიწადში. 2002 წლის მდგომარეობით, ინტერნეტით სარგებლობს 580 მლნ მომხმარებელი.?

საქართველოში ინტერნეტ-ბაზრის ჩამოყალიბებამ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნამ, ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების დამკვიდრებამ, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენათა გამო ძალიან დაიგვიანა, რის გამოც, ქართული ინტერნეტ-ბაზარი განვითარების დონით მსოფლიო მასშტაბებს მკვეთრად ჩამორჩება. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, იგი ასე გამოიყურება: ამერიკული კომპიუტერული კომპანიის “ინტერნეიშენელ ბიზნეს მეშინსის” (International Business Machines) და ბრიტანული ჟურნალის, “The Economist”-ისO საინფორმაციო განყოფილებებმა მსოფლოის 60 ქვეყანაში შემდეგი კრიტერიუმებით ჩაატარეს კვლევები: ინტერნეტთან ხელმისაწვდომობით (ფასების მიხედვით), პროგრამული უზრუნველყოფით, ტექნიკური მხარდაჭერით, უფლებობრივი და სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებით, ასევე იმ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც ინტერნეტის აქტიური მომხმარებელნი არიან (სადაც პირველ ადგილზე 8,7 ქულით მოხვდა შვედეთი, მეორეზე – დანია, მესამე საპატიო ადგილი აშშ-მ ნიდერლანდებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად გაიყო, მათი შედეგები 8,43 ქულას შეადგენს). სიას აზერბაიჯანი და ყაზახეთი ასრულებენ, რომელთაც 10-ბალიანი შეფასებიდან კვლევის პროცესში 2,37 და 2,52 ქულა მოაგროვეს. “ჩრდილო-დასავლეთ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და ავსტრალია ერთნაირ ვირტუალურ დონეზე არიან”, – განაცხადა პეტერ კორსტენმა, კორპორაცია IBM-ის ბიზნესის ფასეულობათა ევროპული ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, – “საფრანგეთი და იტალია საუკეთესო 15 ქვეყანას შორის ვერ მოხვდნენ, რა თქმა უნდა, თუ სამომხმარებლო და საქმიან ადაპტაციას გავითვალისწინებთ, ისინი მეორე ლიგის ქვეყნები არიან, ამ მხრივ ეს სახელმწიფოები ზედმეტად ნელა ვითარდებიან, რაც ძალზე სამწუხაროა”.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეამ მიმდინარე წელს 5 პოზიციით წინ გადაინაცვლა და 16-ე ადგილი დაიკავა, რითაც საფრანგეთს, იტალიას, ტაივანს, ახალ ზელანდიას და ბელგიას გაუსწრო. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ კორეის ოჯახებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაშვება მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მაღალია. ?

ამიერკავკასიის მასშტაბით, საქართველოში პროვაიდერების ბაზარი მეტად განვითარებულია. სომხეთში 2 პროვაიდერია და ბაზარი თითქმის არ არსებობს. აზერბაიჯანში მათი რიცხვი ოდნავ მეტია, მაგრამ ბაზრის ფასების დონეზე კლანური შეთანხმებები მოქმედებს. რუსეთში კი, სულ სხვანაირი სიტუაციაა. გამავალი ტრაფიკი შემავალზე მეტია, მისი ინტერნეტის სეგმენტი გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ჩვენში. რუსეთში პროვაიდერთა ბაზარზე კლიმატს სამი უმსხვილესი კომპანია ქმნის: “PTK mm.ru”, “Gold-en Telecom” და “MTV-intel”,? რომელთაც თავიანთი რესურსები აქვთ, ანუ მათი ქსელები თანამედროვე ტექნოლოგიების შეერთების ხარჯზეა განვითარებული. ამ სამ კომპანიას, რუსეთის ინტერნეტ-მომხმარებლის ტრაფიკის 90% უჭირავს. შესაბამისად, ინტერნეტის სეგმენტს არ სჭირდება გარე ინტერნეტიდან “გადმოქაჩვა”, პირიქით, უფრო მეტი მიაქვს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ პროვაიდერებს საშუალება ეძლევათ ფასებზე გავლენა მოახდინონ. თუ ადრე ისინი ტრაფიკს უფასოდ ცვლიდნენ, ახლა სიტუაცია შეცვალეს და უფასო ლოკალური ტრაფიკი ფასიანი გახადეს. რუსეთში ამის მიღწევა ტექნოლოგიურად შესაძლებელი და ძალიან ადვილია, საქართველოში კი პროვაიდერები ნაკლებ მოგებაზე მუშაობენ.

საქართველოში ინტერნეტ-პროვაიდერების ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ყველაზე მსხვილ პროვაიდერებად ითვლებიან: Online, Sanet da ჩაუცასუს Nეტწორკ. მათ გვერდით არიან “წვრილი” პროვაიდერები, რომლებიც “მსხვილებისაგან” მიღებულ გარკვეული რაოდენობის კანალს მოსახლეობაში ყიდიან.

დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, მათი რიცხვი 37 შეადგენს, სადაც საერთო რაოდენობის 67% (25 კომპანია) მონაცემთა გადაცემას და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას თანამგზავრული სისტემის გამოყენებით ახორციელებს, ხოლო დანარჩენი კომპანიები მონაცემთა გადაცემას და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას საკაბელო ქსელით ახორციელებენ.

აღსანიშნავია რომ, პროვაიდერი კომპანიებიდან “მაგთიკომი”, “ვანექსი” და “სანეტი” მონაცემთა გადაცემას და ინტერნეტის მომსახურებას ახორციელებენ როგორც საკაბელო ქსელით, ასევე თანამგზავრული სისტემის გამოყენებით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის ოფიციალური მონაცემების თანახმად, კომპანიების წილი ინტერნეტ-ბაზარზე შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველ ადგილზე “სანეტი” მოხვდა, თუმცა, 2001 წელთან შედარებით მისი წილი შემცირდა (2001 წლის 41.13% ნაცვლად) და 33.22%-ით შემოიფარგლა.

მეორე ადგილზე “ვანექსი”-ა 24.77%-ით (2001 წლის მონაცემით, მისმა წილმა 25.36% შეადგინა).

მესამე ადგილი (15.35%) “კავკასუს ნეტვორქს” ხვდა წილად (2001 წლის მონაცემით, მისი წილი 11.45% იყო).

მეოთხე ადგილი 10.91%-ით “ჯეონეტმა” დაიკავა (2001 წელს 8.78% ჰქონდა).

მეხუთე ადგილი “ჯორჯია ონლაინს” მიაკუთვნესNE8.04%-იანი წილით (2001 წელს 6.61% ჰქონდა).

მექვსე ადგილზე “გლობალ ერთი” მოხვდა 6.92%-ით (2001 წელს ამ კომპანიას ინტერნეტ-ბაზრის 4.9% ეკუთვნოდა).

რაც შეეხება დანარჩენ ინტერნეტ-პროვაიდერებს, მათი წილი ერთ მთელსაც ვერ გაუტოლდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე შემოსავლიანი მაინც “მანტექსი” აღმოჩნდა, რომელმაც შემოსავლების მიხედვით ბაზრის 0.45% დაიკავა (2001 წელს ეს კომპანია 0.22%-ს ფლობდა).

ინტერნეტის მომსახურებისაგან საერთო შემოსავალი 2001 წელთან შედარებით 2 მლნ ლარით გაიზარდა და 2002 წელს 5.222.240 ლარს გაუტოლდა (2001 წელს 3.138.960 ლარი იყო).

დღეისათვის საქართველოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 73 ათასზე მეტი მომხმარებელია, წელიწადში 60%-იანი ზრდით, არაოფიციალური მონაცემებით ეს რაოდენობა გაცილებით დიდია. ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ეს ციფრი 120 ათასს შეადგენს, საიდანაც 80 ათასი ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია. აღსანიშნავია ის სტატისტიკაც, რომ მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი თბილისზე მოდის, რეგიონების წილი საერთო რაოდენობის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.

აშშ-ში ინტერნეტით სარგებლობს მოსახლეობის 58%, ხოლო დანარჩენი 42% ინტერნეტს დაუინტერესებლობის ან გაუნათლებლობის გამო არ იყენებს (ეს არის არაკომერციული ორგანიზაციის “ფიუ ინტერნეტ ენდ ემერიქენ ლაიფ ფროჯექთის” კვლევის შედეგები (Pew Internet & American Life Project). რაც შეეხება გერმანიას, მოსახლეობის მეოთხედი საყიდლებს ინტერნეტით ახორციელებს (ეს მონაცემი კომპანიებმა “ენ-ფე-ო ინფრატესტმა” (NFO Infratest) და “ენიგმა ჯი-ეფ-ქეი”-მ (ENIGMA GfK) გამოაქვეყნა.

ირანში მოსახლეობის “ინტერნეტ-უფლებებიც” იზღუდება. მთავრობის მოთხოვნით დაიბლოკა 15 000 ინტერნეტ-რესურსი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა და ამორალურ მასალებს შეიცავდა.6

შთამბეჭდავია, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე ამჟამად არც ერთი სახელმწიფო ინტერნეტ-პროვაიდერი არ არის წარმოდგენილი. აღნიშნული ფაქტორი ჯანსაღი კონკურენციის არსებობას შესაძლებელს ხდის, რადგან ნაკლებია იმის შანსი, რომ სახელმწიფო კომპანიებმა ბაზარს ინტერნეტ-მომსახურეობაზე ტარიფები და პირობები უკარნახონ. შედეგად კი, პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მომსახურების დაბალი ფასები მოქმედებს.

ცხრილში 1 მოცემული კომპანიების მიერ ინტერნეტში დაშვების ტექნოლოგიები მეტად მრავალფეროვანია. ფართო სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს “ჯორჯიან ონლაინი”, “სანეტი”, “კავკასუს ნეტვორკი”, “ჯეონეტი”, “თი აი სერვისი” და სხვა.

საკომუნიკაციო ქსელი პროვაიდერების ბაზრისა და ინტერნეტის ბაზრის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ცნობილია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე ცუდი საკაბელო მეურნეობა იყო, რამაც დღევანდელ დღეზე უარყოფითი გავლენა იქონია. ახლა სატელეფონო ქსელს ვერავინ შეცვლის, რადგან ამის ფინანსები არსაიდან ჩანს. Dდღეს პროვაიდერთა საერთო რაოდენობის 35% თავის კლიენტთან ოპტიკური კაბელით მიდის, ინტერნეტში მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს სინქრონიზაციას, რომლის დარღვევა მომხმარებელს ინტერნეტიდან აგდებს. Aამ დროს ხელახლა უნდა აკრიფო ნომერი და შეხვიდე ინტერნეტში, რაც ხანდახან იმდენად მომაბეზრებელია, რომ ხალისიც იკარგება, რაც უარყოფითად ისევ და ისევ ბაზარზე აისახება. ინტერნეტის ფასიც ძვირია, ეს განპირობებულია ერთი მხრივ იმ ფაქტორით, რომ ინტერნეტის ფასს წუთობრივი გადასახადი არეგულირებს, ხოლო მეორე მხრივ ინტერნეტის მაღალ ფასზე გეოგრაფიული მდებარეობაც მოქმედებს, რადგან საქართველო შორსაა ევროპისაგან, აშშ-გან და აღმოსავლეთ აზიისაგან (სადაც ინტერნეტი იაფია), ინფორმაციის ძირითადი მოპოვება სატელიტიდან ხდება. არსებობს სხვა მეთოდებიც: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი (მისი მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს და იგი კონკურენციას გაუწევს რუსეთის მონოპოლისტურ მაგისტრალს, რომელიც ნოვოროსიისკიდან ფოთამდე მოდის) და ელექტროენერგიის ქსელით ინტერნეტის მიღება. ამ ძვირი ტექნოლოგიების დანერგვაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ასევე არ არის ადგილობრივი რესურსები, არ არის იმდენი ინფორმაცია, რაც მომხმარებლებს დააინტერესებს, ამიტომ მომხმარებლები, ძირითადად, უცხოური საიტებით სარგებლობენ (1999 წელს უცხოური საიტების რაოდენობა 4.5 მლნ-ს შეადგენდა)7.

აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში კაპიტალდაბანდებები ნაკლებია. მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობის ინტერნეტის დამაბოლოებელი აპარატურა გამო ჯერ კიდევ ფუფუნების საგანია, ანუ კომპიუტერი. მართალია, სახელმწიფო პროგრამით ქვეყანაში 1050 კომპიუტერი შემოვიდა (იგი სკოლებზე 58 დოლარად განაწილდა, რადგან მეორადი ტექნიკა იყო), შემოდის კიდევს 3200 ცალი, რომელთაგან ნახევარი თბილისზე განაწილდება, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე, მაგრამ ეს რაოდენობა თავისთავად უმნიშვნელოა და ბაზარი, ძირითადად, კერძო სექტორიდან ვითარდება, რადგან ძირითადი მომხმარებელი მაინც ის არის. ამიტომ, “ცხოვრების დონის გაუმჯობესებამდე” ასეთმა პროგრამებმა უფრო აქტიური ხასიათი უნდა მიიღოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების გათვითცნობიერებას ინტერნეტ-ტექნოლოგიების მნიშვნელობაში და შესაბამისად, განავითარებას ინტერნეტ-მოხმარების ბაზარს.

ამასთან შეიძლება ავღნიშნოთ, რომ ინტერნეტის გავლენას თანამედროვე მსოფლიოზე ისტორიული ანალოგები არ ჰყავს, მისი დღევანდელი დღე ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში ელექტრონული შეღწევაა. კარდინალურად იცვლება ბიზნესის მენტალიტეტი და ფილოსოფია (რაც გამოწვეულია იმით, რომ ნებისმიერი საწარმოო პროცესის ძირითადი სამსახურეობრივი ინფრასტრუქტურა ეკონომიკური სისტემების ნებისმიერ იერარქიულ დონეზე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გადადის) და საერთოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიები დღევანდელ ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მაგალითად, ირლანდიაში საინფორმაციო ტექნოლოგიებით 300 მეტი კომპანიაა დასაქმებული, რომელიც იძლევა წარმოების ექსპორტის მესამედს, მწარმოებლობასა და დასაქმებაში 70 %-ს და ირლანდიის ნაციონალური პროდუქტის 12%-ს. ამიტომ, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება უნდა იქცეს, რაც მომავალი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან აღსანიშნავია რომ, მოწინავე ქვეყნებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ერთი პროცენტით ზრდა, ყოველ მოსახლეზე შემოსავლის 1,2%-ით გაზრდას იწვევს, ჩვენს სფეროში ერთი სამუშაო ადგილის შექმნა, სხვა დარგში სამ სამუშაო ადგილს შექმნის.

შესაბამისად, ინტერნეტ-ბაზარი გადაწყვეტს შემდეგ ამოცანებს: საბაჟო, საბანკო, საგადასახადო, სადაზღვევო და საბირჟო ოპოერაციების განხორციელებას და მათ გამჭვირვალობას, განათლებას, კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, იქნება ეს საქონელმოძრაობის დროს თუ ტვირთების გადაზიდვისას და საერთოდ, კონტროლი გაიზრდება ყოველ კომპლექსურ დარგზე. ინტერნეტ- ტექნოლოგიების განვითარებით შეიცვლება ვაჭრობისა და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა არსებული მოდელები, მოხდება ეკონომიკური სტრუქტურების ტრანსფორმაცია და ინფორმაციული სისტემების დანერგვა, გაიზრდება მისი როლი ტელემედიცინაში, ტელეაუქციონში, ტელემარკეტინგში, ტელემუშაობაში.

ინტერნეტ-ინდუსტრიის განვითარება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და კომპანიებისათვის საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

სრულყოფას საჭიროებს ინფორმაციული ეკონომიკის სახელმწიფო ინფორმაციული პოლიტიკა, დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მეტად მწირია (1996 წლის 30 აპრილის #298 ბრძანებულება “საქართველოს სტრატეგიული საინფორმაციო სისტემების საკოორდინაციო კომისიის შესახებ”, 2000 წლის 4 აგვისტოს #865 განკარგულება “საქართველოში ინფორმატიზაციის განვითარების ხელშეწყობის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”, 2001 წლის 8 ივლისის #267 ბრძანებულება “საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკოორდინაციო საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ”).

მასიურად უნდა ხორციელდებოდეს მარკეტინგული კამპანიები. მართალია, ზოგიერთი ფირმა ახორციელებს რეკლამას, მაგრამ არ ეწყობა გამოფენები, ახალ პროდუქციაზე პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები, რაც ბაზრის მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

ქართულ ბაზარზე შემოსული უცხოური ფირმებიდან შეიძლება დავასახელოთ შემდეგი: “ფუჯიცუ”(Fujitsu), “სიმენსი” (Siemens), “ქენონი” (Cannon), “ეიჩ პი” (HP), “ინტელი” (Intel), “3 კომ” (3 Com) და სხვ.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს უამრავი უპირატესობა შეუძლია მიიღოს სტაბილური და განვითარებული ინტერნეტ-ბაზრიდან, რისთვისაც ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს საინფორმაციო საზოგადოების მოთხოვნებთან ქვეყნის ადაპტაციისათვის საუკეთესო სტრატეგიული გეგმის შემუშავება, საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების სათანადო წარმოჩენა და სისტემური ხელშეწყობით ინტერნეტ-ბაზრის განვითარების ხარისხის ამაღლება. აუცილებელია გაუქმდეს საბაჟო გადასახადი კომპიუტერული ტექნიკის იმპორტზე, რომლის პროცენტი საკმაოდ მაღალია (34%), აღნიშნული პროცესი გაზრდიდა დაბალ მსყიდველობითუნარიანი საზოგადოების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. უნდა შეიქმნას სკოლები, სადაც შესაძლებელი იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრონული ბიზნესის შესწავლა, ინფორმაციული კულტურის დაუფლება და ა.შ.

ჩვენმა ქვეყანამ მალე უნდა გაიაროს საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ადაპტაციის პერიოდი, რადგანაც მოცემული ინდუსტრია მომავალი ეკონომიკური ზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.