რეგიონის დაკრედიტების რისკის პრობლემები
გია ლომიძე
თანამედროვე საბანკო სისტემა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი სფეროა. საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა უშუალოდ არის დაკავშირებული საკრედიტო ურთიერთობების პოტენციალის რეალიზაციასთან. ამიტომ, ქვეყანაში არსებული საფინანსო ბაზრების ფორმირების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ფულის და კრედიტის მოძრაობის საფუძვლიანი გარდაქმნა. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ფულადი რესურსების ცენტრალიზებული გადანაწილება და უპირატესობა მიენიჭოს ფინანსურ ბაზრებზე ფულის ჰორიზონტალურ მოძრაობას. საფინანსო ბაზრის შექმნა თავის მხრივ ეროვნული ეკონომიკის მართვაში საკრედიტო ინსტიტუტების მნიშვნელობის და კრედიტის როლის ზრდას იწვევს.
დღევანდელ პირობებში ქართული კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ოპერაციები სულ უფრო დახვეწილ ხასიათს იღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თუ საწყის ეტაპზე საბანკო სისტემის ფორმირებისას საბანკო სფერო საკმაოდ აქტიურად ვითარდებოდა და ბანკების რაოდენობაც ქართულ რეალობას ძლიერ სცილდებოდა, უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა რიგი დადებითი ტენდენციები. ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, რომელიც საბანკო სექტორის საიმედოობის ხარისხის გაუმჯობესებას და შედარებით სტაბილური მდგომარეობის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, გარკვეული შედეგები გამოიღო.
რეგიონის რისკის განსაზღვრა ნებისმიერი კომერციული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. კომერციული ბანკი რეგიონის რისკის შეფასებას იყენებს იმისათვის, რომ ბაზარს ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით გაუსწროს და აქ განსაზღვრული პოზიციები დაიკავოს. თუ რისკის საბანკო შეფასება უფრო ზუსტი აღმოჩნდება, მაშინ ბანკის დანაკარგები ნაკლები იქნება და შესაბამისად, ის მოსალოდნელ შედეგებს მართავს. რეგიონის რისკის შეფასების სირთულე კომერციული ბანკების რისკებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ შეიძლება დავიყვანოთ ბალანსების ანალიზამდე და რამდენიმე ძირითად თანაფარდობამდე. მეორე სირთულეს რეგიონის რისკის შეფასების მუდმივი და ხანგრძლივი აუცილებლობა წარმოადგენს. ამას კი, შეფასების მაღალ ღირებულებასთან მივყავართ.
ცალკეულ შემთხვევებში ბანკები სპეციალიზებული სააგენტოების მომსახურებას მიმართავენ, რომლებიც შესაბამისი ანაზღაურების საფასურად რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიზს წარმოადგენენ. ბანკები ამოწმებენ მიღებულ ინფორმაციას, შეაქვთ აუცილებელი კორექტივები, ან მას საკუთარი ანგარიშების შესამოწმებლად და დასადასტურებლად იყენებენ. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ანგარიშებს პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილებების და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში.
რისკის შეფასების მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს ბანკის კაპიტალის საკმარისობისა და ერთ მსესხებელზე რისკის მაქსიმალური მაჩვენებლები იწვევს. რისკები მათი ბუნებიდან, ხანგრძლივობიდან და კონტრაგენტიდან გამომდინარე, შეწონასწორებულად ბანკის ცალკეული ოპერაციების მიხედვით განისაზღვრებიან.
აუცილებელია განისაზღვროს საბანკო რისკის საერთო სიდიდის დასაშვებლობის ხარისხი:
H = ((P1 + P2 + P3 + . . . + . . . Pn ) : K) ? E
სადაც, H არის ბანკის საერთო რისკის დაშვების ხარისხი;
P – ბანკის რისკები ყველა ოპერაციის მიხედვით;
E – ბანკის საგარეო რისკები;
K – ბანკის კაპიტალი.
კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის დაკრედიტების რისკის გაანგარიშების დროს საკმარისია თითოეული კლიენტისათვის კრედიტუნარიანობის კლასის განსაზღვრა. კრედიტუნარიანობის განსაზღვრის მეთოდიკის ძირითადი და დამატებითი მაჩვენებლების დონის შესაბამისად, ბალანსის ლიკვიდობის კოეფიციენტების, ბალანსის დაფარვის, გადახდისუნარიანობის, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფის, საკუთარი და მოზიდული სახსრების, შემოსავლიანობის დონის, ფინანსური მდგომარეობის მდგრადობის მიხედვით გამოიყოფა მსესხებელთა 3-5 კლასი. აქედან კრედიტუნარიანებად საბაზრო ეკონომიკის პირობებში IV-V კლასის მსესხებლები და ბანკები ითვლებიან, დარჩენილთაგან ბანკისთვის უპირატესია პირველი კლასის მსესხებელი, რომლის სესხის გადახდის რისკი არაა დიდი და არ მოითხოვს დაკრედიტების მკაცრი პირობების გამოყენებას, გარანტიების, საგირავნო უფლებების დაზღვევას, თუმცა მასზე შეიძლება იმოქმედონ გარე ფაქტორებმა, რომლებიც დაკავშირებულია კომერციულ, პოლიტიკურ და გეოფიზიკურ რისკებთან. თუმცა ბანკი პირველი კლასის მსესხებლის შემთხვევაშიც უნდა ფლობდეს მეთოდიკას და ინფორმაციას მისი კომერციული და სხვა რისკების სიდიდეზე.
II-III კლასის მსესხებლებთან ბანკები უფრო მკაცრ ურთიერთობებს ამყარებენ. კერძოდ, ადგენენ გირაოს გარანტიების, სესხის უზრუნველყოფის აუცილებლობას და მათზე კონტროლს, ახორციელებენ კრედიტების გეგმური სიდიდეებით მკაცრ შეზღუდვას, დაკრედიტების პირობის დარღვევისას მოითხოვენ პასუხისმგებლობას და იყენებენ კრედიტის ოპერატიული გადახდევინების მექანიზმს.
განხილული ნორმატივები მიმართულია, ერთი მხრივ, ბანკების მიერ მსხვილი კრედიტების გაცემის შეზღუდვისაკენ, მეორე მხრივ, ბანკის შესაძლო დანაკარგების რეგლამენტაციისაკენ, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ მსესხებელთან. თუმცა, ეს ნორმები დროებითი ხასიათისაა, რადგანაც ისინი არ ითვალისწინებენ: 1) საგარეო ფაქტორებს (პოლიტიკურს, გეოფიზიკურს, კომერციულს), რომლებიც კონკრეტულ კლიენტზე ახდენენ გავლენას; 2) ტენდენციებს, რომლებიც აღრმავებენ ბანკის მსესხებლის კომერციული საქმიანობის შინაგან რისკთა განვითარებას. ამ ფაქტორების აღრიცხვა მოითხოვს ცალკეულ მსესხებელთან ბანკის საკრედიტო ურთიერთობების მეთოდოლოგიური მიდგომის გამომუშავებას, რაც ეკონომიკური კრიზისის პირობებში კლიენტის საქმიანობაში კომერციულ, პოლიტიკურ, საბაზრო და სხვა რისკებზე დაბანდებების დამოკიდებულებას ითვალისწინებს.
ერთი და იგივე რეგიონისთვის რეგიონის რისკი კრედიტის გადახდის ვადის, სესხის მიმღების ტიპისა და კრედიტის მიზნის მიხედვით იცვლება. ამრიგად, შეუძლებელია რეგიონების კლასიფიკაცია უბრალოდ ცუდი და კარგი რისკის მქონე რეგიონებად. სხვადასხვა სახის რისკების შეფასება აუცილებელია დაკრედიტების ამორჩევითობის მისაღწევად და რისკის მართვის ორგანიზაციისათვის. გაუთვალისწინებელ მოვლენებს დროის მოკლე შუალედში შეუძლიათ რეგიონის რისკზე წარმოდგენა ძლიერ შეცვალონ. რისკის შეფასება წელიწადში ერთხელ რეგიონებისათვის საკმარისი არ არის. ისინი უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და რისკი ყოველთვის ხელახლა უნდა შეფასდეს, როგორც კი მოხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ან ნათელი გახდება, რომ წინადადებები რისკის შესახებ, რომლებიც ადრე გამოითქვა, სწორი არ არის.
რისკი შეიძლება გამოყენებული იყოს ყოველდღიური საკრედიტო ურთიერთობის ოპერაციების განხორციელებისას, სავალო კრიზისის შემთხვევაში, პოლიტიკის შემუშავებისას, დაკრედიტების ზღვრების დადგენისას, გრძელვადიანი დაგეგმვის დროს, სავალუტო კურსის მართვისა და ბანკისა და მისი ოპერაციის ადგილის შეფასებისას, რეგიონის რისკის სხვა რისკებთან შეერთების გზით, რომლებსაც ეწევიან ერთობლივი საწარმოები და ოპერაციის სხვა მონაწილეები. ბანკისთვის მნიშვნელოვანია რისკების შეფასების კარგი ექსპერტის რეპუტაციის მოპოვება.
რეგიონის რისკი არის ადგილობრივი და უცხოური დაკრედიტებისას დანაკარგებისადმი მიდრეკილება, რომელიც გამოწვეულია სხვა რეგიონში მიმდინარე მოვლენებით. იგი მიეკუთვნება კაპიტალებს და არა ვალდებულებებს, თუმცა ბანკების სისტემაში შეიძლება არსებობდეს უცხოური ვალდებულებების რისკი, რომლებსაც საზღვარგარეთ ფილიალები გაჩნიათ.
რეგიონის რისკის შეფასების დროს მნიშვნელოვანია რეგიონის რისკის კლასიფიკაცია. რეგიონის რისკის კლასიფიკაციის საფუძველში ჩადებულია შემდეგი კრიტერიუმები:
რეგიონის რისკის შეფასების საფუძვლების დამუშავებამ და ამგვარი ინფორმაციის გაცემამ გარკვეული ანაზღაურების საფასურად, კლიენტის პირველი მოთხოვნისთანავე, ბანკების საშუამავლო ოპერაციებში ძირითადი ადგილი უნდა დაიკავოს, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკები, არსებითად, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის და რეგიონების მსესხებლების ფინანსური ინფორმაციის ერთადერთ მფლობელს წარმოადგენენ, რადგან ბანკები აუცილებლად შეაფასებენ თავის და შესაბამისად, კლიენტების გადახდისუუნარობას. მეთოდიკის შედგენისა და საკუთარი კლიენტების შინაგანი და გარეგანი კომერციული და პოლიტიკური რისკების სიდიდის განსაზღვრის ხარჯები მსგავს საქმიანობაზე სპეციალიზებული ფირმების შესაბამის ხარჯებთან შედარებით უფრო იაფი დაუჯდებათ. კლიენტების საკრედიტო რისკების განსაზღვრა ბანკებისთვის ხელსაყრელი იქნება, რადგან ისინი ამ სამუშაოს თავისთვის მაინც ატარებენ. ეს უზრუნველყოფს სპეციალიზებულ კომპანიებთან, ბანკის კონკურენციულ ბრძოლაში წარმატების მიღწევას და საბაზრო ეკონომიკაში ბანკების მდგრადობას.
რეგიონის დაკრედიტების რისკი უშუალოდ არის დაკავშირებული რეგიონში არსებული ბანკებისა და საბანკო დაწესებულებების (ერთობლივი ბანკები) საქმიანობასთან და გლობალური რისკების არსებობასთან. რეგიონის დაკრედიტების რისკის სიდიდე დამოკიდებულია პარტნიორი ან კონტრაგენტი რეგიონების, იმპორტიორების ან ექპორტიორების პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტაბილურობაზე. აღნიშნული რისკის მართვა აქტუალურია ყველა იმ საბანკო დაწესებულებებისათვის, რომლებიც უცხოური კაპიტალის მონაწილეობითაა შექმნილი. რეგიონის დაკრედიტების რისკის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია უცხოური კონტრაგენტის ფინანსური მდგრადობის შეფასება. რეგიონის დაკრედიტების რისკის დონის ანალიზის მეთოდებიდან აღსანიშნავია “ბერის” ინდექსი, რომელიც რეგულარულად მუშავდება გერმანული ფირმა “ბერის” მიერ. ამ ინდექსის საშუალებით წინასწარ განისაზღვრება რეგიონის დაკრედიტების რისკის სიდიდე. “ბერის” ინდექსი მუშავდება ექსპერტული შეფასებებების მეთოდების მიხედვით წელიწადში ოთხჯერ და ამით პარტნიორ რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი ხდება. ანკეტა, რომელზეც ანონიმურად პასუხობენ ცალკეული რეგიონების სპეციალისტები, მოიცავს შეფასების 15 კრიტერიუმს. თითოეულ მათგანს გააჩნია ხვედრითი წილი, საერთო ჯამით 100. ყოველი კითხვა ფასდება ქულებით და პროცენტული შკალით და აქვს პასუხის 5 ვარიანტი 0-დან 4-მდე. რაც უფრო მაღალია ქულების რაოდენობა, მით უფრო დაბალია რეგიონის დაკრედიტების რისკის დონე.
რეგიონის დაკრედიტების რისკის მართვის სხვა მეთოდს იყენებს შვეიცარიული საბანკო კორპორაცია. აღნიშნულ შემთხვევაში რისკის მართვის მეთოდიკა ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:
– რეგიონის დაკრედიტების რისკის პროგნოზირება უნდა ეყრდნობოდეს რეგიონის მოწყობის სტრუქტურულ, ხარისხობრივ და რაოდენობრივ მახასიათებლებს;
– ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების შეფასება უნდა იყოს საკმაოდ ნათელი და კონკრეტული.
აღნიშნული პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბდა სტატისტიკურ-ანალიტიკური მიმართულების მასალების სტრუქტურის ორსაფეხურიანი სისტემა. პირველი საფეხური მოიცავს რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაციის შეფასებას, რომელშიც შედის ეკონომიკური ზრდის ტემპები, საგადამხდელო ბალანსი და საშინაო და საგარეო ვალების შეფასება. Mმეორე საფეხური მოცავს რეგიონში არსებული კონკრეტული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებას რისკის სახეობების მიხედვით. რეგიონის დაკრედიტების რისკის სახეობები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
– სადაზღვევო;
– სტიქიური უბედურებები;
– სამართლებრივი (საკანონმდებლო);
– კონკურენციული;
– პოლიტიკური;
– სოციალური;
– ეკონომიკური;
– ფინანსური;
– ორგანიზაციული;
– დარგობრივი;
– და სხვა.
ყველა ზემოთ აღნიშნული სახეობების ანალიზის შედეგად იქმნება სრული წარმოდგენა ამა თუ იმ რეგიონის ფინანსური მდგრადობის შესახებ.
რეგიონის დაკრედიტების რისკის მართვის შესაძლებლობები რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავენ. საქართველოს რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობას სამეწარმეო გარემო განსაზღვრავს, განსაკუთრებით მისი ისეთი ელემენტები, როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, ფისკალური პოლიტიკა, კორუფციის დონე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობას, მასზე გამავალ სატრანზიტო ნაკადებით ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ თუ ადამიანურ რესურსებს და მათ ფასს, ადგილობრივი ბაზრის მოცულობას ან მოსაზღვრე რეგიონების ბაზარზე გასასვლელ და განხორციელებად მასშტაბურ საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებს.
საქართველოს რეგიონების დაკრედიტების ერთ-ერთ უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება შიდა ბაზრის სიმცირე, რაც განპირობებულია არა მარტო მოსახლეობის სიმცირით, არამედ მისი დაბალი მსყიდველობითუნარიანობითაც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგიონების დაკრედიტების რისკი მჭიდრო კავშირშია რეგიონში არსებული ბანკებისა და საბანკო დაწესებულებების საქმიანობასთან. საქართველოში კომერციული ბანკების სისტემის თანამედროვე სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ბანკთაშორის და სხვა საფინანსო ბაზრებზე რისკიანობის გაზრდა ბანკების საგარეო ეკონომიკური სესხების ბაზას მნიშვნელოვნად ავიწროებს. შესაბამისად, მათ მოუწევთ საკუთარ სარესურსო ბაზარზე იმედის დამყარება, რომელიც კომერციული ბანკების უმეტესობას შეზღუდული აქვს. ქვეყანაში რეალური სექტორის დაკრედიტება არა მარტო არ იზრდება, არამედ პირიქით, მცირდება. ამასთან, ყალიბდება კომერციული ბანკების ისეთი სისტემა, რომელიც სხვადასხვა დარგებისა და ეკონომიკის სექტორების საკრედიტო მხარდაჭერის ნაცვლად, მხოლოდ მაღალშემოსავლიან დარგებზე არის ორიენტირებული. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კომერციული საბანკო სისტემის მიერ გაცემულ სესხებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთები, საკმაოდ მაღალია (24-40%). ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც საქართველოში არსებულ საკრედიტო რისკზე მიუთითებს, ინვესტირების პროცესს აფერხებს. ბანკები რესურსებზე მცირე მოთხოვნას განიცდიან, რაც, ძირითადად, ორი მიზეზით არის განპირობებული: ა) ცოტაა ფინანსურად უზრუნველყოფილი პროექტები, რომლებიც შეძლებენ ბანკების მიერ დაწესებულ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდას (მაღალი პროცენტები განაპირობებს მსესხებელთა მხრიდან გადაუხდელობის ხშირ შემთხვევებს); ბ) გირაოს ამოღების პრობლემების არსებობის გამო ბანკები ითხოვენ, რომ გირაოს ღირებულება ბევრად აღემატებოდეს სესხის ოდენობას (რის გამოც არსებობს სესხის უზრუნველსაყოფი გირაოს დეფიციტი). საკრედიტო კულტურის და მართვის სისუსტე, საწარმოთა საფინანსო ანგარიშებისადმი უნდობლობა განაპირობებს ბანკების მხრიდან მხოლოდ გირაოთი უზრუნველყოფილი სესხების გაცემას, რაც ართულებს მცირე ბიზნესისათვის სესხის მიღების შესაძლებლობებს. აღნიშნული კი, საფინანსო სექტორის გაფართოების და გაღრმავების, ასევე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია.