რეგიონის სამომხმარებლო ბაზარი და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრობლემები
დალი ხოხობაშვილი
საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის აუცილებელია საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრაცია.
საქართველოში ბოლო წლებში საქონელწარმოების განვითარების ტემპი მომსახურების სფეროს განვითარების ტემპს საგრძნობლად ჩამორჩა. ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობას, რომელიც წარმოებასა და მოხმარებას შორის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლია. 2002 წელს საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში ვაჭრობის წილმა 922,5 მილიონი ლარი, ანუ 12,7% შეადგინა.
საქართველოს თანამედროვე ბაზარი ხასიათდება დინამიკური განვითარებით, რომელზეც ზეგავლენას სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ფაქტორები ახდენს. ჩნდება ახალი სახის საქონელი, მომსახურება და კონკურენტული სისტემები, მუშავდება ახალი სტრატეგიები, ბაზარზე გამოდიან ახალი მონაწილეები, იცვლება თამაშის წესები. იმისათვის რომ გავაანალიზოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ბაზარზე და კერძოდ, კახეთის რეგიონში, განვიხილოთ მისი ერთი სეგმენტის – სამომხმარებლო ბაზრის საქმიანობა, რომელშიც დღესდღეობით საკმაოდ სწრაფი ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა, მას ბევრი ნაკლოვანება და არაცივილიზებული ფორმაც გააჩნია, რაც არ იძლევა მისი სწრაფი ტემპით განვითარების საშუალებას. ერთ-ერთი ასეთი ფორმა გარე ბაზრობებია. სამთავრობო დონეზე ხშირად არის საუბარი მათ ლიკვიდაციაზე. ზოგჯერ ქუჩებსა და მოედნებს ასუფთავებენ კიდეც სახელდახელოდ გაკეთებული დახლებისაგან, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისინი კვლავ ჩნდებიან. ცივილიზებულ ქვეყანაში გარე მოვაჭრეებს პოლიცია სახლებში კი არ უნდა ერეკებოდეს, ისინი ჯერ დახურულ სავაჭრო ადგილებში და შემდეგ პავილიონებში უნდა შეჰყავდეს, რაც გამოიწვევს ქსელური სტრუქტურების ზრდას, ვაჭრობაში დასაქმებულების ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნას, რეალიზაციის მომენტისათვის საქონლის სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებას და საბოლოოდ, მომხმარებლის უფლებების დაცვას.
საქართველო ვაჭრობის ლიბერალიზაციამ უცხო ქვეყნების გასაღების ბაზრად აქცია. 10-12 წლის წინ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს (უმეტესად ვაჭრობაში) ყველანაირად გამოუცდელი ფიზიკური პირები ახორციელებდნენ. ამან ადრე დეფიციტური საქონლის იმპორტის დიდი ნაკადების მოდინება გამოიწვია, რომელსაც თავის მხრივ გასაღების პრობლემა შეექმნა. ეს ვაჭრობაში თვისებრივად ახალი სტრუქტურების – ბაზრობების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ასეთი ბაზრობები არაცივილიზებული ფორმებია და დღემდე სტიქიურ ხასიათს ატარებს.
საწარმოთა უმეტესობის გაჩერებამ და ამით გამოწვეულმა უმუშევრობამ, უსახლკარო ლტოლვილების ჩამოსვლამ დიდ ქალაქებში ბინისა და სამუშაოს საძებნელად და იმან, რომ სახელმწიფომ ვერ მოაგვარა მათი დასაქმების პრობლემა და ვაჭრობაში კი ხშირად პრიმიტიული, მაგრამ მძიმე შრომით შეიძლება თავის გატანა, გამოიწვია ის, რომ ამ სფეროში თვითდასაქმების გზით შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმდა. ბევრი მათგანისათვის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა მხოლოდ ვაჭრობის სფეროს საშუალებით გახდა შესაძლებელი.
ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების, თავისუფალი ვაჭრობის და ფასების ლიბერალიზაციის პირობებში, სამომხმარებლო ბაზარი თვისებრივად შეიცვალა. საწარმოთა კომერციალიზაციამ და პრივატიზაციამ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებამ ხელი შეუწყო მეურნე სუბიექტების ახალი ტიპების ჩამოყალიბებას.
სამომხმარებლო ბაზარი ყიდვა-გაყიდვის აქტებში გამოხატული ეკონომიკურ ურთიერთობათა ის ნაწილია, სადაც ცალკეული ინდივიდები ან საოჯახო მეურნეობები შეიძენენ საქონელს ან მომსახურებას პირადი მოხმარებისთვის. სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნა წარმოადგენს ყველა სხვა სახის ბაზარზე მოთხოვნის რაოდენობისა და სტრუქტურის ამოსავალ საფუძველს და წინაპირობას.
იმის გამო, რომ სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელი უშუალოდ პირადი საჭიროებისათვის იძენს საქონელს, იგი რიგი სპეციფიკურობით ხასიათდება. კერძოდ, ამგვარ ბაზარზე მომხმარებლის გემოვნება დიდად არის დამოკიდებული მის ასაკზე, პროფესიაზე, ეროვნებაზე, განათლების დონეზე, საცხოვრებელ ადგილზე და ა. შ.
საბითუმო ვაჭრობა, რომელიც შუამავალია უცხოელ მწარმოებელსა და ადგილობრივ მომხმარებელს შორის, ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. გაუმიჯნავია აგრეთვე აგრარული და არა სასურსათო საქონლის ბაზრები, ერთიმეორის გვერდით იყიდება საკვები პროდუქტები და სინთეზური სარეცხი საშუალებები, შხამ-ქიმიკატები, პესტიციდები, სამედიცინო მედიკამენტები, რაც ჰიგიენური თვალსაზრისით დაუშვებელია; სასაწყობო მეურნეობა განვითარების პროცესშია. საწყობების არსებობა ბაზრობებს და საცალო ქსელს უხარისხო და აღურიცხავი საქონლისაგან იცავს, ამით მომხმარებელთა უფლებების დაცვაც ხდება.
მოხმარებისთვის მზა საქონლისა და მომსახურების ბაზარი საკუთრივ სამომხმარებლო ბაზარია, სადაც ადგილი აქვს საცალო ვაჭრობას. საცალო ვაჭრობაში იგულისხმება როგორც სტაციონარული (მაღაზია, ფარდული, ჯიხური), ასევე მოძრავი ქსელი (დამტარებლები ავტო მაღაზიები, ვაგონები). საცალო ვაჭრობას მიეკუთვნება ქვეყნის სამრეწველო, სასოფლო- სამეურნეო საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტული და აგრეთვე მეორადი საქონლის საცალო გაყიდვა.
სამომხმარებლო ბაზარზე ზოგჯერ საინვესტიციოდ მოზიდული რესურსებიც ჩნდება, რომლებიც კორუფციის გამო ისეთი პირების ხელში ხვდება, რომლებსაც თავიდანვე მისი არამიზნობრივი ხარჯვა ჰქონდათ განზრახული, რაც მხოლოდ მათ გამდიდრებას ემსახურება. ბაზარზე ხშირია ქვეყანაში შემოსული ჰუმანიტარული დახმარებების საბაზრო ფასებით იმ მოსახლეობისათვის მიყიდვის შემთხვევა, რომელთაც იგი უფასოდ უნდა მიეღოთ.
ვაჭრობაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა საკუთარი ფულადი რესურსებისა და სასაქონლო მარაგების არარსებობაა. საბანკო კრედიტები ყველასათვის ხელმისაწვდომი როდია. დასახვეწია არსებული საკანონმდებლო ბაზაც, ზოგჯერ ის ხელს უშლის ლეგალური ბიზნესის განვითარებას, თავისუფალი კონკურენტული გარემოს შექმნას. თუმცა, არის მცდელობები სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს მოწესრიგების მიზნით: “1994 წელს დამუშავდა ანტიკრიზისული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა საბაზრო-რეგულირებადი ეკონომიკის შექმნას, საკუთრების ტრანსფორმაციის განხორციელებას, ფასების, ვაჭრობის ლიბერალიზაციას, საგადასახადო სისტემის სრულყოფას, საბანკო საქმის გარდაქმნას; მიღებულ იქნა კანონები: სახელმწიფო საკუთრების, მეწარმეობის, მუნიციპალური საქმიანობისა და კონკურენციის, საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის, არენდის და საარენდო ურთიერთობების, მომხმარებლის უფლებების დაცვის და სხვა.”
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარების გარკვეულ საფეხურზე, ვაჭრობაში ჩამოყალიბდა თვისებრივად ახალი სტრუქტურები, რომლებიც არსებობენ სამრეწველო, სასურსათო და შერეული საქონლით მოვაჭრე ბაზრობების სახით, რაც ამ სფეროს სტიქიური განვითარების შედეგია, თვითონ ბაზრობა კი – მისი არაცივილიზებული ფორმა. მან, როგორც ახალმა სტრუქტურამ, ვაჭრობაში პრიორიტეტული ადგილი დაიკავა. 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მათმა ხვედრითმა წილმა მთლიან საცალო სავაჭრო ბრუნვაში 70%-ს გადააჭარბა. წელს, ბაზრობებზე მოღვაწე ინდივიდუალური მეწარმეების მიერ (დეკლარირებული მაჩვენებლის და სტატისტიკური კვლევის მიხედვით) რეალიზებულია 3,0 მილიარდი ლარის ოდენობის (ფაქტობრივი ფასებით) სამომხმარებლო საქონელი. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: საცალო ვაჭრობის ბრუნვაში, საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, შედის საცალო სავაჭრო ქსელის, ბაზრობების და მომსახურების ობიექტების სავაჭრო ბრუნვა. 70% ბაზრობების წილი მთლიან საცალო საქონელბრუნვაში არ არის ზუსტი მაჩვენებელი იმ მიზეზის გამო, რომ ადგილი აქვს აღრიცხვიანობის დარღვევას: ჯერ ერთი, არც ბაზრობებზე და არც მაღაზიებში (მცირე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით) არ დგას სალარო აპარატები, რაც დააფიქსირებდა მათი სავაჭრო ბრუნვის ზუსტ მოცულობას; მეორე, ბაზრობები და მაღაზიები განუწყვეტლად უცვლიან ერთმანეთს საქონელს. ის, რაც იყიდება მაღაზიებში, ერთხელ უკვე აღრიცხული, ნაყიდია ბაზრობებზე და პირიქით, მაღაზიებიდან საქონელი ბაზრობებზე ხვდება. უკანასკნელი შემთხვევა, უმეტესად, რეგიონებში გვაქვს: საკვირაო დიდ ბაზრობებთან ტერიტორიულად ახლოს მდებარე მაღაზიების მფლობელებს, საქონელი გასაყიდად აღნიშნულ ადგილებში კვირა დღეს მიაქვთ და ზოგჯერ ამ ერთი დღის საქონელბრუნვა მთლიანი კვირისას აჭარბებს, ეს ერთი და იგივე თანხა კი შესაძლებელია აისახოს როგორც მაღაზიის (საცალო სავაჭრო ქსელის), ისე ბაზრობის საქონელბრუნვაში. ადგილი აქვს ორმაგ ანგარიშს რაც, ჩვენი აზრით, საბოლოო ანგარიშის დროს ცდომილებას აუცილებლად გამოიწვევს.
საქართველოს სამომხმარებლო ბაზარს სსსდ კვლევისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე შემდეგნაირად ჰყოფს.
ასეთი დაყოფა სტატისტიკური კვლევის მიზნით არის გამართლებული. დღეს საქართველოში, ფაქტიურად, საცალო ვაჭრობას ახორციელებენ: ბაზრობები, (დამოუკიდებელი) მაღაზიები, სავაჭრო ქსელი. რაც შეეხება მომსახურებას, რომელსაც სამომხმარებლო ბაზარზე საქონელზე არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთების სარემონტო საწარმოების გარდა, საცალო მომსახურეობასაც ეწევა: ბანკები, საავადმყოფოები, კოლეჯები, სასტუმროები, ავია კომპანიები, კინოთეატრები, რესტორნები, სასადილოები, ქიმწმენდები, საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, სამკერვალო და სხვა სახის ატელიები.
სსსდ-ს ზემოთ აღნიშნულ საცალო ვაჭრობის ჯგუფში შესული საცალო სავაჭრო ქსელის ქვეჯგუფში გაერთიანებულია როგორც ცალკეული, დამოუკიდებელი მაღაზიები (ერთი მფლობელის, უმეტესად ფიზიკური პირის, ერთი მაღაზია), ისე მაღაზიათა ქსელი (ერთი მფლობელის, უმეტესად იურიდიული პირის, რამოდენიმე მაღაზია). Aამ უკანასკნელის მაგალითია: “ისი პარის”, “ვულე-ვუს” პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, “ბატას”, “ვოგის” ფეხსაცმელების საფირმო მაღაზიები, “ბოშის”, “სამსუნგის” “სიმენსის”, “ფილიფსის” და სხვა ცნობილი საზღვარგარეთული ფირმების ელექტროტექნიკის იმპორტიორი ქართული ფირმების მაღაზიათა ქსელები, ხორც-პროდუქტების ფირმა “ნიკორას” მაღაზიათა ქსელი და სხვა. ქვემოთ საუბარი გვექნება საცალო სავაჭრო ქსელზე, ზემოთ აღნიშნული ორი კატეგორიის მაღაზიების მიხედვით.
საცალო სავაჭრო ქსელის ბრუნვის მთელი მოცულობიდან, არასახელმწიფო სექტორზე მოდის 99,5%. საცალო სავაჭრო ქსელის საწარმოების ბრუნვის მოცულობა 2002 წლისათვის მთლიანად საქართველოში 695 375,9 ათასი ლარია, აქედან რეგიონებზე გადაანგარიშებით კახეთზე 62 972,5 ათასი ლარი მოდის. ამავე წელს მთლიანად საქართველოში, სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლით მოვაჭრე ბაზრობებზე 2,3 მილიარდი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი რეალიზდა, რომლის 85% 5 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გორი) ტერიტორიაზე არსებულ 122 ბაზრობაზეა (ავტომობილებით მოვაჭრე ბაზრობების ჩათვლით) 36,2 ათასი მოვაჭრე პირის მიერ რეალიზებული.
მომსახურების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები, რომლებმაც გარდამავალ პერიოდში ახალი მასშტაბები და ფუნქციები შეიძინეს. 2002 წლისათვის საქართველოში აღირიცხა 230 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, ამათგან კახეთის მხარეში მდებარეობს მთელი ამ რიცხვის 3,9% (9 სასტუმრო 768 ადგილით და 273 სტუმრით)4.
2002 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოში ფუნქციონირებდა 225 სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლით მოვაჭრე ბაზრობა (აქედან 23 კახეთის რეგიონში მდებარეობს). საქართველოში რეალიზებული სამომხმარებლო საქონლის 59% იყიდება დახლზე მოვაჭრეთა მიერ. ბაზრობების 31,4% 1992 წლიდან ფუნქციონირებს, 2001 წელს გაიხსნა ამჟამად არსებული ბაზრობების 3,9%. ამ სფეროში ყველაზე გავრცელებული სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (67,1%), ინდივიდუალური საწარმო (6,2%), სააქციო საზოგადოება (2,9%).
სსსდ-ს მონაცემებით, ისევე როგორც საქართველოს მთლიანი სამომხმარებლო ბაზარი, კახეთის მხარის ბაზრებიც გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, რომლის წილი საშინაო ბაზარზე 72%-ს შეადგენს, დანარჩენი 28% კი, სამამულო წარმოების საქონელს უკავია. ეს აიხსნება ადგილობრივი წარმოების უსუსურობით. ქართულ ეკონომიკას მარტივი კვლავწარმოების უნარიც კი აღარ გააჩნია და საწარმოების უმეტესობა ექსპორტირებული ნედლეულის ხარჯზე ფუნქციონირებს.
2002 წლის მონაცემებით, კახეთის მხარეში მოქმედებდა 23 სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლით მოვაჭრე ბაზრობა. ბოლო წლებში მათი რიცხვი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა მასშტაბები. ამ მხარეში ფუნქციონირებადი ბაზრები და ბაზრობები მთლიანად საქართველოში არსებულის 9%-ს შეადგენს.5
2002 წელს, სსსდ-ს მონაცემებით, კახეთის მხარეში საცალო ქსელის სავაჭრო ბრუნვამ 62972,5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო რესტორნებისამ – 592,4 ათასი ლარი.
რეგიონში არსებული ბაზრობებიდან ზოგი თვეში 4 დღეს (საკვირაო), ზოგი 30 და ზოგიც 20 დღეს ფუნქციონირებს. კახეთის მხარე მოიცავს 8 რაიონს. ქვემოთ მოყვანილია ამ რაიონებში განთავსებული ბაზრებისა და ბაზრობების სრული ნუსხა (ცხრილში შეტანილია ბაზრების დასახელება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ისინი რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში):
კახეთის მხარეში სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული. მოსახლეობის დიდ ნაწილი საკუთარი წარმოების პროდუქციით (ეს უმეტესად ეხება სასურსათო პროდუქციას: ხილბოსტნეული, ბაღჩეული, ხორბალი, მზესუმზირა, სიმინდი, ქერი, ყურძენი, ღვინო, არაყი, ფრინველისა და საქონლის ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, თამბაქო და სხვა) არსებობს, ზოგიც ერთი სახის პროდუქტს ყიდის, რათა იყიდოს მეორე. თელავისა (სოფელი ყარაჯალა) და ლაგოდეხის რაიონებში განვითარებულია სასათბურო მეურნეობა, რაც კახეთის მოსახლეობის ბოსტნეულზე მოთხოვნილებას, მისი მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, ზამთრის პერიოდში აკმაყოფილებს. რეგიონში წარმოებული სასურსათო პროდუქცია, რა თქმა უნდა, საკუთარი მოხმარებისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, ბაზრების შევსება საქართველოს სხვა რეგიონებში (ძირითადად, თბილისის ვაგზლის, ლილოს და ელიავას ბაზრობებიდან) წარმოებული და იმპორტული პროდუქციით ხდება.
იმპორტულ საქონელში შედის როგორც სასურსათო ისე არასასურსათო საქონელი. მათი გადანაწილება შიგარეგიონული არხებით მიმდინარეობს, რაც ქვემოთ არის გამოსახული: მოცემული სქემის მიხედვით, თბილისიდან უცხოეთში და სხვა რეგიონებში წარმოებული პროდუქციით მარაგდება თელავი, საგარეჯო და გურჯაანი. თელავი და გურჯაანი საბითუმო ბაზის ფუნქციებს ყვარელის, ახმეტის (მარაგდება თელავიდან) ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროსთვის (მარაგდება გურჯაანიდან) ასრულებენ. საგარეჯო, შეიძლება ითქვას, არც ერთი მსხვილი რაიონის ბაზარს არ ამარაგებს. ამის მიზეზი საგარეჯოსთან შედარებით ლაგოდეხის სიღნაღთან, დედოფლისწყაროსთან და გურჯაანთან უფრო მოსახერხებელი ადგილმდებარეობაა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კავშირებისა, გამორიცხული არ არის პირდაპირი სავაჭრო კავშირები თბილისიდან, თელავისა და გურჯაანის გვერდის ავლით – ქალაქების: ახმეტა, ყვარელი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხის მიმართულებით. ამ რაიონებში მოვაჭრე ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირი, გასაყიდ საქონელს თბილისში ყიდულობს, მაგრამ ეს შემთხვევები ძალზე მცირეა იმ მიზეზის გამო, რომ მცირე სასაქონლო მარაგების მქონე მოვაჭრე პირები, რომლებიც არ ფლობენ დიდ საბრუნავ თანხებს, თბილისიდან საქონლის ტრანსპორტირებას არჩევენ ის უახლოეს რაიონულ ცენტრში (თანაც შედარებით ნაკლებ ფასად) შეიძინონ, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბითუმო ბაზის ფუნქციას ასრულებს.
ბაზრობების უმეტესობა შერეული საქონლით ვაჭრობს. სამრეწველო საქონლით მოვაჭრე 1 ბაზრობა არის დედოფლისწყაროში და 3 – ლაგოდეხში. ისეთი ბაზრობა, რომელიც მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობს, კახეთის მხარეში არ ფუნქციონირებს.
2001 წელს ბაზრობებზე გადასახადის მოკრების რეგულირების მიზნით, გამოცემულია “ინსტრუქცია ბაზრის ორგანიზაციისათვის ერთიანი ფიქსირებულ-კომბინირებული გადასახადის გამოაანგარიშების და გადახდის წესების შესახებ.” ამ ინსტრუქციის გამოსვლის შემდეგ გაადვილდა აღრიცხვიანობა (თუმცა კორუფცია არ იძლევა აღრიცხვის სიზუსტის საშუალებას). გადასახადის სიდიდე განისაზღვრება სავაჭრო დახლის ფართობის მიხედვით.
თითოეული რაიონი სამეურნეო საქმიანობის გარკვეული მიმართულებით არის სპეციალიზებული:
კახეთის რაიონების სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი სპეციალიზაცია
კახეთის მხარის სამეწარმეო სფეროში იქმნება მთლიანად ქვეყნის პროდუქციის (საქონელი და მომსახურეობა) 2%.
დედოფლისწყაროში არის ზეთსახდელი ქარხნები და წისქვილი, რომლითაც სიღნაღის და ლაგოდეხის მოსახლეობაც სარგებლობს. იმპორტულ ფქვილთან ერთად კახეთის მხარეს ხორბლის მარაგით დედოფლისწყაროც ამარაგებს; თელავში ფუნქციონირებს 4 წისქვილი, რომლებიც მხოლოდ სამამულო წარმოების ხორბალს და სიმინდს ფქვავს. კახეთის მხარის ყველა რაიონის მოსახლეობას მოჰყავს ხორბალი და სიმინდი საკუთარი მოხმარებისთვის.
თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალა, სადაც უმეტესად აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობა ცხოვრობს, კახეთის მხარეში ხორცის მსხვილი მომწოდებელია. აქ, დაღესტნიდან საბაჟოს გვერდის ავლით გადმოჰყავთ პირუტყვი, რომელსაც ადგილზევე კლავენ და საბითუმო ფასებში ყიდიან (თელავის სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემები). Gგარდა ამისა, ხორცით ბაზრობები მოსახლეობიდანაც მარაგდება.
საგარეჯოს რაიონში არსებული ფირმა “პოსეიდონი” ქართლ-კახეთის ბაზრობებისთვის თამბაქოს ნაწარმის მსხვილი მომწოდებელია.
კახეთის მხარეში წარმოებული პროდუქცია მრავალ ქვეყანაში ექსპორტირდება. მაგალითად:
ღვინო ექსპორტირდება რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-ში. კონიაკი – რუსეთში, უკრაინაში; ხე-ტყე (კაკლის მორი, დახერხილი და დაუხერხავი მასალა, ფიცარი, მცირე ზომის დეტალები) – თურქეთში, ირანში; ტყავი – იტალიაში; 2000 წელს წნორის და თელავის საკონსერვო ქარხნებმა აწარმოეს ჯემებისა და მურაბების ექსპორტი; ფიზიკური პირები ყოველწლიურად აწარმოებენ ხილის ექსპორტს (ატამი, ვაშლი, კარალიოკი) აზერბაიჯანში.6
საქონლის ექსპორტირებას კახეთის რეგიონში თელავის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს, რომელიც არის საჯარო-სამართლის იურიდიული პირი, საექსპორტო საქონელზე გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს და ეხმარება ექსპორტიორებს ოპერაციების განხორციელებაში.
ვაჭრობის სფერო როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე კახეთის მხარეშიც ბევრი ნაკლოვანებებით ხასიათდება. სავაჭრო ობიექტების, ბაზრობების უმეტესობა კეთილმოუწყობელია; არ არის დაცული ჰიგიენური და ეკოლოგიური მოთხოვნები, საწყობების არასაკმარისობა და ფალსიფიცირებული საქონლით ვაჭრობა უხეშად არღვევს მომხმარებლის უფლებებს.
ბოლო წლებში კახეთის მხარეში რეალიზდა ფალსიფიცირებული და უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების განადგურება და მოსავლის დაკარგვა გამოიწვიეს. 2003 წლის აპრილში კახეთის ადმინისტრაციის, სოფლის მეურნეობის და სურსათის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად გაიმართა თათბირი, რომლის დასკვნის საფუძველზეც, მთლიან რეგიონში ჩატარდა რეიდები ფალსიფიცირებული შხამ-ქიმიკატების და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებების რეგიონული ბაზრებიდან განსადევნად. ამ ღონისძიების შემდეგ აღარავის აქვს უფლება გაყიდოს პესტიციდები შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. კახეთის რეგიონს აღნიშნული პროდუქციით “სამთო ქიმიიდან” ამარაგებს ორი ფირმა: “ბაიერი” და “გარანტი”. მხოლოდ ამ ფირმებს აქვთ სავაჭრო ქსელსა და ბაზრობებზე შხამ-ქიმიკატების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება.7
სავაჭრო აღრიცხვა საჭიროებს სათანადო ანგარიშს. დღეს აღურიცხავობის პრობლემა მწვავედ დგას ვაჭრობის სფეროშიც. საცალოდ მოვაჭრენი სსსდ-ს მიერ დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: დახლზე მოვაჭრენი, გარე მოვაჭრენი, დამტარებლები. იმის გამო, რომ ბაზრობებზე შეუძლებელია სალარო-აპარატების დადგმა და აქედან გამომდინარე, გაყიდული საქონლის აღრიცხვა, შესაბამისად, გადასახადებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, ბაზრობების ტერიტორიაზე მომუშავე მექრთამე პოლიციელების და გადასახადის ამკრეფთა ჯიბეში ხვდება.
ბაზრობების ტერიტორიაზე განლაგებულია სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, სავაჭრო ჯიხურები, კვების ობიექტები, საპარიკმახეროები, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურები და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა ობიექტები. ის ფაქტი, რომ სოფლებსა და ქალაქებში საცალო სავაჭრო ქსელის მაღაზიები კონკურენციას უწევენ ბაზრობებს, დადებითი ფაქტორია, მაგრამ კახეთის მხარეში არის რაიონები, სოფლები (ძირითადად, პერიფერიებში), სადაც ვაჭრობა უმეტესწილად დიდ საკვირაო ბაზრობებზე იმრთება, რაც მოწმობს იმას, რომ ვაჭრობის სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის “ველური” და გამოსასწორებელი.
მაგალითად, ასეთი ბაზრობაა ლაგოდეხის რაიონში – კაბალბაზარი, რომელზეც მთელი რაიონის საქონელბრუნვის 80% მოდის. აქ იყიდება ყველაფერი: სურსათი, პირუტყვი, საწვავი, სასუქი, პესტიციდები, მანქანები და სხვა; სიღნაღის რაიონში ბაზრობა “ბოდბისხევზე” მოდის მთელი რაიონის საქონელბრუნვის 50%. თელავში, გურჯაანსა და საგარეჯოში სავაჭრო ქსელი შედარებით უკეთესად არის განლაგებული და განვითარებული, ამიტომაც აქ მოსახლეობა ბაზრობებზე ახალი ხილი-ბოსტნეულის, ხორცის და სხვა საკვები პროდუქტის შესაძენადღა დადის, ძირითადი დატვირთვა კი მაღაზიებზე მოდის.
კახეთის რეგიონში არსებულ ბაზრებს და ბაზრობებს, როგორც საქართველოს სხვა მხარეებში არსებულ ბაზრობებს, უამრავი პრობლემა აქვს, რომელთა გადაჭრაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელია. საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ბაზრობებზე ურთიერთობებს არეგულირებენ, დასახვეწია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს მოიცავს; დასაზუსტებელია გადასახადების სიდიდის განმსაზღვრელი კრიტერიუმები; მოსაგვარებელია საქონელბრუნვის აღრიცხვიანობის სისტემა; აუცილებელია ეკოლოგიური მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა; უნდა გამკაცრდეს კონტროლი ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული საქონლის გაყიდვაზე (ხშირად სწორედ ბაზრობებია მათი გასაღების ძირითადი სფერო); სახელმწიფოს მხრიდან რეგიონს დახმარება უნდა გაეწიოს იმ თვალსაზრისითაც, რომ ბაზრებზე შეზღუდული იყოს ისეთი იმპორტული საქონლის შეტანა, რომელსაც ადგილობრივი წარმოება (პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო) ისედაც საკმარისი რაოდენობით უშვებს.
ვაჭრობაში არსებული ნაკლოვანებები რეგიონებისა და მთლიანად ქვეყნის სოციალ-ეკონომიური განვითარების დონეში აისახება. საჭიროა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით, საფეხურებრივად, თანდათანობით განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა სამომხმარებლო ბაზრის ორგანიზაციის, ვაჭრობის კულტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას, ამ სფეროში წესრიგის დამყარებას.