სალიცენზიო ხელშეკრულების ეკონომიკურ-სამართლებრივი ასპექტები
გიორგი ჭილაძე, ასისტენტ-პროფესორი, ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოცემულ ეტაპზე საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი გამოგონებაზე პატენტის არსებობის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის დროს დადებული ხელშეკრულების ეკონომიკურ-სამართლებრივი ბუნების საკითხი. კერძოდ, სალიცენზიო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ეკონომიკურ და იურიდიულ ლიტერატურაში, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა კონცეფციები. ასე მაგალითად, მას მიაკუთვნებენ: 1) ნასყიდობის, 2) ქირავნობის, 3) იჯარის, 4) ლიზინგის ან 5) ამხანაგობის ხელშეკრულებებს.
ვალდებულების ძალით კრედიტორი (ლიცენზიარი) უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს (ლიცენზიატს) რაიმე მოქმედების შესრულება, რაც შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, სალიცენზიო ხელშეკრულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ლიცენზიარსა და ლიცენზიატს შორის ხელშეკრულების გაფორმება. სალიცენზიო ხელშეკრულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება (მაგალითად, ნოუ-ჰაუზე). ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს სალიცენზიო ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.
ჩვენი აზრით, პატენტზე ლიცენზიის გაცემის ხელშეკრულება წარმოადგენს არა რომელიმე დამოუკიდებელი, კონკრეტული ხელშეკრულების სახეს, არამედ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე პატენტის გამოყენების სხვადასხვა ფორმების კრებსით დასახელებას, რომლის დროსაც პატენტმფლობელი ამ უკანასკნელზე არ ჰკარგავს მესაკუთრის უფლებას.
ასეთი მტკიცების საფუძველს გვაძლევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. იგი ხელშეკრულების ცალკე სახედ არ გამოჰყოფს სალიცენზიო ხელშეკრულებას. თუმცა მისი 319-ე მუხლით აღიარებს, რომ სალიცენზიო ხელშეკრულებისათვის მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლებისა და ხელშეკრულების დადების ვალდებულების ზოგადი პრინციპები. კერძოდ, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებაც (კერძოდ, სალიცენზიო ხელშეკრულება), რომელიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
დადგენილი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევებში ლიცენზიარს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. იმავდროულად, საქმიანობის ამ სფეროში (ლიცენზიების გაყიდვა) მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრამენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები (მ. 319, პ.2).
სალიცენზიო ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება სალიცენზიო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სალიცენზიო ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება აგრეთვე წინარე ხელშეკრულებაზეც.
ამგვარად, ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად შეიძლება დავასკვნათ, რომ სალიცენზიო ხელშეკრულება განეკუთვნება განსაკუთრებული ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც პირდაპირ არ რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. იგი შეიძლება მივაკუთვნოთ შერეული ტიპის ხელშეკრულებას. ასეთი ხელშეკრულების განმარტებისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.
შევეხოთ ხელშეკრულების თითოეულ ზემოდასახელებულ ტიპს ცალ-ცალკე.
სალიცენზიო ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ნასყიდობის ხელშეკრულებად, ვინაიდან ლიცენზიარი კისრულობს ვალდებულებას, რომ გადასცეს ლიცენზიატს საკუთრების უფლება არა სრული ფორმით, არამედ ნაწილობრივ, კერძოდ კი, მხოლოდ სარგებლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლის მიხედვით: “ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.
კლასიკური გაგებით, სალიცენზიო ხელშეკრულება იმის გამოც არ ჩაითვლება ნასყიდობის ხელშეკრულებად, რომ მასზე სტანდარტული ფორმით ვერ გავრცელდება სსკ 482-ე მუხლი, რომელშიც საუბარია საქონლის შემთხვევითი დაღუპის რისკის გადასვლაზე. კერძოდ, “გაყიდული საქონლის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ გამყიდველი გაყიდულ საქონელს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა საქონელი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს”.
უფრო მეტიც, სალიცენზიო ხელშეკრულებისათვის გარკვეულწილად აზრს კარგავს სსკ 485-ე მუხლი, სადაც საუბარია რამდენიმე პირისათვის საქონლის მიყიდვის შესახებ. ამ მუხლის ძალით: “თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო. ცხადია, რომ ლიცენზიარს უფლება აქვს ლიცენზიატებს, რომელთა რიცხვიც შეზღუდული არ არის, ერთი და იგივე საქონელი – ლიცენზია მიჰყიდოს და ამ შემთხვევაში რაიმე უპირატესობის მინიჭებაზე საუბარი ზედმეტია.
მთლიანი უფლების ცალკეულ უფლებამოსილებებად დანაწევრების შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი მის გაყიდვაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანი რჩება ლიცენზიარს, ანდა ისინი ლიცენზიის საფუძველზე გადაეცემა მესამე პირს. მაშინაც კი, როდესაც რამდენიმე ლიცენზიის გადაცემის შედეგად თვით ლიცენზიარის მიერ ამოწურულია პატენტის გამოყენების შესაძლებლობა, მას, ამის მიუხედავად, ფორმალურად მაინც რჩება პატენტმფლობელის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას კი მყიდველი ხდება მესაკუთრე, ანუ ადგილი აქვს ეკონომიკურ-სამართლებრივი ტიტულის გადაცემას.
ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, სალიცენზიო ხელშეკრულება წარმოადგენს არა გაცვლით ურთიერთობას, რომლის განხორციელებაც, როგორც წესი, დაკავშირებულია შემხვედრ ეკონომიკურ-სამართლებრივ ვალდებულებათა შესრულებასთან, არამედ დროის განსაზღვრული პერიოდის, ანდა პატენტის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში მიმდინარე ვალდებულებით ურთიერთობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სალიცენზიო ხელშეკრულება ემსგავსება ქირავნობის ხელშეკრულებას. მართლაც, სსკ 531-ე მუხლის ძალით “ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ქონება განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა”.
სალიცენზიო ხელშეკრულება იმის გამო არ შეიძლება ვცნოთ ქირავნობის ხელშეკრულებად, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ქირავნობა უშუალოდ ხორციელდება ნივთებზე და არა უფლებებზე. სწორედ ამის გამო აზრსაა მოკლებული ლიცენზიატს დავაკისროთ პასუხისმგებლობა ქონების “ნორმალური ცვეთისათვის” (მუხლი 547) ან “მიმდინარე რემონტის ხარჯები” (მუხლი 548).
სსკ მე-4 თავი ეძღვნება ლიზინგის ხელშეკრულებას. ერთის შეხედვით, გარკვეული მსგავსება არსებობს სალიცენზიო ხელშეკრულებასა და ლიზინგის ხელშეკრულებას შორის. სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლით განსაზღვრულია ლიზინგის ცნება და შინაარსი. კერძოდ, “ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაუხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით. ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაამზადოს ან შეიძინოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება.
სალიცენზიო ხელშეკრულება განსხვავდება ლიზინგის ხელშეკრულებისაგან, ვინაიდან აზრს არის მოკლებული ისეთი ვალდებულებები, რაც ეკისრება ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებს. კერძოდ, ამ უკანასკნელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება ან მიენიჭოს უფლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იყიდოს ლიზინგის საგანი ან დაიქირავოს იგი, თუკი ხელშეკრულების საგნის სრული ამორტიზაცია არ მთავრდება. საბოლოო ღირებულების გამოთვლისას კი ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამორტიზაციის ფაქტი. თუ ხელშეკრულებაში არ არის შესაბამისი დებულება, მაშინ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია იყიდოს ლიზინგის საგანი.
სალიცენზიო ხელშეკრულება ემსგავსება ლიზინგის ხელშეკრულებას ფორმის მიხედვით. კერძოდ, ორივე ხელშეკრულება იდება წერილობით, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) მთლიან ფასს; ბ) საზღაურის თანხასა და მისი გადახდის ვადებს; გ) საბოლოო გადახდის თანხას, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე შესრულებისას – მისი გამოთვლის წესს.
საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკა იცნობს ხელშეკრულების ისეთ ტიპს, როგორიცაა ამხანაგობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 339-ე მუხლით აღიარებულია, რომ ხელშეკრულების მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები. თუმცა, ჩვენი აზრით, სალიცენზიო ხელშეკრულება არ შეიძლება მივაკუთვნოთ ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ კატეგორიას, ვინაიდან ამხანაგობის ხელშეკრულების შემთხვევაში, უფლების მინიჭების სანაცვლოდ გამოყენებული გარკვეული ანაზღაურების გადახდის გარდა, აუცილებელია კიდევ სხვა დამატებითი შეთანხმებების არსებობა. ამხანაგობის ხელშეკრულების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ მიღწეულ იქნას ერთიანი მიზანი. სალიცენზიო ხელშეკრულების ჩარჩოებში კი მხარეებს, როგორც წესი, აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები.
ზემოგამოთქმულ საწინააღმდეგო მოსაზრებათა უმრავლესობა არ ეხება იჯარის ხელშეკრულებას, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საპატენტო ლიცენზიის იჯარით გადაცემას. თუმცა იჯარის ხელშეკრულების ჩარჩოებში, ერთი და იგივე საგანი ერთდროულად არ შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა პირებს, რომლებიც ეკონომიკურად მთლიანად დამოუკიდებელნი იქნებიან ერთმანეთისაგან. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით იჯარის ხელშეკრულებას, საპატენტო ლიცენზიისაგან განსხვავებით, გააჩნია სანივთო ხასიათი. მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ლიცენზიის გადაცემისას გადაეცემა მხოლოდ უფლების გამოყენების უფლება, ხოლო საკუთრების უფლება რჩება ლიცენზიარს. ამ დროს, ლიცენზიარსა და ლიცენზიატს შორის წარმოიშობა ხანგრძლივი ეკონომიკურ-სამართლებრივი ურთიერთობები.
სსკ 581-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარი ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ სსკ 581-606 მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.”
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 587-ე მუხლით შესაძლებელია ქონების ქვეიჯარით გაცემაც, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით. მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ ან დამქირავებელმა ქონება სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის ან დამქირავებლის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საპატენტო სალიცენზიო ხელშეკრულებასთან ყველაზე ახლოს დგას იჯარის ხელშეკრულება. ამაზე შეიძლება მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ კონკრეტულ საქმეთა განხილვისას მიიღწევა მსგავსი შედეგი, თუმცა სალიცენზიო ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულების განსაკუთრებულ სახეს. ვინაიდან დღემდე სასამართლო პრაქტიკის მიერ სალიცენზიო ხელშეკრულებებთან მიმართებაში ვერ მოხერხდა ერთიანი ძირითადი პრინციპების შემუშავება, მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობების ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე”, შესატყვისი ნორმების ფორმულირების მცდელობამ შეიძლება მხოლოდ გაურკვევლობამდე მიგვიყვანოს.
ცნობილია, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების დადებისას მხარეები უნდა ცდილობდნენ ხელშეკრულების დებულებები ჩამოაყალიბონ ნათლად, წერილობით და ჩვეულებრივი სავაჭრო გარიგებებისაგან განსხვავებით საკუთარი ნების გამოხატვის დროს, არ უნდა დაეყრდნონ ხელშეკრულების მხარის მხოლოდ სიტყვიერ თანხმობას.
ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქის მიერ უცხოელ პარტნიორთან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებისას კანონი მხარეებს ავალდებულებს, რომ გარიგება, სავალდებულო წესით, წარუდგინონ ფედერალურ სახელმწიფო ორგანოს. ნაციონალური სამართლებრივი სისტემები შეიძლება შეიცავდნენ თვით ხელშეკრულების ფორმის შესახებ განსაკუთრებულ წესებს, მაგალითად, მითითებას იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ასეთი ხელშეკრულების კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ მოწონება, სავალდებულო წესით ეკონომიკურ-სტატისტიკური გაანგარიშებების, სხვა ეკონომიკური ხასიათის მონაცემების დართვა, ანდა საჯარო რეესტრში მისი სავალდებულო რეგისტრაცია.
ხელშეკრულებაში არსებითია ანაზღაურების ოდენობა და მისი გადახდის წესი. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ანაზღაურების რაოდენობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ლიცენზიის გამოყენების უფლების ფარგლები, გაყიდვების მოცულობა, წარმოების მასშტაბები, საბაზრო კონიუნქტურა, ტექნიკის განვითარების დონე, გასაღების პირობები, პარტნიორებთან თანამშრომლობის სახე და სხვა ფაქტორები.
მოცემული ტიპის ხელშეკრულებაში ფასის დადგენა რაღაც მყარი ფორმულის გამოყენებით შეუძლებელია, ვინაიდან რთულია არა მხოლოდ ცალკეული ფაქტორების გაანგარიშება, არამედ მათი ურთიერთკავშირების განსაზღვრაც. გაანგარიშების ფორმულები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საბაზისო პუნქტები სპეციალისტებისათვის. ანალოგიური დასკვნა გამომდინარეობს შესაბამისი ქვეყნების სასამართლო პრაქტიკიდან.
აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მოცულობა თავისთავად არ განსაზღვრავს ლიცენზიატის საგადასახადო ვალდებულებებს. თუ ხელშეკრულებით დადგენილი არაა ანგარიშსწორების ზუსტი თანხა, სალიცენზიო გადასახდელები, როგორც წესი, შეადგენენ ბრუნვიდან გარკვეულ პროცენტს, საშუალოდ 0,3-10%. იმავდროულად, არსებული სტატისტიკით, ხელშეკრულებათა დაახლოებით 65% ითვალისწინებს ანაზღაურებას ბრუნვიდან პროცენტის მიხედვით. სალიცენზიო გარიგების ყოველი ასი შემთხვევიდან 13 ხორციელდება ერთჯერადი გადასახდელების სახით, ხოლო ლიცენზიარების მხოლოდ 4% იღებს ანაზღაურებას მოგებიდან პროცენტის სახით. რაც შეეხება სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადებს, ისინი, როგორც წესი, ყოველი ასი შემთხვევიდან ოთხმოც შემთხვევაში იდება ხანგრძლივი პერიოდის (ხუთი და მეტი წელი) განმავლობაში.
მოქმედი ნორმებით დადგენილია იმ პოზიციათა ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს სალიცენზიო ხელშეკრულება. კერძოდ, იგი უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი სფეროს ზუსტ აღწერას, გამოყენების კონკრეტულ საშუალებებს, ვადასა და ტერიტორიას (რომლის ფარგლებშიც ხდება უფლების გადაცემა), ჰონორარის ოდენობას (ან ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს), მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.
შევეხოთ ხელშეკრულების დადების პროცედურას. როგორც წესი, სალიცენზიო ხელშეკრულება იდება რაიმე ცვლილებისა და დამატების გარეშე, ხელშეკრულებაში მონაწილეობის წინადადების შეთავაზებით და მეორე მხარის მიერ მისი აქცეპტირებით.
ეს პროცედურა მოიცავს ნების გამოვლენის მომენტს და მიმართულია ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იგი სრულ თანხვედრაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან.
სალიცენზიო ხელშეკრულებისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საკითხი. ისინი წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობებია, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ხშირად ლიცენზიარი და ლიცენზიატი დეტალურად განსაზღვრავენ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობებს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად.
სალიცენზიო ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს აქვს უპირატესი ძალა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან შედარებით. ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ იქცევა დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა შემთავაზებელი (ლიცენზიარი) ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და სალიცენზიო ხელშეკრულების მეორე მხარეს (ლიცენზიატს) შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
ეკონომიკური პროფილის ნორმატიულ აქტებში ხშირად არაა გათვალისწინებული სავალდებულო ნორმები ხელშეკრულების ფორმების შესახებ, რომელთა შეუსრულებლობამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ბათილობა. ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება გააფორმონ ხელშეკრულება ზეპირად. შეთანხმების არსებობა ასევე შეიძლება დაეყრდნოს მხარეთა კონკლიუდენტურ მოქმედებებსაც. თუმცა ამ ტიპის ხელშეკრულებებისათვის ასეთი შემთხვევები ერთობ შეზღუდულია.
მოქმედი ნორმებით მოწესრიგებულია შემთხვევები, რომელთა დადგომის დროსაც ადგილი აქვს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობას. კერძოდ, სსკ 347-ე მუხლით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად: დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის, ანდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს (წინადადების მიღებისა და შესრულების ვადები).
განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც იდენტურია, ან თითქმის იდენტურია დაწესებულება, რომელიც კომპეტენტურია გასცეს ხელშეკრულებაზე თანხმობა და დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია მოიწონოს ან არ მოიწონოს ხელშეკრულება. ასეთი შემთხვევები გვხვდება ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. თუ რაიმე მიზეზის გამო სახელმწიფო საწარმო მოისურვებს დადებული შეთანხმებიდან გასვლას, მას დასჭირდება მხოლოდ კონტრაქტის მოწონებაზე თქვას უარი. აქედან გამომდინარე, ზედმეტად არ უნდა დავეყრდნოთ არც ლიცენზიატის ვალდებულებას მოიპოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან თანხმობა და არც ხელისუფლების კეთილსინდისიერებას. აუცილებელია ვეცადოთ დაჩქარდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის პროცედურა და ამ გზით მოვიპოვოთ შესაბამისი უფლებები, მივიღოთ საჭირო ინფორმაცია.
რაც შეეხება ხელშეკრულების ბათილობის საკითხს, ცნობილია, რომ ბათილია ხელშეკრულების პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას, შექმნას მომავალში ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში, წინასწარ დათანხმდეს ან უარი თქვას ანაზღაურების მიღებაზე. ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს ეკონომიკურ სარგებელზე უარის თქმა, ყველა იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომლებიც ავტორმა შესაძლოა შექმნას მომავალში.
პატენტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ინდივიდუალური ხელშეკრულება სახელმწიფოს (მისი უწყების სახით) და გამომგონებელს შორის. საქართველოს საპატენტო კანონის მე-3 მუხლით, გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა პატენტი, რომელიც ადასტურებს ავტორობას და ანიჭებს პატენტის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე. პატენტი ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც გამომგონებლისათვის გადახდილი ერთგვარი საზღაური იმ წვლილისათვის, რაც მან შეიტანა საზოგადოებრივ კეთილდღეობაში, რამაც გამოხატულება ჰპოვა გამოგონების არსის გახსნაში. ასეთი ხელშეკრულებიდან სარგებელს იღებს ორივე მხარე: გამომგონებელი მონოპოლიურად და გარანტირებულად იყენებს თავის გამოგონებას, შეუძლია მის საფუძველზე განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მთლიანად საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება მიღწეული ტექნიკური შედეგი.
ცხადია, ზემოაღნიშნული მიდგომა არ არის მკაცრი და იგი ფორმალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მოითხოვს კორექტირებას. კერძოდ, სახელმწიფოს უფლება არა აქვს უარი თქვას ხელშეკრულების დადებაზე და იგი იძულებულია გამოგონებაზე გასცეს პატენტი, კანონით დადგენილი ყველა მოთხოვნის დაცვით, ანუ სახელმწიფოს უფლება არა აქვს ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე და პატენტმფლობელს დაუწესოს გაუმართლებელი ეკონომიკური შეზღუდვები. კანონი ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას აძლევს ერთ-ერთ მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არღვევს განსაზღვრულ პირობებს. ეს პირობები გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. გარდა ამისა, კანონმდებლობა შეიცავს ნორმებს პატენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი მოქმედების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პატენტმფლობელის მიერ საპატენტო განაცხადის გადაუხდელობის გამო.
მოცემული შემთხვევისათვის აუცილებელია “განსაკუთრებული უფლების ელემენტის” შემოტანა. ის, რომ განსაკუთრებულ უფლებებს საფუძვლად უდევს აკრძალვითი ფუნქცია, საშუალებას აძლევს პატენტმფლობელს აღკვეთოს მესამე პირთა მხრიდან დაპატენტებული გამოგონების გამოყენების, მათ შორის ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს საპატენტო კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მუშაკის მიერ შექმნილ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობით ან სპეციალური დავალებით მის შესრულებასთან და რომელსაც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობა, პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ პატენტი სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მაშინ მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მისგან დამატებით მიიღოს ანაზღაურება გამოგონების გამოყენების შემთხვევაში. თუ გამოგონების, სასარგებლო მოდელის ან სამრეწველო ნიმუშის შექმნა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის ლიცენზიისა და პატენტის შესყიდვის უპირატესი უფლება. თუ გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცესში, პატენტის მიღების უფლება და ანაზღაურების საკითხები უნდა განისაზღვროს შესაბამისი პირობებით.
დადგენილია, რომ თუ გამოცემის ან ნაწარმოების სხვაგვარი რეპროდუცირების დროს ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, მაშინ ხელშეკრულებითვე უნდა იყოს დადგენილი ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი. ფიქსირებული თანხით შეიძლება განისაზღვროს სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელები. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეები დაინტერესებულნი არიან ფასწარმოქმნის მექანიზმის დეტალებით და მისი ცვლილების დიაპაზონით, ვინაიდან ძალიან მაღალმა ფასებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს პროდუქციის გასაღებაზე და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შეამციროს შემოსავლები. ძალიან დაბალმა ფასმა კი შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ლიცენზიატის კონკურენტუნარიანობაზე. ფიქსირებული ფასების შესახებ შეთანხმება შეიძლება განხორციელდეს განსაზღვრული ციფრის ან პროცენტის, აგრეთვე მაქსიმალური და მინიმალური ფასების აღნიშვნით.
ქონებრივი უფლებების შეზღუდვებს ეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავი. კერძოდ, კანონით დაშვებულია გამოქვეყნებული ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, ავტორის ან საავტორო უფლების მქონე სხვა მფლობელის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე.
ჰონორარის თანხის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს ერთ-ერთი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების საფუძველზე. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჰონორარი ნაწილდება შემდეგნაირად: 40 პროცენტი – ავტორებს, 30 პროცენტი – შემსრულებლებს, 30 პროცენტი – ფონოგრამების დამამზადებლებს. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთის მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. ჰონორარი ნაწილდება ნაწარმოებთა ავტორებსა და საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელებს შორის.
ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ იგი, როგორც წესი, უნდა დაიდოს წერილობით. ხელშეკრულების ზეპირი ფორმა კი დასაშვებია მხოლოდ პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენებაზე საავტორო ხელშეკრულების, აგრეთვე ზეპირი ნაწარმოების ტელევიზიით ან რადიოთი ერთჯერადი გადაცემის ხელშეკრულების დროს.
თუ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებმა ვერ შეათანხმეს გამოსაყენებელი ეკონომიკურ-სამართლებრივი ნორმების საკითხი და მხარეთა ნების გამოვლენით არჩევანის დადგენა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში ხელშეკრულებების მიმართ გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართლით დადგენილი საერთო ნორმები.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ვალდებულობითი სამართლის ნორმებსა და საავტორო-სალიცენზიო ხელშეკრულებების სფეროში გამოყენებული ნორმების არჩევის ზოგადი პრინციპები, რომელთა შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებაში მონაწილე იმ მხარის (პარტნიორის) ქვეყნის ეკონომიკურ-სამართლებრივი ნორმები, რომელიც ახორციელებს ხელშეკრულების შესრულებას. სალიცენზიო ხელშეკრულებების შემთხვევაში გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომლის ტერიტორიაზედაც იწყებს მოქმედებას ლიცენზია.
საკითხი სხვაგვარად მოწესრიგდება იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების შესაბამისად ლიცენზია იწყებს მოქმედებას რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ცხადია, რომ შედეგად შეიძლება ყოფილიყო ის შემთხვევა, როცა ხელშეკრულების შესრულების რეჟიმი ერთდროულად დაექვემდებარებოდა რამდენიმე ეკონომიკურ-სამართლებრივ სისტემას.
ერთი და იგივე ხელშეკრულების მიმართ რამდენიმე ეკონომიკურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიტუაცია, როცა, მაგალითად, ხელშეკრულება გაუქმებულია ერთ ქვეყანაში, მაგრამ იმავდროულად მოქმედებს მეორეში, რადგან ერთი და იგივე ურთიერთობების ან გარემოებების შეფასება შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ერთიანი ხელშეკრულება უნდა დაექვემდებაროს ერთი ქვეყნის ეკონომიკურ-სამართლებრივ ნორმებს. უფრო მიზანშეწონილია, თუ ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ლიცენზიარის ადგილმდებარეობის ქვეყანაში მოქმედი ნორმები, ვინაიდან მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელშეკრულების ხასიათზე.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ 1998 წლის 29 აპრილის საქართველოს კანონის მე-4 და მე-8 მუხლების შესაბამისად, უცხო ქვეყნის ნორმების გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი არსის დასადგენად, შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით. თუ უცხო ქვეყნის ნორმების არსის დადგენა ზემოაღნიშნული გათვალისწინებული დონის ძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართლებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არც ერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს ეკონომიკურ-სამართლებრივ ნორმებს.
სხვა ქვეყნის ნორმებზე მითითება გულისხმობს ამ ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის გამოყენებასაც, თუ იგი მითითების აზრს არ ეწინააღმდეგება ან თუ ეს მითითება არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას. საქართველოს ეკონომიკურ-სამართლებრივ ნორმებზე უკუმითითებისას გამოიყენება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული საქართველოს ნორმები. თუ მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ქვეყნის სამართალი, ასეთი არჩევანი გულისხმობს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნორმების გამოყენებას.
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს გარკვეული განუსაზღვრელობა, თუ რომელი ქვეყნის ეკონომიკურ-სამართლებრივი ნორმა იქნება გამოყენებული უცხოურ პარტნიორთან ხელშეკრულებაში. პრაქტიკით დადგენილია, რომ თუ არჩევანი გაკეთდება უცხოური ნორმის სასარგებლოდ, ქართული მხარე აღმოჩნდება არასახარბიელო მდგომარეობაში, ვინაიდან ინფორმაციის მიღება უცხოურ სასამართლოზე საკმაოდ რთულია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბევრ განვითარებად ქვეყანაში მოქმედებს ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ ნორმის არჩევის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენცია, რომელიც შეეხება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში არსებულ ურთიერთობებს.
პატენტების, სამრეწველო ნიმუშების და სასაქონლო ნიშნების გადაცემის მარეგლამენტირებელ საპროცესო და მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებს, როგორც წესი, გააჩნია იმპერატიული ხასიათი, ამ შემთხვევაში მხარეთა ნების გამოვლენა პრაქტიკულად შეზღუდულია.
პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულების ტექსტი ხშირად ფორმდება უცხო ენაზე, უმთავრესად ინგლისურ ენაზე. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი პარტნიორი დაჟინებით მოითხოვს ხელშეკრულების გაფორმებას ორ ენაზე, მათ შორის მის მშობლიურ ენაზე. ასეთ დროს ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიეთითოს, თუ რომელი მათგანი იქნება ძირითადი.
უნდა აღინიშნოს რომ სალიცენზიო ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ოპტიმალურია, ე.წ. “სრულყოფილი” კონკურენციის ბაზრისათვის, ანუ ისეთი ბაზრისათვის, სადაც დიდი რაოდენობით ურთიერთქმედებენ როგორ საქონლის გამყიდველები, ისე გადახდისუნარიანი მყიდველები და სადაც ბაზრის ნებისმიერი სუბიექტის არანაირ ცალმხრივ მოქმედებას არ შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს იქ არსებული სიტუაცია.
საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის ბაზარი ძალზე შორსაა მოცემული იდეალური მოდელისაგან, ვინაიდან საქონლის მყიდველების შეზღუდული რაოდენობა გადამწყვეტად მოქმედებს გარიგების პირობებზე. ამავე დროს შეინიშნება სახელმწიფოს ძლიერი მონოპოლია და ბაზრის დინამიკური წონასწორობისა და განვითარების მდგომარეობის შენარჩუნებისათვის ფინანსური რესურსების დეფიციტი.
ასეთ სიტუაციაში ვერ მიიღწევა ხელშეკრულებების შემკვეთებისა და შემსრულებლების შესაძლებლობებისა და ინტერესების შესატყვისი ბალანსი. შესაბამისი ხელშეკრულებების შემკვეთი, როგორც წესი, მოითხოვს ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ყველა განსაკუთრებული ქონებრივი უფლებების გადაცემას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ობიექტები მისი საქმიანობის პროფილს და რა პერსპექტივა გააჩნია შემდგომში ამ ობიექტების დამოუკიდებლად გამოყენებას.