როგორ აპირებს ხელისუფლება უკან დააბრუნოს მოპარული ფული
თამარ დუმბაძე
ქვეყანაში კორუფციის მასშტაბების ზრდის, სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზებისა და აგონიაში მყოფი ბიუროკრატიული აპარატის ფონზე, ხელისუფლება იწყებს სისხლის სამართალში მიცემული მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის უკანონოდ შეძენილი ქონების ჩამორთმევის გამარტივებაზე ზრუნვას. ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება ძველ პარლამენტს ახალ ანტიკორუფციულ პაკეტს სთავაზობს, სადაც კიდევ უფრო ძველს და დრომოჭმულს, ქონების კონფისკაციის თემას ააქტიურებს.
პარლამენტი კი, თავის კატუნისა და უკმაყოფილების მიუხედავად, კანონპროექტს უპირობოდ ამტკიცებს, მაგრამ, როგორც ჩანს, სამომავლოდ, კანონის განხორციელება არც ისე მარტივი იქნება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
კონსტიტუციის 21-ე მუხლში გარკვევით წერია: საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და ამდენად, ბუნებრივად ისმის კითხვა – ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის მცდელობა ხომ არ არის ფარული განზრახვა ქვეყანაში პრივატიზაციის მასობრივი რევიზიის დაწყებისა, რაც, ავტომატურად, საფრთხეს უქმნის უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს? და მეორე, ეს ერთი შეხედვით, კეთილშობილური მისია ხომ არ იქცევა მავანთა წინააღმდეგ შურისძიების იარაღად? სად გადის ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის – პასუხი ბუნდოვანია, კორუფციის თემა – ქვეყნისთვის მტკივნეული და აქტუალური, ხოლო ძნელი სათქმელია, სამომავლოდ, რა ემუქრება ბიზნესს.
წართმეული ხალხს უნდა დაუბრუნდეს”, – ამ ლოზუნგით მოვიდა ახალი ძალა ხელისუფლებაში და შედეგმაც არ დააყოვნა – პარლამენტმა კენჭი უყარა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციის პროცედურაში, ერთი შეხედვით, საგანგაშო არაფერია, რა თქმა უნდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პროვოცირების პოტენციურ საფრთხეს. საფრთხეს, რომელიც ადვილი შესაძლებელია შეექმნას ახალი ხელისუფლებისგან განზე გამდგარ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ან პოლიტიკურ მოღვაწეს. მეორე მხრივ, თუ საქართველოს სურს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება, მაშინ, ქვეყანა ყველა იმ საერთაშორისო ინიციატივის მონაწილე უნდა გახდეს, რაც უკვე დიდი ხანია დასავლეთმა დაამკვიდრა. ერთ-ერთი კი, სწორედ არალეგალურად მოპოვებული ქონების ჩამორთმევის თემაა. თუმცა ქართულ რეალობაში მთავარი პრობლემა იმ გარანტიების არარსებობაა, რომელიც ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას პოლიტიკური დაკვეთების საფუძვლად არ აქცევს. მართალია, ჯერჯერობით, ხელისუფლება თვლის, რომ იგი შესძლებს პროცესების ობიექტურად წარმართვას, მაგრამ შედეგებს მხოლოდ მომავალი დაგვანახებს. მანამდე კი. . ….
მაშინ, როცა საქართველოში არ არსებობდა საყოველთაო დეკლარაციის სისტემა (თუმცა, ზოგი ჩინოვნიკი ავსებდა კიდეც დეკლარაციებს, მაგრამ მსგავსი არასერიოზულობა ძნელი სანახავია), კომისიური წესით არ აღწერილა სახელმწიფო საჯარო სამსახურში შემოსვლისას არცერთი ჩინოვნიკის ქონება და რაც ყველაზე საშიშია, არ არსებობს ათვლის წერტილი, დღევანდელ ხელისუფლებას, ალბათ, ჯერ ის აქვს გასარკვევი, რომელ ქონებას ედავება კონკრეტულ ჩინოვნიკს.
ის სიმდიდრე, რაც დღესდღეობით საქართველოშია, ძირითადად, ოფიციალური გზით რომ არ მოპოვებულა, ალბათ, არც ამას სჭირდება დიდი მიხვედრა, მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მდიდარი ადამიანების დიდმა ნაწილმა ეს ქონება საკუთარი შრომით მოიპოვა. სხვა საქმეა თუ რას ეფუძნებოდა თითოეული მათგანის გარჯა, მაგრამ პარლამენტარ დემურ გიორხელიძეს თუ დავესესხებით: “გაძლევს სისტემა ლეგალურად შრომის საშუალებას? – იმუშავებ ლეგალურად. არადა, ადამიანები გონიერი არსებები არიან და არალეგალურად იმუშავებენ”.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონპროექტით, ძალოვან უწყებებს ძიების პროცესში საშუალება ეძლევათ დაინტერესებული პირთა ფართო ნათესაურ წრეს გადასწვდნენ, დღეს მაინც ბევრს გაუჭირდება საკუთარი ქონების დოკუმენტურად დასაბუთება. ამან კი, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე წარმოშვას. მაგალითად, თუ ხელისუფლებისთვის არასასურველ რომელიმე ჩინოვნიკს ჰყავს ბიზნესმენი ნათესავი, რომელიც მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად აწარმოებს ბიზნესს, ტენდენციურობის შემთხვევაში, ან მას დასდებენ ბრალს, რომ ქონება მაღალჩინოსანი ნათესავის საშუალებით დააგროვა, ან პირიქით, ჩინოვნიკი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე. გააჩნია როგორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა თავად კანონი.
ხელისუფლების მიზანი კი რაც არ უნდა დიადი და ნათელი იყოს, საზოგადოებას მაინც ორ უკიდურეს ზღვარს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. დამნაშავის დასჯის არგანხორციელების შემთხვევაში, ყველაფერი ძველ დინებას გაჰყვება და ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ხოლო, დასჯის მსგავსი მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში კი, არავინ იცის რა შედეგს მივიღებთ და ხომ არ დაისადგურებს ქვეყანაში საბოლოოდ ადამიანებს შორის შიში და გაუტანლობა?
დღეს არავინ დაობს იმაზე, რომ ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი თავიდანვე დიდი დარღვევებით მიმდინარეობდა, მაგრამ ტოტალიტარული ადმინისტრაციული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისთვის გარდაუვალი იყო ინვესტორებთან დათმობაზე წასვლა. მიუხედავად იმისა, შეგნებულად დაირღვა თუ არა პრივატიზების პროცესები, ნებისმიერ შემთხვევაში, ქონების გამსხვისებელი სახელმწიფო იყო და საკუთრების უფლებაც სწორედ მისგან მიიღო ყველა მესაკუთრემ. თავად საკუთრების უფლება კი ფუნდამენტალურია, იგი არ ექვემდებარება გადახედვას და შესაბამისად, არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება კონსტიტუცია თავისი შეხედულებისამებრ ცვალოს.
“თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ბიროტად გამოიყენა თავისი უფლება და “მიიპრივატიზაცია” რაიმე ქონება, მაშინ მხოლოდ ამ ნაწილში შეიძლება ვიმოქმედოთ და ჩამოვართვათ ქონება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავრცელდეს სხვა ობიექტებზე”, – მიიჩნევს გიორხელიძე.
და მაინც, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, არ არსებობს დამცავი მექანიზმი, რომ აგორებული ზვირთი ერთიანად არ იმსხვერპლებს მთლიან სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები პრივატიზების მასობრივ რევიზიაზე საუბარს საერთოდ გამორიცხავენ. ბუნებრივია, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად ინვესტორებისთვის სტაბილური გარანტიების შექმნა ესაჭიროება და არა არასტაბილური მომავალი.
“კონსტიტუციის 21-ე მუხლში მკაცრადაა განსაზღვრული, რომ ქონების კონფისკაცია ანტიკონსტიტუციურად მოიაზრება. მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან ასეთ შემთხვევაში, არც ერთი ინვესტორი არ მოვა საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, უკვე განხორციელებულ ინვესტიციებსაც დიდ საფრთხეს ვუქმნით”, – მთელი კატეგორიულობით აცხადებს ექსპერტი, ნიკო ორველაშვილი.
მიუხედავად ამისა, აღმასრულებელი ხელისუფლება უფრო ოპტიმისტურად აფასებს მოვლენებს და მიაჩნია, რომ ახალი ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანა სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და მისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას თქმით, თუ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს თვალს გადავავლებთ, გახმაურებული დაჭერების მიღმაც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან, ჯერჯერობით, არ შეინიშნება ტენდენციური დამოკიდებულება – “ის ხალხი, ვინც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა, იმისდა მიხედვით დააკავეს, თუ როგორი მდგომარეობა იყო მათ მიერ მართულ დარგებში. ენერგეტიკაში რაც ხდებოდა, ყველამ კარგად ვიცით. იგივეს თქმა შეიძლება რკინიგზაზე და მთლიანად ტრანსპორტის სფეროზეც. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ, რომ ამ ჩინოვნიკების დაჭერით ხელისუფლება პრივატიზების რევიზიას იწყებს, არასწორია. თავის დროზე, შესაძლოა, პრივატიზების პროცესები არასწორი ფორმით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ქვეყნის მაშინდელი პოლიტიკა იყო. რაც შეეხება თავად ჩინოვნიკების მიერ დაშვებულ დანაშაულებების დადასტურებას, ეს ძიების და სასამართლოს პრეროგატივაა”, – ამბობს თურნავა.
კულუარებში კი ჩუმად საუბრობენ იმაზეც, რომ კონკრეტული ჩინოვნიკის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქონების კონფისკაციაზე საუბარი, რადგან კონკრეტულ დანაშაულზე კანონი სასჯელს ითვალისწინებს და რომ დამნაშავეს პასუხი იმაზე უნდა მოეთხოვოს, რომ უკანონო გზით დააგროვა სიმდიდრე და არა იმაზე, თუ სად დახარჯა ფული. სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, ქონების კონფისკაცია იქნება თუ არა სრულყოფილი სასჯელი დამნაშავისთვის, ვინაიდან უკანონო გზით ნაშოვნი ფულები ვინ იცის, რამდენ სამორინეში და ფეშენებელურ სასტუმროებში დახარჯულა. ამიტომ, საინტერესოა, როგორ აპირებს ხელისუფლება უკან დააბრუნოს მოპარული ფული?