საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის რეცეპტი სამ დღეში დაიწერა
ელისო გამცემლიძე
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მით უმეტეს, როცა გამოსავალი ნაპოვნია, – ეს გამონათქვამი არა მხოლოდ საქართველოს კოლაფსურ ეკონომიკას, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროსა და დარგს მიესადაგება. მართლაც, ძალიან ცოტა რამ არის საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს და ამ ცოტას პოლიტიკური, ან, თუ გნებავთ, კეთილი ნება სჭირდება.
სწორედ ეს ნებაა საჭირო იმისათვის, რომ წარმოება-დაწესებულებები სრული დატვირთვით ამუშავდეს, მრეწველობას და ვაჭრობას “ლეგიტიმურობა” დაუწესდეს, რომ პრივატიზება ნორმალურ მასშტაბებში და კანონიერების ფარგლებში მოექცეს, რომ დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგისა და ვალდებულებების კონტროლი განხორციელდეს, კანონის უზენაესობა კვლავ კანონად დარჩეს. ახალი მთავრობა და ხელისუფლება ხალხისაგან ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, როგორც ამბობენ, სრულ კარტ-ბლანშს ფლობენ, ახლა ყველაფერი ახალ გუნდზეა დამოკიდებული.
პრეზიდენტის მიერ ეკონომიკური წინსვლის აუცილებლობაზე გაკეთებული აქცენტები ქართული ეკონომიკის მოსალოდნელ გაუმჯობესებაზე მეტყველებს, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ვივარაუდოთ. თანაც, მოსახლეობამ ძალიან მალე უნდა დაინახოს ცვლილებები (სასიკეთო) და ეს ოჯახების ბიუჯეტსაც როგორმე უნდა შეეტყოს. ერთი სიტყვით, მთავრობამ სამოქმედო გეგმა-პროგრამა უკვე დაწერა და მისი შესრულებაც უნდა იკისროს.
ეკონომიკური “პიესის” ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ეკონომიკის მინისტრი, ირაკლი რეხვიაშვილია. მის “სოროსულ” განათლებაზე ბევრი დაიწერა და ითქვა, ბევრს მისი ახალგაზრდა ასაკი არ მოსწონს, მაგრამ რეხვიაშვილს, როგორც წარმატებულ მინისტრს, მხოლოდ მას შემდეგ შევაფასებთ, როცა კონკრეტული შედეგები გამოჩნდება. შედეგებს კი, ახალი მინისტრი რამდენიმე თვეში გვპირდება.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ძალიან მოკლე ხანში ლიკვიდირებული იქნება და მის ნაცვლად შეიქმნება ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტიც მიუერთდება და იგი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად იქმნება. სწორედ ამ სახეცვლილი სამინისტროს მინისტრობა ხვდა წილად უნგრეთიდან სპეციალურად ამ საქმისათვის ჩამოყვანილ ირაკლი რეხვიაშვილს. მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მას ძალიან მძიმე პროცესების განხორციელება მოუწევს, კერძოდ სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვის საგრძნობლად შემცირება და სხვა მტკივნეული პროცესები, რომლებიც რეფორმებს ჩვეულებრივ სდევს თან.
ვინ არის ირაკლი რეხვიაშვილი? პრესაში იგი “მისისიპდალეულადაც” მონათლეს, თუმცა, მრავალმხრივი და ნაირფეროვანი განათლება, ვფიქრობთ, ცუდი, მით უმეტეს დასაწუნი არ უნდა იყოს.
ეკონომიკის ახალი მინისტრის სამოქმედო გეგმა მოკლედ ასე ჟღერს: ეკონომიკის ზრდა და განვითარება. ეს არა მხოლოდ გეგმაა, მთელი საზოგადოების სურვილიც არის და თუკი მინისტრმა ეს მოახერხა, შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ, შესაძლოა, პრეზიდენტობასაც გამოკრას ხელი.
უფრო კონკრეტულად ეკონომიკის განვითარების გეგმა ასე გამოიყურება: ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს აღორძინების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, როგორც განვითარების თვალსაზრისით, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ევროპაში ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად. წარმატების მისაღწევად საქართველოში მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო და შეიქმნას მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარების შესაძლებლობები. აღნიშნული ამოცანა მოიცავს სპეციფიურ სტრუქტურულსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა კვალობაზეც მოხდება საგადასახადო სისტემის გამარტივება, საბაჟო პროცედურების გაუმჯობესება, ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძო საკუთრების დაცვის მყარი და ხელშეუხებელი გარანტიების შექმნა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ბიზნესში გაუმართლებელი და უხეში ჩარევის აღკვეთა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების მკაფიო გამოკვეთას და ამ მიმართულებით მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას.
ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებია: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საბანკო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა და ა. შ. აღნიშნული ბაზრების განვითარების უზრუნველსაყოფად ბიზნესმენთა შორის უნდა დაინერგოს ახალი სამეწარმეო კულტურა, განხორციელდეს მათი ტრენინგები მარკეტინგისა და მენეჯმენტის დარგში. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობების განვითარებას მეწარმეებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის.
სახელმწიფო სექტორის ეფექტური მართვა გულისხმობს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა აქტივის მართვის ახალი მექანიზმის დანერგვას, პირველ რიგში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების მენეჯმენტის სრულყოფას. მთავრობის წინაშე მდგარი უახლოესი ამოცანებია აღნიშნული საწარმოების ადმინისტრირების უფრო ტრანსფარენტული და ეფექტური ფორმების დანერგვა, აგრეთვე გამჭვირვალობის, ეკონომიკური ეფექტურობისა და პრივატიზაციიდან მაღალი შემოსავლების მიღების პირობებში პრივატიზაციის პრაქტიკის სრულყოფა. სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საგრძნობლად გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. აღნიშნული მიზანი მოიცავს საპორტო და საგზაო მეურნეობის, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის განვითარება-ოპტიმიზაციას და უპირველეს ყოვლისა, ეფექტური ენერგო-ინფრასტრუქტურის შექმნას. გაცხადებული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საჯარო სამსახურის რეფორმა წარმოადგენს, რის შედეგადაც შემცირდება კორუფციის ინსტიტუციონალური საფუძვლები და პარალელურად ამაღლდება სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის და ეფექტურობის ხარისხი.
ზემოაღნიშული აქტიური ეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა იყოს ტრანსფორმირებული სიღარიბის შემცირებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც დეტალურად გაწერილი იქნება ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიაში. კერძოდ, უახლესი ხუთი წლის მანძილზე მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის საშუალო ტემპი არ იქნება 5%-ზე ნაკლები, რაც ინფლაციის ზომიერი 5-6%-იანი იდექსის შენარჩუნების ფონზე უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების დონის სწრაფ ამაღლებას. მაკროეკონომიკური მართვის სფეროში ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფენ მდგრადი და სტაბილური ფინანსური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებას. დასახული ეკონომიკური ზრდის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკაში შექმნილი ღირებულების გადანაწილების ეფექტური ინსტრუმენტის ფუნქციას შეიძენს. კერძოდ, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ყოველწლიურად არანაკლებ 1%-ით გაიზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები 2008 წლისათვის მშპ-ს 20%-ს მიაღწევს, ნაცვლად არსებული 14%-სა. შედეგად, მკვეთრად იმატებს სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური ხარჯების მოცულობა, რაც 2008 წლისათვის მშპ-ს 10%-ს მიაღწევს და რაც ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება (ნაცვლად 2003 წლისათვის არსებული 270 მილიონისა). ფისკალური ადმინისტრირების საფუძველზე მოხდება ხელფასებისა და პენსიების ნაწილში როგორც ადრე დაგროვილი დავალიანებების გასტუმრება, ისე მათი ოდენობის ზრდა და საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. 2004 წელს მოხდება საპენსიო დავალიანების დაფარვა 38 მლნ ლარით, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების – 18 მლნ ლარით, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დავალიანების – 8 მლნ ლარით. სრულად დაიფარება ლტოლვილთა შემწეობებში არსებული დავალიანებები.
ექსპორტის განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო სავაჭრო პოლიტიკის შედეგად განხორციელდება საგარეო სავაჭრო ბალანსის ეტაპობრივი გაუმჯობესება და არსებული დეფიციტის შემცირება. ეკონომიკური პოლიტიკის დარგობრივი პრიორიტეტების განვითარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების უკეთეს გამოყენებას ემსახურება, რაც საქართველოს ხელსაყრელ გეო-პოლიტიკურ მდებარეობაში და მაღალკვალიფიცირებული ადამიანური რესურსების არსებობაში მდგომარეობს. თითოეული პრიორიტეტული დარგი დიდ საექსპორტო პოტენციალს მოიცავს, რომლის ათვისებაც შესაბამისი სამთავრობო პოლიტიკის გატარების შედეგად ქვეყნის საგადამხდელო და საგარეო-სავაჭრო ბალანსის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.
რეფორმების ძირითადი მიმართულებები:
– საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება;
– სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბების და გაძლიერების ხელშეწყობა;
– ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
– საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი პროგრამის (სიღარიბის დაძლევის პროგრამის სრულფასოვანი გადახედვა და გადამუშავება) დამტკიცება და მისი დაუყოვნებელი განხორციელება;
– საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხარჯზე;
– შიდა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნა;
– კერძო მეწარმეობის მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობა და თავისუფალი ბაზრის განვითარების ხელისშემშლელი ბარიერების დაუყოვნებელი გაუქმება;
– კონტრაბანდის, გადასახადებიდან თავის არიდების და ზოგადად ეკონომიკურ დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და გაკოტრების კანონმდებლობის დახვეწა და ამოქმედება;
– მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საქონლის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება;
– ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება და ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა;
– საპენსიო სისტემის ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმა;
– სოციალურად დაუცველ ფენებზე დამისამართებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
– სახელმწიფო სამსახურისა და მართვის ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული ხალხის დასაქმების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
– არსებული სახელმწიფოს საინვესტიციო პროგრამების რეფორმა და რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ფონდის შექმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
– ურბანული ეკონომიკური განვითარების და სოფლის ეკონომიკური განვითარების გამიჯვნა და აქტიური პოლიტიკის წარმოება ორივე მიმართულებით;
– სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ფერმერთა გაერთიანებების შექმნა და გამსხვილება, ეკოლოგიურად სუფთა და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე ორიენტაციის და გადამმუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა;
– ეკონომიკური განვითარების ტრადიციული საკითხების გადაწყვეტისადმი აქტიური მუშაობა;
– სოციალური განვითარების ტრადიციული საკითხების გადაწყვეტისადმი აქტიური მუშაობა (მაღალმთიანი რეგიონებისგანვითარების პროგრამა);
– კერძო მეწარმეობისათვის ხელშემწყობი გამჭვირვალე და სტაბილური საკანონმდებლო ბაზის შექმნა;
– ბიზნეს-განათლების დონის ამაღლება და მუშახელის მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება;
– სადაზღვევო სისტემის სრულფასოვანი განვითარება;
– სახელმწიფო შესყიდვების საქმიანობის გაუმჯობესება; სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
მთავრობის ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ექსპერტებმა წინასაარჩევნო პროგრამას უფრო მიამსგავსეს, შესრულების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ დიდ გადატრიალებას მოახდენს, თავის მხრივ ეკონომიკის მინისტრი, ირაკლი რეხვიაშვილი აქტიურ მუშაობას გვპირდება იმისათვის, რომ ქვეყანაში მალე შეიქმნას დოვლათი, რომ ქვეყნის მოსახლეობა გამდიდრდეს არა მხოლოდ სიზმარში, არამედ ცხადშიც.
ირაკლი რეხვიაშვილი, ეკონომიკის მინისტრი: – “მთავრობის გუნდს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, გუნდური პასუხისმგებლობის პრინციპი ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს. პროგრამა საკმაოდ ამბიციური და გარკვეულწილად რეალისტურია. რაც მნიშვნელოვანია, ეს დოკუმენტი იქნება ცვლადი დოკუმენტი, მოხდება მისი გადახედვა, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმება და ამის შედეგად ჩამოყალიბდება 5-წლიანი სამოქმედო გეგმა.
ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროგრამის მთავარი ნიშანთვისებაა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, ფისკალური კონსოლიდაცია, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება განვითარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. უმნიშვნელოვანესია ის პრინციპები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ ეკონომიკის განვითარების სფეროში. ეს იქნება როგორც კერძო საკუთრების, ასევე პირადი უსაფრთხოების დაცვა, საკრედიტო ურთიერთობების გამარტივება, უმნიშვნელოვანესი იქნება კონკრეტულად სოციალურად დაუცველ სფეროზე გათვლილი პროგრამები, ეს უნდა მოხდეს კონსოლიდირებულად,…დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებას – ანუ, ამ პროგრამაში საქართველოსთვის ტრადიციად ქცეული პრობლემები ჩაიდება. ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების აღმოსაფხვრელად, მის ლეგალურ სექტორში გადასაყვანად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება, სერიოზული რეფორმებია დაგეგმილი საბაჟო და საგადასახადო კუთხით, პრივატიზაციისა და ქონების მართვის მხრივ. აქ არის სამი ძირითადი ამოცანა: გამჭვირვალობა, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფოსთვის შემოსავლების მაქსიმიზაცია, ეკონომიკური ეფექტურობა… ქვეყანას ეყოლება მცირე და საშუალო ბიზნესის დამცველი, ბიზნესომბუდსმენი, მეწარმეებს საკმაოდ მაღალ დონეზე დავიცავთ, სამინისტროში შეიქმნება ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის”.
მსგავსი დახმარების პროექტები ადრეც ხომ არსებობდა?
“ადრე არსებული საინვესტიციო პროგრამები იმდენად გაბნეული იყო სხვადასხვა სფეროებზე, რომ არავინ იცოდა, თუ როგორ ნაწილდებოდა თანხები. ახლა კი ძალზე გამჭვირვალე იქნება და შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გავუხსნათ საექსპორტო ბაზარი. ის რესურსები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის ყველაზე რეალური გზა ეკონომიკის განვითარებისათვის. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში, ჩვენ მივცემთ მიმართულებებს, დავეხმარებით. ქართული პროდუქცია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, სახელმწიფომ კი უნდა გაამარტივოს როგორც საგადასახადო, ისე სავაჭრო პოლიტიკა, ამით ქართველ მეწარმეებს საკმაოდ დიდი შეღავათი ექნებათ”.
ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტი და დარგი უერთდება – ტურიზმი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?
“ეკონომიკის სამინისტროსთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერთება ლოგიკურია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ტურიზმის სფეროში კერძო კაპიტალის მოზიდვა აუცილებელია. ეს მიღწევადი მიზანია და შევეცდებით, ეს დარგი კერძო კაპიტალის ხარჯზე განვავითაროთ. მაგრამ ტურიზმზე მოთხოვნა უნდა იყოს, ხალხს უნდა სურდეს საქართველოში ჩამოსვლა, ამისათვის კი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სიტუაციაა საჭირო”.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს თებერვლის თვეში რეგულარულად ხვდებოდა, სავალუტო ფონდის მისიის სტუმრობის დროს, სამუშაო გარემოში. მათ, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე მოახერხეს შეთანხმება.
ირაკლი რეხვიაშვილი: – “ფონდის პოზიცია არავითარ შემთხვევაში არ არის საქართველოს დაჩაგვრა, მათი სურვილი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, საქართველოში აღდგება სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც ვალების რესტრუქტურიზაციას ემსახურება და ეს უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რა მოხდება შემდეგ ჩამოსვლაზე, ამას ვერავინ იტყვის”.
შეთანხმება მართლაც მიღწეულია, სავალუტო ფონდი საქართველოს 130 მლნ დოლარით დაეხმარება, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყნის ბიუჯეტში. წელს ფონდი 30 მლნ-ს გამოგვიყოფს და ეს თანხა ჩვენი ჯერ ისევ დანგრეული ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ეკონომიკის მინისტრი აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მარტში საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ძირითადი დონორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მანამდე კი, რეხვიაშვილი “მოთელვას” აკეთებს.
ეკონომიკის სამინისტრომ მოიწვია შეხვედრაზე საქართველოში მოღვაწე ძირითადი დონორი ორგანიზაციები, როგორებიცაა სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აშშ-ს განვითარების სააგენტო, ევრობანკი, ევროკავშირის წარმომადგენლობა, გერმანიის, ნიდერლანდების და ბრიტანეთის საელჩოები, გაეროს განვითარების პროგრამა. შეხვედრის ძირითად ამოცანას დონორთა თანამეგობრობისათვის ეკონომიკის სამინისტროს გეგმების 3-5-წლიანი ეკონომიკური პროგრამის შექმნის გაცნობა წარმოადგენდა. ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს სამთავრობო უწყებათა ძალისხმევის კოორდინაცია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის აღსრულების პროცესში და ამ პროცესის მონიტორინგი.
საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით ეკონომიკის სამინისტრო აპირებს შეიმუშაოს ეფექტური სისტემა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკური და სოციალური ხასიათის ყველა სხვა სამთავრობო პროგრამის ორგანული შერწყმა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და სხვა სამინისტროებთან ერთად კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასახვა.
სამინისტროს ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ამ პროცესში ფართოდ იქნებიან ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები: ბიზნეს-საზოგადოება, რეგიონები და შედეგად უახლოესი პერიოდის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის სასარგებლოდ ფართო სამოქალაქო კონსენსუსის მიღწევას გვპირდება. აღნიშნულ პროცესში განხორციელდება ადრე შემუშავებული სიღარიბის დაძლევის პროგრამის ძირეული რევიზია და ახალი პრიორიტეტების გამოკვეთა, აგრეთვე მათი რეალისტური ხასიათის უზრუნველყოფა.
ირალი რეხვიაშვილი: – “საქართველოს მთავრობა პირველ მარტს დონორების შეკრებას გეგმავს. ამ შეკრებაზე ერთ-ერთი პირველი საკითხი იქნება სიღარიბის დაძლევის პროგრამის გადახედვა, მისი გადამუშავება და ახალ ვარიანტში წარდგენა, რათა მოხდეს მისი დაფინანსება. ჩვენ გვაქვს გარკვეული რეფორმების გეგმა, ამის შეჯერება მოხდება სიღარიბის დაძლევის პროგრამასთან და მოხდება საქმიანობის დაგეგმვა. ეს იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებასაც მთელი მთავრობა, მთავრობის კაბინეტი შეეცდება. ახლა მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ, ამ პროგრამის გადახედვა და გადამუშავება მოხდება გუნდურად, მთავობის ყველა წევრის მონაწილეობით. ასე რომ, მომავალი წლის განვითარების გეგმა დაფუძნებული იქნება ამ პროგრამაზე, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება მზად. ამასთანავე, საუბარი იქნება იმაზეც, რომ ეს პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტს შევუსაბამოთ და არა წლევანდელს.
ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე: – “ჩვენ მათთან ერთად ვიმსჯელეთ სამინისტროს სამომავლო გეგმებზე, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე. როგორც იცით, სიღარიბის დაძლევის სტრატეგია ადრე იყო შემუშავებული, რომელიც ახალი პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე სრულ გადახედვას მოითხოვს. ამჟამად ვაპირებთ დონორთა თანამეგობრობის დახმარებით, ფართო საზოგადოების ჩართვით მთავრობას განახლებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა შევთავაზოთ. სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კონკრეტული გეგმის მიხედვით, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის პრიორიტეტები, რაც იყო გაცხადებული მთავრობის მიერ”.
ექსპერტების აზრით, ეკონომიკის განვითარების გეგმები, პროგრამები და სხვადასხვა პროექტები “ძველ” მთავრობასაც დიდი დოზით ჰქონდა, თუმცა აღსრულება არ ღირსებია და ფარატინა ქაღალდებად დარჩენილა. ახლაც მთავარი ეს არის: შეძლებს თუ არა ხელისუფლება სურვილების და გეგმების რეალიზებას, თუ ისიც მომავალ ხელისუფლებებს საარჩევნო პროგრამად გადაეცემა.