ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკა ქართულ მოსახლეობაში
ნანა მენაბდიშვილი
ქართველ დემოგრაფთა გამოკვლევებით დადგენილია, რომ საქართველოში XX საუკუნის დასასრულიდან აღინიშნება მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოება. ამასთანავე, მათემატიკური მეთოდებით გაანგარიშებული პროგნოზები გვიჩვენებს, რომ მომავალში კიდევ უფრო შემცირდება ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ერთი მხრივ, როგორი იყო წინა თაობებში ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკა, ხოლო, მეორე მხრივ, XXI საუკუნეში მოსახლეობის აღწარმობაში განისაზღვროს სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეობის პერსპექტივები. წინამდებარე სტატიაში შესწავლილია ერთი სოციალური ჯგუფის – სტუდენტთა მოსალოდნელი რეპროდუქციული ქცევა XX საუკუნის მეორე ნახევარში და ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკა სამ თაობაში.
თაობებში ბავშვებზე მოთხოვნილების რეალიზაცია, გარკვეული აზრით, წარმოდგენას გვაძლევს იმ ცვლილებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბავშვის ფასეულობის შინაარსში, რომელიც გამოიხატება ბავშვების რიცხვისადმი საზოგადოების, ოჯახისა და ინდივიდის დამოკიდებულებით. აქვე უნდა ითქვას, რომ დემოგრაფიულ მეცნიერებაში ბავშვების ფასეულობა, უწინარეს ყოვლისა, მოიაზრება არა როგორც, საერთოდ, ბავშვის, არამედ ოჯახში ბავშვთა განსაზღვრული რიცხვის ფასეულობა.
ბავშვთა ფასეულობა ოჯახურ ფასეულობათა შემადგენელი ნაწილია, რომელიც რეპროდუქციული სიტუაციის შეფასებისა და რეპროდუქციული გადაწყვეტილების კრიტერიუმად გვევლინება და ბავშვებზე მოთხოვნილებისა და რეპროდუქციული მოტივაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ბავშვებზე მოთხოვნილებას ადამიანის სოციალურ მოთხოვნილებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი ყალიბდება შობადობის სოციალური ან მცირე, საშუალო და მრავალშვილიანი რეპროდუქციული ნორმების გავლენით2, განსაზღვრავს რეპროდუქციული ქცევის თავისებურებებს. ოჯახში ბავშვთა რიცხვის დეტერმინაციაში წამყვან როლს ასრულებს ბავშვებზე მოთხოვნილების ხარისხი. “თუ ოჯახში ბავშვების რიცხვი შეესატყვისება მათზე მეუღლეთა მოთხოვნილებას, -აღნიშნავს პ. ანტონოვი, – მაშინ ცხოვრების პირობების ვერავითარი გაუმჯობესება ამ რიცხვის გადიდებას ვერ გამოიწვევს, მაგრამ თუ ბავშვების რიცხოვნობა მოთხოვნილების დონეზე ნაკლებია, მაშინ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში დაბადებულთა რიცხვი შესაძლებელია გაიზარდოს.
სხვადასხვა ადამიანს შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმი გააჩნია. ამიტომ, ცხოვრების ერთი და იგივე პირობები შეიძლება ერთმა აღიქვას, როგორც ბავშვებზე მოთხოვნილების რეალიზაციისათვის კეთილსასურველი, მეორემ კი, პირიქით – როგორც არაკეთილსასურველი3.
ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკის შესწავლა შესაძლებელია დროის გარკვეული ინტერვალით ჩატარებული ორი ან მეტი სოციოდემოგრაფიული გამოკვლევითა და სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზით, ან ისეთი სოციოდემოგრაფიული გამოკვლევით, რომლითაც მოპოვებულ იქნება საჭირო ინფორმაცია სამი თაობის წარმომადგენლების შესახებ. ასეთი გამოკვლევით მოპოვებული ინფორმაციის შედარებითი ანალიზის მეტად საინტერესო ნიმუშია
გ. წულაძის ნაშრომი “რეპროდუქციული ქცევა”, რომელიც ემყარება 1969-1972 და 1980-1996 წწ. ჩატარებული სოციოდემოგრაფიული გამოკვლევების შედეგებს. ოჯახში ბავშვთა იდეალური, მოსალოდნელი და სასურველი რიცხოვნობის ამსახველი მონაცემების ანალიზით დადგენილია, რომ 1969-1996 წწ. თანდათანობით იზრდებოდა იმ ადამიანთა ხვედრითი წილი, რომლებსაც იდეალურად მცირეშვილიანი ოჯახი მიაჩნდათ, ამასთანავე, მცირდებოდა იმათი წილი, ვინც, პირიქით, იდეალურად მრავალშვილიან ოჯახს თვლიდა.
შემცირდა ბავშვების სასურველი და მოსალოდნელი რაოდენობაც. 1980 წელს ბავშვების სასურველი საშუალო რაოდენობა უზრუნველყოფდა მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას, 1996 წლის შესაბამისი მაჩვენებლის პირობებში კი, მოსახლეობის მხოლოდ მარტივი აღწარმოება იყო შესაძლებელი. 1969-1972 წწ. ბავშვების მოსალოდნელი რაოდენობა უზრუნველყოფდა მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას, 1980 წელს კი, მისი სიდიდე მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმზე მიუთითებდა”.
თაობებში ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკის დადგენის მიზნით სამი თაობის მიხედვით შევისწავლეთ რეალიზებული და არარეალიზებული, ანუ ვერბალური რეპროდუქციული ქცევა. სტუდენტების, მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების ბავშვებზე მოთხოვნილების მახასიათებლად გამოვიყენეთ რესპონდენტების მშობლებისა და ბებია-ბაბუების ოჯახებში შვილთა რაოდენობა, ხოლო ბავშვებზე სტუდენტთა მოთხოვნილების გამოსავლენად აღებულ იქნა არა რეალური, არამედ ვერბალური ქცევა.
მატერიალური მდგომარეობისა და ასაკის გამო, მათი დიდი უმრავლესობა დაუოჯახებელია და ამდენად, რეპროდუქციულ პროცესში არ მონაწილეობს. გამოკითხულთაA შორის დაქორწინებული იყო მხოლოდ 6,1 პროცენტი, მათ შორის, სტუდენტი ვაჟებიდან – 4,7, ხოლო გოგონებიდან – 6,4 პროცენტი. როგორც გამოკვლევამ გვიჩვენა, სწავლის დამთავრების შემდეგ თაობათა განახლების პროცესში მოგვიანებით ჩაბმას დაუქორწინებელი ახალგაზრდების მხოლოდ ერთი ნაწილი აპირებს. კითხვაზე – “რას აპირებთ სწავლის დამთავრების შემდეგ?” – მათმა 13,1-მა პროცენტმა განაცხადა, რომ შექმნის ოჯახს. უმრავლესობას (69,4 პროცნტს) განზრახული აქვს, იმუშაოს სპეციალობის მიხედვით, 17,1 პროცენტს სურს, განაგრძოს სწავლა, ხოლო 12,5 პროცენტი ფიქრობს სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. აშკარად დამაფიქრებელია ახალგაზრდობის ასეთი რეპროდუქციული განწყობა. ეს, უწინარეს ყოვლისა, იმათზე ითქმის, ვინც საზღვარგარეთ აპირებს სამუშაოდ წასვლას, რადგან თუ ახალგაზრდობის სხვა ჯგუფების ქცევა დამაფიქრებელია მხოლოდ იმიტომ, რომ რეპროდუქციული განწყობის შეცვლის შემთხვევაში ისინი დაგვიანებით მაინც მიიღებენ მონაწილეობას თაობათა განახლების პროცესში, საზღვარგარეთ წამსვლელთა შორის დიდია იმის ალბათობა, რომ მათ საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა ქართვლთა აღწარმოების პროცესში.
აუცილებელია შევეხოთ მეთოდურ საკითხსაც: ბავშვებზე სტუდენტების, მათი მშობლებისა და, ბებია-ბაბუების მოთხოვნილებათა შედარებითი ანალიზისას გარკვეული უხერხულობა იქმნება იმის გამო, რომ რეპროდუქციული განწყობები თავიანთი ბუნებით არ არის ყოველთვის იგივეობრივი რეპროდუქციული ქცევისა, მაგრამ ქცევისა და განწყობების არათუ შედარება, არამედ, თვით ისეთი მახასიათებელიც კი, როგორიცაა, ოჯახში მოსალოდნელი ბავშვების რაოდენობა, თავისი არსით წარმოადგენს რესპონდენტის რეალიზებული და მომავალი (განზრახული) რეპროდუქციული ქცევის განწყობათა ერთობლიობას, ე.ი. ოჯახში უკვე არსებული ბავშვებისა და ბავშვთა იმ რიცხოვნობის ჯამს, რომელთა ყოლა განზრახული აქვს მომავალში. ცხადია, მომავლისათვის რეპროდუქციული განწყობა, ე.ი. გარკვეული რაოდენობის მომავალში ბავშვების ყოლის განზრახვა არ ნიშნავს რეპროდუქციული განწყობის გარდაუვალ რეალიზაციას. ბავშვებზე მოთხოვნილება რეპროდუქციული ქცევის განხორციელების მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ ერთადერთი პირობა არაა. ამასთან ერთად, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი სიტუაცია და განხორციელების შესაძლებლობა, რაც არცთუ იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, ფაქტობრივად, რეალიზებული რეპროდუქციული ქცევის შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე განზრახული. კონკრეტულად, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით გადახრები, ამაზე გარკვეულ წარმოდგენას 617 ქალისა და 399 მამაკაცის გამოკითხვის შედეგები გვაძლევს. კითხვაზე: “შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თქვენ იმდენი შვილი გყავთ, რამდენიც დაქორწინებამდე გსურდათ?”, თითქმის ყოველმა მეორე რესპოდენტმა (51,7 პროცენტმა) აღნიშნა, რომ მას იმაზე ნაკლები შვილი ჰყავს, ვიდრე სურდა, ძალიან მცირე ნაწილმა (5,5 პროცენტმა) კი მიუთითა, რომ იმაზე მეტი შვილი ჰყავს, ვიდრე სურდა, ხოლო რესპონდენტთა 42,7 პროცენტმა განაცხადა, რომ იმდენი შვილი ყავს, რამდენიც სურდა. რესპონდენტებმა იმის მიზეზებად, რომ უფრო ნაკლები შვილი ჰყავთ, ვიდრე სურდათ, ცხრაზე მეტი გარემოება დაასახელეს. მათ შორის ყველაზე ხშირად მითითებდნენ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ოჯახის მატერიალური ხელმოკლეობა (24 პროცენტი), ჯანმრთელობის მდგომარეობა (16,7 პროცენტი), ბავშვთა აღზრდაში დამხმარის არყოლა (8,3 პროცენტი), ცუდი საბინაო პირობები (8,8 პროცენტი), მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა (7,7 პროცენტი), მეუღლის მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა (2,6 პროცენტი) და სხვა.
რა გვიჩვენა სტუდენტების, მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობებში ბავშვებზე მოთხოვნილების დინამიკის შესწავლამ. ოჯახში ბავშვებზეE მოთხოვნილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია აღწარმოების რეჟიმი თითოეულ თაობაში. რესპონდენტი ვაჟების ბებია-ბაბუების თაობაში უფრო მეტად საშუალოშვილიანი ოჯახი იყო გავრცელებული (43,1 პროცენტი), ვიდრე მცირეშვილიანი (40,4 პროცენტი). საკმაოდ მაღალი იყო, აგრეთვე, მრავალშვილიანი ოჯახების ხვედითი წილი (16,6 პროცენტი). ამ მხრივ უმნიშვნელო განსხვავება აღინიშნება რესპონდენტ გოგონათა ბებია-ბაბუების თაობაში. მათთან მცირეშვილიანი ოჯახების ხვედრითი წილი 41,1 პროცენტს შეადგენდა, საშუალოშვილიანი ოჯახებისა – 43,0 პროცენტს, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისა – 15,9 პროცენტს. ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობამ შეადგინა: ვაჟების ბებია-ბაბუების შემთხვევაში – 3,097 ბავშვი, გოგონების ბებია-ბაბუების შემთხვევაში – 3,022 ბავშვი. საშუალოშვილიან ოჯახებში სამშვილიანთა ხვედრითი წილი ორჯერ და მეტად აღემატებოდა ოთხშვილიანთა ხვედრით წილს, ასევე, მრავალშვილიან ოჯახებში ხუთშვილიანთა ხვედრითი წილი – ექვსი და მეტშვილიანებისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: ბებია-ბაბუების თაობაში ბავშვებზე მოთხოვნილება ისეთი იყო, როგორიც შვილიანობის მიხედვით ოჯახის ტიპების გავრცელება, რაც უზრუნველყოფდა ქართველი მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას.
ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა სტუდენტთა მშობლების თაობაში. სტუდენტი ვაჟების მშობლების 73,1 პროცენტს მცირეშვილიანი ოჯახები აქვთ, 24,0 პროცენტს – საშუალოშვილიანი, ხოლო 2,4 პროცენტს – მრავალშვილიანი. ანალოგიური, თუმცა, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა სტუდენტი გოგონების მშობლებთან მიმართებაში: მცირეშვილიანია მათი ოჯახების 61,0 პროცენტი, საშუალოშვილიანი – 36,5 პროცენტი, ხოლო მრავალშვილიანი – 2,5 პროცენტი. საშუალოშვილიან ოჯახებში ოთხჯერ და მეტად ბევრია სამშვილიანთა ხვედრითი წილი, ხოლო მრავალშვილიან ოჯახებში ხუთშვილიანთა წილი ოდნავ აღემატება ექვს და მეტშვილიანებს გოგონების მშობელთა ოჯახებში. მცირედ ჩამორჩება ვაჟების მშობელთა ოჯახებში. გოგონების მშობლების ოჯახებში ბავშვთა საშუალო რიცხვი 2,408-ს უდრიდა. ვაჟების მშობელთა ოჯახებში კი – 2,276-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როგორც შვილიანობის ტიპების ხვედრითი წილით, ისე ოჯახში ბავშვთა საშუალო რიცხვით სტუდენტების მშობელთა თაობა მოსახლეობის მხოლოდ შეკვეცილ აღწარმოებას უზრუნველყოფს.
უმნიშვნელო ცვლილებები აღინიშნება სტუდენტთა მიერ ბავშვთა ყოლის განზრახვათა რეალიზაციაში. მცირეშვილიანი იქნება სტუდენტ გოგონათა ოჯახების 67,9 და ვაჟების ოჯახების 62,3 პროცენტი, საშუალოშვილიანი – გოგონათა ოჯახების 31,9 და ვაჟების ოჯახების 36,9 პროცენტი, ამასთანავე, თითქმის არ იქნება მრავალშვილიანი ოჯახები. ოჯახში ბავშვთა საშუალო რიცხვი გოგონათა ოჯახებში 2,25 ბავშვამდე, ხოლო ვაჟების ოჯახებში 2,29 ბავშვამდე შემცირდება. ამრიგად, თუ გამოკითხული სტუდენტების ბავშვებზე მოთხოვნილებას შვილთა ყოლის იმ განზრახვით შევაფასებთ, რომელიც გამოკითხვისას გამოირკვა, ამ განზრახვის სრული რეალიზაციის შემთხვევაში (რაც პრაქტიკულად გამორიცხულია) ქართველთა მხოლოდ შეკვეცილი აღწარმოება იქნება უზრუნველყოფილი, რაც XXI საუკუნის პირველ ოცწლეულში მათი რაოდენობის შემცირების პროცესის გაგრძელებას მოასწავებს.
ქართველ მოსახლეობაში თაობიდან თაობამდე ბავშვებზე მოთხოვნილების შემცირების ტენდენცია, რომელსაც თან ახლავს რიგი დემოგრაფიული პროცესების გამწვავება, განაპირობებს მოსახლეობის ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურის დეფორმაციას, შრომისუნარიანთა სოციალურ-დემოგრაფიული და ეკონომიკური დატვირთვის მკვეთრ ზრდას, შრომითი რესურსებისა და სამხედრო წვევანდელთა პრობლემების გამწვავებას და სხვა უარყოფით შედეგებს. არანაკლებ საგულისხმოა ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში მნიშვნელოვნად მცირდება ქართველთა ხვედრითი წილი. ამასთანავე, რაც ყველაზე საგანგაშოა, შორეულ პერსპექტივაში გადაშენების საფრთხე ექმნება მრავალფეროვანი და ორიგინალური ქართული კულტურის შემოქმედი სუბიექტის – ქართველთა გენოფონდს.
მოსახლეობის აღწარმოების ოპტიმალური რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, ერთი მხრივ, ბავშვებზე არარეალიზებული მოთხოვნილების მოთხოვნილების უზრუნველყოფისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც გულისხმობს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებას, მეორე მხრივ, კი ბავშვებზე მოთხოვნილების იმ დონემდე გაზრდას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას საზოგადოების ინტერესების დონემდე აამაღლოს ოჯახის რეპროდუქციული ინტერესები. ეს კი, ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებების განხორციელების გარდა, ისეთი კულტურული და ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცებას გულისხმობს, რომელიც მოსახლეობაში სამი და მეტშვილიანი ოჯახებისადმი დადებით დამოკიდებულებას ჩამოაყალიბებს.