ეროვნული ბანკის როლი შიდა ვალუტის ბაზრის ფუნქციონირებაში
ნესტან ცაგარეიშვილი
ოპტიმალური სავალუტო სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ეტაპზე. ამის აუცილებლობას ძირითადად განაპირობებს, ერთი მხრივ, თანამედროვე პირობებში ეკონომიკის გლობალიზაციისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის პროცესი, რომელიც ობიექტურად უბიძგებს საქართველოს ჩაერთოს მსოფლიო ეკონომიკაში, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული ეკონომიკის დაცვა გარე ეკონომიკური შოკებისაგან.
სავალუტო სისტემა, როგორც უცხოური ვალუტის ფლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციული ფორმა, აყალიბებს იმ მარეგულირებელ გარემოს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სავალუტო პოლიტიკას ახორციელებს. მის ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია, ისე მისი საერთაშორისო ბაზრებთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, ეროვნული ეკონომიკის განვითარება და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა.
სავალუტო სისტემის შემადგენელი ნაწილია შიდა ვალუტის ბაზარი, რომელიც ეროვნული ვალუტის კონვერტირებადობისა და გადასაცვლელი კურსის რეჟიმებთან ერთად, ამასთან, სავალუტო რეგულირების ეროვნული ორგანოების გათვალისწინებით, გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის სავალუტო მექანიზმის ფუნქციონირებაში.
შიდა ვალუტის ბაზრის კონიუნქტურაზე უდიდეს ზემოქმედებას ახდენს სავალუტო პოლიტიკა, რომელსაც წარმართავს ქვეყნის ცენტრალური ბანკი და იგი სავალუტო რეგულირების შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, მისი ეკონომიკური ასპექტია.
საქართველოში სავალუტო პოლიტიკის უნივერსალური ორგანოს – ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის, ფასების სტაბილურობისა და ლარის გადასაცვლელი კურსის ოპტიმალური დინამიკის უზრუნველყოფა. ცენტრალური ბანკი მიმოქცევაში უშვებს ეროვნულ ვალუტას, ინახავს ქვეყნის ოქრო-სავალუტო რეზერვსა და კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვებს, წარმოადგენს ბანკთაშორის საანგარიშსწორებო ცენტრისა და კომერციული ბანკების უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორს. ამასთან, იგი, როგორც “ბანკთა ბანკი”, აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს კერძო ბანკების საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. საქართველოში სავალუტო პოლიტიკას იღებს პარლამენტი, ხოლო ეროვნული ბანკი, როგორც სავალუტო რეგულირების ძირითადი წარმართველი და სუბიექტი, ახორციელებს მას. ეროვნული ბანკი არეგულირებს ვალუტის ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმს, კერძოდ, სავალუტო ოპერაციების წარმოების წესებს, აგრეთვე შეიმუშავებს დებულებებს, ინსტრუქციებსა და ანგარიშგების ფორმებს. იგი ადგენს უცხოური ვალუტის გამოყენების რეჟიმს, რომელიც გულისხმობს სავალუტო სახსრების ფლობისა და განკარგვის რეგლამენტირებას. ეროვნული ბანკი სავალუტო შეზღუდვებით ზემოქმედებას ახდენს ეროვნული ვალუტის კონვერტირებადობის ხარისხზე.
როგორც ცნობილია, შიდა ვალუტის ბაზრის კონიუნქტურაზე დიდ გავლენას ახდენს უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი, რომლის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს ეროვნული ბანკი. ამასთან, იგი განსაზღვრავს გადასაცვლელი კურსის რეჟიმს საქართველოში, რომლითაც ზემოქმედებს შიდა ვალუტის ბაზარზე და ახორციელებს სავალუტო პოლიტიკას.
საქართველოს საბანკო კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური შუამავლის ფუნქცია შიდა ვალუტის ბაზარზე მსხვილ კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს აქვთ, ხოლო ლიცენზირება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ამასთან, ეროვნული ბანკი როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების არასაბანკო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე მხოლოდ საკონვერსიო ოპერაციების ლიცენზიას გასცემს. გარდა ამისა, იგი ფლობს, ინახავს და მართავს საქართველოს საერთაშორისო რეზერვებს, რითაც უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის სიმტკიცეს.
ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო კონტროლს. საქართველოში იგი პასუხისმგებელია ამ სფეროში კანონმდებლობის აღსრულებისათვის.
აღსანიშნავია, რომ 1998 წლამდე შეზღუდული იყო შიდა ვალუტის ფუნქციონირება იმ მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდამდე საქართველოში არსებული პრაქტიკა ხელს უშლიდა სავალუტო ნაკადების თავისუფალ მოძრაობას: ჯერ ერთი, სავალუტო ლიცენზია საბანკო დაწესებულებებზე გაიცემოდა საბანკო ლიცენზიის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის ფუნქციონირების შემდეგ, მეორე, უპირატესობა მინიჭებული ჰქონდათ გენერალური ლიცენზიის მქონე ბანკებს, რომლებსაც უფლება ეძლეოდათ საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნათ უცხოეთის კომერციულ ბანკებში, ხოლო შიდა ლიცენზიის მქონე ბანკებს საერთაშორისო ანგარიშსწორება უნდა მოეხდინათ გენერალური ლიცენზიის მქონე ბანკების მეშვეობით2. ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სავალუტო ოპერაციების ლიცენზირების ასეთი პრაქტიკის გაუქმებისა და ერთიანი უნივერსალური საბანკო ლიცენზიის შემოღების შესახებ.
ეროვნული ბანკი ახდენს შიდა ვალუტის ბაზრის ძირითადი ოპერაციების – კომერციული ბანკების საქმიანობის რეგლამენტირებას ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის რეგულირებით. ეს ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს ბანკების მთლიანი კაპიტალის 20%-ს3..
ამ ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია განახორციელოს დაბალანსებული ოპერაცია, ანუ იყიდოს ან გაყიდოს შესაბამისი ოდენობის უცხოური ვალუტა.
შიდა ვალუტის ბაზრის რეგულირებისათვის ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სავალუტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი სავალუტო ინტერვენციებია. გადასაცვლელი კურსის დინამიკაზე ზემოქმედების მიზნით ეროვნული ბანკი ახორციელებს ღია ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას. Aაღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს პრაქტიკაში გადაიდგა ისეთი ნაბიჯი, რაც მსოფლიო პრაქტიკაში ძალზე იშვიათია. სახელდობრ, საქმე ეხება ეროვნული ბანკის სრულ უფლებამოსილებას ინტერვენციების სიხშირისა და მოცულობის დადგენაში. ამის შესახებ ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საყოველთაოდ მიღებული პრინციპის – ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავებაში, დამტკიცებასა და განხორციელებაში ცენტრალური ბანკის სრული დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა დღესაც კი მოკლებულია ამ შესაძლებლობას. სავალუტო ინტერვენციების შესახებ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში არ მიიღება სახაზინო დეპარტამენტის თანხმობის გარეშე4.
ამჟამად საქართველოში ხორციელდება მხოლოდ არასტერილური სავალუტო ინტერვენციები, რაც სავალუტო პოლიტიკის ნაკლებად ეფექტიანი ინსტრუმენტია. მსოფლიოში აპრობირებული სტერილური სავალუტო ინტერვენციებისაგან განსხვავებით, იგი ითვალისწინებს საკურსო რეგულირებას ფულადი ბაზის შემცირებით ან გაზრდით, საკურსო ნიშნულის სასურველი დონის მიღწევას, რაც თანამედროვე სავალუტო რეგულირების პრაქტიკაში არ არის მიღებული. იმის გამო, რომ საქართველოში არ განვითარდა სახაზინო ვალდებულებათა ბაზარი, ეროვნულ ბანკს არ მიეცა საშუალება დაენერგა სტერილური ინტერვენციების პრაქტიკა. ამიტომ დღეს ბიუჯეტის დეფიციტის ემისიური დაკრედიტებით გამოწვეული ფულადი ბაზის ზრდის ნეიტრალიზაციას ეროვნული ბანკი შიდა ვალუტის ბაზარზე ფინანსური უსაფრთხოების ყველაზე ლიკვიდური აქტივის – უცხოური ვალუტის მიწოდებით ახორციელებს.
ამჟამად ეროვნული ბანკი სავალუტო პოლიტიკას ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირში და არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ახორციელებს. ამას მოითხოვს ეროვნული ეკონომიკის ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს შიდა ვალუტის ბაზრის კონიუნქტურა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ფასების სტაბილურობაზე. საქმე ისაა, რომ იმპორტზე ორიენტირებულ გარდამავალ ეკონომიკაში ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა აუცილებლად გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას, რასაც, რა თქმა უნდა, თან ახლავს სერიოზული ინფლაციური ეფექტი. ეროვნული ვალუტის გაუმართებლად მაღალი კურსის შენარჩუნებას კი, როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, მოჰყვება სავალუტო ნაკადების შემოდინების შემცირება საქართველოში, რაც ეჭვქვეშ დააყენებს სავალუტო რეზერვების საკმარისობას.
საქართველოში შიდა ვალუტის ბაზარი ჯერჯერობით ნაკლებად განვითარებულია, თუმცა, სხვა ფინანსურ ბაზრებთან შედარებით, ამ სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული. ეროვნული ბანკის გარდა, მისი აგენტები კომერციული ბანკები და გადამცვლელი პუნქტებია. რაც შეეხება სპეციალიზებულ საბროკერო და სადილერო ფირმებს, ისინი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც ხელს უშლის შიდა ვალუტის ბაზრის განვითარებას. ამასთან, მცურავი კურსის რეჟიმის პირობებში იგი ძალზე მგრძნობიარეა როგორც საგარეო ეკონომიკური, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ. ასეთ პირობებში საქართველოში ეროვნულ ბანკს, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისაგან განსხვავებით, “ბაზრის შემქმნელის” ფუნქცია აკისრია. შიდა ვალუტის ბაზრის დაბალი ლიკვიდურობის გამო ეროვნული ბანკი იძულებულია უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში მყიდველის როლში თვით გამოვიდეს და ამით დაარეგულიროს საკურსო ნიშნულის დონე. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მათი მონაწილეობა შიდა ვალუტის ბაზარზე მკვეთრად არათანაბარია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამჟამად არსებული 27 ლიცენზირებული ბანკიდან უმრავლესობა რეგულარულად არ აწარმოებს უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას და მხოლოდ ათიოდე ბანკი ახორციელებს სავალუტო-გაცვლით ოპერაციებს. ამის გამო, სხვა ბანკებთან უცხოური ვალუტის მსხვილი პარტიებით ბითუმად ვაჭრობას მიმართავს ეროვნული ბანკი და რამდენიმე კომერციული ბანკი. ასეთი პრაქტიკა ნაკლებად არის დამახასიათებელი განვითარებული ქვეყნებისათვის, სადაც ცენტრალური ბანკი არ ერევა შიდა ვალუტის ბაზრის ფუნქციონირებაში, გარდა ექსტრემალური სიტუაციებისა, როდესაც იქმნება საშიშროება საკურსო პარიტეტის ან სხვა დარღვევის გამო.
ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მცირე ჯგუფთან ერთად ქმნის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარს, რომელიც მოიცავს საბირჟო (თბილისის ბანკთაშორისი ვალუტის ბირჟის სავაჭრო მოედანზე დადებული გარიგებები) და სადილინგო (ბირჟის მიღმა, პირდაპირ კომერციულ ბანკებს შორის განხორციელებული ოპერაციები) ბაზრებს. თბილისის ბანკთაშორისი ვალუტის ბირჟა, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს, შიდა ვალუტის ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ეროვნული ბანკის გარდა, იგი აერთიანებს 19 კომერციულ ბანკს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოებაში (თუმცა შიდა ვალუტის ბაზრის ნაკლებად ლიკვიდურობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ოპერაციების თავისუფლად განხორციელება). შიდა ვალუტის ბაზრის ოფიციალური ბრუნვის მთლიან მოცულობაში 2000 წელს მან 17% შეადგინა, 2001 წელს – 20%, ხოლო 2002 წელს – 25%. სადილინგო ბაზრის წილი შიდა ვალუტის ბაზრის ოფიციალური ბრუნვის მთლიან მოცულობაში 2000 წელს 2% იყო, 2001 წელს – 4%, ხოლო 2002 წელს – 5%6. როგორც ჩანს, სადილინგო ბაზარი თავისი სიდიდით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბანკთაშორის საბირჟო ბაზარს, თუმცა მასთან შედარებით ახასიათებს ის უპირატესობა, რომ შიდა ვალუტის ბაზრის ეს სეგმენტი ხსნის ვალუტის განაღდების პრობლემას. სადილინგო ბაზარზე შესაძლებელია ვალუტის ყიდვა-გაყიდვა როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ფორმით. მიუხედავად ამისა, მცირე ბანკების სადილინგო აქტიურობა დაბალია, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპეციალისტები მცურავ გადასაცვლელ კურსზე გადასვლას მიიჩნევენ7. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში მკვეთრ კონიუნქტურულ რყევებს ადგილი არ ჰქონდა არც თბილისის ბანკთაშორის ვალუტის ბირჟაზე და არც ბირჟის მიღმა ვალუტის ბაზარზე, რაც ბაზრის ამ ორ სეგმენტს შორის მჭიდრო კავშირურთიერთობაზე მიუთითებს.
შიდა ვალუტის ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს საქართველოში წარმოადგენს შიდა საბანკო სავალუტო ბაზარი, რომელიც მოიცავს კომერციულ ბანკებს შორის გარიგებებს. მისმა წილმა შიდა ვალუტის ბაზრის ოფიციალური ბრუნვის მოცულობაში 2000 წელს 70,7% შეადგინა, ხოლო 2001 წელს – 72,9%8. შიდა ვალუტის ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტია აგრეთვე არასაბანკო ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც წარმოადგენენ ნაკლებად ორგანიზებულ ბაზარს, თუმცა სერიოზულ გავლენას ახდენენ ორგანიზებული ბაზრის ყველა სეგმენტზე და ხშირად აქტიურ როლს ასრულებენ საბაზრო პანიკისა და მინიშოკების შექმნაში.
შიდა ვალუტის ბაზრის აღნიშნული სეგმენტების გარდა საქართველოში ფეხი მოიკიდა ულიცენზიო არასაბანკო ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, სადაც სავალუტო სახსრები არაკონტროლირებადია და ფარული ეკონომიკის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. ისინი ქმნიან არაოფიციალურ ბანკნოტურ ბაზარს, რითაც აძლიერებენ სტიქიურობის ელემენტებს შიდა ვალუტის ბაზრის ფუნქციონირებაში. შიდა ვალუტის ბაზრის ასეთი არაორგანიზებული სეგმენტის შესახებ თვით ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ და მათ მიმართ მოითხოვენ ქმედითი ღონისძიებების გატარებას9. ჩვენი აზრით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის საბანკო სისტემაში ინტეგრირება დიდად შეუწყობს ხელს შიდა ვალუტის ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
შიდა ვალუტის ბაზრის ზემოთ ჩამოთვლილი სეგმენტებიდან ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის მყიდველის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ თბილისის ბანკთაშორის ვალუტის ბირჟის სავაჭრო სესიებში, სადაც ყოველდღიურად დგინდება ლარის ოფიციალური გადასაცვლელი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ, ხოლო ბაზრის სხვა სეგმენტებზე კურსის ფორმირება დამოუკიდებლად ხდება. 2001 წელს თბილისის ბანკთაშორის ვალუტის ბირჟის მთლიანმა ბრუნვამ 98,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 35,4 მლნ, ანუ 36% ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა10. 2001 წელს ამოქმედდა უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გადასაცვლელი კურსების დადგენის ახალი წესი, რომლის თანახმადაც თბილისის ბანკთაშორის ვალუტის ბირჟაზე დგინდება მხოლოდ აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსი, სხვა ვალუტებისათვის კი, მათი გარიგებათა სიმცირის გამო, გადასაცვლელი კურსი დოლართან კროსკურსული გაანგარიშებით განისაზღვრება.
საქართველოში შიდა ვალუტის ბაზრის განვითარების მიზნით საბანკო სისტემაში 2000 წლის 1 იანვრიდან დამონტაჟდა ელექტრონული სავაჭრო სისტემა. მისი მეშვეობით ბანკებს ეძლევათ საშუალება ელექტრონული ფორმატების გამოყენებით დროის რეალურ რეჟიმში აწარმოონ სავალუტო გარიგებები ბანკთაშორის ბაზარზე. საბანკო სფეროში დაინერგა საქმიანობის ისეთი ფორმები, როგორიცაა საერთაშორისო პლასტიკური ბარათები (Visa, American Express, Master Card), სავალუტო ფულადი გზავნილები (Western Union, Money Gramm) და ბანკომატებით მომსახურება.
სავალუტო ინფრასტრუქტურის კვალობაზე 2000 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა საქართველოს სავალუტო დილერთა კლუბი, რომლის მიზანია საქართველოს სავალუტო ბაზარზე სადილინგო გარიგებების წარმოების საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ერთიანი პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა და მისი საერთაშორისო საფინანსო ბაზართან ინტეგრაცია. კლუბის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საგანმანათლებო საქმიანობა – ბაზრის მონაწილეთათვის საფინანსო-სავალუტო სფეროში მუდმივი ევოლუციის პირობებში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობა.
2001 წლის 24-26 მაისს სინგაპურში ჩატარდა საერთაშორისო საფინანსო ბაზრების ასოციაციის – ACI რიგით 42-ე კონგრესი, სადაც მონაწილეობდა საქართველოს სავალუტო დილერთა კლუბი. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად გაწევრიანდა ACI-ში სრულუფლებიანი ნაციონალური ასოციაციის სტატუსით. ამის შედეგად, საქართველო საერთაშორისო საფინანსო ბაზრების ასოციაციის საბჭოს 65-ე წევრი გახდა, რაც საშუალებას აძლევს მას დაამყაროს კონტაქტები მსოფლიოს საფინანსო ბაზრების მონაწილეებთან, ფლობდეს ინფორმაციას საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე შექმნილი სიტუაციებისა და სიახლეების შესახებ.
შიდა ვალუტის ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით დიდი როლი შეასრულა ეროვნული ბანკის 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებამ საქართველოში მცურავი გადასაცვლელი კურსის რეჟიმის დამკვიდრების შესახებ. ამის სფუძველზე 1995 წლის ოქტომბრიდან ლარის შემოღებიდან მოყოლებული თითქმის სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი მართვადი კურსის რეჟიმი შეიცვალა მცურავი გადასაცვლელი კურსის რეჟიმით, რაც გაბედული და წინგადადგმული ნაბიჯი იყო ეროვნული ბანკის მხრიდან. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეროვნულმა ბანკმა არ შეწყვიტა ინტერვენციები ლარის მიმართ. მან აშშ დოლარის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში დაიტოვა მისი შესყიდვის უფლება. მაგალითად, 2000 წელს მან შიდა ვალუტის ბაზარზე 75 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, სანაცვლოდ კი, დამატებით 96 მლნ ლარი გაუშვა11. ამით შიდა ვალუტის ბაზარზე დამკვიდრდა თვითრეგულირების შიდა მექანიზმი. მან ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის ნომინალური გადასაცვლელი კურსის არასასურველი ზრდის თავიდან აცილებასა და ქვეყნის საერთაშორისო სარეზერვო პოზიციის განმტკიცებას, ხოლო, მეორე მხრივ, მას თან ახლავს ინფლაციური ეფექტი, ვინაიდან იწვევს მიმოქცევაში ეკვივალენტური ოდენობის ლარის მასის გაშვებას. ეს უკანასკნელი არღვევს მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას შიდა ვალუტის ბაზარზე, რაც, სამომხმარებლო ფასების ზრდაში აისახება.
ამჟამად საქართველოში ფასების სტაბილურობასა და შიდა ვალუტის ბაზარზე წონასწორობას ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და მისი ეროვნული ბანკის ემისიური კრედიტების ხარჯზე დაფინანსება. ამ მიზნით ემიტირებული ფულადი მასა, როგორც წესი, გამოიყენება ბიუჯეტის ისეთი დაცული მუხლების დასაფინანსებლად, როგორიცაა პენსიები, ხელფასები, დახმარებები და ა.შ. ამიტომ გაზრდილი ფულადი მასა უშუალოდ პირველადი მოხმარების საქონლის შესაძენად იხარჯება, რაც ადეკვატურ გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე. ამასთან, მთავრობის დავალიანება ეროვნული ბანკისადმი სახელმწიფოს შიდა ვალის სოლიდური ნაწილი გახდა, მაგალითად, 1994 წლიდან 2000 წლის 1 ნოემბრამდე ეროვნული ბანკიდან ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად ფინანსთა სამინისტროზე 709,7 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაიცა, ხოლო 2002 წელს – 199,2 მლნ ლარის ოდენობის სესხი, რაც 123,7 მლნ ლარით მეტია 2001 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ თანხებზე (75,5 მლნ ლარი).
ის გარემოება, რომ საქართველო ზომიერად დოლარიზებული ქვეყნების ჯგუფიდან მაღალდოლარიზებული ქვეყნების ჯგუფში გადავიდა, აფერხებს ეროვნული ვალუტის ერთადერთ საგადასახადო საშუალებად გამოყენების პრინციპს, ხელს უწყობს ეკონომიკის საიმპორტო ორიენტაციასა და საბიუჯეტო დისციპლინის მოშლას, განაპირობებს ლარის დევალვაციასა და მის დისკრედიტაციას, რაც, საბოლოო ანგარიშით, საბიუჯეტო კრიზისის გამწვავებაში აისახება. ყოველივე ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის ბიუჯეტის დეფიციტის გაღრმავებისათვის.
ლარის მიმოქცევის არეალის შეზღუდვამ კონკრეტული გამოხატულება ეროვნული ვალუტის საგადასახადო-საანგარიშსწორებო უნარის დაქვეითებაში პოვა, რაც მწვავედ აისახა საგასახადო-საანგარიშსწორებო ურთიერთობების მთელ სისტემაზე. მკაფიოდ წარმოჩნდა ის ხარვეზები, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყნის შიდა ვალუტის ბაზარზე, რომლის რეგულირება რეალური ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.