სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული

ავტორის სტილი დაცულია

მარიამ სიმონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
msimonia98@mail.ru

ანოტაცია

თანამედროვე ცხოვრებაში,ქვეყანათა შორის დიფერენციაციის ხარისხის გაღრმავების კვალობაზე,მეტად გაიზარდა ინტერესი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ სტრატეგიათა და მიმართულებების შესახებ.ვფიქრობ,ამ მხრივ,მეტად საინტერესოა ქვეყანა,რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწისში ჩამორჩენილ ქვეყნად იწოდებოდა,დღეს კი მისი სახელი მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად გამოიყენება.საუბარი მაქვს სამხრეთ კორეაზე,რომლის მაგალითზეც განვიხილავ იმ ძირითად ფაქტორებს,რამაც განაპირობა მის „აზიურ ვეფხვად“ ფორმირება.მსჯელობას ისტორიული მიმოხილვით დავიწყებ,რათა ნათელი გახდეს თავდაპირველ მდგომარეობასა და მიღწეულ შედეგებს შორის სხვაობა.ნაშრომის დარჩენილ ნაწილში კი წარმოვადგენ ეკონომიკური სასწაულის განმაპირობებელ ფაქტორებს და მათ გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.ვფიქრობ,რომ აღნიშნული საკითხი მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო და მისაბაძი მაგალითია ეკონომიკის უახლესი ისტორიიდან.

Annotation

In modern life, due to increasing the quality of differentiation among countries, there has been a growing interest in the economic strategies and directions of developed countries. I think that, in this case, the most interesting is the country, which was indicated as a backward country in the beginning of 20th century, but nowadays it’s name is used to underline a developed country. I am talking about South Korea, on which I will discuss these basic factors, that have formed it as an ,,Asian Tiger”. I will start the discussing with a historical overview to make it clear the difference between the first condition and achieved results. In the rest of this article, I will present the factors causing the economic miracle and their influence on economic indicators. I think that this matter is very interesting and a role model example for many developing countries from the recent economic history.

ისტორიული მიმოხილვა

კორეა 1910-1945 წლებში იაპონიის კოლონია იყო.მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შედეგად კორეა თავისუფალი ქვეყანა გახდა,მაგრამ ორ ნაწილად გაიყო-ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად.სწორედ ამ პერიოდიდან,1948 წლიდან არსებობს სამხრეთ კორეა-როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.1950-53 წლებში კორეის ომმა სამხრეთ კორეა მნიშვნელოვნად დააზარალა.ომის შემდგომ პერიოდში იგი არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში იყო.მოსახლეობის ერთ სულზე ძალიან დაბალი საშუალოწლიური შემოსავლის გამო,რომელიც მაგალითად 1961 წელს მხოლოდ 82 აშშ დოლარს შეადგენდა სამხრეთ კორეა ერთ-ერთ უღარიბეს  ქვეყნად მიიჩნეოდა.იაპონიის ოკუპაციის  პირობებში აშენებული ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურდა.ამას ემატებოდა ის,რომ ინდუსტრიული საწარმოები ჩრდილოეთში მდებარეობდა,ისევე როგორც ქვეყნის ბუნებრივი რესურსები.არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,რომ დამოუკიდებლობის  პირველი წლები ტრაგიკულად მძიმე იყო ქვეყნისთვის,იმდენად,რომ 1960 წელს ვერც მსოფლიო ბანკი,ვერც საერთაშორისო მკვლევრები სამხრეთ კორეის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავდნენ.მშპ-თან მიმართებაში თითქმის ნულის ტოლი დანაზოგები,სიღატაკის უკიდურესი ფორმები,კორუფციის მაღალი დონე ნამდვილად არ იძლეოდა პოზიტიური პროგნოზის საფუძველს.[1]

სამხრეთ კორეის აღავლობა 1961 წლიდან დაიწყო და საინტერესოა,რომ პოზიტიური მიმართულებები კონკრეტულ ადამიანს მიეწერება,სწორად შემუშავებული და ეფექტური სამოქმედო გეგმისთვის.ეს ადამიანი იყო გენერალი პაკ-ჩუ-ჰი,რომელიც ხელისუფლებაში სწორედ 1961 წელს მოვიდა.ახლა კი,რადგან უკვე ვიცით თუ საიდან დაიწყო ქვეყანამ განვითარება,შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის კონკრეტულ არხებზე დავიწყოთ საუბარი. [4]

ინდუსტრიალიზაცია

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 1950-იანი წლების იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკაზე უარი თქვა და პრიორიტეტად გარე ბაზრების დაპყრობა დაასახელა.სწორედ მაშინ,1961 წლიდან დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა.გენერლის მთავრობის გეგმის მიხედვით,იმპორტის ჩანაცვლება შეიცვალა ექსპორტის წახალისებით,მაგრამ  იბადება ლოგიკური კითხვა:როგორ უნდა წაეხალისებინა ქვეყანას ესპორტი,როცა თავად იმ პერიოდში არაფერს აწარმოებდა.საქმე ისაა,რომ ქვეყანამ ინდუსტრიალიზაციის პროცესი საფეიქრო მრეწველობით დაიწყო,თანხების მობილიზება კი 1960-იან  წლებში აშშ-სა და იაპონიისაგან მიღებული დახმარებებით მოახერხა.ძალიან საინტერესოა,რომ დღევანდელი გადმოსახედით ასეთი განვითარებული ქვეყანა,საექსპორტო ბაზარზე თავდაპირველად ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკებით გავიდა.1964-70 წლებში პარიკები სიდიდით მესამე საექსპორტო პროდუქტი იყო ტანსაცმლისა და სამშენებლო ფანერების შემდეგ.ზემოთ აღნიშნული პროდუქტიული შრომის შედეგად მიღებული ნაწარმის ექსპორტით სამხრეთ კორეამ სიღარიბის წრე გაარღვია და 1970-იან წლებში მთელი რესურსი მძიმე და ქიმიურ მრეწველობაში ჩადო,რადგან აშკარა იყო,რომ პარიკების წარმოება ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის საკმარისი აღარ იქნებოდა.ძალიან საინტერესოა,რომ სამრეწველო სექტორის განვითარებისთვის ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაცვლად სახელმწიფო სესხის აღება გადაწყვიტა.ვფიქრობ,რომ ეს ნაბიჯი ეროვნული ინტერესის განთვალისწინებით ძალიან  სასარგებლო პრაქტიკაა რადგან ამ შემთხვევაში არ ხდება ადგილობრივი აქტივების უცხოელთა ხელში გადასვლა.სესხად აღებული ფინანსური სახსრებით მთავრობა მსხვილ კომპანიებს უკეთებდა საგადასახადო შეღავათებს,აძლევდა უზარმაზარ სუბსიდიებს,იმ  პირობით,რომ ისინი გაზრდიდნენ ექსპორტს.მნიშვნელოვანი იყო ე.წ.“ჩებოლების“ მხარდაჭერა.ეს იყო მსხვილი კომპანიები,რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებით სარგებლობდნენ.დღეს „ჩებოლების“ყველაზე ცნობილი შთამომავლები არიან: „სამსუნგი“,“ჰიუნდაი“,“LG“.  [5]

აღსანიშნავია,რომ ქვეყანა,გარდა საკუთარი სამრეწველო სექტორის განვითარებისა,ითვისებდა იმ პერიოდში უკვე განვითარებული მეზობელი ქვეყნის-იაპონიის გამოცდილებას ტექნიკის და ტექნოლოგიების სფეროში.ამასთან იგი აქტიურად ჩაერთო საგარეო ვაჭრობაში იაპონიასთან და აშშ-თან.ვფიქრობ,რომ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომენტი: „ მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებისა და აქტიური ინდუსტრიალიზაციის შემდეგ გახსნა ქვეყანამ სახელმწიფო ბაზარი და მოახდინა ბაზრის ლიბერალიზაცია“-აღნიშნავსო მაიანგ ჰანი,სამხრეთ კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენელი.სწორედ მძიმე და ქიმიური მრეწველობის სახელმწიფო დონეზე პრიორიტეტიზაციით მოახერხა ქვეყანამ მოახერხა ჩამოყალიბებულიყო ერთ-ერთ ყველაზე მაღალკონკურენტუნარიან მოთამაშედ გლობალურ ბაზარზე.სასიამოვნოა იმის წარმოდგენა,რომ დღეს სეულის იმ უბანში,სადაც წლების განმავლობაში პარიკების ქარხნები მდებარეობდა,ციფრული კომპლექსი განთავსდა,სადაც კომპიუტერულ ნახევარგამტარებს და ტრანზისტორებს აწარმოებენ. [3]

განათლება,როგორც უმაღლესი პრიორიტეტი

სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი ძირითადი პრინციპი განათლების დონის ზრდასა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განვითარებაში მდგომარეობს.ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული სააგენტოს  წარმომადგენელმა,ო მაიანგ ჰანმა, საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა,რომ განათლება,მეცნიერება და ტექნოლოგიებია ის,რაც ქმნის ფულს.ადამიანური რესურსი ბაზისურია განვითარებისთვის და ის უნდა იყოს მუდმივად ინვესტირებადი.თუ გაქვს ადამიანური კაპიტალი ეკონომიკურ კაპიტალთან ერთად,ეს ნიშნავს,რომ ყველა მოცემულობა გაქვს წარმატებისთვის“. [3]

არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ამ სიტყვების ავტორს,როდესაც ვიცით,რომ ეკონომიკურ ზრდაში,აკუმულირებული საწარმოო ფაქტორების გარდა დადებით როლს თამაშობს ადამიანისეული კაპიტალი,რომელიც თავის მხრივ,ძირითადად მოიაზრებს ჯანმრთელობას,განათლებას და კვალიფიკაციას.ვფიქრობ,რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანისეულ კაპიტალში,განსაკუთრებით კი განათლებაში ინვესტირება ქვეყნისთვის უდიდესი სარგებლის მომტანია,მითუმეტეს თუ ეს ინვესტირება მეცნიერების სფეროზეა ორიენტირებული.სწორედ მეცნიერება და მეცნიერული  აღმოჩენებია ეკონომიკური განვითარების საფუძველთა საფუძველი,რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით აქვს ადგილი ეკონომიკაში გამოგონებებსა და ინოვაციებს.ზემოთ აღნიშნული სტრატეგია აირჩია სამხრეთ კორეამ,რომლის საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია.ინვესტიციები განათლებაში უწყვეტად მიმდინარეობდა,ხოლო კურსდამთავრებულთა წილი კი ძირითადად ინჟინერიასა და მრეწველობაში მოდიოდა.სწორედ სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 22%-დან 93%-მდე,სტუდენტთა რაოდენობა კი 100000-დან 1,3 მილიონამდე.შედეგად,სამხრეთ კორეაში ყოველი დასაქმებული 1000 ადამიანიდან 13 მეცნიერია,რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის ტექნოლოგიური განვითერების მასშტაბებს და სამომავლო პოტენციალს.[2]

ცენტრალიზებული სისტემაროგორც კორეული საიდუმლო

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე,შეიძლება ვიკითხოთ,ექნებოდა თუ არა სამხრეთ კორეას ასეთი დიდი ნახტომი,რომ არა გენერლის 18 წლიანი მმართველობა? გასაკვირია,მაგრამ დღეს დემოკრატიის ინდექსის მიხედვით სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მყოფი სამხრეთ კორეა 1987 წლამდე ავტორიტარული პოლიტიკური სისტემით მოქმედებდა.რადგან ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას სწორედ დიქტატორული რეჯიმის დროს ჰქონდა ადგილი,ბევრი მკვლევარი თვლის,რომ განყენებულად ვერცერთი ფაქტორი ვერ მოუტანდა სამხრეთ კორეას განვითარების ამხელა ტემპს,რომ არ ყოფილიყო კორეული საიდუმლო-სახელმწიფოს ჩარევის ცენტრალურობა,რომელიც პირველ ადგილას ეროვნულ ინტერესს აყენებს.ითვლება,რომ სწორედ ძალაუფლების ცენტრალიზებამ მისცა ხელისუფლებას უზარმაზარი ეკონომიკური რეფორმების წამოწყების საშუალება,რომელიც არა მხოლოდ სწრაფი,არამედ თანაბარი და ინკლუზიური განვითარების საშუალებასაც იძლეოდა.თუმცა ეკონომიკური ზრდის პარალელურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები,ჰყვაოდა კორუფცია.როგორც ჩანს,კორუფციის ფართო მასშტაბი არ იყო დიდი პრობლემა სამხრეთ კორეაში,რასაც მე პირადად ვუკავშირებ ქვეყნის გადაწყვეტილებას ადგილობრივი წარმოების უცხოური ვალებით დაფინანსების შესახებ,პირდაპირი უცხოური ინვეტიციების ნაცვლად,რადგან ამ უკანასკნელისთვის კორუფცია ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორია.წინააღმდეგ შემთხვევაში,ჩემი აზრით,მას სინგაპურის მსგავსად,რომელმაც პირდაპირ უცხოურ ინვეტიციებს მიანიჭა უპირატესობა, მოუწევდა ერთ-ერთ პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლის არჩევა.ამასთან დასავლელი მეცნიერები რა თქმა უნდა არ იძლევიან რეკომენდაციას ავტორიტარული რეჯიმის სასარგებლოდ და შენიშნავენ,რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში არაა სამხრეთ კორეის მსგავსი წარმატების გარანტი,რადგან შანსი იმისა,რომ ავტორიტარული რეჯიმი ასეთი წარმატებით ჩაივლის ძალიან დაბალია[4]

კორეელი ხალხის ერთობა

   ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად საინტერესოა,რომ სამხრეთ კორეის ეკონომიკურ ზრდაში უდიდესი როლი ითამაშა მოსახლეობის მოტივაციამ,სამოქალაქო პასუხისმგებლობამ და სრულმა მზადყოფნამ ცვლილებების მიმართ.დასარწმუნებლად ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან.1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ,ქვეყნის ფინანსურმა ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს საგარეო ვალის გადახდა.მართალია კორეის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხი აიღო 58 მლრდ.დოლარის ოდენობით,მაგრამ გასაოცარი აღმოჩნდა ის რაც კორეელებმა მოიმოქმედეს.მაშინ,როცა მოსახლეობა ყოველდღიური ხარჯების გადასახდელად იბრძოდა,ჩაერთო ოქროს შეგროვების პროგრამაში,რათა სახელმწიფოს ხარჯების დაფარვაში დახმარებოდნენ.თითოეული ოჯახი საშუალოდ 85 გრამს სწირავდა და წლის ბოლოს 2,17 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო შეგროვდა.ვფიქრობ,რომ მოსახლეობის მიერ სახელმწიფოსადმი ასეთი ნდობის გამოცხადების მიზეზი გარკვეულწილად მათი მენტალიტეტითა და შეგნებით აიხსნება,მაგრამ უმეტესად  მაინც ეფექტიანი ხელისუფლების რწმენასა და რეპუტაციაში მდგომარეობს,რწმენაში,რომ მთავრობა ნაჩუქარ სახსრებს მართლაც საერთო ეროვნული პრობლემების გადაჭრისკენ მიმართავს.[5]

პროგრესული ცვლილებები

სამხრეთ კორეის ზემოთ აღწერილი   სტრატეგიისა და მიმართულებების წარმატებასა და გამართლებაზე  ნამდვილად მეტყველებს ეკონომიკურ ინდიკატორთა ცვლილება. ეკონომიკურ მაჩვენებელთა შორის უნივერსალურად მიჩნეულ მშპ-ს ზრდა მართლაც რომ შთამბეჭდავია. ის 1962 წელს 2,75 მლრდ.აშშ დოლარს შეადგენდა,დღეს კი იგი თითქმის 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს უდრის.[1]

საინტერესოა მშპ-ს წლიური ზრდის ტემპის განხილვა დინამიკაში,რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

დიაგრამა 1. მშპ-ს წლიური ზრდის ტემპი 2018-2021 წლებში

წყარო: [https://tradingeconomics.com/south-korea/gdp-growth-annual ]

 1961 წელს  კორეის ერთ მოსახლეზე საშუალოწლიური შემოსავალი 82 აშშ დოლარი იყო,დღეს კი აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 28605 დოლარს აღწევს და ამით ქვეყანა მეოთხე ადგილზეა აზიაში სინგაპურის,ბრუნეისა და იაპონიის შემდეგ,ხოლო მსოფლიო საშუალო ანალოგიური მაჩვენებლის 227%-ს შეადგენს.[1] დიაგრამაზე აშკარაა საშუალოწლიური შემოსავლის ზრდადი დინამიკა ერთ სულ მოსახლეზე:

 დიაგრამა 2. საშუალოწლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 2010-2020 წლებში

წყარო: [ https://tradingeconomics.com/south-korea/gdp-per-capita ]

საინტერესოა,რომ კორეაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო შემოსავალი,რომ არა დემოგრაფიული ბუმი.2020 წელს ქვეყანაში დაახლოებით 51,269 მლნ ადამიანი ცხოვრობდა,რაც დაახლოებით 1,8-ჯერ მეტია 1965 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.ზემოთ თქმულის დასადასტურებლად შეგვიძლია დავაკვირდეთ შემდეგ გამოსახულებებს:

დიაგრამა 3. მოსახლეობის რაოდენობა 1965 წელს

წყარო: [ https://www.populationpyramid.net/republic-of-korea/2020/ ]

დიაგრამა 4. მოსახლეობის რაოდენობა 2020 წელს

წყარო: [ https://www.populationpyramid.net/republic-of-korea/2020/ ]

 ეკონომიკურ მაჩვენებელთა შორის ასევე საინტერესოა ინვეტიციების მოცულობა კვლევებსა და განვითარებაზე,რომელიც მშპ-ს 4,5%-ს  შეადგენს და ქვეყნის მეორე ადგილს განაპირობებს ისრაელის შემდეგ,რომლის ანალოგიური მაჩვენებელი 4,9%-ია.

დიაგრამა 5. მშპ-ს წილი კვლევებსა და განვითარებაზე ქვეყნების მიხედვით %-ებში

წყარო: [ https://www.nature.com/articles/d41586-020-01466-7 ]

მართალია,ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას,რადგან შეიძლება შემოსავლების ზრდის კვალობაზე იზრდებოდეს ჯინის კოეფიციენტი და უარესდებოდეს ღარიბთა მდგომარეობა.თუმცა სამხრეთ კორეის შემთხვევაში ეკონომიკურ ზრდას ასევე მოჰყვა სოციალური მაჩვენებლების გაუმჯობესება და შედეგად ქვეყანა ადამიანური განვითარების ინდექსით მეორე ადგილზეა აზიაში, იაპონიის შემდეგ და ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში კოეფიციენტით- 0,916.ქვემოთ მოცემული დიაგრამებით შეგვიძლია დავრწმუნდეთ ჯინის კოეფიციენტის შემცირებასა და ადამიანური განვითარების ინდექსის გაუმჯობესებაში,რომელიც თავისთავად აგრეგირებული ინდექსია და ეფუძნება სამ მაჩვენებელს.ესენია:სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა,განათლების ინტეგრალური მაჩვენებელი და მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე.

 დიაგრამა 6. ჯინის კოეფიციენტი 2011-2019 წლებში

წყარო: [ https://www.statista.com/statistics/642046/south-korea-gini-coefficient/ ]

დიაგრამა 7. ადამიანური განვითარების ინდექსი 1990-2019 წლებში

წყარო: [ http://hdr.undp.org/en/countries/profiles/KOR ]

ამასთან, სამხრეთ კორეა ჯანდაცვის სისტემის ხარისხისა და განათლების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.აღნიშვნის ღირსია ისეთი თვისებრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაც,როგორიცაა დემოკრატიის ინდექსი.[1]

ამ უკანასკნელს ადასტურებს ის ფაქტი,რომ სამხრეთ კორეა სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია:

ცხრილი 1. სამხრეთ კორეა დემოკრატიის ინდექსის რეიტინგში

წყარო: [ https://en.wikipedia.org/wiki/Democracy_Index ]

 დასკვნა

ზემოთ მოყვანილ მსჯელობაში წარმოდგენილმა მასალამ სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის შესახებ ნათელი გახადა,თუ რატომ მიიჩნევა ის ეკონომიკური სასწაულის მაგალითად.დავინახეთ რეალური და ცხადი დადასტურება იმისა,თუ როგორ შეიძლება სწორი,სტრატეგიულად გამართული და თანმიმდევრული ეკონომიკურ-პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმით ჩამორჩენილი,უპერსპექტივო ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის გახდეს მისაბაძი და თითით საჩვენებელი მაგალითი.ვფიქრობ,რომ ამ ქვეყნის წარმატებაზე დაკვირვება,მის მახასიათებლებთან ეროვნული ანალოგების შედარება,მისი გამოცდილების გაზიარება და შესაბამისად ადეკვატური ეკონომიკური რეფორმების გატარება ძალიან სასარგებლო იქნება ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის.აქედან გამომდინარე,სამხრეთ კორეის,როგორც წარმატების ხელშესახები მაგალითის როლი საკმაოდ დიდია მსოფლიოში,მაგალითის იმისა თუ როგორ შეიძლება ძალიან რთული საბაზისო მდგომარეობიდან,ძალიან მცირე დროში განიცადო ასეთი წარმატებული ტრანსფორმაცია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://forbes.ge/blog/422/rogor-gamdidrda-samxreT-korea
  2. https://bm.ge/ka/article/samxret-koreis-ekonomikuri-saswauli-/20351
  3. http://european.ge/koreis-ekonomikuri-ganvitareba/?fbclid=IwAR16AtpZS0S-f3m5XLoG0P8hWPI9s4knw2jBVq1VdLAneUtDZEwEEkkl8LY
  4. https://1tv.ge/analytics/samkhret-koreis-ekonomikuri-saswauli/?fbclid=IwAR28K3t4lcZJ9fwB4RP88_v2hzjkoA6qKbfbc6NDaWZKRGQSW-5GibEwnD8
  5. https://www.forbeswoman.ge/post/%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4
  6. https://tradingeconomics.com/south-korea/gdp-growth-annual
  7. https://tradingeconomics.com/south-korea/gdp-per-capita
  8. https://www.nature.com/articles/d41586-020-01466-7
  9. https://en.wikipedia.org/wiki/Democracy_Index
  10. http://hdr.undp.org/en/countries/profiles/KOR
  11. https://www.populationpyramid.net/republic-of-korea/2020/
  12. https://www.statista.com/statistics/642046/south-korea-gini-coefficient/