მალე მეორე ოპეკი შეიქმნება?
მოამზადა მარი წიკლაურმა
აპრილის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ბარელში 33,96 დოლარი შეადგინა. ეს უმაღლესი მაჩვენებელია, რაც კი ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დაფიქსირებულა. ანალიტიკოსები ნავთობის გაძვირების მთავარ მიზეზად ერაყში და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას მიიჩნევენ. შექმნილი სიტუაცია რუსეთის ეკონომიკისათვის ძალზე ხელსაყრელია. ჩინოვნიკების გათვლით, თუ დღეს არსებული ფასების დონე შენარჩუნდება, 2005 წელს რუსეთის ბიუჯეტი დამატებით თითქმის 3 მლრდ დოლარს მიიღებს.
რუსეთის ენერგეტიკის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი, სერგეი ოგანესიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა ფასების ზრდაში დიდ როლს ასრულებს. “ერაყში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო ამ ქვეყანაში ნავთობის მოპოვება გაურკვეველი ვადით გადაიდო”, – აცხადებს ოგანესიანი. ნავთობის ფასი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება და ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ როდის შეჩერდება. “ნავთობის გაძვირების მიზეზი ფუნდამენტალურ საბაზრო ფაქტორებში არ მდგომარეობს. ამ ეტაპზე ეს საკითხი ჩვენს კონტროლს აღარ ექვემდებარება”, – განაცხადა 18 აპრილს ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიან ზანგანემ.
20 აპრილს ოპეკის პრეზიდენტმა, პურნომო იუსგიანტორომ განაცხადა, რომ კარტელის წევრებმა 1 აპრილს დადგენილ ოფიციალურ კვოტაზე (23,5 მლნ ბარელი დღეში) მეტი ნავთობის მოპოვების ნებართვა მიიღეს.
ოპეკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ გზით კარტელის ხელმძღვანელობა ნავთობის მსოფლიო ფასების სტაბილიზაციას აპირებს. ნავთობის ჭარბი მიწოდება ხელს შეუწყობს ოპეკის “კალათის” ფასის ბარელში 22-28-დოლარიან კორიდორში მოქცევას (ტერმინი “კალათა” (OPEC oil bsket) ოპეკ-ის მიერ ოფიციალურად 1987 წლის 1 იანვარს იყო შემოღებული. მისი ფასი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი ნავთობის შემდეგი შვიდი სახეობისათვის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს წარმოადგენს: შაჰარან Bლენდ (ალჟირი); Minas (ინდონეზია);Bonny Light (ნიგერია); Arabian Light (საუდის არაბეთი); Fateh (დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები); Tia Juana (ვენესუელა) და Isthmus (მექსიკა). უნდა აღინიშნოს, რომ ამ “კალათის” ფასი აპრილის ბოლოსთვის ბარელში 32,85 დოლარს შეადგენდა, ანუ უკვე დაახლოებით ასი დღის მანძილზე (2003 წლის 2 დეკემბრიდან) ფასების დადგენილი კორიდორის ზედა ზღვარს აღემატებოდა. წინა კვირას ვენესუელას ნავთობის პრეზიდენტმა, რ. რამირესმა ოპეკ-ს “კალათის” ზღვრული ფასის გაზრდა შესთავაზა, რაც ხელს შეუწყობდა “შავი ოქროს” მსოფლიო ფასების სტაბილიზაციას.
აპრილის დასაწყისში ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ საწვავის მარაგი აშშ-ში ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე ამოიწურებოდა. ამ პროგნოზის გაკეთებიდან ნავთობი 12%-ით გაძვირდა. სააგენტო Aრგუს-ის ანალიტიკოსი, ალექსანდრე ერშოვი ასევე საუბრობდა აშშ-ში ნავთობპროდუქტების დეფიციტის მოახლოვებაზე (საწვავის ახალ სტანდარტებზე გადასვლის გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში საგაზაფხულო პროფილაქტიკური რემონტი ჩვეულებრივზე დიდ ხანს გრძელდება). თუ ნავთობის მარაგი ატლანტიკის ორივე მხარეს საკმარისია (ბოლო ორი თვის მანძილზე ისინი 20 მლნ ბარელით გაიზარდა), გადამუშავება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება. საწვავი ძვირდება, მასთან ერთად ძვირდება ნავთობიც. “ერაყში მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, სიტუაციის პროგნოზირება ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში გაირკვევა”, – მიაჩნია ექსპერტს.
“ჩვენ ბაზარზე ნავთობის უკმარისობას არ დავუშვებთ”, – განაცხადა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა, პრინცმა ბანდარ ბინ სულთანმა ჯორჯ ბუშთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ოპეკმა ნავთობის მოპოვების დღეში ერთი მილიონი ბარელით შემცირება გადაწყვიტა, რაც იმისთვის კეთდება, რომ ფასებმა დაიწიოს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ფასები ნელ-ნელა სასურველ დონეს (ბარელში 25-28 დოლარის) დაუბრუნდება. თუმცა, ოპეკის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ფასები ბაზარზე არსებულ რეალობას არ ასახავენ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი საუდ ალ-ფაისადი ამტკიცებს, რომ ბაზარი სერიოზულად გადატვირთულია ნავთობით, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს ნავთობის ფასის ვარდნას. ნავთობის მარაგმა აშშ-ში, რომელიც მისი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, ბოლო 19 თვის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ამერიკელმა ინვესტორებმა ნავთობის მომარაგება უშიშროების მხრივ შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო დაიწყეს, თუმცა ანალიტიკოსების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახლო მომავალში მსოფლიოში შესაძლებელია ნავთობის ოპეკის მსგავსი კიდევ ერთი კარტელი შეიქმნას. ეს იდეა უკვე თითქმის ოთხი წლის მანძილზე განიხილება. ექსპერტების აზრით, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაზის მწარმოებლებმა თავი დააღწიონ მომხმარებელთა დიქტატს, რომელიც ბაზარზე შეინიშნება. ამ იდეამ ირანში მხარდაჭერა მოიპოვა. მისი განხორციელების მხარდაჭერით გამოვიდა მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეც, მოხსუნ ამინაძე. ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა ირანის მისწრაფების, გაზის სფეროში ძალისხმევების რუსეთთან გაერთიანების შესახებ ინფორმაციები საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, როგორც რუსულ, ასევე დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით.
კარტელში, სავარაუდოდ, რუსეთისა და ირანის გარდა, რომლებიც მსოფლიოში გაზის უმსხვილეს მარაგებს ფლობენ, შუა აზიის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაც შევა. გაზის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანების შექმნის იდეა აწყობს ირანსაც და რუსეთსაც. ასეთი ორგანიზაციის შექმნის შემთხვევაში მას შეეძლება ბუნებრივი აირის მომხმარებელთა ევროპული და სხვა ბაზრების გაკონტროლება.
ექსპორტთა განცხადებით, ეს იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ევროგაერთიანებამ დაადგინა, რომ გაზის ექსპორტიორი თითოეული ქვეყნის წილი ბაზარზე 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. “ეს პრობლემებს უქმნიდა არა მარტო რუსეთს, ანუ “გაზპრომს”, არამედ ალჟირსაც, რომელიც ამჟამად გაზს სამხრეთ ევროპას აწვდის”, – ამბობს ბიალი.
ევროპა რუსული გაზის გასაღების მთავარი ბაზარია. რუსეთმა უკვე დადო ხელშეკრულებები გაზის საბადოების ერთობლივი დამუშავების და გაზსადენების მოდერნიზაციის შესახებ ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან. ბიალის აზრით, ეს შეთანხმება შეიძლება საბჭოთა კავშირის დროს არსებული გაზსატრანსპორტო სისტემის რესტავრაციად შეფასდეს. ამ ქვეყნებს რუსეთთან და ირანთან ერთად შეუძლიათ ახალი კარტელის ბირთვი შეადგინონ, რომელიც, ექსპორტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკაში ძალზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თუმცა, რუსეთის ნავთობისა და გაზის მრეწველების კავშირის პრეზიდენტი, გენადი შმალი გაზის კარტელის ახლო მომავალში შექმნის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. “მთავარ მოთამაშეებს გაზის ბაზარზე ძალზე განსხვავებული ინტერესები აქვთ და მათ ერთმანეთთან კომპრომისების გამონახვა გაუჭირდებათ”, – განაცხადა მან სააგენტო იტარ-ტასს-თან ინტერვიუში. გენადი შმალს მიაჩნია, რომ რუსეთისათვის, რომელიც მსოფლიოში გაზის 25% მოიპოვებს, კარტელის შექმნა, შესაძლებელია, არც ისე სარფიანი აღმოჩნდეს. “უამრავი მსხვილმასშტაბიანი და ხანგრძლივი კონტრაქტი გვაქვს, რომელთა შესრულება საკუთარი ძალებით შეგვიძლია”, – განმარტა მან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, “გაზის შესახებ კარტელის იდეა მომავალში აუცილებლად უნდა შევისწავლოთ”.