სვლა ეტლით ანუ საყმაწვილო სენის დასასრული
ავთანდილ გაბრიჩიძე
საქართველოს დედაქალაქში რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით ეკონომიკური ფორუმის გამართვა, პირველ რიგში, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პოლიტიკური გარდატეხის შეტანას ნიშნავდა. რუსეთი მიხვდა, რომ მისი ინტერესების საქართველოში განხორციელება, აქ ფულის შოვნითა და ბიზნეს-პარტნიორობით უფრო შესაძლებელია, ვიდრე მუქარებითა და სეპარატისტების მხარდაჭერით.
მსოფლიოს მასტაბით, დაახლოებით 80% იმაზე ფიქრობს თუ სად იშოვოს ფული, შესაბამისად, დანარჩენი 20% კი – სად დააბანდოს იგი. ნავთობის გაძვირებით რუსეთმა სერიოზული კაპიტალი დააგროვა და აქედან გამომდინარე, ისინი მართლა დაინტრესებულნი არიან, რეალურად შეიცვალა თუ არა საქართველო და შეიძლება თუ არა აქ ფულის დაბანდება.
დღეს, რუსი ბიზნესმენები საქართველოს უყურებენ, როგორც ბაზარს. საუკუნეების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას რუსები ნაკლებად იცნობენ. რუსულ ბიზნესს, ფაქტიურად, ქართული ბაზარი არ უნახავს. ეს ფორუმიც, პრინციპში, ერთგვარი სიტუაციის დაზვერვა იყო. თუ რუსმა ბიზნესმენებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადება ღირს, მაშინ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.
თავისთავად, დღევანდელი ხელისუფლების დიდი დამსახურებაა, რომ ეს ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლაზე დაითანხმა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან მოუცლელი, სერიოზულნი არიან და შესაბამისად, მათი დაინტერესება საკმაოდ რთულია. ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა. არა ერთხელ ითქვა, რომ რუსული ბიზნესი უცხოურთან შედარებით, გაცილებით რისკიანია, რადგან რუსეთი ტრანზიტული ქვეყანაა და მათთვის რისკი უცხო არ არის.
საქართველოს მხარეს რუსებისთვის კონკრეტული ბიზნეს-გეგმები ჯერ არ წარუდგენია, მაგრამ პრიორიტეტული სფეროები უკვე განისაზღვრა: ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი. საუბარია ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაზე, ჭიათურმანგანუმზე, ზესტაფონის ფეროშენადნობ და რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებზე, სადაც ინვესტიციების ჩადება თავად რუსი ბიზნესმენებისათვის იქნება წარმატებული. როგორც პატარკაციშვილმა განაცხადა, შესაძლებელია საქართველოში 5-6 მლრდ დოლარის ოდენობის რუსული კაპიტალი ჩაიდოს.
როგორც ბიზნეს-ფორუმზე გაირკვა, საქართველოს ხელისუფლება ბორჯომის რაიონის ცნობილი საკურორტო კომპლექსის აღდგენასაც რუსული ფულის საშუალებით ფიქრობს.
დღეს იმ გარიგებების შესახებაც გახდა ცნობილი, რომლებზეც მოლაპარაკებები დიდი ხანია სწარმოებს: “ვნეშტორგპანკი” გქბ-ს წილის მფლობელი, ავიაკომპანია “აეროფლოტი” კი “აირზენას” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
აქტიურდება ასევე რუსული სახელმწიფო კაპიტალი, რომელიც უახლოეს მომავალში “გაზპრომისა” დ “რაო ეეს”-ის სახით, საქართველოს ენერგოსექტორში დამატებით კაპიტალდაბანდებას განახორციელებს. ამ ორი სახელმწიფო კომპანიის მოქმედების არეალის გაფართოვება, მთავრობათშორისო მოლაპარაკებებით არის გამყარებული.
რუსი ბიზნესმენების განსაკუთრებული ინტერესი ენერგეტიკის სფერომ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროში შემუშავებულია პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთ-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. რუსული კაპიტალის მონაწილეობითვე მოხდება ენგურჰესის რეაბილიტაცია. ასევე საუბარია ჰუდონჰესის მშენებლობაზეც.
რუსეთის მხარემ დიდი დაინტერესება გამოთქვა სარკინიგზო მიმოსვლის მიმართ, რაც თავის მხრივ აფხაზეთის მოგვარებას უკავშირდება. რუსი ბიზნემენების ინტერესის საგანი, ასევე იყო აფხაზეთში კაპიტალის დაბანდება.
თავის მხრივ, რუსეთის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, გერმან გრეფმა განაცხადა, რომ “არანაირი ინვესტიცია არ იქნება, თუ არ იქნა გამჭვირვალე საგადასახადო კოდექსი და დაბალი გადასახადები”. თუმცა, ზურაბ ჟვანიას სიტყვებით, რუსულ კაპიტალს ჩვენში სასათბურე პირობები, პირველ რიგში, ლიბერალური საბანკო კანონმდებლობით შეექმნება, რომელიც უცხოურ კაპიტალს არ შეზღუდავს, გარდა ამისა, დასამტკიცებლად გამზადებული ლიბერალური საგადასახადო და საბაჟო კოდექსებითა და 100%-ანი სახელმწიფო გარანტიებით: “ოღონდ შემოდით და ფული ჩადეთ! თქვენთვის ყველა კარი ღიაა”, – განაცხადა პრემიერმა. შს მინისტრი კი, რუსულ კაპიტალს ძალოვანი დაცვის გარანტად დაუდგა.
“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება გამოსწორდეს და ქვეყანა უცხოელ ინვესტორთათვის უფრო მიმზიდველი გახდეს. რატომ რუსეთი? გიპასუხებთ, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო და დიდი გამოცდილება საქმის ერთად კეთების. რუსული კაპიტალი უფრო ხელმისაწვდომია და ამასთანავე, რუსებთან მუშაობა უფრო ადვილიც არის. გარწმუნებთ, რომ თითოეული ინვესტორის ინტერესების დამცველი პირადად მე ვიქნები”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ, როდესაც ინვესტორი შემოდის, თუნდაც სტრატეგიულ ობიექტებში, საშიში არ არის, მაგრამ ცუდია თუ სახელმწიფო ერთი ქვეყნის ინვესტორებზე იქნება მიბმული. “ეს დიდი საფრთხეა, მით უმეტეს, თუ ეს ინვესტორი არის სახელმწიფო კაპიტალის მატარებელი და არა კერძო კაპიტალის”, – დასძინა მან.
ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს – “მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ სად ვადებინებთ ფულს. არის სფეროები, სადაც არ შეიძლება უცხოური კაპიტალის შემოსვლა, ეს არის სტრატეგიული სფეროები, მაგალითად, მაგისტრალური გაზსადენი, ეს არის სიტუაცია, რომელიც ვიღაცას მისცემს მონოპოლიას მთლიანად პორტებსა და გადაზიდვებზე. აი, ეს ორი-სამი სფერო უნდა გავიტანოთ გარეთ, დანარჩენი… ყველგან არის საჭირო ფული”.
ამასთან დაკავშირებით ხშირად ისმის ხოლმე უარყოფითი მოსაზრებები იმ არგუმენტით, რომ ქვეყანას ვყიდით, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ ვაკონსერვებთ და ვანგრევთ საკუთარ ეკონომიკას, როდესაც საწარმოებს ეგრეთ წოდებულ შრომით კოლექტივებს ვაძლევთ, რომელთაც მათი მოვლის თავი არ აქვთ და პრივატიზებული საწარმოების 90% სრულიად უმოქმედონი არიან. 300 საწარმომ, რომელიც არ გავყიდეთ და შევინარჩუნეთ, ბიუჯეტს გასულ წელს მხოლოდ 7 მლნ ლარი მოუტანა. ეს საკმაოდ ალბათ დამაფიქრებელი გარემოებაა.
ეკონომიკურმა ფორუმმა ქართველებს ერთი კონკრეტული “შედეგი” უკვე მოგვიტანა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, კახა ბენდუქიძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ, ჟვანიას განცხადებით, ქართული ეკონომიკის შემდგომი გაჯანსაღებისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით, პრეზიდენტთან შეთანხმებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკას რუსეთში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი უხელმძღვანელებს. ჟვანიას თქმით, ბენდუქიძის დასათანხმებლად მოლაპარაკება საკმაოდ დიდ ხანს გრძელედბოდა.
კახა ავთანდილის ძე ბენდუქიძე – დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს თბილისში.
1972 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1977 წელს.
1980 წელს ბენდუქიძე ამთავრებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურას,
1981 წელს კი მუშაობას იწყებს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
1985-90 წლებში ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ “ბიოტექნოლოგიის” ერთ-ერთ განყოფილებას. 1988 წელს აფუძნებს და ხელმძღვანელობს გაერთიანება “ბიოპროცესს”.
1992 წელს სათავეში უდგება “პრომტორგბანკის” დირექტორთა საბჭოს.
1991-93 წლებში კახა ბენდუქიძე ჯერ დირექტორთა საბჭოს წევრია, შემდეგ კი ხელმძღვანელობს “ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო ევროაზიურ კორპორაცია” ნიპეკს.
1993 წლის ბოლოს, ივან კიველიდისთან ერთად, რუსეთში ბიზნესის ლობისტური ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.
1995 წელს სააქციო საზოგადოება “ურალმაშის” დირექტორთა საბჭოს წევრია. ამავე პერიოდში შედის სამოქალაქო კომიტეტში “არჩევანის უფლება”, რომლის წევრებიც არიან ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები და მეწარმე-ბიზნესმენები, როგორებიც არიან ირინა ხაკამადა, ოლეგ კისილიოვი, ვიაჩესლავ ნიკონოვი, ანდრონიკ მიგრანიანი.
კახა ბენდუქიძე არის ღია სააქციო საზოგადოება “იჟორის ქარხნების”, “ნიპეკ-ბიოპროცესისა” და “სამრეწველო-სავაჭრო ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრი. ხოლო “ურალმაშქარხანაში” გენერალური დირექტორის პოსტი უკავია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენდუქიძის ჰობია აღმოსავლური ორთაბრძოლები და მოგზაურობა. მეუღლე ნატალია ზოლოტოვა რუსული გამოცემა “Vogue”-ის თანამშრომელია, ადრე კი ჟურნალ “დომოვოი”-ს რედაქტორი იყო.
საქართველოს ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრი, კახა ბენდუქიძე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის “გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები” პრეზიდენტი და გენერალური დირექტორია. “გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები” აერთიანებს არაერთ უდიდეს კომპანიას (საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ცნობით, “გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების” მიერ გაყიდული პროდუქციის ფასი 2004 წლისთვის 1 მლრდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს), რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია “ურალის სატვირთო მანქანათმშენებელი ქარხანა”.