ინვესტიციური პროცესები გარდამავალ პერიოდში და მისი სტიმულირების გზები
ნათია კასრაძე
ეკონომიკის კრიზისულმა მდგომარეობამ ქვეყანაში ინვესტიციური აქტივობა სერიოზულად შეამცირა. შემცირების გამომწვევი მიზეზებია: კრიზისი სამრეწველო დარგებში; ინვესტიციების მკვეთრად შემცირება საწარმოო და არასაწარმოო სფეროში; საკუთრების ფორმების შეცვლა, რამაც მიგვიყვანა ინვესტიციურ სფეროში არსებული ტრადიციული ურთიერთობების მოშლამდე; ხარვეზები საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობათა სისტემაში, რამაც შეზღუდა ინვესტიციური რესურსების ხელმისაწვდომობა; საბანკო სისტემის არაეფექტური მუშაობა; სახელმწიფოს ინვესტიციური ფუნქციის შესუსტება; ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ.
აქედან გამომდინარე, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ინვესტიციური პროცესების ანალიზს. ასეთმა ანალიზმა უნდა მოიცვას ქვეყნის შიდა და უცხოური ინვესტიციების მოცულობა, სტრუქტურა და დინამიკა, ინვესტიციები ძირითად კაპირალში, ინვესტიციების ციკლური ფაზების – დაცემის, კრიზისის, გამოცოცხლების, აღმავლობის გამოვლენა და კრიზისული მოვლენების წარმოქმნის მიზეზების ახსნა.
90-იან წლების დასაწყისიდან ინვესტიციურმა კრიზისმა მოიცვა საქართველოს მთელი ეკონომიკა.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ინვესტიციები ძირითად კაპიტალში 1991 წელს წინა წელთან შედარებით 72,1%-ით შემცირდა და 27,9% შეადგინა; კლების ნეგატიური ტენდენცია გაგრძელდა შემდგომ წლებშიც და აღნიშნულმა მაჩვენებელმა შესაბამისად შეადგინა 1992 წელს – 67,9% (32,1%); 1993 წელს 62,7% (37,3%); 1994 წელს – 0,9% (99,1%). 1990 წლის დონის მიმართ კი მოცემული მაჩვენებელი შესაბამისად შეადგენდა 1991 წელს 27.9%-ს; 1992 წელს – 9,0%-ს; 1993 წელს – 3,3% -ს; 1994 წელს მიაღწია მინიმალურ ზღვარს და შეადგინა – 3,4 %-ს. ინვესტიციების შემცირების ტენდენციამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მშპ-ს მიმართ. თუ 1990 წელს მისი ხვედრითი წონა მშპ-ს მიმართ შეადგენდა 17,1%-ს, 1993 წელს იგი კატასტროფულად დაეცა და 1,1% შეადგინა; 1991 წელს – 14,9% და 1992 წელს – 8,9%.
1994 წლის მიწურულს ქვეყანაში გატარებულმა ისეთმა ეკონომიკურმა ღონისძიებებმა, როგორიცაა ფულადსაკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკა, მართლწესრიგისა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცება და ა.შ. გავლენა მოახდინეს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციაზე. შედეგად, 1995 წელს მიღწეულ იქნა შედარებითი მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია, წარმოების დაცემის ტენდენციის შეჩერება და პირველად უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე გარკვეული ზრდის ტემპის უზრუნველყოფა. 1995-98 წლებში საინვესტიციო აქტივობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ამ მაჩვენებელმა 1995 წელს შეადგინა 127 მლნ. ლარი, 1996 წელს 170 მლნ. ლარი, 1997 წელს – 266 მლნ. ლარი, 1998 წელს – 481 მლნ. ლარი. 1990 წლის დონის მიმართ კი, იგი შესაბამისად შეადგენდა 1995 წელს – 5,1%-ს, 1996 წელს – 5,4%-ს; 1997 წელს – 8,2%-ს; ხოლო მშპ-ს მიმართ 1995 წელს – 3,4%-ს; 1996 წელს – 4,4%; 1997 წელს – 5,7%-ს. მაგრამ, როგორც შემდგომმა პერიოდმა აჩვენა (1998-2001 წწ), ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მყარი არ აღმოჩნდა; 1998 წელს უაღრესად არახელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების, რთული საგარეო, საფინანსო-ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის შესაბამისად, 1999 წელს ინვესტიციები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და 62% შეადგინა. ხოლო 2000 წელს კვლავ გაიზარდა და 102,9%-ს მიაღწია, 2001 წელს – 111%-ს, 2002 წელს კი – 118%-ს;
ამ მაჩვენებელმა 1990 წლის დონის მიმართ 1999 წელს 7,2% შეადგინა; 2000 წელს – 7,3%; 2001 წელს – 8,1%; 2002 წელს – 9,7%; ხოლო მშპ-ს მიმართ – 1999 წელს – 6,4%; 2000 წელს – 5,8%; 2001 წელს – 6,0%; 2002 წელს – 6,3%;
რაც შეეხაბა ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარებას, ის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი კაპიტალით უზრუნველყოფაზე. ბოლო წლებში ეკონომიკის ცალკეული დარგის კაპიტალით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ასე მაგალითად, 2002 წელს სამთომოპოვებითი მრეწველობა შეადგენდა მხოლოდ 2,0%-ს; დამმუშავებელი მრეწველობა – 7,3%-ს, ელექტროენერგია, აირი და წყალმომარაგება – 2,1%-ს;
მნიშვნელოვნად იზრდება მშენებლობისათვის გამოყოფილი ინვესტიციების ოდენობა, თუ 1990 წელს იგი მთელი ინვესტიციების 3%-ს შეადგენდა, 2002 წელს 22,4%-ს მიაღწია.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება კაპიტალდაბანდებებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში. 2001 წელს იგი 37,4%-ს შეადგენდა, 2002 წელს – 40,5%-ს, რასაც ვერ ვიტყვით სოციალურ სფეროზე, სადაც ინვესტიციები ძირითად კაპიტალში კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ნათლად აისახება ამ სფეროს განვითარებაზე. თუ 1990 წელს მთელი ინვესტიციების 4,1% ჯანდაცვის განვითარებაზე გამოიყოფოდა, 1998 წელს ამ მაჩვენებელმა 1% შეადგინა. 2002 წელს 1,5%; განათლებაში შესაბამისად 1990 წელს – 3,2% და 2002 წელს – 0,3%.
როგორც მონაცემებმა აჩვენა, ქვეყანა დაბალი ინვესტიციური აქტივობით გამოირჩევა. საქართველოში, ფაქტობრივად, ინვესტიციების ყველა შიდა წყარო პარალიზებულია, ინვესტიციების საერთო მოცულობაში, საბიუჯეტო ინვესტიციების ხვედრითი წონა მეტად მცირეა, იგი ვერ უზრუნველყოფს ინვესტიციებზე მოთხოვნილებას, ვერ ახორციელებს ეკონომიკის იმ სფეროებისა და დარგების ინვესტირებას, რომლებმაც შემდგომში ქვეყნის მაღალი შემოსავლები უნდა უზრუნველყონ; საქართველოში ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის ფულადი შენატანების მოცულობა, რაც გამოწვეულია, როგორც თვით მოსახლეობის ფულადი შემოსავლების შემცირებით, ისე ეროვნული ვალუტისა და საქართველოს ბანკებისადმი უნდობლობით.
საქართველო შიდა ინვესტიციების მწვავე დეფიციტს განიცდის, აქედან გამომდინარე, ქვეყნის, მისი ეკონომიკის გადარჩენისა და შემდგომი აღმავლობის ერთ-ერთი პირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებაა. მოძველებული ტექნოლოგიების პირობებში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება პრინციპულად შეუძლებელია. ეროვნული მეურნეობის ტრანსფორმირება, ეკონომიკის მოდერნიზება და მისი სოციალური ორიენტაციის გაფართოება მნიშვნელოვან კაპიტალურ დაბანდებებს საჭიროებს. საქართველოში, თანამედროვე ეტაპზე, საინვესტიციო მოთხოვნის უზრუნველყოფა უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უზრუნველყოფს ყველა ინვესტორს თანაბარი უფლებით. 1996 წლის ნოემბრის “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” კანონის თანახმად, უცხოელი ინვესტორები მთლიანად უპირატესად არიან დაცულნი. ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ინვესტიციების მოცულობასა და დაბანდებების მიმართულებებს. გარანტირებული აქვთ მიღებული მოგებისა და სხვა ფულადი სახსრების, აგრეთვე მათი საკუთრებაში მყოფი ქონების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი რეპატრიაციის უფლება. უცხოელ ინვესტორებს, ისევე როგორ ქართველებს, შეუძლიათ ადგილობრივ ბანკებში გახსნან ანგარიშები ლარებსა და უცხოურ ვალუტაში, შეისყიდონ აქტივები, ფასიანი ქაღალდების ჩათვლით, მიიღონ კრედიტები ქართული და უცხოური ბანკებიდან. საქართველოს კანონმდებლობა ერთნაირად ვრცელდება ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებზე.
ქვეყანაში შექმნილია და ფუბქციონირებს რამდენიმე ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან არის დაკავშირებული, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობაზე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტთან უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ფაქტი. საბჭოს მიზანია მოამზადოს წინადადებები საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესახებ; მონაწილეობა მიიღოს საერთო-სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაცია გაუწიოს მათი განხორციელებისათვის ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას და ა.შ.
ამჟამად საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების მთელ მოცულობაში მეტი წილი აშშ-ზე მოდის, ინვესტორების მაქსიმალურ ინტერესს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკა და სათბობრეწველობა. ამ ქვეყნის ინვესტიციების წილი უცხოური ინვესტიციების მთელ მოცულობაში 2001 წელს 56,4%-ს შეადგენდა. 2002 წელს უცხოეთიდან შემოსულ ინვესტიციათა საერთო მოცულობაში მნიშვნელოვანია აგრეთვე გერმანიის წილი. ისინი ჩადებულია ძირითადად ენერგეტიკისა და ჩაის მრეწველობის ობიექტების მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 1996 წელს შეადგენდა (25,9%-ს), ანუ 22,345 ათას ლარს. შემდგომ წლებში იგი შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა და 2002 წლისთვის მხოლოდ (3,1%) – 2480 ათასი ლარი შეადგინა.
მაღალია აგრეთვე თურქეთის ინვესტიციების ხვედრითი წონა. თურქმა ინვესტორებმა ინვესტიციები ძირითადად კავშირგაბმულობისა და კვების მრეწველობის ობიექტების რეკონსტრუქციაში ჩადეს (2000 წელს (29,8%) – 3560 ათასი ლარი, 2001 წელს – (23,0%) – 322289 ათასი ლარი).
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველოში მთლიანად ინვესტიციების მოცულობაში უცხოური ინვესტიციები მეტია, იგი მაინც დაბალი ინვესტიციური მიმზიდველობით გამოირჩევა შემდეგი მიზეზების გამო: ქვეყანა სამოქალაქო უწესრიგობიდან და დესტაბილიზაციიდან ახალი გამოსულია, სახელმწიფო ფინანსურად მძიმე პირობებშია, დიდია საგარეო ვალი, დაბალია მეწარმეობის განვითარების და საერთოდ საწარმოო პოტენციალის აღდგენის ტემპი, მაღალია კორუფციის დონე, თუმცა საქართველო უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველია თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, სამუშაო ძალის სიიაფით და მაღალი კვალიფიკაციით, პროდუქციის ხარისხის მიმართ მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნით2.
ამრიგად, საქართველოში რეფორმების (1990-2004) წლებში მთლიანად ინვესტიციური სფეროს ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ეკონომიკური სტაბილიზაციის გარკვეული და შეიძლება ითქვას საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმპტომებისა, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში შენარჩუნებულია მწვავე ნეგატიური ტენდენციები. მათგან მთავარია ის, რომ მაკროეკონომიკური რეგულირების ამჟამად გამოყენებული იდეოლოგია და ტექნოლოგია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს საინვესტიციო აქტივობის ზრდას, ეკონომიკის ეფექტურობის კარდინალურად ამაღლებას, ამიტომ აუცილებელია დაზუსტდეს და უფრო კონკრეტულად განისაზღვროს ინვესტირების კურსის მიზნობრივი ორიენტირები გარდამავალი პერიოდისათვის. ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა იქცეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის საკვანძო მაჩვენებლები და პირველ რიგში, საინვესტიციო პარამეტრები; საქართველოში გარდამავალ პერიოდში საინვესტიციო აქტივობის ამაღლების მიზნით აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მიმდინარე და საინვესტიციო ნაკადების გამიჯვნა, მხედველობაში გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილად ცალკე საინვესტიციო ფონდის გამოყოფა.
ცენტრალური ინვესტიციები სახელმწიფოს მიერ მიზანმიმართულად უნდა იქნეს გამოყენებული (არა დაუბრუნებელი საბიუჯეტო დაფინანსებით, არამედ კრედიტების გაცემით). დაუბრუნებელი საბიუჯეტო დაფინანსების წესი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სოციალურად მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც დაფინანსების წყაროები არ გააჩნიათ (მაგალითად, ეკოლოგიური ღონისძიებები, კადრების მომზადება, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და ა.შ.);
ცენტრალიზებული საინვესტიციო სახსრების ნაწილი მიზნობრივად გამოყენებულ უნდა იქნას მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ინვესტიციის გენერატორის როლში, კერძო ინვესტორებმა კაპიტალი თავისუფლად შეიძლება დააბანდონ ისეთ პროექტში, რომელთაც მხარს უჭერს და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი;
კერძო ინვესტირების სტიმულირებისათვის საჭიროა: გაფართოვდეს საკანონმდებლო ბაზა, მოხდეს ინვესტიციური რისკის მინიმუმამდე დაყვანა დაზღვევის სისტემის და სახელმწიფო გარანტიების მეშვეობით;
სახელმწიფო ინვესტიციური რესურსების ობიექტური შეზღუდულობის გამო ოპტიმალურად უნდა გადაწყდეს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებების შერჩევის პრობლემა. ინვესტიციების იმ დარგებში წარმართვა, რომლებიც ყველაზე მეტ სიძნელეებს განიცდიან, მიზანშეუწონლად ითვლება, რადგანაც ამით სახსრები აკლდება სხვა, უფრო ეფექტურ მიმართულებებს და ცხადია, ამ შემთხვევაში სისტემური ეფექტი გაცილებით ნაკლები იქნება.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები უნდა არსებობდეს, როგორც სახელმწიფო ინვესტირების მექანიზმის სრულფასოვანი ელემენტი. სწორედ ამ მიმართულებებზე უნდა განხორციელდეს პირველდაწყებითი სახელმწიფო დაბანდებები და უზრუნველყოფილ იქნეს მთელი რიგი ეკონომიკური შეღავათები (პირველ რიგში კი საგადასახადო) კერძო ინვესტიციების პირდაპირ და ირიბად სტიმულირება კერძო ინვესტორებს მისცემდა გრძელვადიან ასპექტში თავიანთი საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობას, რაც სწორედ მნიშვნელოვანი, აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ინვესტიციური საქმიანობის გააქტიურებისათვის;
აუცილებელია აგრეთვე ფინანსური სტაბილიზაციის აღდგენა, საწარმოო სექტორის ინვესტიციურ საქმიანობაში ბანკების ჩაბმა. საჭიროა ბანკების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენა, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უკანასკნელ წლებში მოსახლეობის ანაბრების გაუფასურებისათვის და გარკვეულ პერიოდში მათი ინდექსაციისათვის. უნდა შევქმნათ პირობები უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, რადგან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსათვის ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ვიცოდეთ უცხოური ინვესტიციების მიახლოებითი ზომა, რათა ქვეყნის ეკონომიკას ზიანი არ მივაყენოთ.