ეკონომიკის სიმტკიცის საფუძველი – საერთაშორისო სავალუტო რეზერვები
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
“თუ საძირკველი მონგრეულია,
მაშინ კედლების აშენების დროს
ყოველი შრომა დაკარგულია.”
დ. გურამიშვილი
მნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, რომელიც მეტად დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის სიმყარეზე და მისი საშუალებით, ცხადია, მთელს ეკონომიკაზე, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წარმოადგენს. იგი საფინანსო სისტემისა და საერთოდ, მთელი ეკონომიკისათვის საძირკვლის როლს ასრულებს.
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვები გააჩნია რუსეთს – 73.174.9 მლრდ აშშ დოლარი, პოლონეთს – 32.579.1 მლრდ აშშ დოლარი (ძირითადად უცხოური კონვერტირებული ვალუტის სახით), ჩეხეთს – 26.771 მლრდ და უნგრეთს – 12.738 მლრდ აშშ დოლარი და ა. შ. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო რეზერვებს, ამ მაჩვენებლით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: სლოვენია – 4472 დოლარი, ჩეხეთი – 2599 დოლარი, სლოვაკეთი – 2162 დოლარი და ა. შ.
მრავალი ქვეყანა სავალუტო რეზერვების რაციონალურად დაბანდებით საკმაოდ დიდ შემოსავლებსაც იღებს. მაგალითად, 2003 წელს პოლონეთმა მიიღო 1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც პებ-ის მოგების 90 პროცენტს შეადგენდა. მოგების გარდა, სავალუტო რეზერვებს სხვა სახის სარგებლობის მოტანაც შეუძლია:
– უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის სიმტკიცეს;
– რეზერვების სათანადო დონეს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ფინანსური იმიჯის განსამტკიცებლად და ა.შ.
საქართველოს ამ რეიტინგში ფრიად მოკრძალებული ადგილი უჭირავს. 2004 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ ქვეყანას გააჩნდა 360 მლნ დოლარზე მეტი რეზერვი. შესაბამისად, ერთ მოსახლეზე მოდის 80 დოლარზე მეტი ოდენობით რეზერვი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რეკორდული მაჩვენებელი თავისუფალი საქართველოს ისტორიაში.
რაც შეეხება განვითარებული ქვეყნების საერთაშორისო რეზერვებს, ამ მხრივ პირველ ადგილზეა იაპონია, სხვათა შორის, როგორც აბსოლუტური, ასევე ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით. მეორე ადგილზე რეზერვების აბსოლუტური მაჩვენებლის მიხედვით დგას ჩინეთი, თუმცა მისი მოსახლეობის დიდი რიცხოვნობის გამო ეს მაჩვენებელი ერთ მკვიდრზე გაანგარიშებით დაბალია. ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით იგი მაღალია გერმანიაში. რეზერვების აბსოლუტური მაჩვენებელი საკმაოდ დიდია ასევე ჰონკონგშიც – 92 მლრდ დოლარი, ტაივანში, – 83 მლრდ დოლარი, სინგაპურში – 77 მლრდ და ა.შ.
საერთაშორისო რეზერვების რაოდენობაზე დიდად არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის სიმყარე, ქვეყნის პრესტიჟი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ქვეყნის იმიჯი უცხოელ ინვესტორთა შორის და ა.შ. ამიტომ, მის გაზრდას ქვეყნის საკუთარი ძალისხმევით და არა მხოლოდ უცხოური სესხებით, რასაც ამჟამად აქვს ადგილი საქართველოში, სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს.
ყურადღება უნდა ეთმობოდეს ასევე არსებული საერთაშორისო რეზერვების ყაირათიანად გამოყენებას. რეზერვები უბრალოდ არ უნდა იფლანგებოდეს, როგორც ამას ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში აქვს ადგილი. მაგალითად, ამ ბოლო დროს რუსეთის ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა, ანდრეი ილარიონოვმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვების მფლანგველობის გამო. კერძოდ, მისი განცხადებით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეზერვების ხარჯზე დააფინანსა მთავრობა, რაც არასწორი იყო. გარდა ამისა, მრავალი მილიარდი ბანკმა გახარჯა კაპიტალურ დაბანდებებში. კერძოდ, მან შეიძინა არა მხოლოდ სამსახურებრივი შენობა, არამედ ბინებიც თავისი თანამშრომლებისათვის და ა. შ. ილარიონოვის აზრით, სწორედ რეზერვების არასწორი გამოყენების გამო ინვესტორები რუსეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრიდან მასიურად გაიქცნენ, მათ იგრძნეს, რომ შესაძლებელი იყო რეზერვები არ ჰყოფნოდა რუბლის კურსის შენარჩუნებას.
თუ რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო რეზერვები ქვეყანას, გარდა მისი გაანგარიშებისა მოსახლეობის ერთ სულზე (რაც ჩვენ გავაკეთეთ ზემოთმოტანილ ცხრილში), იგებენ ასევე მისი თანაშეფარდებით ქვეყანაში შემოსული იმპორტის მოცულობებით. მაგალითად, სლოვაკეთი საერთაშორისო რეზერვები ფარავს ამ ქვეყნის 11 თვის იმპორტს, ჩეხეთის რესპუბლიკაში – 7.8 თვის, პოლონეთში – 7.2 თვის, უნგრეთში – 4,1 თვის, ესტონეთში – 3.6 თვის, ლატვიაში – 4.3 თვის, ლიტვაში – 5.5 თვის, უკრაინაში – 4 თვის და ა. შ. საქართველოს რეზერვები ამჟამად ფარავს ჩვენი იმპორტის დაახლოებით 3.4 თვის მარაგს.