თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი პრესა
ფატი მამიაშვილი
თანამედროვე მედიის მთავარი საყრდენი – გაზეთი – დღეს “თავისუფალი პრესის” იარლიყით სარგებლობს, “ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით,” – ეს ფრაზა აერთიანებს ყველა გაზეთს, ვინც იცავს ან არღვევს ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. ქართული პრესა, გარეგნული მრავალფეროვნების მიუხედავად, აქცენტირებულია მთავრობაზე, და არა საზოგადოებაზე. ის ძალიან ხშირად, ბინძური გარიგებების, შანტაჟის, უსამართლობის მონაწილეა. მეორე მხრივ, გამუდმებით ირღვევა თავად ჟურნალისტთა უფლებები.
ქართული პრესა გარდამავალ ფაზაშია. მან რთული გზა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ შეასრულოს მთავარი ფუნქცია – ემსახუროს საზოგადოებას და იყოს მომგებიანი ბიზნესი. მაინც, რა არის თავისუფლება?
თუ ნიუ-იორკს ეწვევით და ნახავთ “თავისუფლების სტატუას”, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მან თქვენ შეგამჩნიათ. ამიერიდან, სადაც არ უნდა იყოთ, არჩევანი არ გაქვთ, თქვენ თავისუფალი ხართ! – ასე ფიქრობენ თანამედროვე მეოცნებენი.
რა თქმა უნდა, თავისუფლების სიმბოლო არ არის თავისუფლების საზომი. მით უმეტეს, თავათ მცნება “თავისუფლება” არ გულისხმობს აბსოლიტურ თავისუფლებას.
რელიგიური თვალსაზრისით, თავად ღმერთიც კი შეზღუდულია სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანში: მან აუცილებლად უნდა დააჯილდოვოს კეთილი და დასაჯოს ბოროტი. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი – შინაგანი თავისუფლება, ხოლო მისი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში (სიტყვის, აზრის, არჩევანის თავისუფლება) მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური ჩარევა და მანიპულირებაა. ამდენად, მთავარია, იმ “ერთადერთი თავისუფლების” – შინაგანი დამოუკიდებლობის სწორად შეცნობა.
ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი ჯონ სტიუარტ მილი წერდა: “პიროვნულ თავისუფლებაში, პირველ რიგში, შეგნების უფლება იგულისხმება.”ანუ მხოლოდ შეგნებულ ადამიანებს აქვთ პრიორიტეტი – სწორად გამოიყენონ აზრის, სიტყვის, არჩევანის უფლება. კანტის მოსაზრება, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დანარჩენებისას, გაცილებით მარტივია, ვიდრე ბიბლიური ათი მცნების ჭეშმარიტება. ეს არის პიროვნული თავისუფლების უნივერსალური მრწამსი, ანუ თავისუფლების ყველაზე დემოკრატიული ჩარჩოები.
უნდა ითქვას, რომ თავისუფლება – ლიბერალიზმი, როგორც მონობის – სერვილიზმის საპირისპირო მცნება, კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს. პოლიტიკურ მიმდინარეობა ლიბერალიზმს კი საფუძვლად ესპანეთის კონსტიტუციური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაედო. მაშინდელი პოლიტიკური ოპონენტები სწორედ ამ იდეამ – თავისუფლებისაკენ სწრაფვამ გააერთიანა. ლიბერალიზმის ყველაზე ნათელი იდეალები ლუდვიგ ფონ მიზესმა ასე გამოხატა: “ლიბერალიზმი ცდილობს ადამიანებს მისცეს მხოლოდ ერთი რამ – მშვიდობიანი, შეუზღუდავი სწრაფვა ყოფიერი კეთილდღეობისაკენ, დაიცვას ისინი გარე უსაფრთხოებისა და ტანჯვისაგან. შეამციროს მწუხარება და გაზარდოს ბედნიერება – ეს არის მისი მიზანი”. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმმა საუკუნეების განმავლობაში ა შინაარსობრივი კორექტირება არაერთხელ განიცად (ოპონენტები ლიბერალებს ყველაზე ხშირად სწორედ უარყოფით მოვლენებთან შეგუებულობაში ადანაშაულებდნენ), ბოლომდე უცვლელი დარჩა მისი დევიზი – კეთილდღეობა და თანასწორუფლებიანობა. თანამედროვე ლიბერტარიანელმა პოლიტიკოსმა, ლეველინ როქველმა ლიბერალიზმს “საზოგადოებრივი ცხოვრების ფილოსოფია” უწოდა, ხოლო თანამედროვე ლიბერალიზმს – “კლასიკური ლიბერალიზმი.” “ის, რაც ჩვენს დაკარგულ სოციალურ სტაბილურობას აღადგენს, – წერდა როქველი 1996 წელს – არის საკუთრება, თავისუფლება და მშვიდობა”.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, კახა ბენდუქიძე ქართული ეკონომიკის წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებად კერძო საკუთრებას, დერეგულირებას, სტაბილურობას მიიჩნევს. მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია ეკონომიკურ პროცესებში ხალხის მონაწილეობა, მაგრამ მას არც ის ავიწყდება, რომ ჩვენში სწორედ საზოგადოებრივი თვითშეგნებაა დაბალ დონეზე. “აუცილებელია საზოგადოებრივი ცხოვრების პრივატიზება. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შენობების პრივატიზება” – ბენდუქიძის ეს რჩევა დღეს ძალიან აქტუალურია იმ ქვეყნისთვის, სადაც მუდმივად საომარი მდგომარეობა, ეკონომიკური კრიზისი, ზეცენტრალიზებული მმართველობა და მასობრივი სიღატაკეა; სადაც სამართალდამცველები ისევ კრიმინალებთან შეთანხმებით მოქმედემენ, გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები და კორუფციაში ჩართულია თითოეული მოქალაქე.
რა დაუტოვა საქართველოს სოციალიზმმა? – ხელისუფლების იმედად მყოფი, ინერტული და კორუმპირებული საზოგადოება, რომელმაც არ იცის, როგორ იცხოვროს არა სხვის, არამედ საკუთარ ხარჯზე!
მიზესი წერდა: “ჩვენ უფლება არა გვაქვს, სოციალიზმი დაუდევრად უგულვებელვყოთ. ჩვენ უნდა უარვყოთ იგი, თუ გვინდა, რომ მსოფლიო ბარბაროსობისაგან ვიხსნათ”. კონცეფციას, როგორ გავათავისუფლოთ საბოლოოდ საქართველო “ბარბაროსობისაგან”, პაატა შეშელიძე, “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი ამგვარად წარმოფვიდგენს:
ჩვენ არ გვინდა სოციალიზმი არც ერთი პროცენტით, ანუ:
– პოლიტიკური ჩარევა პირად ცხოვრებაში;
– ეკონომიკური ძალმომრეობა და ქაოსი;
– ბიოროკრატიული განუკითხაობა;
– ყოვლისმომცველი კორუფცია;
– სულთამხუთავი მონოპოლიები;
– მყვლეფავი გადასახადები და ბაჟი;
– კაბალური ლიცენზიები და კვოტები;
– გაიძვერათაA პროტექცია, მექრთამეობა, სუბსიდიები, რაც ნიშნავს სიღატაკესა და უხეირობას.
ჩვენ გვინდა კაპიტალიზმი ასი პროცენტით, ანუ:
– დაცული პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები;
– ხელშეუხებელი კერძო საკუთრება;
– ოქროს ლარი;
– შეუზღუდავი ვაჭრობა;
– კერძო საგაგანმანათლებლო და საპენსიო სისტემები, დაქირავებული ჯარი;
– თვითმმართველობა და ფედერალიზმი;
– თავისუფალი მასმედია, რაც ნიშნავს ხვავსა და ბარაქას.”
იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდეს ლიბერალური, საჭიროა მედიის გააქტიურება. მხოლოდ მეოთხე ხელისუფლებას შეუძლია ხალხის მასები აქციოს საზოგადოებად, მისცეს მათ სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტირები, გახადოს მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილე, გააცნოს ყველაზე მთავარი – რეალური ამბები.
ცნობილია, რომ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც, ჩვენგან განსხვავებით, კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სახელმწიფო – ეს არის ხალხის და არა ხელისუფლების მმართველობა, ხოლო კანონი უზენაესია თანაბრად თითოეული მოქალაქისთვის, მთავრობა ზღუდავს ხალხის უფლებებს და ცდილობს საზოგადოება მორჩილებაში ჰყავდეს. სწორედ ამიტომ, ამერიკელიLლიბერალები აცხადებენ, რომ არსებობს განსაკუთრებით საშიში ხუთი ფაქტორი, რომელის ხელს უშლის დემოკრატიას, ანუ ქმნის “დემოკრატიული ლევიათანის” (მითოლოგიური ურჩხული) სინდრომს:
1. სელისუფლების გადაჭარბებული უფლებამოსილება, ანუ თავისუფალი მედიის შევიწროვება, შეზღუდვა,Gპოლიტიკური ცენზურა, როგორც წესი, ხორციელდება მასალის გამოქვეყნებამდე (გაფრთხილება, დაშინება, შანტაჟი, სატელეფონო მუქარა) და გამოქვეყნების შემდეგ (ფიზიკური ანგარიშსწორება, დარბევა, ტირაჟის დაბლოკვა, ორგანიზაციის დახურვა და ა.შ.);
2. სამხედრო საიდუმლოება. ხელისუფლება ძალიან ხშირად თავის სურვილს სწორედ ამ მოტივით ნიღბავს – არ გაახმაუროს მისთვის არასასურველი, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციები;
3. ტყუილი, რასაც პოლოტიკოსები წარმატებულად იყენებენ იმიჯის შესაქმნელად და ავტორიტეტის მოსაპოვებლად;
4. თვითრეკლამა. სახელმწიფოს მიერ საკუთარი მედიის საშუალების შექმნა და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კარგად აპრობირებული, მაგრამ ძვირადღირებული პრაქტიკაა (90-იან წლებში, ინგლისის მთავრობა ამ მიზნით ყოველწლიურად 200 მლნ ფუნტ სტერლინგს ხარჯავდა);
5. კორპორატივიზმი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორის არაფორმალური გარიგება, ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევისა და საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გზით.
ამდენად, ცივილიზებული სამყარო აღიარებს მასმედიას, როგორც რეალურ ძალას, რომელსაც შეუძლია შეებრძოლოს “ლევიათანს” – ყალბ დემოკრატიას, ძალმომრეობას. რეალურად კი, პრესის თავისუფლებაც ისეთივე მითია, როგორც თავად ლევიათანი. ტომას ჯეფერსონი 1787 წელს წერდა: “ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, – არსებობდეს მთავრობა და არა გაზეთი, თუ პირიქით, არსებობდეს გაზეთი და არა მთავრობა, – მე, დაუფიქრებლად, ავირჩევდი უკანასკნელს.” თანამედროვე მედიას, რომელსაც ჯეფერსონმა ასეთი ნდობა თითქმის სამი საუკუნით ადრე გამოუცხადა, სრულიად სამართლიანად ადანაშაულებენ პატერნალიზმში: ხელისუფლება ცდილობს პრესა “მამობრივი” მზრუნველობით – ლობირებით და ფინანსური ხელშეწყობით დაიმორჩილოს. ასეთი გაზეთი, ბუნებრივია, არაობიექტურია და შესაბამისად, არაპოპულარული. ის სახელმწიფო მანქანის ხელში ხალხის დეზინფორმირებისათვის ბოროტად გამოყენებული იარაღია.
ალბერ კამიუს თუ დავესესხებით, “პრესა თავისუფალია მხოლოდ მაშინ, როცა ის არ არის დამოკიდებული არც სახელმწიფოს და არც ფულის მმართველობაზე.” ანუ თავისუფალ გაზეთს უნდა გააჩნდეს საკუთარი შემოსავლები, რაც, ძირითადად, რეკლამის განთავსებასა და პროდუქციის რეალიზებას ნიშნავს. თანამედროვე პრესის ამოცანაა, წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია აუდიტორიას და აუდიტორია წარუდგინოს რეკლამის დამკვეთებს, ანუ ერთდროულად შეასრულოს ორი ფუნქცია: იყოს საზოგადოებრივი აზრის შექმნისა და გამოხატვის საშუალება და ამასთან, მომგებიანი ბიზნესი. აქედან გამომდინარე, ქართული პრესა თამამად შეიძლება დავადანაშაულოთ ამ მთავარი პრინციპის დარღვევაში. გაზეთების უმრავლესობა ოლიგარქეების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, შავი სამყაროს წარმომადგენლების ლობირებას განიცდის და შესაბამისად, დამკვეთის ინტერესებს ასრულებს. გარდა ამისა, ქართული გაზეთების შემოსავლები არ არის დამოკიდებული არც რეკლამის დამკვეთებზე, რადგან გაზეთები რეკლამის სიმცირეს განიცდიან, და არც მკითხველზე, რადგან მოსახლეობას უჭირს გაზეთის შეძენა. ამას ემატება ისიც, რომ კარგი გაზეთის შექმნისთვის დიდი ფულია საჭირო. მაგალითისთვის, ავიღოთ ყოველკვირეული, 8 გვერდიანი გაზეთი, ტირაჟი – 2000, საცალო ფახი – 50 თეთრი, თანამშრომელთა რაოდენობა – 10-12. ასეთი ტიპის გაზეთის სიცოცხლისუნარიანობისთვის, ისე, რომ მან შესძლოს ხარჯების (ხელფასი, სტამბა, ბეჭდვა, კომუნიკაციები და ა. შ) დაფარვა და პოპულარობის მოპოვება, საჭიროა 100 ათასი დოლარის კაპიტალი (მოგების გარეშე). საეჭვოა, რომ ასეთი კოლოსალური ინვესტიცია დააბანდოს ბიზნესმენმა მხოლოდ გაზეთის პოპულარობისათვის. ამდენად, გაზეთი ძვირი, თანაც არამომგებიანი ბიზნესია.
ამერიკელი მკვლევარი ჯონ კინი თავის წიგნში “მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დემოკრატია” განმარტავს, რომ კონკურენციაზე დამყარებული ბაზარი &სჰყ;- ეს არის პრესის “სიცოცხლის ელექსირი”, ანუ საშუალება, რომელიც განსაზღვრავს და აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს.
დღევანდელი გაზეთების უმრავლესობა “პატერნალიზმის” მსხვერპლი და ბინძური გარიგებების მონაწილეა. ქართული პრესისთვის “სიცოცხლის ელექსირი” არის არა ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ბაზარი, არამედ იმ სახიფათო წესებით თამაში, რასაც მას გავლენიანი სფეროები კარნახობენ. პოლიტიკური შანტაჟი, სიმართლის გამჟღავნების სანაცვლოდ აღებული ქრთამი, სენსაციური და შეურაცხმყოფელი სტატიები – რასაც გაზეთი წარმატებით იყენებს საკუთარი ადგილისა და სტაბულურობის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზეთს ნაკლები შანსი რჩება არსებობისთვის. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ თითქმის არცერთ მეპატრონეს ან რედაქტორს არ სურს გაზეთის ორიენტაციაზე, შემოსავლებზე, პრობლემებზე გულახდილად საუბარი. გაზეთის ბიზნესი – ჩვენს ქვეყანაში ჯერაც ბოლომდე გაუხსნელი და დაუხვეწავი საქმიანობაა.
ნიკო ორველაშვილი, ეკონომისტი: “ნებისმიერი მთავრობა ყოველთვის შეეცდება, რომ პრესა საერთოდ არ არსებობდეს, რაც წარმოუდგენელია, ან ჰყავდეს უნაგირდადგმული და საიმედოდ ლაგამამოდებული, რომ საითაც უნდა, იქეთ გააჭენოს. მაგრამ, პრესას აქვს ერთი პრიორიტეტი – იგი მართალი ბიზნესია. როგორც კი საზოგადოება მას ტყუილში გამოიჭერს, ის ჰკარგავს მკითხველს და შესაბამისად, რეკლამას. სამწუხაროდ, არ მეგულება ბიზნესსზე მკაცრად ორიენტირებული გაზეთი. მათი უმრავლესობა ან ვიღაცის ინტერესებს იცავს, ან ვიღაცის ამბიციების დასაკმაყფილებლად იქმნება. დღეს ყველა მეღვინემ იცის, რამდენ ბოთლიანია თბილისი, მაგრამ მეეჭვება, რომ არსებობს პრესის სრული ანალიზი და შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკა.Aანალიზს აფერხებს
არასრული ინფორმაცია ბუღალტერიის შესახებ. როგორც წესი, გაზეთების აღურიცხავი შემოსავლები ბევრად აღემატება აღრიცხულს. მაგრამ ის ტენდენცია, რომ ბევრი გაზეთი დაიხურა, ან ბაზრიდან გაქრა, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ ჰყავთ კარგი მენეჯერები.”
რატომ მალავენ გაზეთები შემოსავლებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა პრესის მისამართით განაცხადა: “თქვენ გინდათ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არ გსურთ გადასახადების გადახდა”. ანუ, პრესას შეუძლია აკრიტიკოს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ის კეთილსინდისიერი გადამხდელი იქნება. საქართველოს გაზეთების ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოსო სიმონიშვილი ამ მოსაზრებას არ ეთამხმება. მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში გადასახადები იმდენად მაღალია, რომ მისი პატიოსნად გადახდა ბიზნესის დასამარებას ნიშნავს. როგორ შევამსუბუქოთ საგადასახადო ტვირთი? სოსო სიმონიშვილის საკუთარი ფორმულა აქვს – უნდა არსებობდეს სწორი პროპორცია ერთის მხრივ, ეკონომიკის შემაფერხებელ (გადასახადები) და მასტიმულირებელ (დივიდენდი, გაუნაწილებელი მოგება, ხელფასი) ფაქტორებს შორის, მეორეს მხრივ, საჭიროა თავად მასტიმულირებელ ფაქტორებს შორის დამყარდეს წონასწორობა. სხვათა შორის, დამალული შემოსავლები – აი, ეს არის მთავარი კოზირი სახელმწიფოსთვის, რომელსაც იგი წარმატებით იყენებს მისთვის ხელსაყრელ შემთხვევაში. არაერთი გაზეთი და ტელევიზია სწორედ შავი ბუღალტერიის აღმოჩენასა და გადასახადების გადაუხდელობას შეეწირა ზუსტად მაშინ, როცა ჟურნალისტები ასრულებდნენ ან ცდილობდნენ ღირსეულად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა – ეთქვათ სიმართლე და ემხილებინათ ხელისუფლება არაკორექტულ მოქმედებასა და კანონის დარღვევაში. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არ დასრულებულა და იმის პროგნოზირება, რომ ბაზრიდან გაზეთები კიდევ გაუჩინარდებიან, ძნელი სულაც არ არის.
არსებობს ცნობილი გამონათქვამი: “როგორიცაა დაკვეთა, ისეთია პრესა”. თავის მხრივ, დაკვეთაც ისეთია, როგორიცაა მოთხოვნილება. მოთხოვნილება საშუალო ფენის ინტერესების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ლუდვიგ ფონ მიზესი მიიჩნევდა, რომ საშუალო ფენა არ გამოირჩევა მაღალი გემოვნებით და ეს არის კაპიტალისტური ცივილიზაციის პრობლემა – როგორ გახადოს მაღალი კულტურა “ჩვეულებრივ მოკვდავთათვის” ხელმოსაწვდომი. შესაბამისად, ბიზნესი, რომელიც საშუალო ფენის ინტერესებზეა გათვლილი, იძულებულია ბაზარზე მდარე ლიტერატურა და ხელოვნება გაიტანოს.
ამდენად, ქართველი ჟურნალისტების არჩევანი სენსაციასა და ანალიტიკას შორის, რომელიც ძალიან ხშირად პირველის სასარგებლოდ კეთდება, ნაწილობრივ გამართლებულია – საზოგადოება ითხოვს “მდარე, მეორეხარისხოვან ინფორმაციებს.” რატომ ურჩევნია ქართველ მკითხველს, შეიძინოს დაბალი გემოვნების პროდუქცია? ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაღალი ხელოვნება ძვირი ღირს. ამვე მიზეზით, ღარიბ მოსახლეობას არ შეუძლია წავიდეს თეატრში, დაესწროს კარგ კონცერტს. . . ის ჩამორჩენილია პროცესებს, არ არის აქტიური და შესაბამისად, მისი გემოვნებას დაუხვეწავია. პრესა კი, ნაკლებად ზრუნავს იმაზე, როგორ გახადოს საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების თანამონაწილე.
თავის მხრივ, ქართული ჟურნალისტიკის დონეს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
1 ანაზღაურება. უმრავლეს შემთხვევაში, ჟურნალისტთაAანაზღაურება ხდება მინიმალური ოდენობით, დაგვიანებით, მასალის მოცულობისა და არა ხარისხის მიხედვით. ჟურნალისტის საშუალო ხელფასი 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. ასევე მცირეა ჰონორარი – 5-დან 20 ლარამდე.
2. არაპროფესიონალიზმი. დღევანდელი პრესა პროფესიულ განათლებას აუცილებლობად არ მიიჩნევს, ვინაიდან პროფესიონალ ჟურნალისტს უჭირს, იმუშაოს პრესის მოთხოვნათა შესაბამისად – გამოაქვეყნოს არაობიექტური სტატია, თვალი დახუჭოს დანაშაულზე. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, იყონ მოქმედი, მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტები.
3. არასაკმარისი განათლება. როგორც წესი, ჟურნალისტები, რომლებიც განათლებას საქართველოში (განსაკუთრებით, რეგიონებში) იღებენ, პროფესიულ გადამზადებას საჭიროებენ.
4. კანონისადმი უპატივცემულობა. ჟურნალისტი, როგორც მთლიანად ჩევნი საზოგადოება, ძალიან ხშირად არღვევს კანონებს, სამართლის ნორმებს, ღალატობს მორალურ პრინციპებს – აქვეყნებს არაობიექტურ მასალებს, გარკვეული ანაზღაურების ფასად, ასრულებს კერძო დაკვეთებს.
5. დაუცველობა. ჟურნალისტი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, საჭიროებს მუდმივად “ზურგს” – ძალას, რომელიც მას ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან დაიცავს.
6. ჟურნალისტური კოდექსი. არსებობს დაუწერელი კანონი, რასაც “გულით ჟურნალისტობას” უწოდებენ. Eეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ღმერთის, ხალხის, ოჯახის, საკუთარი პიროვნებისა და პროფესიული ვალის წინაშე.
ამერიკელმა ჟურნალისტმა პოლ ჰემპმა 1989-90 წლებში აფრიკასა და ინდოეთში ადგილობრივ კოლეგებთან ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გამოსცა ბროშურა – “ათი პრაქტიკული რჩევა ბიზნესსა და ეკონომიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტევისთვის”. ავტორი ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებს “ანა-ბანას” ასწავლის – ერიდონ ეკონომიკურ ჟარგონებს, განმარტონ ეკონომიკური ტერმინები, ზომიერად გამოიყენონ და სტატიებად გადააქციონ სტატისტიკურო მონაცემები, ადამიანებს დაუკავშირონ ბიზნესის ახალი ამბები, წერონ საშუალო ფენისთვის, საინტერესოდ და გასაგებ ენაზე. ეს მარტივი რჩევები, ღიმილით რომ უნდა წაიკითხო, დაწერილია 14-15 წლის წინ, მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილი ხალხებისთვის, მაგრამ საქართველოსთვის დღესაც აქტუალურია. ქართულ პრესაში ძალიან მცირეა ეკონომიკური პროფილის გამოცემები, ანალიტიკური, საინტერესო და გასაგებ ენაზე დაწერილი სტატიები.
სოსო სიმონიშვილი: “ქართველ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ეკონომიკა მძიმე და უინტერესოა. ის, რასაც ჩვენი ეკონომისტები “აფრქვევენ”, მართლაც არ არის საინტერესო. სინამდვილეში, ეკონომიკა – ეს არის ცხოვრება, ხოლო ჟურნალისტებმა არ იციან, როგორ წერონ ცხოვრებაზე. საქართველოში არ არსებობს ეკონომიკური სკოლა არასპეციალისტებისათვის, თავად ეკონომისტებმაც ვიწროდ იციან ეკონომიკა, ანუ ხედავენ ხეებს და ვერ ხედავენ ტყეს. ამდენად, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ანალიზი ძალიან ხშირად აბსურდის დონეზე კეთდება. ჩემი აზრით, იმას, ვინც არ იცის მაკრო ეკონომიკა, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეს.”
გამოსავალი, როგორ გავაკეთილშობილოთ ქართული პრესა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია: აღვზარდოთ პროფესიონალი ჟურნალისტები. კვალიფიციური კადრი გაზეთს მისცემს საშუალებას, იყოს პოპულარული, ყველაზე ადრე მიიღოს და დაავრცელოს ინფორმაცია, ფლობდეს სიტუაციას, წინასწარ განჭვრიტოს, ხვალ რა იქნება აქტუალური.
ჟურნალისტის ვალია, ემსახუროს ხალხს, იყოს ობიექტური და სამართლიანი. კომუნისტური რეჟიმის პირობებში ამ განმარტებას სრულიად სხვა ქვეტექსტი ჰქონდა: საბჭოთაAჟურნალისტს, პირველ რიგში, უნდა დაეცვა სახელმწიფოს ინტერესები. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, გამოჩნდა ერთი ფოტო-ლოზუნგი – ახალგაზრდა გოგონა, დაპრესილი გაზეთების ფონზე, ხელში უზარმაზარ წარწერიანი პლაკატით “პრესა – პრესისგან!” მთავარი, რაც
პრესის თავისუფლების საყოველთაობაზე მიუთითებდა, იყო არა ტექსტი, არამედ თავად გოგონა – არა სლავური, არამედ ევროპული გარეგნობის შავგრემანი, ახალგაზრდა, გაბედული, მომხიბვლელი, ემანსიპირებული ქალი! ამით ყველაფერი ითქვა. თანამედროვე მედია უნდა იყოს მომხიბვლელიც, გაბედულიც, შეუპოვარიც. მას არა აქვს სქესისა და ეროვნების არჩევის, სიბერის უფლება! ალბათ, ყველაზე მთავარია ის, რომ ეს ფოტო გაჩნდა სწორედ სოციალიზმის პირობებში, რუსეთში, ანუ იქ, სადაც ყველაზე მთავარი სწორედ სოციალიზმის მონობიდან განთავისუფლება იყო!
დღეს რუსული პრესა არნახული პოლიტიკური ცენზურის ჩარჩოებშია მომწყვდეული. მაგრამ იგი ბევრად აკადემიურია, ვიდრე ქართული პრესა. საქართველოს ახალგაზრდა მთავრობამ, როცა რუსი ჟურნალისტები რთველზე მოიპატიჟა, საჯაროობის დემონსტრირებისთვის, დეტალურად გამოაქვეყნა, რამდენი მწვადი და ხაჭაპური მიართვა სტუმრებს. მაგრამ არ გაამხილა, რომ მისი “ფავორიტები” ვერასოდეს გახდებიან სიმართლის მთქმელი, აბსოლიტურად ობიექტური გამოცემები. არავინ იცის, რა იქნება ხვალ. ჯონ კინი თავის კვლევას მედიის შესახებ ასრულებს შეკითხვით – თავისუფალია კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები? ავტორი ფიქრობს, რომ შეიძლება მოვიდეს დრო, როცა აღარ იქნება საჭირო რელიგია, საზღვრები, გაზეთები და დავიწყებას მიეცეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა სახელები. . . საზოგადოებას შეიძლება თავისუფლების სხვა პარამეტრები გაუჩნდეს და გაქრეს საზოგადოებრივი აზრის არსებობის მოთხოვნილებაც.
მაგრამ, ეს არ არის მომავალი, ეს – სამყაროს დასასრულია. ეგზიუპერი, ალბათ, სცდებოდა, როცა ამბობდა: “ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, როგორ განვჭვრიტოთ მომავალი, არამედ იმაში, როგორ მოვიახლოვოთ იგი.” თავისუფალი მედიის ერთადერთი საფუძველი – თავისუფალი ბაზარი, თავისუფალი მეწარმეობაა, რომელსაც დასჭირდება არაიძულებითი რეკლამა და შესაბამისად პრესისთვის სარჩოს გაიღებს. პრესა კი იქნება მედიატორი ხალხსა და თავისუფალ ბიზნესს შორის რათა პირველმა შეიგნოს მეორეს აუცილებლობა, მეორემ იზრუნოს პირველზე, მის უფლებებზე და თავმოყვარეობაზე.