დამიქირავე!

სოფიკო სიჭინავა

უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში – ასეთია საქსტატის მიხედვით უმუშევრის დეფინიცია და ამის მიხედვით ანგარიშობს ეს უწყება უმუშევრობის დონეს ქვეყანაში, რომელიც ერთი დეკადაა თითქმის უცვლელია და 300 ათას ადამიანს შეადგენს, მართალია, მას პერიოდულად აკლდებიან და ემატებიან გარკვეული ოდენობის ადამიანები, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ ზოგად ფონზე გავლენას ვერ ახდენს.

ექსპერტების თქმით, ზემოაღნიშნული ციფრი მიღებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით და თუ ამ მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ, ეს ციფრი შეიძლება გავხადოთ 700 და 100 ათასიც. ეს კვლევა ეფუძნება ინტეგრირებულ კვლევას, საოჯახო მეურნეობებს და ითვალისწინებს იმას, რომ თუ ადამიანი დასაქმებული იყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი საათით მაინც ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სამუშაოზე, ის მიიჩნევა დასაქმებულად. კრიტერიუმის შეცვლის შემთხვევაში კი, უმუშევრობის სხვა მაჩვენებელს მივიღებთ. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანები უმუშევრობის გამო ჩივიან, შრომის ბაზარი არ არის თვითრეგულირებადი სისტემა და მას არ შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს შრომითი პოტენციალის რაციონალური გამოყენება და განვითარება, მოსალოდნელ ცვლილებებთან ადამიანური რესურსების დროულად მორგება, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ოპტიმალური თანაფარდობის დაცვა, ეკონომიკური ვარდნის პერიოდში დასაქმების სტაბილიზაცია, უმუშევრობის ზრდის შეჩერება და ა.შ.

სტიქიურად განვითარებადი შრომის ბაზარი ვერ შეძლებს დაიცვას დასაქმების სფეროში სოციალური სამართლიანობა, სამუშაოს მაძიებლებს მისცეს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები, განსაკუთრებით მათ, რომლებიც შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანები არიან. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე დომინირებს ე.წ. „მეორადი შრომის ბაზარი“ , ანუ ჭარბადაა დაბალკვალიფიციური და არაკვალიფიციური სამუშაო ადგილები, არის შრომის მძიმე პირობები, სოციალური დაცვისა და გარანტიების დაბალი დონე, დაბალი ანაზღაურება და ა.შ. „პირველადი ბაზრის“ არეალი კი ბევრად მცირეა და, ძირითადად, სახელმწიფო მართვისა და საფინანსო სექტორებით არის შემოფარგლული (მაღალკვალიფიციური კადრები, შრომის კარგი პირობები, მაღალი ხელფასი, სოციალური გარანტიებისა და დაცულობის მაღალი ხარისხი).

უკვე აღვნიშნეთ, რომ როდესაც საქართველოში საუბარია დასაქმების პრობლემაზე, იგულისხმება ეფექტური დასაქმება და არა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი 300 ათასი ადამიანის დასაქმება. იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულებად იწოდებიან, უნდა მიეცეთ საშუალება, სწორი მენეჯმენტით მოხდეს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, კარიერული წინსვლის შესაძლებლობების მიცემა, რაც მათი ხელფასების ზდას გამოიწვევს. სხვადასხვა გამოკითხვებით, დაქირავებულთა 59% უკმაყოფილოა იმ სამუშაო ადგილით, რომელიც დაკავებული აქვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი შრომის ბაზარზე პოტენციური მიმწოდებლები არიან, ეს კი მეტ ძალას აძლევს დამქირავებელს. ისედაც, დაქირავებულთა 74%-ს მიაჩნია, რომ დამქირავებელი მას თავის სამუშაო ადგილზე უპრობლემოდ შეცვლის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი მუშაობს ყოველგვარი სტაბილურობის განცდის გარეშე, მისი მოტივაცია მიმართულია არა საქმისკენ, რომ რეალური შედეგი მიიღოს, არამედ სამუშაოს შენარჩუნებისკენ. ეს კი ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებაში არის ნომერ პირველი შემაფერხებელი გარემოება. თუკი მომუშავე ადამიანები არ არიან მოტივირებულნი, ორგანიზაციას განვითარებაში ვერანაირი ახალი ტექნოლოგია და ინვესტიცია ვერ უშველის.

იმას, თუ როგორ „უფრთხილდებიან“ დამქირავებლები დაქირავებულებს, კიდევ ერთი სტატისტიკა მოწომობს, რომელიც მოცემულია მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებულ დადგენილებაში1, რომელიც საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიას შეეხება. საქართველოში საშუალოდ ერთ მომუშავე/დასაქმებულის სწავლა-განვითარებაზე იხარჯება 4-5 ლარი წელიწადში. თუ დამქირავებელი ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციას არ ჩადებს, ექსპერტებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ დასაქმებულის მწარმოებლურობა, მოტივაცის ზრდა, სიახლეებზე ორიენტაცია და, შესაბამისად, ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარება.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიკვეცა სტატისტიკური ინფორმაცია სამუშაო ძალის ფასისა და სამუშაო ძალაზე დანახარჯების შესახებ. არადა, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სამუშაო ძალის მარკეტინგის, სახელფასო პოლიტიკის, ადამიანური რესურსების განვითარების მხარდასაჭერად.

უმაღლესდამთავრებული, განათლებამიღებული ახალგაზრდების ნახევარი უმუშევართა რიგებს ავსებენ. მართალია, უმაღლეს სასწავლებლებს აკრედიტაციისგან მოთხოვნა აქვთ, რომ შრომის ბაზარი გარკვეულწილად შეისწავლონ, მაგრამ ცალკე აღებული უმაღლესი სასწავლებლის მცირე რესურსი ფართო სურათის დასანახად არ კმარა. ამიტომ სურათი იმისა, თუ რა მოთხოვნა იქნება შრომის ბაზარზე 2-3-5 წლის შემდეგ, უცნობია. შესაბამისად, პრობლემაა კადრების მომზადება იმ თვალსაზრისით, რომ თუ დღეს ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს, გაურკვეველია 5 წლის მერე იგი მოთხოვნადი და კონკურენტული იქნება თუ არა. ამიტომ მისასალმებელია ზემოთ ნახსენებ მთავრობის დადგენილებაში მითითებული გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას შრომის ბაზრის შესწავლის მეთოდიკა და სისტემატურად მოხდეს მისი კვლევა.

დადგენილებაში ვკითხულობთ: „ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასაქმების სფეროში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, რაც გულისხმობს შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების, უმუშევართა პროფესიული სწავლებისა და დაბალკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის დასაქმების ხელშეწყობის მხარდაჭერას. შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რამდენადაც იგი ხელს უწყობს სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნების ოპერატიულად და ხარისხიანად დაკმაყოფილებას“.

სავარაუდოდ, დასაქმების სფეროში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ფარგლებში მოხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნა, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უმაღლესი საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის, მეორე მხრივ კი, საჯარო სექტორის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით დეფიციტურ მიმართულებებში და საერთაშორისო ცოდნის შემოტანა. პროექტის ფარგლებში ცენტრმა 2014-2015 წლების პრიორიტეტული მიმართულებები და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმები გამოაცხადა. განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სამ ისეთ ძირითად პროგრამას, როგორიცაა წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება, საზღვარგარეთ მყოფი წრმატებული სპეციალისტების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი სპეციალისტების ქვეყანაში მოწვევა და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და მესამე – პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზება საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეთათვის.

სამაგისტრო და სადოქტორო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში სტუდენტები კისრულობენ ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, იმსახურონ საჯარო სექტორში სულ ცოტა 3 წელი და მიღებული ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას. ამგვარად, სტუდენტების სწავლაში ჩადებული ინვესტიცია მთელი საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდება. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები ცხადდება წელიწადში ერთხელ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ყველაზე სრულყოფილი შრომის კოდექსიც კი ვერ დაარეგულირებს შრომით ურთიერთობას, თუკი დამქირავებელს გრძელვადიანი გეგმები არ ექნება თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც, არსებული შრომით რესურსში ინვესტიცის ჩადებით და სწორი მართვით ერთად განვითარდებიან.