მსოფლიო ეკონომიკის 2005 წლის პროგნოზი

მოამზადა ლინა ეპიშევამ

გასული წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშის გამარჯვება იქცა. საყურადღებოა არა თვით გამარჯვების ფაქტი, არამედ ის ეფექტები, რომლებიც მას მოჰვა. აღსანიშნავია, რომ 40 წლის შემდეგ, 1960 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიქსონის მარცხის დროიდან, აშშ-ში დამყარდა ტენდენცია – რაც უფრო მეტი ხალხი მონაწილეობს არჩევნებში, მით უფრო დიდია დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შანსები.

გასულ წელს მონაწილეთა რიცხვი უნიკალურად დიდი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელმა ბუშმა მოიგო, თანაც, მისი გამარჯვება ბევრად დამაჯერებელი იყო, ვიდრე 4 წლის წინ. ამასთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ბუშს იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ იგი სულიერ ფასეულობებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მისი ოპონენტი. რამდენიმე წლის წინ, სრულიად შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ღიად გამოდიოდა პოლიტ-კორექტულობის ისეთი “კერპების” წინააღმდეგ, როგორიცაა აბორტი და ერთსქესიანი ქორწინება, შეძლებდა გაემარჯვა არჩევნებში. ამის მაგალითია ევროკომისარის თანამდებობაზე უიღბლო კანდიდატის ისტორია, რომელმაც დაკარგა თანამდებობის დაკავების შანსები, რადგან იგი კათოლიკე იყო და მხარს არ უჭერდა ჰომოსექსუალისტებს. ამ მხრივ, 2004 წელი ბევრი ამერიკელისთვის ნამდვილად გახდა გასაკვირი აღმოჩენების და გამოფხიზლების წელი! თანაც არა ლოკალური, არამედ მათ საერთო მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვნად მოქმედი აღმოჩენები, ხოლო ეს ზემოქმედება გავლენას კაცობრიობაზეც ახდენს.

ეკონომიკური მდგომარეობაც ძლიერ გართულდა ტენდენციების ფიქსაციის თვალსაზრისით. გასაგები გახდა, რომ “მონეტარულ-ლიბერალურ” კონცეფციას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოს ეკონომიკური რეალობის აღწერილობასთან. თუ 2003 წლის დასასრულისკენ აშშ-ის საგადამხდელო (და საგარეო-ეკონომიკური) ბალანსის ზრდას დროებით მოვლენას მიაწერდნენ, 2004 წლის დასასრულისკენ გასაგები გახდა, რომ აშშ-ის კრიზისი სტრუქტურულ ხასიათს ატარებს და მხოლოდ მიამიტმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ დოლარის ვარდნა კიდევ 10%-ით გაასწორებს საგადამხდელო ბალანსს – იმ დროს, როცა 40%-იანმა ვარდნამ ბალანსი გააუარესა. ამასთან ერთად, დოლარის ვარდნამ კრიტიკულ ნიშნებს მიაღწია და საფრთხის ქვეშ დააყენა მთელი მსოფლიოს სავალუტო-საფინანსო სისტემა. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე დოლარის კურსმა, რომელმაც გაარღვია 1.35 კურსის დონე და 2004 წელს 1.36 კურსს გადააჭარბა, აჩვენა, რომ მისი მოძრაობა ბევრად განპირობებულია არა ტექნიკური ანალიზის “კაბალისტური” წყობით, არამედ იმ ფუნდამენტალური ფაქტორებით, რომლებმაც თავი იჩინეს აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის შემთხვევაში. ამ შედეგის შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დოლარი/ევროს პარამეტრის კრიტიკული ნიშანი, რომლის დროს აშშ-ში ევროპული საქონლის ექსპორტი საკმაოდ პრობლემატური ხდება, სხვადასხვა შეფასებით, იმყოფება სადღაც 1.4-1.5 კროს-კურსის ფარგლებში.

1

რა თქმა უნდა, დოლარის ვარდნა აღნიშნულ დონეზე ქვემოთ ევროპული ეკონომიკის ქაოსს არ გამოიწვევს, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი ბევრად კომპენსირდება ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნით. პრობლემა სხვაშია, დოლარის ვარდნა 1.4 დონის ქვემოთ ეჭვქვეშ აყენებს გლობალური მსოფლიო ბაზრების იდეას, რომელიც მსოფლიოს უდიდესი რეგიონებისათვის სულ ნაკლებად ხელსაყრელი ხდება. ანალოგიური მდგომარეობა იაპონიაშიც შეიქმნა – მხოლოდ იქ დოლარი-იენას კრიტიკულ ნიშანს 1/100 შეადგენს, წლის ბოლოსკენ მიღწეული იყო 1/102-1/103 დონე. 2004 წლის ბოლოს იაპონიის ფინანსურმა ხელისუფლებამ უარი თქვა ინტერვენციების პოლიტიკაზე მისი სტრატეგიული უპერსპექტივობის გამო.

2

2004 წლის გაანალიზებისას, საყურადღებოა ერაყის მოვლენები. ამერიკული ჯარების (სულ მზარდი) დანაკარგი, გართულებული მდგომარეობა სუნიტების-ქურთების-შიიტების სამკუთხეთში ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის მიერ ამ ქვეყნის პირდაპირი მართვის თეორია ჩაიშალა, ხოლო მისი შემცვლელი სხვა თეორია ჯერ არ არსებობს.

მთელი 2004 წელი გამოირჩეოდა მსოფლიო საფინანსო ელიტის შეუჩერებელი შეხვედრებით: რვა დიდი სახელმწიფოს შეხვედრა დუბაისა და ევროპაში, სხვადასხვაგვარი კონგრესები მთელს მსოფლიოში, მაგრამ, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ევროს უეცარმა ვარდნამ წამიერი და შეთანხმებული რეაქცია გამოიწვია, ამ შეხვედრებს არავითარი შედეგი არ გამოუღია. კითხვაზე, რატომ, ზუსტი პასუხის გაცემა, როგორც ჩანს, ახლა შეუძლებელია, მაგრამ ზემოხსენებული ფაქტორები საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ დამაჯერებელი ვარაუდი. როგორც ჩანს, საქმე გარანტიებშია. რა თქმა უნდა, არავინ არ არის დაინტერესებული მოქმედი მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური სისტემის დაშლით, ჩინეთიც კი, რომელმაც მოიფიქრა, თუ როგორ შეიძლებოდა აშშ-ის ჰეგემონიის დაშლა მიმდინარე ეკონომიკური პარადიგმის ფარგლებში.

3

ყველა, ვისაც გააჩნია თუნდაც მინიმალური ხმა ამ პარადიგმაში, ხედავს რაც ხდება და ერთი და იგივე კითხვა აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა შეიცვალოს საშიში ტენდენციები, რომლებიც გარდაუვლად გამოიწვევენ პარადიგმის დაშლას? პასუხი ამ კითხვაზე აშშ-მა უნდა გასცეს, არა იმიტომ, რომ დღესდღეობით იგი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ ეკონომიკას (ჩინეთთან და ევრო კავშირთან ერთად), არამედ იმიტომ, რომ ის მსოფლიოში უდიდესი მომხმარებელია, ხოლო თანამედროვე ეკონომიკური პარადიგმა დაფუძნებულია მოხმარებაზე.

აღსანიშნავია, რომ ღირებულების ერთადერთ ერთეულად და მსოფლიო ვალუტად აშშ დოლარი ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია გადაწყვიტოს მსოფლიოს პრობლემები, რადგან დოლარს აკონტროლებს არა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არამედ “დასავლური” გლობალური პროექტის ელიტა. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ კითხვას, გასულ წელს აშშ-ს ამაზე პასუხი არ გაუცია, ხოლო ეს დიდ პრობლემას უქმნის ამ ქვეყნის ხელისუფლებასა: წყარომ, რომლის ხარჯზე აშშ ინარჩუნებს ამერიკული მოსახლეობის მზარდ მოთხოვნას, შეიძლება იარსებოს მხოლოდ უცხოური ინვესტიციების შენაკადის პირობებში, ხოლო ეს შენაკადი ყოველთვის არსებობდა უკვე მე-2 მსოფლიო ომის დასასრულის შემდგომ. მაგრამ დღევანდელ პირობებში მისი მოცულობა უნდა გაიზარდოს სწრაფად და შეუჩერებლად, ხოლო ამ სახსრების დაბრუნების გარანტიები უკვე არ არსებობს, რადგან მსოფლიო ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში, დოლარიანი აქტივები უცებ გაუფასურდება.

4

ამ ვითარებაში მსოფლიო ეკონომიკური პროცესის ყველა მონაწილე (მათ შორის, ჩინეთიც) თავს იკავებს ამერიკული ეკონომიკის მხარდაჭერისაგან (რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება უმსხვილესი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ აშშ-ის ხაზინის ობლიგაციების შესყიდვაში) არა იმიტომ, რომ მათ კრიზისის მოახლოება სურთ, არამედ იმიტომ, რომ არავითარი გარანტიები არ აქვთ იმისა, რომ ასეთი მხარდაჭერა რაიმე შედეგის მომტანია, ხოლო გარანტიების გარეშე მომდევნო კრიზისითვის აუცილებელი რესურსების ხარჯვა, არ არის მიზანშეწონილი. ვერავითარი აქტიურიკომპანიით ცნებების ცვლილება – ეროვნული ინტერესების შეცვლა ამერიკულზე ვერ მოხერხდება.

საყურადღებოა ჯორჯ ბუშის როლის შეფასება “დასავლური” გლობალური პროექტის “სისტემა კოორდინატის” თვალსაზრისით. მისი ბევრი გამოსვლა და მოქმედება (კერძოდ, ზემოხსენებული “არაპოლიტკორექტული” მსჯელობა ბიბლიური ფასეულობების შესახებ) მიანიშნებს იმაზე, რომ ბუში აშშ-ის “დასავლური გლობალური პროექტიდან” შესაძლო გამოსვლის საკითხს სერიოზულად ეკიდება. ამ მოქმედებებში რაციონალური ბირთვი უეჭველად არსებობს: “დასავლური” გლობალური პროექტისთვის პრიმატს წარმოადგენს მსოფლიოს მონოპოლიურ ემისიურ ცენტრზე კერძო კონტროლის შენარჩუნება (მისი ელიტის მხრიდან) და დოლარის მიერ ღირებულების ერთადერთი ერთეულის შესრულების როლი.

5
ანალტიკოსების მოლოდინის მიუხედავად, რომლებიც ოქტომბერში სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირებას 54 მილიარდ დოლარამდე ითვალისწინებდა, ახლანდელი მონაცემების თანახმად, იანვრის თვეში დეფიციტმა 56 მილიარდ დოლარს მიაღწია. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდას ხელს უწყობდა, უპირველეს ყოვლისა, ნავთობზე მაღალი ფასები და მასზე მზარდი მოთხოვნა. აშშ-ში ნედლი ნავთობის იმპორტის მოცულობამ 2004 წლის ნოემბერს რეკორდულ დონეს,- 13,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ მზარდ მოთხოვნას იმპორტულ სამომხმარებლო საქონელზე. ამასთან ერთად, 2,3%-ით შემცირდა აშშ-დან ექსპორტის მოცულობა – 95,6 მილიარდ დოლარამდე.

როგორც ჩანს, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვა მუდმივად მცირდებოდა და 2004 წლის ოქტომბრამდე მიაღწია იმ დონეს, როცა ინვესტიციების შენაკადი პირველად აღმოჩნდა ნაკლები, ვიდრე საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი. თეორიულად ასეთი რამ ხდებოდა ადრეც, მაგრამ ახლა ეს პროცესი საშიში რეგულარობით ხასიათდება, მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებებს, დოლარის საზიანოდ ეროვნული რეზერვების სტრუქტურის გადახედვის შესახებ. ჩვენი ჟურნალის წინა მიმოხილვებში არა ერთხელ აღგვწერია სიტუაცია, როცა დოლარის ვარდნა აშშ-ის ფინანსური ხელისუფლებისთვის შეიძლებოდა უკონტროლო გამხდარიყო, ეს, თავის მხრივ, უეჭველად გამოიწვევდა მსოფლიო სავალუტო-საფინანსო მოდელის დაშლას, რომელიც დაფუძნებულია ღირებულების ერთიანი ერთეულის მიმართებაში ვალუტების კროს-კურსის პროგნოზზე.

როგორ შეიძლება ასეთი სიტუაციის თავიდან არიდება? ან დოლარის მკვეთრი, მაგრამ კონტროლირებადი ვარდნით, ან პირიქით, მისი ზრდით. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მისი მიღწევის ერთადერთი გზაა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის სწრაფი ზრდა. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთი ა. გრინსპენის თავმჯდომარეობის დროს, საერთო ჯამში, ვარდებოდა, ხოლო ყოველი შემდგომი “პიკი” წინანდელზე ნაკლები იყო, მაშინ საპროცენტო განაკვეთების ზრდის რეზერვი საკმაოდ შეზღუდული ჩანს.

არსებობს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტი. 2004 წლის ბოლოსკენ საბითუმო სამრეწველო ფასების (PPI) ინფლაციამ, წელიწადში 5-6%-ს მიაღწია (ოფიციალური ცნობით!), რაც მნიშვნელოვნად აღემატება საპროცენტო განაკვეთებს. აშკარაა ასეთი მდგომარეობის არაბუნებრიობა ფინანსური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების თვალსაზრისით. ასე რომ, განაკვეთების სწრაფი ზრდა ამერიკული ეკონომიკისთვის ძალზე აუცილებელია.

სამწუხაროდ, ასეთი ზრდა უარყოფით შედეგებსაც გამოიწვევს, რომელთა შორის, მთავარი იქნება დაგროვილი ვალის მომსახურეობა. მისი საერთო მოცულობა (სახელმწიფო, კორპორაციები, საშინაო მეურნეობა) შეადგენს 35 ტრილიონ დოლარს. 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით ვალის მომსახურების ნაცვლად, ვალის მომსახურეობის განაკვეთი 5%-მდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, აშშ-ის დავალიანების ნაწილის მომსახურება ფიქსირებული განაკვეთით ხდება, მაგრამ მათი რაოდენობა არ არის დიდი. განაკვეთების ზრდის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხები და მკვეთრად შემცირდება მოხმარებაზე მიმართული საშუალებები. ვინაიდან ამერიკული მშპ-ის 70% ფორმირდება სამომხმარებლო მოთხოვნის ხარჯზე, საჭიროა მდგომარეობის სასწრაფი გამოსწორება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას სამომხმარებლო და იპოთეკური კრედიტის მკვეთრი ზრდით. თუ გავითვალისწინებთ წლის ბოლოს მომხდარი ახალი სახლების გაყიდვის მოცულობის შემცირებას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს, ძირითადად, სამომხმარებლო კრედიტს შეეხება, ხოლო თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-ის მოქალაქეების დანაზოგების დონე მერყეობდა 0.1-0.2%-ის ინტერვალში, უეჭველი ხდება, რომ 2005 წელს მოცემული დონე უარყოფით ზონაში აღმოჩნდება.

რა თქმა უნდა, ასეთი მდგომარეობა დიდ ხანს არ გაგრძელდება და წლის ბოლოსკენ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ციკლი დამთავრდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ციკლის ბოლოსკენ დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება განმეორდეს, მხოლოდ უფრო მეტი დაგროვილი ვალებით, მაღალი ინფლაციითა და პრაქტიკულად, ამოწურული ფულადი რეზერვებით.

ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან საინტერესო საკითხს, ნავთობი წარმოადგენს. რადგანაც საპროცენტო განაკვეთების ზრდის პერიოდში ფულის მოცულობა მიმდინარე ბრუნვაში გაიზრდება, ნავთობზე ფასების სწრაფი ზრდა ამ რეგულარული პროცესის ფარგლებში არ მოხდება, თუმცა, მათი “ნორმალური” დონე უეჭველად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ოპეკის მიერ 2004 წელს მიღებული ერთ ბარელზე 22-28 დოლარის ინტერვალი.

შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარადაც წარიმართოს, მოხდეს დოლარის მკვეთრი, მაგრამ რეგულირებადი ვარდნა, არის შანსი, რომ ამან სამი ძირითადი ეფექტი გამოიწვიოს: ერთი მხრივ, დაიშლება შრომის მსოფლიო განაწილების ერთიანი (დოლარიანი) კლასტერი და მსოფლიოს ბევრ რეგიონებისთვის უფრო მომგებიანი იქნება საკუთარი წარმოების დოტაცია. ამასთან, რა თქმა უნდა, მსოფლიოს “თავისუფალი ვაჭრობის” მთელი სისტემა, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა ლიბერალური კავშირები დავიწყებას მიეცემა, ხოლო მსოფლიო ვაჭრობა სახელმწიფოების მიერ პროტექციონისტური ზომების გზით, მკაცრად იქნება რეგულირებული.

მეორე მხრივ, აშშ აქტიურ სახელმწიფო სტრუქტურულ პოლიტიკას დაიწყებს 90-იან წლებში დაკარგული საკუთარი ეკონომიკის “თვითდაუკმაყოფილებლობის” აღსადგენად. ამასთან, დარგები, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში აღდგენას ექვემდებარებიან, არა მხოლოდ მიიღებენ სახელმწიფო ხელშეწყობას, არამედ დაცულები იქნებიან უცხოური კონკურენციისგან.

ასეთი პოლიტიკის სხვა შედეგი იქნება მსოფლიო მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა, უპირველეს ყოვლისა, რესურსებზე. რა თქმა უნდა, თვით აშშ გააგრძელებს საკუთარი საშინაო მოთხოვნის შენარჩუნებას (თუმცა, არა იმ დონეზე, რაც ახლა), მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ მოთხოვნა აქტიურად იქნება კონტროლირებული სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში, დოლარი შეიძლება დარჩეს მსოფლიო ვალუტად (თუმცა, რა თქმა უნდა, არა ღირებულების ერთადერთ ერთეულად), მაგრამ მსოფლიო, ალბათ, უცებ გადავა სავალუტო ზონების სისტემაზე. ამერიკისთვის საკუთარი ვალუტის შენარჩუნება მსოფლიოს ანგარიშსწორების ერთეულად, შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი დევალვაციის შემდეგ, დოლარის შემდგომი ვარდნა შეუძლებელი გახდება. მაგალითად, მისი ოქროსთან მიბმის შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი მიბმა ავტომატურად გააუქმებს ფინანსური კაპიტალიზმის კონცეფციას იმ ჭრილში, სადაც აქტივების ძირითადი მოცულობა არა მატერიალურ ფასეულობებს, არამედ ფასიან ქაღალდებს და დერივატივებს უკავიათ. ოქროს დაბრუნება ღირებულების ერთიან ერთეულად (დღესდღეობით სხვა ალტერნატივა არც არსებობს) უეჭველად მოახდენს ფინანსური ბაზრების ლიკვიდაციას, მათი დღევანდელი მასშტაბისა და მოცულობის გათვალისწინებით, ოქრო, უბრალოდ, არ იქნება საკმარისი. ფაქტიურად, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა გახდება მეტად “მატერიალური”, ხოლო “დასავლური” გლობალური პროექტი შეწყვეტს არსებობას, რადგან ამ პროექტის ელიტის ძალაუფლება ეფუძნება კონტროლს მსოფლიო საინვესტიციო ბანკებსა და უმსხვილეს საფინანსო ბაზრებზე.

ამ მიზეზით, არავითარ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე “დასავლური” გლობალური პროექტი და მისი ძირითადი “ქვედანაყოფები”: საფინანსო-ეკონომიკური, როგორიცაა უოლ სტრიტის საინვესტიციო ბანკები და პოლიტიკური, როგორიცაა აშშ-ის დემოკრატიული პარტია – ყველაფერს მოიმოქმედებენ, რათა შეუძლებელი გახადონ ამ პროექტის რეალიზება.

ასეთ სიტუაციაში, მსოფლიო ფასები რესურსებზე სწრაფად დაეცემა, როგორც რეალურ, ასევე ნომინალურ გამოხატულებაში. ფაქტიურად, მოვლენების ასეთი განვითარება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბაზრების დახურვის შესაძლებლობას, ნიშნავს ნახევრად კოლონიალურ რეჟიმზე გადასვლას, რადგან მას არავითარი შესაძლებლობა არ ექნება მიიღოს პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომელთაც არ ფლობს. მსოფლიო ბაზრები გაუჩინარდება და მოისპობა ვალუტის წყაროები, რადგან მოხდება ექსპორტის ძლიერი ვარდნა – ნედლეულზე მსოფლიო მოთხოვნა შეიძლება 2-3 ჯერ შემცირდეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიო დაუბრუნდება შუასაუკუნეების ბოლო პერიოდს ან “ახალ დროს”, როცა რამოდენიმე ქვეყანა უსწრებს ყველა დანარჩენ ქვეყანას, ასე რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია უკარნახოს საკუთარი ნება მთელ კაცობრიობას.