რა ელის მსოფლიოს ნავთობის გარეშე

მოამზადა სოფო გოგოლაძემ

2005 წ 17-18 მარტს, გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზატორმა დსთ-ს ქვეყნებში – ITE Group PLC-მ და მისმა ექსკლუზიურმა პარტნიორმა დსთ-ს ქვეყნებში ITECA Kavkasia-მ “შერატონ მეტეხი პალასში” მოაწყვეს საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია GIOGIE 2005. GGIOGIE 2005-ს სპონსორებს შორის იყვნენ: BP, Statoil, ბათუმის ნავთობის ტერმინალი, Amec Spie-Petrofac,Canargo,Turkish Petroleum International Co. (TPIC), Channel Energy, Ernst & Young-ი.

ნავთობი, გაზი და ინფრასტრუქტურა წარმოადგენენ ინდუსტრიის მნიშვნელოვან სექტორებს მთელს მსოფლიოში და მათი განვითარება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნების და მათი ეკონომიკის წინსვლისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოში. ეს ინდუსტრიები მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყნის ფეხზე დადგომას და მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლას.

4

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩატარებულ GIOGIE კონფერენციებს დიდი წარმატება ხვდა წილად, მას ტრადიციულად ესწრებოდა 15 ქვეყნის 250-ზე მეტი დელეგატი. GIOGIE 2005 ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) მხარდაჭერით.

ფორუმის მიზანი იყო მთავრობის წარმომადგენლებსა და ნავთობის და გაზის ინდუსტრიის წამყვან ბიზნესმენებს შორის დიალოგის გამართვა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება – პირველი ტვირთის გადატანა უკვე 2005 წ მეორე ნახევარში მოხდება. ასევე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს შაჰ დენიზის SCP გაზსადენის მშენებლობა. განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ტრანსპორტირების სხვა მარშრუტები, ენერგიის წყაროები და შესაბამისი ინფრასტრუქტურების ინვესტირება, ქვეყნის შიგნით არსებული ნავთობის საბადოები და წარმოება. როგორც, კონფერენციაზე აშშ-კანადური კომპანიის “კანარგო”-ს პრეზიდენტმა, დევიდ რობსონმა განაცხადა, “კანარგო” წლის ბოლომდე საქართველოში ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის 2500 ტონამდე გაზრდას გეგმავს. კომპანიამ უკვე განახორციელა 80 მლნ დოლარის ინვესტირება ნავთობმოპოვების სამუშაოებისთვის და დამატებით 350 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს თბილისის შემოგარენში ნავთობის და გაზის მარაგის ძიებაში. რობსონის თქმით, მანავში ნავთობის მარაგი 100 მლნ ტონას შეადგენს და მისი მოპოვების საპროგნოზო მაჩვენებელი 13000 ტონაა. გაზის მარაგები არსებობს ასევე კუმისში, თელეთში, ვარკეთილსა და სამგორში, თუმცა, გარანტირებული მომხმარებლის მოძიებამდე მისი მოპოვება არ დაიწყება.

5

გასულ წელს კომპანია “ლუკოილმა” საქართველოში თავისი ბენზოგასამართი სადგურების ქსელში 10 მლნ დოლარის ინვესტირება მოახდინა. სააქციო საზოგადოება “ლუკოილ-საქართველო” 1998 წელს შეიქმნა. “ლუკოილი” საქართველოს ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურების ქსელს და დისტრიბუტორებს ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.

საქართველოსთვის, ენერგეტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას თუ გადავხედავთ, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის საკითხი, ისევე, როგორც ენერგომატარებლებზე ფასების მომატების პრობლემა, ძალზე მნიშვნელოვანია.

ამასთან ერთად, კანონმდებლობამაც ცვლილებები განიცადა. ნავთობის და გაზის მარეგულირებელი სააგენტო შეიძლება გაუქმდეს და მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად სააგენტოს ფუნქციას ფინანსთა სამინისტრო შეითავსებს. თუ აქამდე საქმიანობის ლიცენზიას მარეგულირებელი სააგენტო გასცემდა და ლიცენზირებას მხოლოდ ნავთობისა და გაზის მოპოვება, წარმოება და ტრანსპორტირება ექვემდებარებოდა, “ნავთობპროდუქტების და თამბაქოს სფეროში ლიცენზიების გაცემის შესახებ”კანონპროექტის თანახმად, ნებართვას ფინანსთა სამინისტრო გასცემს და განსხვავებული ლიცენზიების აღებას იმპორტიორს, საბითუმო მიმწოდებელს, გადამზიდავს და რეალიზატორსაც ავალდებულებს. სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ თუმცა დღეისთვის კონტრაბანდა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, მისი მაჩვენებელი კვლავ დიდია.

ნავთობის გაძვირების პრობლემა დღეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. 2005 წ დასაწყისიდან ნედლი ნავთობის ფასი სტაბილურად იზრდება; მარტის მეორე ნახევარში მან არნახულ ზომას მიაღწია -57,5 დოლარს გადააჭარბა ნიუ იორკის ბირჟაზე. Uრალს მარკის რუსულმა ნავთობმაც პირველად გადააჭარბა 50 დოლარიან ზღვარს ბარელზე. OPEC-is გადაწყვეტილებამაც კი, ნავთობმოპოვების კვოტების დღეში 500 000 ბარელით გაზრდის შესახებ, ვერ შეძლო ბაზრის დამშვიდება.

თუკი ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, სანავთობო კარტელმა შესაძლოა მალე დაიწყოს მოლაპარაკებები კვოტების შემდგომი გაზრდის შესახებ, როგორც განაცხადა ქუვეითის ენერგეტიკის მინისტრმა და OPEჩ-ის პრეზიდენტმა შეიხ აჰმად ალ-ფაჰად ალ-საბაჰმა. ექსპერტების აზრით, თუკი მენავთობეები შეძლებენ მომხმარებლის დარწმუნებას იმაში, რომ ნავთობმოპოვების მოცულობები არ შემცირდება და მათი მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება, უკვე მეორე კვარტალში ბარელი შეიძლება 40-50 დოლარამდე გაიაფდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – 35-40 დოლარამდე. თუმცა, იმის შესაძლებლობა, რომ ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს, უფრო დიდია.

სპეციალისტების აზრით, ნავთობის ბაზრის ტენდენციებს ამჟამად სპეკულანტები აყალიბებენ და ნედლეულის ფასი დაიწევს მხოლოდ ბაზრიდან მათი წასვლის შემთხვევაში. “ფუნდამენტალური ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს ფასების კორიდორს ბარელზე 35-40 დოლარის ფარგლებში, დანარჩენი კი ბაზრის მონაწილეებს უნდა მიეწეროთ,”- განაცხადა “ლუკოილის “საინვესტიციო ანალიზის და ინვესტორებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა გენადი კრასოვსკიმ. ანუ, ფასის სპეკულანტურ კომპონენტს განსაზღვრავენ ნავთობმოპოვების რეგიონებში სტაბილურობის და ბაზრის მონაწილეების – საინვესტიციო ფონდების აქტივობის ფაქტორები. ბაზრის მონაწილენი არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ სანავთობო მრეწველობა შეძლებს მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მიუხედავა იმისა, რომ უკვე 2005 წ ნავთობკომპანიები გეოლოგიური ძიების ხარჯებს 10-15%-ით, ანუ 50-100 მლრდ-ით გაზრდიან 2004 წ-თან შედარებით. ახლა მოთხოვნა მცირედ აღემატება მიწოდებას, მაგრამ უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გაიზრდება, პირველ რიგში ინდოეთის და ჩინეთის მხრიდან. ამასთან ერთად, მოსალოდნელია მოპოვების შემცირება ტრადიციულ რეგიონებში – ჩრდილოეთ ზღვაზე და მექსიკის ყურეში.

ფასები არაადეკვატურად მაღალია. შესაძლოა ისინი მეორე კვარტალში სტაბილიზირდეს -55-57 დოლარიდან 40-50 დოლარამდე ჩამოვიდეს, – განაცხადა გენადი კრასოვსკიმ. – გაჩერდება ისინი ამ კორიდორის ზედა თუ ქვედა ზღვარზე, დამოკიდებულია მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფასი 10-15%-ით მაღალი იქნება 2004 წელთან შედარებით.

მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით OPEC -ი ცდილობს დაარწმუნოს ნავთობის დანარჩენი (OPEC-ის არაწევრი) მიმწოდებლები, რუსეთის და მექსიკის ჩათვლით გაზარდონ მოპოვება-წარმოება; ნორვეგია, მსოფლიოში ნავთობის მესამე უმსხვილესი ექსპორტიორი, აცხადებს, რომ წარმოების გაზრდის შესაძლებლობები შეზღუდული აქვს. იზრდება ბენზინის ფასებიც. აშშ-ში რეგულარის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,06 დოლარი 1 გალონზე (ანუ, 1 ლ რეგულარის ფასია დაახლოებით 0,55 დოლარი).

უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ნავთობის მსოფლიო მარაგი 10%-ით გაიზარდა და ახლა იგი 41 წელი ეყოფა მსოფლიოს, – ნათქვამია ინგლისური ნავთობკომპანია BP-ის მოხსენებაში. (ეს შეეხება უკვე მოძიებულ და დადასტურებულ მარაგებს. ნავთობის არატრადიციული რესურსების გათვალისწინებით მარაგი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს მსოფლიო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კიდევ რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში). ამავე დროს, ნავთობის მოხმარება გაიზარდა 2,9%-ით. ნავთობის მოხმარების ზრდაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იყო: ჩინეთის მზარდი სამრეწველო წარმოება და იაპონიაში რიგი ატომური ელექტროსადგურების დახურვა. 2003 წელს ნავთობის მოხმარების მსოფლიო დონემ 1,150 მლრდ ბარელი შეადგინა. მარაგი არ აღემატება 1 ტრლნ ბარელს – ეს არის კაცობრიობის მიერ უკვე გამოყენებული ნავთობის დაახლოებით 20%. ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის,American Petroleum Institute, მონაცემებით, მთელი ნავთობპროდუქტების 72% საწვავის სახით გამოიყენება, ხოლო აშშ არის ნავთობის მსოფლიოში უმსხვილესი მომხმარებელი.

როგორც გერმანიის სანავთობო ფირმების გაერთიანების, MWV-ს ექსპერტები აღნიშნავენ, დადასტურებული მარაგების გამოყენების ხანგრძლივობა, რომელმაც 70-იან წლებთან შედარებით მოიმატა, შეადგენდა დაახლოებით 40 წელს. 1970 წელს ის არ აღემატებოდა 30 წელს, ხოლო მარაგების მოცულობა უდრიდა 72 მლრდ ტონას. 80-იანი წლების ბოლომდე მოცულობა საგრძნობლად იზრდებოდა და მას შემდეგ რჩება დაახლოებით 140 მლრდ-ს დონეზე. თუმცა, 90-იანი წლების განმავლობაში მთლიანად მოპოვებული იყო 40 მლრდ ტონა ნავთობი.

ნავთობის უმსხვილეს მარაგებს (80%) ფლობენ OPEC-ის ქვეყნები. მარტო საუდის არაბეთზე მოდის მსოფლიო მარაგების 1/4-ზე მეტი. მეორე ადგილზეა ერაყი (11%), შემდეგ ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და ირანი (თითოეული დაახლოებით 9%). ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში არის კონცენტრირებული გლობალური სანავთობო მარაგების 2/3. დაახლოებით 8% აქვს OPEC-ის კიდევ ერთ წევრს – ვენესუელას. ნავთობის მნიშვნელოვანი რესურსები აქვს რუსეთს (დაახლოებით 5%). კასპიის ზღვის რეგიონზე მოდის 1%-ზე ნაკლები. ევროპის წილი შეადგენს არა უმეტეს 2%-ს, აქედან ნახევარი (მსოფლიო მარაგის 1%-ზე ნაკლები) მოდის ნორვეგიაზე.