პირველი ადგილი ქურდობაში

ქრისტინე გამთენაძე

მაიკროსოფტსა და უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიას შორის
უსაფრთხოების საკითხებსა და მეკობრეობასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია განახორციელებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, IT და სხვა პროექტებს, ქვეყანაში არსებული კიბერ უსაფრთხოების პრობლემის გადასაწყვეტად და მეკობრეობასთან ბრძოლის მიმართულებით. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა ხანგრძლივი კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა კიბერუსაფრთხოებისა და მეკობრეობის გავლენა სახელმწიფო და კერძო სექტორზე.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორის თქმით, საქართველოში მწვავედ დგას საკითხი კიბერუსაფრთხოებისა და მეკობრეობის შესახებ. „აღნიშნული მემორანდუმი ძირითადად უკავშირდება ინფორმაციულ უსაფრთხოებას, ჩვენ მაიკროსოფტთან ერთად ვგეგმავთ ძალიან საინტერესო პროექტებს, რომელთაც საზოგადოება მალე გაეცნობა და კონკრეტულ შედეგსაც იხილავს“, – აღნიშნა ლაშა პატარაიამ.

IMG_7750

ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების ქურდობით საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში, ასეთია პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ასოციაციის Business Software Aaliance კვლევის შედეგები, რომელმაც მსოფლიოს 110 ქვეყანა მოიცვა. საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობის 93%, რომელთაც კომპიუტერი აქვთ მოპარულ და არალიცენზირებულ პროგრამებს იყენებს. ამ მაჩვენებლით მეორეა ზიმბამბვე, შემდეგ მოდიან ბანგლადეში, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.

მაიკროსოფტ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, დავით ასათიანმა განაცხადა: – „ჩვენ საქართველოში უკვე 4 წელია რაც ვართ, ამ დროის მანძილზე საკმაოდ დიდი სამუშაო შევასრულეთ. ჩვენი მთავარი მიმართულება IT სფეროს განვითარებაა. ბევრმა ორგანიზაციამ გადადგა სწორი ნაბიჯი ლიცენზიების შესყიდვის კუთხით, მაგრამ პრობლემა რჩება არამარტო კერძო, არამედ სახელმწიფო სექტორშიც. საქართველოში ფიქსირდება მეკობრეობის დიდი პროცენტი, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას. ჩვენი მიზანია ოფიციალური თანამშრომლობა გავუწიოთ ჩვენს ახალ პარტნიორს და მისი საქმიანობის ცნობადობა გავზარდოთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი პარტნიორების რიცხვი. გარკვეულწილად შეინიშნება პროგრესი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთი ორგანიზაცია, თუნდაც ისეთი როგორიცაა მაიკროსოფტი, იმ უამრავ საჭირბოროტო საკითხს, რომელიც დღესაა საქართველოში კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ვერ გადაჭრის. ინფორმაციის ნაკლებობა მთავარი პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტების ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მთავრობამდეც გასავლელია დიდი და ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზა, რომ კიბერუსაფრთოება იყოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის“.

IMG_7755

საქართველოში არალეგალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ორიდან ათი ათას დოლარამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, მიუხედავად არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენების კოლოსალური რაოდენობისა, ამ სახის დანაშაულისთვის მომჩივანის არარსებობის და სხვა მიზეზთა გამო არც ერთი ადამიანი არ დასჯილა.

„არის უამრავი პრობლემა, რაც ჩვენ ვიცით და კიდევ უფრო მეტი, რაზეც, ალბათ, ინფორმაცია არ გვაქვს. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ როცა კომპიუტერული უზრუნველყოფა არ არის ლეგალური, ბევრად უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ხდება მასში არსებული ინფორმაცია. როცა სახელმწიფო საიდუმლოებაზეა საუბარი, ანუ ინფორმაციაზე, რომელიც არ უნდა გასაჯაროვდეს, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში, დიდი რისკია მისი გაჟონვის. სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ კუთხით, საკითხი მაღალი ტრიბუნებიდან უნდა გადაწყდეს. სანამ ძირეული ცვლილებები არ მოხდება, კიბერუსაფრთხოების პრობლემა არ გადაიჭრება. უნდა ითქვას, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანია ფასი, რომელიც თავისთავად გაიზრდება ლიცენზირებული პროგრამების ჩაწერის შემთხვევაში“, – აღნიშნა დავით ასათიანმა.

მულტინციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტი „მაიკროსოფტი“ არსებული სიტუაციის ფონზე, საქართველოში ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარს კარგავს. ბიუჯეტში კი 50-60 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადები არ შედის. ასეთია მაიკროსოფტის თბილისის წარმომადგენლობის კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში მოპარული კომპიუტერული პროგრმების გავრცელების მასშტაბების დადგენას ისახავდა მიზნად.

IMG_7767

IMG_7768